ზაზა ხატიაშვილი: ,,გიორგი მღებრიშვილი და თეა წულუკიანი მინისტრებად არ უნდა დაემტკიცებინათ!“

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი პრემიერ-მინისტრს სთხოვდა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გადაეყენებინა. თანამდებობაზე ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავდა იუსტიციის მინისტრის შემთხვევაშიც და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს უსაბუთებდა კიდეც, თუ რატომ არ უნდა დაეჭირათ მხარი მათთვის. რამ აიძულა ზაზა ხატიაშვილი, ასეთი მოთხოვნა წამოეყენებინა და რა კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე?

„ქრონიკა+“ მას აღნიშნულ პრობლემაზე ესაუბრა.

 

ზაზა ხატიაშვილი:

_ სანამ პარლამენტი მინისტრებს დაამტკიცებდა, განცხადება გავაკეთე, რომ პარლამენტს მხარი არ დაეჭირა და არ დაემტკიცებინა შს მინისტრად გიორგი მღებრიშვილი და იუსტიციის მინისტრად _ თეა წულუკიანი. მაშინ განვაცხადე, რომ პოლიციაში ადამიანებს ეპყრობიან არაჰუმანურად, არაადამიანურად, პოლიციელები სცემენ მოქალაქეებს, ამიტომ თუ მღებრიშვილს პარლამენტი დაამტკიცებდა, ქვეყანაში უკანონობა დაკანონდებოდა და ძალადობა მოიმატებდა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, მან სასამართლო და ქვეყნის სხვა სამართლებრივი რეფორმა უნდა ჩაატაროს, მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. ვთქვი, საქართველოში ბევრი სამართლებრივი რეფორმაა განსახორციელებელი და ამ პოსტზე ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს, ვინც ამას სათანადოდ მოაბამს თავს-მეთქი. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი ძალიან ბევრ  ბინძურ საქმეზე გაჩუმებულია. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს საქმეებიდან მხოლოდ ორ საქმეს გამოვყოფ, რომლებიც პირადად მე მოვიგე. ეს გახლავთ „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ დადგა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა: წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა. ვინმეს უნახავს, წულუკიანი გამოსულიყოს და ეთქვას, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვალდებულები ვართ შევასრულოთ და წამებაში მონაწილე პოლიციელები დავსაჯოთო? ყველაზე მაღალი ინსტანცია არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ამაზე მაღალი ინსტანცია არ არსებობს. ის გამოსცემს გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ ესა თუ ის ადამიანი აწამეს. ამ პერიოდში წულუკიანი მთავარი პროკურორი და მინისტრი იყო, როცა ამ საქმის მთავარი მონაწილე პოლიციელი, რევაზ ქობულია, წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნეს. არადა, 2006 წელს, როცა ეს საჩივარი ევროსასამართლოში გავგზავნე, იქაც თეა  წულუკიანმა მიიღო და პრიორიტეტი მან მისცა, რადგან მაშინ სტრასბურგში მუშაობდა. მან კარგად იცოდა ამ საქმის დეტალები, გადაწყვეტილება კი სასამართლომ მაშინ გამოიტანა, როცა ის უკვე საქართველოში მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, როგორ შეიძლებოდა მისი მინისტრად წარდგენა და შემდეგ დამტკიცება? დვალიშვილი ამ დაწინაურებულ ქობულიაზე აცხადებდა, _ როცა მაწამებდა, „კოკა-კოლა“ დამასხეს და ის ამალოკინეს ქობულიამ და მჟავიამო. მჟავია კიდევ წყალტუბოს პოლიციაში ქვეგანყოფილების უფროსია. ამ ფაქტზე ყველა გაჩუმებულია, არადა, ეს გახლავთ გირგვლიანი-2. გირგვლიანის მკვლელები რაღაც დოზით დასაჯეს, მაგრამ ყველა არ დაუსჯიათ და გამწარებულები ვიყავით, თუმცა აქ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ის ადამიანი დააწინაურეს. ასეთ რამეს ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეეგუებოდნენ. მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე 2 წელია და ეგუება, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსი ქობულიაა.

_ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების თაობაზე შს მინისტრი მღებრიშვილი საქმის კურსშია?

_ დიახ, საქმის კურსშია. საქმე პროკურატურაშია, რადგან საჩივარი შევიტანე და ქობულიას დაკავებას ვითხოვდი. ამჟამად პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე მაშინ მღებრიშვილის მოადგილე იყო და განცხადებებს აკეთებდა, ხატიაშვილმა კი მოიგო საქმე სტრასბურგში, მაგრამ ასე ვერ მოვიქცევითო და მან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია პირდაპირ ეთერში განახორციელა. ამის შემდეგ თალაკვაძეც დააწინაურეს და უმრავლესობის ლიდერად დანიშნეს. წარმოგიდგენიათ, ვის ხელში ვართ? მაშინ ვამბობდი, მღებრიშვილს კიდევ თუ წარადგენთ ამ თანამდებობაზე, არაჰუმანური მოპყრობისა და წამების ახალი ტალღა დაიწყება-მეთქი. ბორჯომში ჟურნალისტ გასვიანზე ხომ მოხდა თავდასხმა, აბა, მითხარით, ვინმე დააპატიმრეს? პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა, 24 საათში უნდა დაეპატიმრებინათ.

_ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს. ასე არ არის?

_ რა უფლებამოსილების შეჩერებაზეა საუბარი? ახლა პოლიციელს რომ დავესხა თავს და იგივე დოზით მივაყენო შეურაცხყოფა, როგორ გგონიათ, მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობას შემიჩერებენ და ამას მაკმარებენ? ან თქვენთან მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის შეჩერებით შემოიფარგლებიან? თუ შინაგან საქმეთა მინისტრს არ უნდა, რომ მისი პოლიციელები ასეთ რამეს აკეთებდნენ, არც მოხდება. რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვიყავი მიწვეული და იქ ვთქვი, _ „ქრონიკა+“ და მისი ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობენ სკოლადამთავრებული ადამიანები და მათ იურიდიული უმაღლესი განათლება არ გააჩნიათ-მეთქი. პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან ის ასეთ ადამიანს წარადგენს შს მინისტრად. საქართველოში ყოველ მეორე-მესამე ადამიანს აქვს იურისტის უმაღლესი განათლება და დიპლომი. ადამიანები კარტოფილსა და პომიდორს ყიდიან ბაზრებში და მაგისტრატურები აქვთ დამთავრებული. მათ სამსახური არ აქვთ და მღებრიშვილის პოლიციაში ინსპექტორ-გამომძიებლად სკოლადამთავრებულები მუშაობენ, რომლებსაც, თურმე, 6-თვიანი გადამზადების კურსები გაატარეს. ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, 6-თვიანი გადამზადების კურსები რომ გავატარო ადამიანები და უმაღლესი იურიდიული განათლენის გარეშე გავხადო ადვოკატები. ასეთი რამ როგორ შეიძლება?!

„ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკა დაანგრია და ქვეყანა ფინანსურად მიწასთან გაასწორა, ვითომ სასამართლო რეფორმა ჩაატარა და თავზე დაგვასვა მურუსიძე და მისი მიმდევარი მურუსიძეები. ახლა ვითხოვ, ის ადამიანი მაინც მოაცილეთ, რომელიც იმ პოლიციურ წამებას არ ებრძვის, რომლითაც თქვენი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა-მეთქი.

ერთი თვის წინ განცხადება გავაკეთე, რომ იმავე პოლიციის განყოფილებაში, სადაც გიორგი მდინარაძე აწამეს, პოლიციის უფროსმა ადვოკატ ირმა არახამიას შეურაცხყოფა მიაყენა. როცა ადვოკატმა პრეტენზია გამოთქვა, უთხრეს, ამას ჩავიწერთ და პასუხს მოგთხოვთო. პოლიციის უფროსმა იცით, რა განუცხადა არახამიას? _ მე ვარ ამ შენობა-ნაგებობების მეპატრონეო. თუ მღებრიშვილმა ამის უფლება არ მისცა, პოლიციის უფროსი ამას როგორ იტყოდა? თუ ასე არ არის, მღებრიშვილს ხომ უნდა მოეხსნა ეს ადამიანი? ეტყობა, როცა პოლიციის უფროსს ნიშნავს, ეუბნება, შენ ხარ პოლიციის ამ ნაგებობის უფროსიო და ისინიც ამიტომ ლაპარაკობენ ასე. სხვანაირად, ასე ვერ დაელაპარაკებოდნენ ვერც ადვოკატებს და ვერც სხვა ადამიანებს. თუ მის გარეშე ამბობს და თავნებობს, მაშინ პოლიციიდან უნდა გაუშვას. სიმართლეს არ ვამბობ? ეს ფაქტები არ არის იმის საფუძველი, რომ მღებრიშვილი აღარ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი?

_ გიორგი მდინარაძის წამების საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა?

_ მდინარაძე რომ აწამეს, იცით, რა ჩვენებებს აძლევდნენ პოლიციელები? _ მან საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფაო. ყველა პოლიციელი, ვისაც ეუბნებიან, ადამიანი რატომ სცემეო, პასუხობს, მე არ მიცემია, საკუარ თავს მიაყენა შეურაცხყოფაო.  პოლიციელების 99% ასე ამბობს და რა გამოდის, თურმე, ეს საცოდავი მოქალაქეები საკუთარ თავს პოლიციაში აყენებენ შეურაცხყოფას, იმტვრევენ ცხვირ-პირს, პოლიცია კი ეხვეწება, ამას ნუ აკეთებთ, თქვენ გენაცვალეთ, არ შეიძლებაო. რა ცინიზმია! მღებრიშვილი კი ზის და ამ ყველაფერს უყურებს. შს მინისტრმა რომ დაიბაროს პოლიციელები და უთხრას, ასეთ რამეს თუ გაბედავთ, დატოვებთ სამსახურსო, ვინ გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას?

სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე ღამის საათებში გამოიძახეს, რათა არასრულწლოვანი დაეცვა. ფეხმძიმედ, მერვე თვეში ჰყავდა ცოლი. იმიტომ წავიდა და ცოლი დატოვა, რომ თავისი თავი ეწამებინა?! ეს ხომ ალოგიკურია?! რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ მოწმეები მოიყვანა, მაგრამ ისინი რომ არ დაიკითხონ, ბრალდებული არ მოვიდა. გვითხრეს, ცუდად არისო. ერთ-ერთმა „მურუსიძემ“, მოსამართლე შონიამ, რომელიც ცნობილი ყოფილა იმით, რომ 14-15 წლის ბავშვებს აპატიმრებს, ამ პოლიციელს აღმკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა შეუცვალა გირაოთი. რა უნდა ვქნათ, როცა ბიძინა მათზეა გადაფარებული?! ის ამბობს, მურუსიძე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლიაო, შონიაც მსხვერპლია და მე და შენ ვიყავით, თურმე, სააკაშვილის რეჟიმის საყრდენები.

პრეცედენტი, რომ პოლიციის უფროსი, რომელმაც მდინარაძე სცემა და დააკავეს, ძალით შევაქმნევინე. მთელი ევროპა ფეხზე დავაყენე. საქართველოს საელჩოებთან ვაფიქსირებდით პროტესტს. სასამართლოში ერთი წელია, საქმე მიდის და ბრალდების მხარის მოწმეები ვერ დავკითხეთ. დანაშაულში ბრალდებული არ ცხადდება, ცუდად არის და განცხადებას აკეთებს, სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებო. ხელოვნურად აჭიანურებენ საქმეს. ეგენი თუ იმას ფიქრობენ, ერთი წელიწადი გაწელავენ საქმეს, მერე მე ადოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღარ ვიქნები და ასე მომიცილებენ თავიდან, ძალიან ცდებიან. მე საქართველოდან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. მერე უკვე მხოლოდ ეგ პოლიციის უფროსი კი არ დაისჯება, ყველა აგებს ამ საქმეზე პასუხს, ვინც ცრუ ჩვენება მისცა. ვიმეორებ: მღებრიშვილი თუ იქნება თავის სიმაღლეზე, ესენი ასეთ რამეს ვერ გაბედავენ. ჟურნალისტ გასვიანის საქმეზე პოლიციელი არ უნდა დაეკავებინათ? იცით, რა მიკვირს? _ ჟურნალისტები რატომ ხართ გაჩუმებული? აქციას რატომ არ აწყობთ, როცა ჟურნალისტი გიცემეს? რატომ ყველა საინფორმაციო საშუალება არ იწყება იმით, რომ გასვიანის მწამებელი მე-7 დღეა, თავისუფალია? „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს, ქალბატონ ელისო კილაძეს ვთხოვ, პირველ გვერდზე დაბეჭდოს ის, რომ გასვიანის მწამებელი თავისუფალია და მოითხოვოს, ყველა საინფორმაციო საშუალება ამ ინფორმაციით დაიწყოს. ელისო ძალიან მაგარია, ამას გააკეთებს. აქ გასვიანზე კი არ არის მხოლოდ საუბარი, ჟურნალისტი აწამეს, რომელიც, ამ შემთხვევაში, არის ყველა გაზეთის, ტელევიზიის, ინტერნეტგამოცემის, რადიოს ჟურნალისტი. როცა სააკაშვილმა ფოტოგრაფები დააკავა და მათ ციხეში აწამებდნენ, მე თქვენ გვერდით ვიდექი ციხის წინ და ფოტოგრაფების დაკავებას ვაპროტესტებდი. ვინც მაშინ ამის გამო მლანძღავდა და ამბობდა, სააკაშვილს რას ერჩისო, ახლა იგივე ადამიანები მეუბნებიან, ბიძინას რას ერჩიო? ქართველი ხალხი ვერ ეღირსა წესიერ ხელისუფლებას. თანამდებობებზე მოდიან ბინძური მენტალობის ადამიანები.

_ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დღეებში პოლიციის კორპუსის შემცირებაზე ალაპარაკდა. როგორც ამბობს, სწორედ ასეთი ბალასტისგან აპირებს გაწმინდოს პოლიცია და როგორც ფიქრობთ, ეს სიმართლე არ არის?

_ რა შუაშია შემცირებები? დამნაშავე პოლიციელები უნდა დასაჯოს. „გიორგი მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში 50 პოლიციელი მაინც ფიგურირებს. ყველანი საბრალდებო სკამებზე უნდა ისხდნენ, მაგრამ ისინი კვლავ სამსახურებში არიან. ეს ადამიანები უნდა დასაჯონ, პოლიციიდან გაუშვან და ეს იქნება შემცირებაც. ახლა, იცით, რას იზამენ? _ წესიერ ადამიანებს გაუშვებენ, რომლებიც მათ არ აწყობთ და ისე არ იქცევიან, როგორც მათ უნდათ. 8 პოლიციელი არის დამნაშავე დვალიშვილის არაჰუმანურ, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში. ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში ამაზე მინიშნება გააკეთა, რომ ამდენმა პოლიციელმა მისცა, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენებაო. მღებრიშვილი ამის მერე უნდა გამოსულიყო და ეთქვა, _ ეს ხალხი წავა სამსახურიდან, რადგან ასეთი საქციელი ჩაიდინაო. ახლა ვისაც პატრონი გამოუჩნდება, თუნდაც, მკვლელი და არაადამიანი იყოს, დატოვებენ. პოლიციის წმენდა მართლა თუ აქვთ გადაწყვეტილი, უნდა დაიწყოს მიქიაშვილის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეზე. ის პოლიციელები, რომლებიც იდგნენ და ამას უყურებდნენ, დანაშაულს ფარავდნენ და ჩვენებას არ აძლევდნენ, პოლიციაში არ უნდა იყვნენ. ეს ხალხი უნდა გაყარონ, მაგრამ, აი, ნახავთ, ქობულიას დატოვებენ და უპატრონო და წესიერ ადამიანებს გაყრიან. აბა, მითხარით, რატომ არ თქვა მღებრიშვილმა, სკოლის ატესტატიანი გამომძიებლები რომ მყავს, ეს არ შეიძლება და ისინი უნდა გავუშვაო? ასეთებს არ გაუშვებენ, აი, ნახავთ.

პოლიციის მუნდირს, პირველ რიგში, შეურაცხყოფს თავად მღებრიშვილი, როცა მას თანამდებობაზე ჰყავს რევაზ ქობულია. ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს არაფრად აგდებენ და ადამიანს, რომელსაც ისინი მოიხსენიებენ მწამებლად და შეურაცხმყოფელად, ესენი მაღალ თანამდებობებზე აწინაურებენ. პირველ რიგში, ეს კაცი არცხვენს პოლიციელის მუნდირს.

_ გარდა იმისა, რომ განცხადებით ითხოვთ შს მინისტრის გადაყენებას, კიდევ რაიმე ზომების მიღებას ხომ არ აპირებთ?

_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, სავარაუდოდ, გაყალბებით მოვიდა. ბურჯანაძე ითხოვს, ყუთი გახსენით და გადაითვალეთო, რადგან ამდენი ხმა მქონდა და გამიყალბესო. არ მიიჩნევენ საჭიროდ ხმების გადათვლას, რაც, ცხადია, ივანიშვილის მიზეზით ხდება. ივანიშვილი მართავს ქვეყანას და კარგი მოხდება თუ ცუდი, ყველაფერს მას დავაბრალებთ. მისი მოყვანილი ხალხი აკეთებს ამას. ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ბიძინა რომ არ ყოფილიყო, 10%-საც კი ვერც ერთი აიღებდა. „მურუსიძეებს“ რომ გაურიგდა ივანიშვილის ხელისუფლება და მურუსიძეს გოცირიძე და თოდრია ხმას მისცემენ-მეთქი, ესეც დიდი ხნით ადრე ვთქვი, მაგრამ რა არ მითხრეს, რადგან არ დაიჯერეს. ამბობდნენ, ხატიაშვილი იგონებს, ბატონი ბიძინი მაგას როგორ იკადრებსო? ამ ნაძირალა ადამიანებს მინდა ვუთხრა, _ მართალი რომ აღმოვჩნდი, ბოდიში რატომ არ მომიხადეს? მაგრამ მონები არიან, ფული უნდათ, რომ აიღონ და წესიერ ადამიანებს ამიტომ ლანძღავენ. როცა მურუსიძე მართლა დანიშნეს ამ თანამდებობაზე, ყველა ოპოზიციურად განწყობილ პარტიას დავურეკე, შევხვდი და ვუთხარი, _ მურუსიძე ადმინისტრაციულ პალატაში გადაჰყავთ, არჩევნებს, სავარაუდოდ, გაგიყალბებენ-მეთქი. მურუსიძე იქნება პასუხისმგებელი, რომ ეს ყუთები არ გაიხსნას, ამიტომ დანიშნეს ამ თანამდებობაზე-მეთქი. ეს ვთქვით მაშინ თქვენთან ინტერვიუშიც. ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. ვისაც ვიცნობ, ყველა მეუბნება, „ლეიბორისტებსა“ და შალვა ნათელაშვილს მივეცი ხმაო და რანაირად მოხდა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩა? იმიტომ არ გახსნეს ყუთები, რომ არჩევნები გააყალბეს და ეს ყველაფერი შერჩათ. რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ იკადრეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი რამ არ მინახავს.

_ ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბებაში პოლიცია და სუს-ი იყო აქტიურად ჩარეული. ასეა?

_ ადვოკატი მამუკა ნოზაძე კენჭს იყრიდა და მისგან ვიცი, რომ დაბეჭდილი მოწმობებით დაჰყავდათ ხალხი, რომელიც რამდენიმე უბანზე აძლევდა ხმას. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ნათელაშვილმაც გადალახა ბარიერი და ბურჯანაძემაც, მაგრამ მერე, სწორედ, „მურუსიძეები“ გამოიყენეს და ასე გააყალბეს. გახსოვთ, ალბათ, რა გაუკეთეს პაატა ბურჭულაძეს. ანუ ამ არჩევნებში ყველა მეთოდი გამოიყენა ივანიშვილმა არჩევნების გასაყალბებლად. აი, რატომ სჭირდებოდა მას მურუსიძე და მასთან თბილი კავშირები. ცნობილია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 49% მიიღო გაყალბებით და რანაირად აქვს მას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში? იმის გამო მოხდა ეს, რომ კანონმდებლობაც მახინჯია. ბიძინა რომ ხელისუფლებაში მოდიოდა, მაჟორიტარებს ფეოდალებს უწოდებდა და ხალხს დაჰპირდა, რომ ამ სისტემას დაანგრევდა, მაგრამ ამ დაპირებებიდან რაიმე შეასრულა? _ არაფერი. ჰოდა, მე ვამბობ, ქართველი ხალხი იმაზე მეტის ღირსი ვართ, რასაც ბიძინა გვიკეთებს. რასაც მიშა გვიკეთებდა, იმის ღირსებიც ვიყავით, რადგან ქართველი ადამიანი რომ საარჩევნო ხმას ფულზე გაყიდის, ის ღირსია იმისი, რასაც გვიკეთებენ და კიდევ გაგვიკეთებს ივანიშვილი, მღებრიშვილი, წულუკიანი, კვირიკაშვილი და სხვები. როგორც ქვეყანა, ჩვენ ვერ შევდექით. როგორ შეიძლება, 20 ლარად შენი შვილების მომავლის საწინააღმდეგოდ მისცე ხმა?

_ ბევრი უკვე პროგნოზირებს ქუჩის აქციებს, ვადამდელ არჩევნებს… ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლებას ტაძრამდე ქართველი ხალხი ვერ მიჰყავს. ამას ქართველი ხალხი ბოლომდე, ალბათ, არ შეეგუება. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს, რომ არადემოკრატიული არჩევნები იყო, რასაც, როგორც ვიცი,  „თავისუფალი დემოკრატები“ ხელს არ აწერენ. 4,6% აქვთ მიღებული. თუ ისინი ხელს არ მოაწერენ, მათ მერე ვინც არიან, ბურჯანაძეს და ნათელაშვილს არავინ დაუჯერებს. მეორე დღესვე გამოვიდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ამიტომ ის მინისტრად დანიშნეს. „კაბელების საქმეზე“ დაკავებული საწყალი ადამიანები კი კვლავ ციხეში არიან გამოკეტილები.

სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი იმიტომ არის პოლიტიკაში, რომ „ბიძინს“ მიეყიდოს. ვისი გადაბირებაც ვერ მოახერხა, მისკენ ლაფს ასროლინებს დაქირავებულ ხალხს. გადაბირებაში მარტო ფულს კი არ ვგულისხმობ, შეიძლება, ადამიანი გადაიბირო დაშინებით, ცრუ დაპირებით… ასე მოახერხა არჩევნების მოგება. ახლა მას ტვინი დასჭირდა, რათა სახელმწიფო მართოს, მაგრამ მე ვატყობ, რომ ვინც კი დანიშნულია გადაწყვეტილებების მიმღებებად, მათ ძალიან ცოტა აქვთ იმის ტვინი, რომ სახელმწიფო მართონ. ამიტომაც ქვეყანა სამართლებრივი, პოლიტიკური და ფინანსური უფსკრულისკენ მიდის. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან დიდი აქციები და ხალხის მღელვარება. ხალხში ლიდერიც წარმოიშობა, რომელიც ძალიან პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი იქნება და ხალხიც მას გაჰყვება. ამას ხალხი იმიტომ გააკეთებს, რომ ეს არ იქნება ოლიგარქი, მეცენატი, ის იქნება ხალხის წიაღიდან გამოსული, ნიჭიერი კაცი, რომელსაც ექნება იმის გამოცდილება, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. აღარ მგონია, რომ საზოგადოება კიდევ შეცდეს და ოლიგარქს, ან მეცენატს დაუჯეროს. ეს სახადი ქვეყანამ მოიხადა.

_ დაახლოებით მაინც შეიძლება ვიფიქროთ, ვინ შეიძლება იყოს ის პატიოსანი კაცი, რომელსაც ქართველი ხალხი გაჰყვება?

_ ამას მე ახლა როგორ გეტყვით? მაგრამ მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ქვეყანას ნორმალური ხელისუფალი ეღირსება.

ნელი ვარდიაშვილი