როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებას გარემოსდაცვით სფეროში?!

c1

საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მწვავე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. ჰაერის, წყლისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება-დაბინძურება ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება დიდი ხანია, აქტიურად განიხილავს. დარგის ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მრავალდარგობრივი მეურნეობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.

ბოლო პერიოდამდე საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა, ნაწილობრივ არსებული რეგულაციები სრულად ვერ ასახავდა დღევანდელ რეალობებს და შესაბამისობაში არ იყო საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის, ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან.

არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. აუცილებელია ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა, რაც შემდეგში მდგომარეობს: საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების მშენებლობა, ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი წესების დაცვით, ნარჩენების გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.

რას აკეთებს ხელისუფლება, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოვდეს? რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში მომავალმა ხელისუფლებამ, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს?

 

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე:

_ ევროკავშირის წინაშე რაც ვალდებულებები გვაქვს, ყველა დასრულებულია, თუმცა დარჩენილია ერთი საკითხი და ამაზე როგორც ექსპერტი გეუბნებით, მაინცდამაინც, არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან უმჯობესია, კარგად და საფუძვლიანად გაკეთდეს. ვგულისხმობ გარემოზე ზემოქმედების კანონმდებლობის მიღების პროცედურას. პრინციპში, ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს, რომლის დროსაც საქართველოს შეუძლია, ნაკისრი ვალდებულებები დაასრულოს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვალდებულება არის წყლის სისუფთავე და მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მოწოდება, რომელიც ნაკისრია 2018-2020 წლისთვის. იმისთვის, რომ ეს შესრულდეს, ქმედებებია განსახორციელებელი. კანონპროექტი მზად არის და იმედი მაქვს, ახალი პარლამენტი პროცედურულად განიხილავს, რაც რეალურად აისახება საკანონმდებლო სივრცეში იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების კანონმდებლობა სხვა პრინციპებზეა აწყობილი. მთავარი რაც არის და ქალაქში ყველაზე მეტი შეშფოთება რამაც გამოიწვია, ეს იყო ჰაერის დაბინძურების საკითხი. აქ საუბარია სერიოზულ მონიტორინგზე და სისტემების გამართვაზე. ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა გარემოზე გამართული მონიტორინგის წარმოება საქართველოში. არსებული ცენტრები არასაკმარისია, დაკვირვებების საწარმოებლად 300, 200-მდე მაინც უნდა იყოს და გვაქვს 5. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გაგვაჩნია. მეორე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, მწვანე ნარგავებისა და საფრის დაგება, რეკრეაციული ზონების მოწყობა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სადაც კი ნარგავები იყო, პოლიციის შენობა თუ სხვა ობიექტი ჩავდგით, მაქსიმალურად შევამცირეთ მწვანე ნარგავები თბილისის მაგალითზე და არა მარტო თბილისში, ყველგან ტიპური სიტუაციაა. ყველაზე მთავარი კი საწვავის ხარისხის კონტროლია. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტრომ. ამ მიმართულებით უნდა აღდგეს კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად განისაზღვროს, საქართველოში რა ტიპის საწვავი უნდა არსებობდეს, ზომირება უნდა დავიცვათ, სად რომელი საწვავის მოხმარება შეიძლება და ა. შ. ბევრი ფაქტორია, რომელიც სამუშაოა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც ტრანსპორტს უკავშირდება.

_ საუბარი იყო, ასევე, ტრანსპორტის ტექდათვალიერების თაობაზე, თუმცა ეს საკითხი აქტიურად აღარ განიხილება. ამას ბევრი პოლიტიკური თვალსაზრისით ხსნის. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხთან მიმართებით?

_ რაც შეხება ტექდათვალიერებას, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება. გვინდა თუ არ გვინდა, რამდენადაც არ უნდა იყოს მომგებიანი სოციალური თვალსაზრისით, მოსახლეობის დასაქმებიდან გამომდინარე, ეს არის ის ვალდებულება, რომელიც საქართველომ პირველ რიგში უნდა შეასრულოს. ტექდათვალიერება უნდა განხორციელდეს და იგი სწორად უნდა წარიმართოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოძველებულ მანქანებს მოხმარებიდან ერთბაშად ამოიღებენ. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, კონკრეტული ღონისძიებების შედეგად საკითხი ნაწილ-ნაწილ მოწესრიგდება. რეექსპორტით ვიყავით დაკავებული და მეზობელ ქვეყნებში აქედან გადიოდა ძველი მანქანები. დღეს მეზობელ ქვეყნებში აკრძალულია გარკვეულ წლამდე მანქანების შეყვანა, უნდა იყოს ახალი, თანამედროვე მანქანები. ძველი მანქანები, ფაქტობრივად, ყველა თბილისში დარჩა და ქალაქიდან ვერ გავიდა, რადგან ვერ გაიტანეს. სომხეთშიც ძალიან მკაცრი აკრძალვებია შემოტანილი და აზერბაიჯანშიც, თურქეთში, _ მით უფრო. ე. ი. ყველაფერი კონცენტრირდება საქართველოში და მანქანების პარკი იმ დონეზე გაიზარდა, როგორიც არ ყოფილა ბოლო წლებში არასოდეს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია ტრანსპორტი და ამ საკითხებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი პირველი რიგის პრობლემაა. თუმცა ეს პრობლემა მარტო ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ უნდა აკეთოს, არამედ ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც. მათ თავიანთ ტერიტორიებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა დააწესონ, მაგალითად, რეკრეაციულ, საკურორტო ზონებში დიდი მანქანების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. ზოგიერთ ქალაქში, სადაც მოპოვებული მადნეული გადააქვთ (ტყიბული, ჭიათურა), საშინელ მტვერს იწვევს. მკაცრად უნდა იყოს დაცული ის წესები, რომლის მიხედვითაც მანქანა გადახურული უნდა მოძრაობდეს და ქალაქში მტვერს არ უნდა ავრცელებდეს. ამაზე გადაწყვეტილება ქალაქებმა უნდა მიიღონ. ასევე მნიშვნელოვანია შემოვლითი გზები.

_ ტყეების დაცვისა და გამწვანების საკითხებშიც ძალიან მოვიკოჭლებთ…

_ სამწუხაროდ, ტყის საფარი მკვეთრად მცირდება, ვერ აღვიქვით, რომ ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა და არ შეიძლება მისი მასალად გამოყენება, არამედ გვაქვს დაცვითი ტყეები და ყურადღება მათ შენარჩუნრბაზე უნდა გავამახვილოთ. მით უფრო, პროგნოზები, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ბუნებრივ კატასტროფებს ეხება, არადამაიმედებელია. აშკარაა, რომ გარკვეულ ადგილებში მეწყერსაშიში ზონები გააქტიურდება, ახალი მეწყრებიც გაჩნდა თბილისის გარშემო და კერები გამოკვეთილია, ანუ ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა, რომელსაც პრევენციული ღონისძიებების გატარება სჭირდება.

ამასვე ემატება თემა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფა. მიგვაჩნია, რომ არსებული კანონი საკმაოდ გამოშიგნულია, ანუ პუნქტები, რომელიც წიაღისეულს იცავდა, თითქმის აღარ არის და უფრო მტაცებლურად მოვიპოვებთ. სერიოზული პრობლემაა, რომ წიაღისეულის მოპოვება არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, რაც ყოვლად დაუშვებელია და სერიოზულ პროცესებს იწვევს, თუნდაც მოსახლეობაში ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ სერიოზული პროცესები იყო სამტრედიაში, ახლა გურიაშია, რომელიც მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ არასწორი მოპოვების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები შეიძლება, საერთოდ გაუნადგურდეთ. აქ მარტო კანონმდებლობა არ უშველის, უნდა მოხდეს იმ ტერიტორიების მონაცვლეობა, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს და სხვა ტერიტორიები გამოეყოთ. საერთოდ, წიაღისეულის ასე მოპოვებაც უნდა შეიზღუდოს, სადაც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თვითონ საგადასახადო სისტემასთან მიმართებითაც ძალიან სერიოზული პრობლემებია ამ საკითხზე და არის გარკვეული შეუსაბამობები, ანუ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს (მათ შორის ალტერნატიული ენერგეტიკული სისტემების განვითარება) და იმედია, მალე გავხდებით ენერგოგაერთიანების ქარტიის წევრები. სახელმწიფოს 2-წლიანი შეღავათი აქვს აღებული იმისთვის, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიყვანოთ.

 

                                                                                                                   თამარ ბატიაშვილი