პროფკავშირები, ომბუდსმენი და ებერტის ფონდი მინიმალური ხელფასის დასადგენად გაერთიანდნენ

pp

„საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია, მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა უგანდის, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ. შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, ეს ვალდებულება, ამ ეტაპზე, შესრულებული არ გვაქვს“, _ აცხადებენ „ქრონიკა+“-თან პროფკავშირების გაერთიანებისა და სახალხო დამცველის მკვლევრები, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ.

თამარ სურმავა _ პროფესიული კავშირების გაერთიანება, იურისტი:

_ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც საქართველოში მინიმალური ხელფასის პოლიტიკის კვლევას ეხება. აღნიშნული პროექტის მიზანია მინიმალურ ხელფასთან და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული მიდგომების/პოლიტიკის გაანალიზება, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება, შემდგომში ხელისუფლებისათვის წარდგენის მიზნით; ქვეყნის მოსახლეობაში მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებისა და მნიშვნელობის პოპულარიზება. ვაანალიზებთ, თუ რამდენად შესაბამისობაშია საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის გამოთვლის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნულ პროექტს აპრილიდან ვახორციელებთ და იგი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ფინალური კონფერენციით დასრულდება, სადაც პროფესიული კავშირების გაერთიანება და სახალხო დამცველის ოფისი ერთობლივ რეკომენდაციებს გავაჟღერებთ.  პროექტის ფარგლებში საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს აქტიურად ვხვდებით, მათ შორის, დასაქმებულებს, დამსაქმებლებს, სხვადასხვა ორგანიზაციისა და სახელისუფლებო ორგანოის წარმომადგენლებს. როგორც შეხვედრებიდან გამოიკვეთა, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ცნობილი.

დღეის მდგომარეობით ასეთი რეალობა გვაქვს: ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით. მინიმალური ხელფასის ოდენობა კერძო და საჯარო სექტორში მკვეთრად განსხვავებულია. კერძო სექტორში 20 ლარს, ხოლო საჯაროში _ 135 ლარს შეადგენს. ცხადია, რომ მითითებული თანხები ძალიან დაბალია და, პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულს უტოლდება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციის პირობებში, შემოსავლების სამსახურის მონაცემების შესაბამისად, საქართველოში 100 ლარამდე ხელფასი 25 ათას ადამიანს აქვს, ხოლო 100 ლარიდან 163 ლარამდე _ 37 ათას ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს დღეს, ჯამურად, 62 000-მდე ადამიანი იღებს.   სტატისტიკური მონაცემებიც კი ცხადყოფს ქვეყანაში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული მიდგომის შეცვლის, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანის აუცილებლობას და, ამასთანავე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიზნებისთვის საარსებო მინიმუმის გამოანგარიშებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებას.

 

გიორგი ჭანტურიძე _ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი:

_ საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია, მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა უგანდის, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ. მინიმალური ხელფასის შეფასებისას მისი და საშუალო ხელფასის თანაფარდობას იყენებენ. ეს მაჩვენებელი ევროპაში, დაახლოებით, 30-დან 50%-მდეა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ 2% გვაქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებითა და კრიტერიუმებით, 20%-ს ქვემოთ მაჩვენებელი ძალიან დაბალია; 20-დან 50-მდე ნორმალური მაჩვენებელია, ხოლო 50%-ს ზემოთ ძალიან მაღალია. კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლითაც მინიმალური ხელფასი ფასდება, ეს არის მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ერთ სულ მოსახლეზე. ეს თანაფარდობა, დაახლოებით, იგივე პროპორციითაა ევროპის ქვეყნებში _ 30-დან 50%-მდე. აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე დასავლეთში, თუმცა საქართველოს მსგავსი სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ არის. საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3% არის. ასევე, როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე საარსებო მინიმუმი; ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირიქითაა. საქართველოს შემთხვევაშიც ასეა და აქაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის 12,8%-ია, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმის 7,6%.

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად იანგარიშება: 70%-ად აღებულია სასურსათო კალათა, ხოლო დანარჩენი 30% არასასურსათო ხარჯებია. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეს პროპორცია 50/50-ს შეადგენს. იქ გათვალისწინებულია ბევრი ისეთი ხარჯი, რომელიც საქართველოში პირდაპირ განსაზღვრული არ გვაქვს. ასეთია, მაგალითად, განათლებაზე, კულტურაზე, მედიცინაზე, მედიკამენტებზე, კომუნალურ გადასახადებზე ხარჯები. ევროპაში ასევე გათვალისწინებულია დაზოგვაზე გაწეული და გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის საჭირო ხარჯები. ამას გარდა, „ლივინგ ვეიჯის“ გამოთვლისას ითვალისწინებენ ოჯახის ზომას და ამ ოჯახში დასაქმებულთა რაოდენობას. საქართველოს შემთხვევაში, ერთ ადამიანზე კეთდება აქცენტი და, ძირითადად, მხოლოდ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს აქცევენ ყურადღებას, მაშინ, როცა დასაქმებულის უკან შეიძლება მთელი ოჯახი იდგეს, რომელსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნია. იმისთვის, რომ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი მცირე იყოს, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, მინიმუმ, ორ ეტაპად ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობთ, მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის, არანაკლებ, 25-30% უნდა იყოს, რაც მსოფლიო ბანკის კრიტერიუმებით საშუალო დონეა და საქართველოსთვის დღეს 230-280 ლარამდე შუალედში თანხას შეადგენს.

 

ლიკა წიკლაური _ სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

_ უკვე აღინიშნა, რომ მინიმალური ხელფასი პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გაწერილი. თუმცა ორგანულ კანონში, „საქართველოს შრომის კოდექსში“ პირდაპირ წერია, რომ შრომითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია მხარეთა შეთახმებაზე. პრეზიდენტის ბრძანებულება იერარქიულად კანონზე ქვემდგომი აქტია, შესაბამისად, კანონიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით შრომის ანაზღაურებად ნებისმიერი თანხა შეიძლება განისაზღვროს, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები ოდენობით. აუცილებელია ამ საკითხის კანომდებლობის დონეზე რეგულირება. მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, _ ეს ვალდებულება, ამ ეტაპზე, შესრულებული არ გვაქვს.

არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები, რომლებიც ასევე აღიარებს მუშაკის უფლებას, მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ვხვდებით სხვადასხვა განმარტებას, მაგრამ ძირითადად მოიაზრებას, რომ სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნევა ის თანხა, რომელიც მუშაკსა და მისი ოჯახის წევრებს ნორმალური არსებობის შესაძლებლობას მისცემს. ანუ მას მინიმალური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს დამატებითი დახმარების გარეშე. ჩვენ შემთხვევაში მინიმალურ ხელფასად დადგენილი თანხა ძალიან არაადეკვატური და არარელევანტურია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად საარსებო მინიმუმის დათვლის მექანიზმშიც მთელი რიგი ხარვეზებია და ვერაფრით მიიჩნევა, რომ ეს საარსებო მინიმუმი რეალურად საკმარისია ნორმალური არსებობისთვის.

სამართლიან მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხები საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს. ცხადია, ისიც გვესმის, რომ ეს რაღაც სტაბილური თანხა ვერ იქნება. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თუ გადავხედავთ (სადაც მინიმალური ხელფასი დადგენილია), ყველგან მისი ოდენობის გადახედვის მექანიზმიც გათვალისწინებულია, ეს გარკვეული პერიოდულობით ხდება. უმეტეს ქვეყანაში ეს ყოველწლიურად კეთდება, ზოგან წელიწადში ორჯერაც, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორ წელიწადში ერთხელ ქვეყანაში ინფლაციის დონის, ასევე საშუალო ხელფასის ზრდისა და სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.ზოგ ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურება ცალმხრივად განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ, ზოგან კი დასაქმებულებისა და დამსაქმებლების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ ხოლმე. აუცილებელია ეფექტიანი ინსპექტირების მექანიზმის არსებობა. ერთია, როდესაც კანომდებლობით რაღაც მინიმალურ სტანდარტებს ვადგენთ და, ფაქტობრივად, დამსაქმებელს ვალდებულებას ვაკისრებთ, რომ დასაქმებულს ამაზე ნაკლები არ გადაუხადოს. თუმცა თუ ამის კონტროლის მექანიზმი არ იარსებებს, შესაძლებელია, ეს, უბრალოდ, ჩანაწერად დარჩეს და ცხოვრებაში რეალურად არ დაინერგოს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ამ ვალდებულების შესრულების პერიოდულად გადამოწმება. შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია, რომ გარკვეული სანქციებიც გაიწეროს. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ, სადაც მინიმალური ხელფასია დადგენილი. თითქმის ყველაგან გარკვეული სანქციებია გაწერილი, ძირითადად, ჯარიმის სახით, თუმცა ზოგ ქვეყანაში უფრო მძიმე პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებენ, მაგალითად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით.

 

ნიკო თათულაშვილი _ სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი:

_ როდესაც 90-იან წლებში ინგლისში საუბარი დაიწყო, თუ როგორ შემოეღოთ მინიმალური ხელფასი, პირველი რაც გააკეთეს, მინიმალური ხელფასის კომისია შექმნეს. 9 ადამიანისგან დაკომპლექტებული კომისია მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის განმავლობაში დადიოდა და არსებულ ვითარებას სწავლობდა, შემდეგ დეტალური რეკომენდაციები დადეს, საიდანაც სახელმწიფომ რაღაცები გაითვალისწინა, რაღაცები _ არა. ამ გზით ქვეყანაში მინიმალური ხელფასი დაადგინეს. ეს კომისია ერთჯერადად არ შექმნილა, მუდმივმოქმედია. მისი ძირითადი ფუნქციაა, რომ მინიმალური ხელფასის პერიოდულობით გადახედვა უზრუნველყოს. იგივე ბრიტანეთი ნეოლიბერალური აზროვნების ქვეყანაა და მათი პოლიტიკოსებისთვის, დამსაქმებლისთვის მიუღებელია, რომ ბიზნესს ზედმეტი ხარჯი დააწვეს. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ, რომ ეს სწორი გამოსავალია, რადგან ეს არის გზა, როდესაც ქვეყანაში საშუალო ფენა იქმნება, როდესაც ადამიანს იმდენი ანაზღაურება აქვს, რამდენიც საარსებოდ სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ასეთი კომისია ჩვენთანაც არსებობდეს: შეიძლება იყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც ზოგადად შრომითი უფლებების მიმართულებით მუშაობს.

მეორე ასპექტი ამ ყველაფერზე კონტროლის განხორციელებაა. მექანიზმი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ინგლისში გადასახადების ამკრეფი ორგანოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მინიმალური ხელფასი გადაუხადოს და არ დაჩაგროს. ჩვენ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შრომის ინსპექცია, რომლის ქმედუნარიანობაზეც უფლებადამცველები დიდი ხანია, ვსაუბრობთ. შედეგებთან და ეფექტებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სერიოზული კვლევა უნდა ჩატარდეს და ფრთხილად შეირჩეს ის შუალედი, რომელიც არ დააზიანებს და არ დახურავს ბიზნესს, მაგრამ, ამავდროულად, ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ ღირსეულად იცხოვრონ, შვილს განათლება მისცენ, ჩაიცვან და, უბრალოდ, შიმშილით არ მოკვდნენ! ამას ძალიან ფრთხილად თუ გავაკეთებთ, ზარალი მინიმალური იქნება და ყველა მოგებული დარჩება.

 

                                                                                                                  გელა მამულაშვილი