„მწვანე ალტერნატივა“ ინიცირებით გამოდის!

„მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს პარლამენტს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება განხორციელდეს.

გთავაზობთ „მწვანე ალტერნატივის“ მიმართვის ტექსტს:

„მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, რომელთა შედეგადაც დაწესდება სოციალური შეღავათები/კომპენსაციები სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს მუშაკების (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები _ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები) ოჯახებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტმა განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც დახმარება დაუწესდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის, ან მართლწესრიგის დაცვა.

ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. ეს საკითხები ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ დოკუმენტში, მაგალითად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ეროვნულ სატყეო კონცეფციასა და სხვ.

თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერზე ათასობით ჰა დასაცავი ტერიტორია მოდის. რთულ ბუნებრივ პირობებში მათ ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ. ხშირად უპირისპირდებიან მათზე გაცილებით კარგად აღჭურვილ, შეიარაღებულ ბრაკონიერებს, მათი ხელფასი კი გაცილებით ჩამოუვარდება სხვა საჯარო მოხელეების გასამრჯელოს.

საბედნიეროდ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს ბუნების დამცველების დაღუპვის ფაქტები არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც სამხედრო ოპერაციებისას დაღუპული ჯარისკაცებისა.

თუმცა არსებობს ძალზე მძიმე საბედისწერო შემთხვევები, რომლებმაც დაუვიწყარი ტკივილი დაუტოვეს არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებს, არამედ მათ კოლეგებსა და თანამოაზრეებს. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლით:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს;

2011 წლის 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს დაიღუპა რეინჯერი დურსუნ სურმანიძე (მიენიჭა ღირსების ორდენი);

2016 წლის 21 ივლისს სალიცენზიო ფართობზე ტყეკაფების დახურვის სამუშაოების დროს, სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად, დაიღუპნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე დემურ ჯოლოხავა და სპეციალისტი გელა ბარძემაშვილი;

2006 წლის 15 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოავარიისას დაიღუპნენ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს უფროსი მამუკა ვეზდენი და დასავლეთ ცენტრალური ბიუროს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი თამაზ ლომიძე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორებისა და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას ქვეყანა აფასებს.

ჩვენი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (გარემოს დაცვის ინსპექციის) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს“.

კანონის 221-ე. მუხლის („ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება“), 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  1. „ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში“.

გთხოვთ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მას.

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე _ ირაკლი მაჭრაშვილი:

_ ბატონო ირაკლი, რა კონკრეტულ სოციალურ შეღავათებს/კომპენსაციებს ითვალისწინებს თქვენი წინადადება?

_ გმადლობთ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება დაუთმეთ. 2013 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ანალოგიური ცვლილება შევიდა. იგი შეღავათს ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოჯახებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ (კერძოდ, თვეში 1000 ლარის კომპენსაციას).

რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა, რომლებმაც საკუთარი წევრი დაკარგეს, სახელმწიფოსგან ასეთი დახმარება მიიღონ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ საკითხის მორალური და შინაარსობრივი მხარე, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ.

თუ საქართველოს პარლამენტი (ხელისუფლება) ჩვენს თვალსაზრისს გაიზიარებს, ამით ხაზს გაუსვამს, რომ ბუნების დაცვა ისეთივე საპატიო მოვალეობაა, როგორც სამშობლოს ერთიანობის, მართლწესრიგის, ან, ვთქვათ, ციხეში მოხვედრილი ადამიანების დაცვა. ასეთივე შეღავათები აქვთ სამსახურებრივი მავალეობის შესრულების დროს დაღუპულ მაშველ-მეხანძრეებს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ ბევრ, ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ ბუნების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტი და მისი უშიშროების საკითხია.

მაგლითისთვის, გავიხსენებ ისეთ დოკუმენტს, როგორიცაა ეროვნული უშიშროების კონცეფცია, სადაც აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვა ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით მნიშველოვანი საკითხია, რადგან ეს დაკავშირებულია სხვადასხვა სტიქიური მოვლენის პრევენციასთან, რაც, თავის მხრივ, იწვევს ადამიანების დაღუპვას, ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებასა და ა. შ.

ბუნებისმცველი ადამიანები არა მხოლოდ ხეებსა და ცხოველებს იცავენ, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მართლწესრიგის დაცვასა და ა. შ.

პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები, საქართველოს სინამდვილეში, ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებული საჯარო მოხელეები არიან. გადაჭარბების გარეშე, მათ ყველაზე მძიმე სამუშაო პირობები აქვთ და, ამ საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.

ერთ ჩვეულებრივ მეტყევეს, დაახლოებით, 5 ათასი ჰა აქვს დასაფარი (მისი სამოქმედო ტერიტორია) და ხელფასი (თუ სწორად მახსოვს), დაახლოებით, 400 ლარია. იგივე აღჭურვილობა, შეიარაღება და ა. შ. გაცილებით ჩამორჩება საჯარო მოხელეების პირობებს, რომლებიც იცავენ საზღვარს, საქართველოს უშიშროებას და ა. შ.

მეტყევეს, ტყის მცველს, ან დაცული ტერიტორიის რეინჯერს ტყეებისა და ცხოველთა სამყაროს არა მხოლოდ ფიზიკური დაცვა უწევს ბრაკონიერებისგან, უკანონოდ ტყის ჭრებისგან, არამედ ხანძრებთან ბრძოლა, პრევენცია, აღდგენა, გაშენების ღონისძიებების განხორციელება და ბევრი ასეთი რამ ავალია.

მოკლედ, რაც მათ სამსახურებრივად აკისრიათ და რასაც სახელმწიფო უხდის გასამრჯელოს სახით, ერთმანეთთან შეუთავსებელია.

სამწუხაროდ, რეალობა გვაქვს, როდესაც ადამიანები ამ სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების დროს იღუპებიან. გვყავს რეინჯერი, რომელიც ბუნებრივ ხანძართან ბრძოლის დროს დაიღუპა; რეინჯერები, რომლებიც ბრაკონიერების ხელით დაიღუპნენ; ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, რომელიც ჩვეულებრივ გზაზე არ გიხდება, როდესაც ტყესა და ღრეში მოძრაობ. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ბეწვზე არიან გადარჩენილები.

ამიტომ, ჩვენი ინიციატივა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ ოჯახებისთვის და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერაა ამ დაღუპული ადამიანების კოლეგებისა და თანამოაზრეებისთვის.

_ მიიღეთ თუ არა პასუხი პარლამენტისგან?

_ როგორც ჩანს, ჩვენი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბიურომ შემდგომ განსახილველად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტს გაუგზავნა, რომლის სხდომაზეც მიწვეული ვიყავი და მოხსენება გავაკეთე. ერთხმად მხარი დამიჭირეს.

როგორც ინფორმაცია მაქვს (კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებთან ურთიერთობით), ჩემი წინადადების მიხედვით კანონპროექტის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენც, შეძლებისდაგვარად, რჩევით ვეხმარებით.

ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ინიციატივას გამოიჩენს. ჩემი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ინიციატივით გამოსვლას აპირებს, სწორედ მისი თაოსნობით გავიდეს ჩვენი საკანონმდებლო წინადადება და როგორც კანონპროექტი, ჩამოყალიბდეს.

არ მგონია, რომ ამ კანონპროექტის მიღებას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდეს. საბედნიეროდ, იმდენი ადამიანი არ არის დაღუპული, როგორც ეს სამწუხარო რეალობა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გვაქვს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთი არ იქნება.

_ ე. ი. რეალური მოლოდინია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება?..

_ თუ რამე არ შეიცვალა, წინააღმდეგი არავინ გამოსულა, პირიქით, დეპუტატებმა თქვეს, _ ეს აქამდე რატომ არ გავაკეთეთო.

_ ამის გარდა, აღნიშნულ სფეროში კიდევ რა საკითხებს გამოჰყოფთ და გადაწყვეტის გზას სად ხედავთ?

_ ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გაძლიერდეს და სახელმწიფო დონეზე ისევე უნდა განიხილებოდეს ტყის მცველების, დაცული ტერიტორიების რეინჯერების მიმართ ჩადენილი დანაშაული (ფიზიკური ხელყოფა, სიცოცხლის მოსპობა და ა. შ.), როგორც პოლიციელის, ან პროკურორის მიმართ ჩადენილი დანაშული განიხილება.

შემთხვევები გვაქვს, როდესაც რეინჯერი მოუკლავთ და, პრაქტიკულად, პასუხი არავის უგია. მაგალითად, 2012 წლის 17 მაისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე მოკლეს. ვინც საქმეს იცნობს, ყველა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სათანადოდ არ გამოიძიეს. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანი დაიჭირეს, რომელიც, დაახლოებით, ორ წელიწადში რაღაც ამნისტიით და მსგავსი გადაწყვეტილებით ციხიდან გამოუშვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიებაც განხორციელდა.

ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერმა ფაქტზე მიუსწრო, როდესაც ბრაკონიერი ხეს უკანონოდ ჭრიდა. მჭრელი მას ბენზოხერხით („დრუჟბა“) გამოეკიდა და აღნიშნული ხერხით დაჭრა. სასამართლომ ეს კაცი, სულ რაღაც, 2000 ლარის ჯარიმით გამოუშვა. მეტი რაღა უნდა გააკეთოს დამნაშავემ?!

როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიციელს ბენზოხერხით რომ ჭრილობა მიაყენონ (როგორც ეს რეინჯერს გაუკეთეს), 2 ათას ლარად გამოუშვებენ? რასაკვირველია, _ არა.

ამიტომ დაცული ტერიტორიების რეინჯერებსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებს სახელმწიფო მეორეხარისხოვან ადამიანებად განიხილავს და სასამართლოც ხშირად ბრაკონიერებთან მიმართებით, რაც შეიძლება, რბილ გადაწყვეტილებებს იღებს.

კანონმდებლობა იმ თვალსაზრისით უნდა შეიცვალოს, რომ მოსამართლეებს რაღაც ლავირების თავისუფლება არ ჰქონდეთ და ასეთი რბილი გადაწყვეტილეები არ მიიღონ ხოლმე.

 

გელა მამულაშვილი