,,ურთმელიძე 2” თელავის საკრებულოში: ,,მამა ოჯახის წევრი არ არის!“

gia1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების, ქონების, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა და სხვა საკითხების შესახებ.

ამავე დროს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ეკავოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრის პოსტი. ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

თანამდებობის პირები კანონით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებებს ყოველთვის ზედმიწევნით არ ასრულებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს დეკლარაციებში არასრული, ან არაზუსტი ინფორმაცია შეაქვთ, არ ასაჯაროებენ საკუთარ ბიზნესინტერესებსა და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შემთხვევებს, რაც კორუფციულ რისკებს უკავშირდება. ამავე დროს, არ არსებობს ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების მექანიზმი, რაც ხელს უწყობს ამ მავნე პრაქტიკის შენარჩუნებას.

2015-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ნაწილის ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთ დარღვევებს კვლავაც ვხვდებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზე.

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 14 სექტემბერს შეავსო. გიგიაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ მისი მეუღლე, მაია ყეინოშვილი, ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში 2812 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და 432 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ფლობს, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია იმავე მისამართზე მდებარე 185 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და არა 432 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ასევე, დეკლარაციაში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობი განსხვავდება რეესტრში მითითებული ფართობისგან, კერძოდ, გიგიაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 12 626 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და არა 12 501.53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, როგორც ეს დეკლარაციაშია მითითებული.

ასევე დეკლარაციაში მითითებული არ არის ყვარელში, სოფელ ენისელში მდებარე, ოჯახის საკუთრებაში არსებული 6674.56 მიწის ნაკვეთი და ამავე სოფელში მდებარე, ოჯახის საკუთრებაში არსებული 5479 მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მეპატრონე კი გია გიგიაშვილის მამა ალექსანდე გიგიაშვილია.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს გია გიგიაშვილმა მიუთითა, რომ მისი ოჯახის წევრები არიან მეუღლე მაია ყეინოშვილი, მამა ალექსანდრე გიგიაშვილი და შვილები ალექსანდრე და ელენე გიგიაშვილები. თუმცა დეკლარაციის წარდგენისას გიგიაშვილმა, რატომღაც, არ გაიხსენა, რომ ოჯახი კიდევ ფლობდა დაახლოებით 12153,53 კვ.მ.-ს., რასაც გიგიაშვილი „ქრონიკა+“-თან საუბრისას ასე ხსნის: „კი, შეცდომა მქონდა, მეუღლის ქონებაზე არაზუსტად შევიტანე ციფრები, რაც შეეხება 6674.56 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ამავე სოფელში მდებარე 5479 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, იგი ჩემი საკუთრება არ არის, არც ოჯახის საკუთრებაა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მამაჩემზეა რეგისტრირებული. მამა კი ოჯახის წევრი არ არის“.

თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ავიწყდება, რომ უკვე რამდენიმე წელია, დეკლარაციაში ოჯახის წევრად მამას ასახელებს. მისი განმარტებით მამა მისი დის ოჯახის წევრია და არა მისი. კანონი კი გვავალდებულებს, რომ დეკლარაციაში შევიყვანოთ ოჯახის წევრები და მათ სარგებლობაში არსებული ქონებაც. შესაბამისად, თუ გიგიაშვილი ფიქრობს, რომ მამა მისი ოჯახის წევრი არ არის, მაშინ რატომ შეჰყავს იგი დეკლარაციაში ოჯახის წევრად, უკვე ამოუხსნელი და გაურკვეველია.

რაც შეეხება ოჯახსა და მის მნიშვნელობას, ვინ არიან ოჯახის წევრები? რა არის ოჯახი?

ოჯახი ქორწინებისა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემის მცირე ჯგუფია, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთპასუხისმგებლობით და ურთიერთდახმარებით. ამგვარად, ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლ-ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, იმ ადამიანებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას. ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში. ოჯახი სოციალურ-ბიოლოგიური წარმონაქმნია.

თუ გიგიაშვილისეულ ლოგიკას მივყვებით და უახლესი ქართული ისტორიის ნოუჰაუს ავიღებთ, რომ დედა და მამა ოჯახის წევრები არ არიან, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, _ მაგალითად, 2011 წლის 12 ოქტომბერს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა განცხადება (დაინტერესებული პირი: გია გიგიაშვილი, მესაკუთრე: ალექსანდრე გიგიაშვილი, რომლითაც მოთხოვნილია ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: სოფელი ენისელი).

ასევე 2011 წლის 11 ნოემბერს კვლავ ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა განცხადება (დაინტერესებული პირი: გია გიგიაშვილი, მესაკუთრე: ალექსი გიგიაშვილი, რომლითაც მოთხოვნილია ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: სოფელი ენისელი (ნათუთრების ზოლი).

აღნიშნული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ მამის სახელზე რეგისტრირებული ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერით დაინტერესებული პირი თავად შვილია. შესაბამისად, საკუთარ განცხადებებშივე გაბნეულ საჯარო მოხელეს უჭირს აღიაროს, რომ მან ოჯახის კუთვნილი ქონება დამალა.

კანონი კი გვავალდებულებს პასუხისმგებლობას კორუფციული სამართალდარღვევისთვის: მუხლი #20, ამ კანონის მე-18 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ განკარგულება; თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისთვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო განთავისუფლებას.

 

P. S. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალი გვიჩვენებს. გადაიხდის თუ არა გიგიაშვილი 1000-ლარიან ჯარიმას, ალბათ, ამასაც გავიგებთ. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ მამა ოჯახის წევრი არ არის. თუმცა მამის ოჯახის წევრობიდან განთავისუფლება და 1000-ლარიანი ჯარიმა მგონია, რომ არათანაბარ პირობებშია. ალბათ, სჯობია, მამა ოჯახის წევრად დარჩეს და 1000 ლარი იზარალოს კაცმა, ვიდრე საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ მამა ოჯახის წევრი არ არის!

 

                                                                                                           მაკა მოსიაშვილი

gg

gg1