მუშაობენ თუ არა მამაცაშვილების მამულებში 20-ლარიანი კარდენახელი და ბაკურციხელი გლეხები?!

y1

რადგან ივანიშვილი ქვეყნის პირველი მოქალაქეა, მის მიმართ ინტერესი, ბუნებრივია, ვერასდროს განელდება… და რადგან ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ცხვირი პირს არ მოშორდებაო, ასევე ვერ გავექცევით ივანიშვილის ნათესავებზე არსებულ კითხვებს.

ბოლო პერიოდში, როგორც თავად პირველი მოქალაქე ამბობს, მისი საყვარელი დეიდაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა „ტელეიმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უჩა მამაცაშვილი ნამდვილად არის მისი დეიდაშვილი, რომელიც ნათესავებს შორის ყველაზე მეტად უყვარს: „რამეთუ არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი. მისი დედა ჩემთვის იყო ადამიანობის სიმბოლო. უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესსა და მასზე ყაჩაღობას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავისი სამრეკლოდან იყურებიან და თავისი ხელწერით საუბრობენ. მე საზოგადოებას პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ ის, რასაც ადრე „ნაციონალები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი ხმარდება სახელმწიფოს და უჩას ამაში ლომის წვლილი მიუძღვის. თითოეული „კაპეიკი“, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ისევ სახელმწიფოს ხმარდება“, _ განაცხადა ივანიშვილმა.

უჩა მამაცაშვილის ყურადღებას განსაკუთრებით ოპოზიცია იქცევს. მაგალითად, აკაკი ბობოხიძემ თავის ერთ-ერთი გამოსვლის დროს მინისტრს მიმართა: „ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანეთ, რომ 2-3%-იანი სესხებია მნიშვნელოვნად გაცემული. მე მაინტერესებს, რამდენია ამ ე. წ. იაფ კრედიტში გლეხების მიერ აღებული? გეთანხმებით, რომ მეღვინეობის დარგი უნდა განვითარდეს, რათა გლეხმა თავისი განავითაროს და ეს თანმდევი პროცესია, მაგრამ რამდენადაც მე ვუკვირდები, იაფფასიან კრედიტს ისევ ფულიანი ტიპები იღებენ _ იმდენად დიდი გარანტიებია მისაღები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს სესხულობს ბიძინა ივანიშვილის „პარნიკისთვის“ და ამის ფულს სახელმწიფო იხდის. იაფი კრედიტი არ არსებობს ამ ქვეყანაში. იაფი არის ის გადამხდელისთვის, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც თავის თავს უხდის, მაგრამ იაფი არ არის ბიუჯეტისთვის“.

უჩა მამაცაშვილის სახელი უკავშირდება ბაქოში სარკინიგზო სატრანზიტო გადაზიდვების საკითხზე მოლაპარაკებებსაც. უჩა მამაცაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კორპორაცია „სტოილენსკაია ნივას“ გენერალური დირექტორი, კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო 2013 წელს. ამას გარდა უჩა მამაცაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრიც იყო. ასევე, ის არის „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ GCF Partners “-ის (შპს ჯი-სი-ეფ პარტნიორები) წილის 42%-ის მფლობელი; „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ ერთადერთი დამფუძნებელი. ეს ფონდი აფინანსებდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს“, რომლის საშუალებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახორციელებდა.

საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია უჩა მამაცაშვილის ძმა არჩილ მამაცაშვილი. არჩილ მამაცაშვილის სახელი ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ უკავშირდება. კომპანიამ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია „ქართუმ“ თბილისის მერიის ავტოპარკიც დააზღვია. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 110 671 ლარია. აღნიშნულ ტენდერში კომპანიამ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გაიმარჯვა.

სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი „ქართუ“ ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი კომპანია „რინგოლდ ფინანას ლიმიტედი“, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2014 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით, 6 საათზე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 9 იანვარს დასრულდა. საჯარო რეესტრის მიხედვით კომპანიის დირექტორი არჩილ მამაცაშვილია.

 

ძმებ მამაცაშვილების კახური ავლადიდება

ძმებმა მამაცაშვილებმა კახეთში ქონების დაგროვება 2008 წლიდან დაიწყეს. ამ ეტაპზე, მაგალითად, უჩა მამაცაშვილს გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახში რამდენიმე ჰა მიწის ნაკვეთი აქვს; საჯარო რეესტრის მონაცემებით უჩას მფლობელობაშია 6000 კვ.მ., კარდენახში 1400 კვ.მ. უროები _ 1865.00,  859.00 კვ.მ.

უჩა მამაცაშვილს კახეთში ქონების დაგროვებით მისი ძმა, არჩილ მამაცაშვილი სჯობნის.

არჩილ მამაცაშვილის მფლობელობაშია გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში 34006 კვ.მ.; 34101 კვ.მ.; 33203 კვ.მ.; 69400 კვ.მ. ყურე 51400 კვ.მ.; 44900 კვ.მ. 65401 კვ.მ. და ა. შ. ჯამში, არჩილ მამაცაშვილი, რამდენიმე ათეული ჰა მიწის მფლობელია.

ოლიგარქის დეიდაშვილები აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს 2008-2009 წლების შემდეგ ფლობენ. ასე რომ, კარდენახსა და ბაკურციხეში მოსახლეობა, ძირითადად, მამაცაშვილების მამულებში მუშაობით არის დასაქმებული.

საინტერესო კი ის ფაქტია, რომ გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე  ვანო ბერიძიშვილი გასულ წლებში მამაცაშვილების მამულების მოურავი იყო. მაგალითად, არჩილ მამაცაშვილის წარმომადგენლად ის რამდენჯერმე საჯარო რეესტრში ფიქსირდება. მოურავს ნაშრომი დაუფასდა და დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეა.

ასეა თუ ისე, ოლიგარქის დეიდაშვილებს საქართველოს ყველა კუთხეში აქვთ ქონება. კახეთში კი მათი მიწები ვენახები და მოსავალი ერთადერთ სარგებელს იძლევა _ დღიურ სამუშაოზე გლეხს 20 ლარს უხდიან.

 

zq1

zq2

zq3

zq4