ზაზა ბიბილაშვილი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს, უკიდურესად მიამიტია.“

zz

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებას, სადაც გამიჯვნა-დაგმობაზე იყო აქცენტი გადატანილი, ხელი არ მოაწერა და ასევე საჯაროდ, თავისი ეს პოზიცია დაასაბუთა კიდეც.

ვინც მის ფეისბუქ-აქტივობას ადევნებს თვალს, შეამჩნევს, რომ დატვირთული პროფესიული (ზაზა ბიბილაშვილი ადვოკატია, მათ შორის, „რუსთავი 2“-ისაც) გრაფიკის მიუხედავად, ის პოლიტიკურ პროცესებს არ ჩამორჩება და საკუთარ პოზიციას მიუკიბ-მოუკიბავად, პირდაპირ გამოხატავს.

მისი აზრით, ენმ-ს, ჯერ კიდევ, 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ აქტიურად უნდა ემუშავა იმ სტიგმის ჩამორეცხვის მიზნით, რაც მას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, პირველ რიგში კი, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიაკერა. რახან ასე არ მოხდა, მივიღეთ პოლიტიკური დუელი „უნიათოსა“ (ენმ-ს მიერ ხელისუფლებასთან მიმართებით დამკვიდრებული სიტყვა) და „მოძალადეებს“ შორის, სადაც, რასაკვირველია, „უნიათოს“ უნდა გაემარჯვა და ასეც მოხდა.

ზაზა ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ ძველი სახეებისთვის გამიზული სტიგმა, რაზეც ენმ-მ, უმეტესწილად, თვალი დახუჭა, ახალ სახეებზეც გადავიდა, ხოლო პარტიის ყრილობისგან, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, არა მექანიკურ ცვლილებებს, არამედ ფუნდამენტურ მსჯელობას მოელის იმაზე, თუ სად რა შეეშალა პარტიას და როგორ უნდა აღსრულდეს მთავარი მიზანი: ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის დამარცხება.

 

„ქრონიკა+“ ზაზა ბიბილაშვილს ესაუბრა:

_ წესდებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყრილობის ჩატარება 2017 წელს უწევს, თუმცა წესდება რიგგარეშე ყრილობის შესაძლებლობასაც იძლევა. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ მიიღო და გვაქვს სურათი, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ პარტიამ განვლილი პერიოდი უნდა შეაფასოს, ანუ ის, თუ რა შეგვეშალა, რას მივაღწიეთ, რას ვერ მივაღწიეთ.

შესაბამისად, მთავარი უნდა იყოს არა მმართველი ორგანოების წევრთა მექანიკური შეცვლა და ახალი წევრების არჩევა, არამედ კონცეპტუალურად იმის გააზრება, რა გზა გავიარეთ, რა მიგვაჩნია ჩვენ მიერ სწორად გადადგმულ ნაბიჯად და რა მიგვაჩნია შეცდომად, რა უნდა გამოვასწოროთ როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მხრივ და როგორ გვესახება ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება საქართველოში, ვინაიდან ეს არის ის მიზანი, რომლის გარშემოც ამ ეტაპზე ვართ გაერთიანებული.

სხვანაირად ეს იქნება მექანიკური პროცესი და, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შთაბეჭდილებას გაამყარებს, რომ ყრილობის ჩატარების ერთადერთი მიზანი არის სააკაშვილის ე. წ. ჩაჩოჩება, რისგანაც ვერავინ ვერ იხეირებს პროდასავლური ოპოზიციის ფლანგზე, სადაც დღეს, რეალურად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაღა“ დარჩა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს შეცდომები არ მოსვლია, ან რომ მისი ყველა განცხადება მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იყო: ამაზე შეიძლება ლეგიტიმურად კამათი, მაგრამ ერთ რამეს ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საარჩევნო აქტივი, მთავარი საარჩევნო კაპიტალი და ამ კაპიტალის „გვერდზე გაწევა“ პრაგმატულად არის არაგონივრული, წამგებიანი საქციელი.

ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ დადგა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რადგან ეს პოსტი კარგა ხანია, ვაკანტურია, მაგრამ ჩვენ აქამდე არც ერთხელ არ გაგვიგია, რომ, თურმე, ეს გვაზიანებდა, ან რაიმეში გვიშლიდა ხელს. არასოდეს გაგვიგია, რომ გენერალური მდივნის პოსტის ვაკანტურობა იმ პირობებში, რომ ის ციხეში მყოფ ვანო მერაბიშვილს უჭირავს, რამეში გვიშლიდა ხელს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა (ოფიციალურად და სინამდვილეში, გაცილებით მეტმა) ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა, უცბად, საიდანღაც, ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, რაც ჩემთვის არც გონივრულია, არც ლოგიკური და არც რაიმე კონკრეტულ ლეგიტიმურ გარე მიზანს ემსახურება.

ჩემი ამოცანა არის ის, რომ ამ ქვეყანას მოვაშოროთ ივანიშვილის პრორუსული, ოჯახურ-კლანური რეჟიმი, რომელიც ქვეყნისთვის სრულიად დამღუპველია, როგორც პოლიტიკურად, ასევე _ ეკონომიკურად.

ამ ბნელი რეჟიმის მმართველობა ყველა ქართულ ოჯახზე აისახება _ ადამიანები ყოველდღიურად ღარიბდებიან, ხედავთ, ლარი რა დღეშია, საგარეო ურთიერთობებში, ფაქტობრივად, ჩვენ სათვალავში აღარ გვაგდებენ, მოხდა ის, რასაც ივანიშვილი 4 წლის წინ დაგვპირდა: საქართველო აღარ არის დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ, უბრალოდ, დაგვივიწყეს.

სამწუხაროდ, ვიზალიბერალიზაციაც კი, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი, საჩვენებელი მიღწევა უნდა ყოფილიყო, განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული. მოკლედ, დღეს საქართველოში ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანისთვის კარგი არაფერი ხდება. და ეს არ შეიცვლება, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს.

შესაბამისად, ამოცანა გვეკითხება: რა გზით უნდა მივაღწიოთ ივანიშვილის არაფორმალური რეჟიმის ჩამოშორებას? _ ამას უკეთ შევძლებთ სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე?

კითხვა, ცხადია, რიტორიკულია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე ან სააკაშვილისთვის რაიმე ცერემონიული როლის მინიჭებით შევძლებთ ამის გაკეთებას, ის, უკეთეს შემთხვევაში, უკიდურესად მიამიტია.

დღეს რეალურად ეს საკითხია დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა მოხდეს იმის გააზრება, თუ რა შეგვეშალა. ჩემი აზრია და ყოველთვის გავიმეორებ, _ შეცდომა იყო ამ ხელისუფლებისთვის „უნიათოს“ დარქმევა. აბსოლუტურად არ არიან უნიათოები იმ სფეროებში, რომელიც ივანიშვილისთვის არის მნიშვნელოვანი: რუსეთთან „დალაგება“, ღირსების გაცვლა მწვანილში, უკრაინისთვის მხარდაჭერის არგამოცხადება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რეპრესიები, ციხეში ჩასმა, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრის იდუმალი „თვითმკვლელობა“ _ ამ ყველაფრის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალას მე უნიათოს ვერ დავარქმევდი. ბოროტი? მოღალატე? _ კი ბატონო, მაგრამ არა უნიათო.

ესენი უნიათოები მხოლოდ კარგი საქმის კეთებაში არიან _ იმ საქმეში, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ, თორემ არა კორუფციაში, უკანონობაში, რუსებისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიწოდებაში და ა. შ. მათ შეირგეს უნიათოს სტიგმა, ჩვენ კი მკვლელებად მოგვიხსენიებდნენ _ ბედუკაძის, რაფალიანცის, თათუხაშვილისა და კიწმარიშვილის შემოქმედი ძალა.

ჩემთვის სრულიად აუხსნელად, „ოცნების“ მიერ გაჟღერებულ რუსულ პროპაგანდაზე ჩვენ, უბრალოდ, არ ვპასუხობდით და ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ბედუკაძით, რაფალიანცით და რომელმაც ქვეყანა მართა თათუხაშვილის, კიწმარიშვილისა და სხვა ადამიანების ცხედრებზე გავლით, მივეცით უფლება და საშუალება, ჩვენთვის ეწოდებინა მკვლელები.

ესაა უდიდესი თავხედობა მათი მხრიდან და უდიდესი ჩავარდნა ჩვენი მხრიდან. ეს იყო იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ომში ჩვენი ნებაყოფლობითი კაპიტულაცია, რაც ახლა მაინც უნდა გამოვასწოროთ.

მეორე, რაც ასევე უნდა გამოვასწოროთ, არის კამპანიის ემოციურობა. დღეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში _ ისეთ რაციონალურ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ა, არჩევნებს იგებს ემოცია _ ის მუხტი, რომლსაც შენ ქმნი ამომრჩეველში.

ჩემი მოკრძალებული აზრით, იმ წინასაარჩევნო მესიჯებმა, რომლებიც გვქონდა, აპრიორი გაგვწირა იმისთვის, რომ ჩვენ ემოციას ვერ შევქმნიდით. კი, ცხადია, ადამიანებს სჭირდებათ პენსია და სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს არ არის ის, რაც აჩენს მუხტს და ემოციას, არაა ის, რაც იწვევს ადამიანებში ცვლილებების დაუყოვნებლივი განხორციელების მოთხოვნილებას. ასეთი თემა ბევრია და ჩვენ ამ თემებზე კაპიტალიზაცია ვერ თუ არ მოვახერხეთ.

_ თქვენი აზრით, იმ ფონზე, როცა ზოგი ლიდერის შეთავაზების მიხედვით, პარტიის ყრილობაზე არ უნდა მოხდეს შეცდომებსა და დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა და ყრილობამ გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს და არა გამთიშავის, მოხერხდება ეს ყველაფერი?

_ ყრილობაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მექანიკურად კი არ უნდა შევცვალოთ ლიდერშიპი, არამედ უნდა გავიგოთ ამ ახალი ლიდერშიპისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რას გვთავაზობენ? მაგალითად, იმას, რომ 8-10-წლიანი ციკლი გავა, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლება და ხელისუფლება თავისით ჩაგვივარდება კალთაში თუ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ თუნდაც მწვავე ბრიფინგებით ვაკრიტიკოთ ეს ხელისუფლება?

_ რაც შეეხება სტიგმის ჩამორეცხვას და ახალ სახეებზე მის გადასვლას, თუ ის არ ჩამოირეცხება: ამ მხრივ საჭიროა თუ არა მუშაობის გაგრძელება?

_ არა მხოლოდ საჭიროა, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ჩემი მოკრძალებული აზრით, სხვა მეთოდებით ჩვენ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმ პოზიტიურ მესიჯებთან ერთად, რასაც ჩვენ სულ ვაჟღერებდით და მომავალშიც გავაჟღერებთ.

ენმ-ს რომ აქვს იმის ხედვა, შესაძლებლობა, კომპეტენცია, რომ მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, ეკონომიკა გაზარდოს, სამუშაო ადგილები შექმნას _ ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მათ შორის, არც პოლიტიკური ოპონენტები. რისი ეჭვიც აქვთ, ეს არის ის რუსული ნარატივი, რომ ეს ადამიანები მოვლენ და დაგიჭერენ, მოგკლავენ, გაგაუპატიურებენ. ამ „ლუბიანკის“ წიაღში შობილი ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ აი, მოდის თქვენთან ადამიანი, რომელსაც მიაწებეს მკვლელის სტიგმა და გეუბნებათ, რომ ხვალიდან მოგცემთ 50 ლარით მეტ პენსიას. ხომ ეტყვით, _ არ მინდა, ბატონო, შენი 50 ლარით მეტი პენსია, წადი, ჯერ აღიარე და მოინანიე, ან რამე გააკეთე… თუ დამნაშავე ხარ, მართლაც უნდა მოინანიო, ხოლო თუ დამნაშავე არ ხარ (ან იმის მეათედით ხარ დამნაშავე, რასაც გაბრალებენ), მაშინ საზოგადოებას სიმართლე უნდა დაანახო.

თუ თემას საერთოდ გავექეცით, ფაქტობრივად, ეს, შეიძლება, ბრალდების აღიარებად იქნას აღქმული, რაც, ცხადია, ასე არ არის. არადა, ფაქტია, რომ ამ თემებს უკვე ოთხი წელია, გავურბივართ და ეს ძალიან წამგებიანია.

პრობლემა, ძალიან ხშირად, ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა, დანაშაული მართლაც ჩაიდინეს, დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან გადასული და უარესი დანაშაულის ჩადენას აგრძელებენ, ხოლო ეს სტიგმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეებზეა გადასული, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ არც იმ „ცხრა წელთან“ და არც იმ ქმედებებთან, რასაც „რუსული ოცნება“ აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

აქედან გამომდინარე, ამ სტიგმის ჩამორეცხვა აუცილებელიცაა და შესაძლებელიც. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც ადვოკატმა, უამრავი საქმე ვნახე როგორც კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის დავების, ასევე, კომპანიებს შორის დავებისა, სადაც კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენენ. ანუ ადამიანები, რომლებიც უშუალო ავტორები, მონაწილეები, ან ბენეფიციარები იყვნენ ამა თუ იმ ქმედებისა, დღეს იმ „ცხრა წლის უკანონობაზე“ მესამე პირში წუწუნებენ.

თუ ეს არ ვთქვით, თუ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, ჩვენ დღევანდელ აბსურდში ცხოვრებას გავაგრძელებთ მართლა 2030 წლამდე და ეს გვინდა? 2030 წლამდე ამ ქვეყანაში წესიერი ადამიანი ან აღარ დარჩება, ან თუ დარჩება, სიბნელისა და უიმედობის ჭაობში იქნება ბოლომდე ჩაფლული.

მიმაჩნია, რომ პარტიის გაყოფა არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. მაგრამ პარტიის გაყოფაზე საუბარიც ისევე ხელოვნურია, როგორც, მაგალითად, ახალი თავმჯდომარის არჩევის თემაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. უბრალოდ, როგორც უკვე მედიაში ითქვა, არსებობს ერთი-ორი „ახირებული პერსონაჟი“, რომელსაც, როგორც ჩანს, თვითმიზნად აქვს ქცეული, რომ პარტიის მთავარი საარჩევნო კაპიტალი გაწიოს პარტიიდან, რაც კატასტროფულად აისახება პარტიაზე და იმის გარანტი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეავსებს „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გამოთავისუფლებულ პოლიტიკურ ნიშას. ეს გვინდა? მე მგონი, არა.

სწორედ ამიტომ აქ საუბარი პარტიის გახლეჩაზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, რომ ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა ბნელი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ.  ამ ბრძოლაში, ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ ერთი მიზანი (ივანიშვილის დამარცხება) და არა ერთზე მეტი მიზანი (ივანიშვილის დამარცხება და კიდევ ვიღაცის ჩამოშორება).

_ დაბოლოს, ზაზა, თქვენი აზრით, აირჩევს თუ არა კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის გზას მიხეილ სააკაშვილი ყრილობამდე? ველოდოთ „ერთი-ორი ახირებული პერსონაჟის“ დასახელებას?

_ ნამდვილად ვერ გეტყვით, დააკონკრეტებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად რამეს _ ეს მთლიანად მის ხელშია, თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოებამ დიდწილად უკვე ყველაფერი ისედაც იცის.

 

                                                                                                                     ლაშა ბერულავა