ზემო მაჩხაანელი სოსოს და კარდენახელი ირაკლის საიდუმლო სერობა

xss

 

1993 წლის შემდეგ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი არსებობს. დღემდე კახეთმა, სულ რაღაც, 10 გუბერნატორი გამოიცვალა, ახლა კი უკვე მე-11 გვყავს.

 

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი დაიბადა 1962 წლის 23 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ბოლო დრომდე იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი; 2012-2014 წლებში _ მპგ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე;

2005-2011 წლებში მუშაობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურ მენეჯერად;

1998 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად; 1993 წელს დაინიშნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად; 1991 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1991 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული კონგრესის წევრად; 1989 წელს 9 აპრილის შემდეგ გახდა ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის წევრი; 1981 წელს გიორგი ჭანტურიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

 

ვისაც, ჯერ კიდევ, არ გჯერათ

მაშინ, როცა 16 აგვისტოს ვამბობდით, რომ მალე კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იქნებოდა, იგი აღნიშნულ შეთავაზებას უარყოფდა, თუმცა ადასტურებდა, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები „სხვა საკითხებზე“ ჰქონდა.

„არ მიმიღია ასეთი შეთავაზება. პრემიერ-მინისტრთან პარტიის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, 10 დღის წინათ, კონსულტაციები მქონდა, თუმცა ამ თემაზე _ არა. კონსულტაციები მქონდა სხვა საკითხებზე. ჯერ ვერაფერს გეტყვით“, _ აცხადებდა ქადაგიშვილი  და აღნიშნავდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდებოდა.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებას, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

ეჰ, ქადაგიშვილს დაავიწყდა, რომ ქვიშაში წყალი არ იმალება…

სწორედ იმავე პერიოდში, როცა „ქრონიკა+“ ქადაგიშვილის გაგუბერნატორებას აანონსებდა, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს, ზეწოლასა და მისი თანაპარტიელების გადაბირებაში ადანაშაულებდა.

ალასანია ამბობდა, რომ გოგაშვილი უფლებამოსილებას აჭარბებდა და „პოლიტიკურ პოლიციას“ ახორციელებდა:

„არიან ადამიანები, რომლებსაც ნერვებმა უმტყუნეს, რომლებსაც ეგონათ, რომ იოლი იქნებოდა ეს ბრძოლა და მეორეა, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული უშიშროება. უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე პოლიტიკურ პოლიციას ახორციელებს, იმავე საქმით არის დაკავებული, რითაც სააკაშვილის დროს _ მესხელი. 8 ოქტომბერს ერთად დავასრულებთ პოლიტიზებულ პოლიციას“.

კვირიკაშვილმა პირდაპირ ეთერში კი ქადაგიშვილზე დაგვიფიცა:

„მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“. მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო პრემიერი თავის განცხადებში, ეს სხვა საკითხია.

წარმოშობით სოფელ კარდენახელმა გუბერნატორმა საზოგადოებას კი აუწყა:

„კახეთი, გარკვეულწილად, ჩემი სამშობლოა. სხვადასხვა პერიოდში კახეთთან პოლიტიკური კუთხით შეხება მქონია, ასევე სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის მხრივ. ვფიქრობ, ის გამოწვევა, რომელიც მთავრობის წინაშეა, მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. კახეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი, დინამიკურად განვითარებადი კუთხე, იქნება ავანგარდი ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში“.

 

ახლა ის, რაც ჯერ არ იცით

ინკოგნიტო:

_ ქადაგიშვილმა ალასანიას უღალატა, უღალატა იმიტომ, რომ გოგაშვილმა იძულებული გახადა. არის რაღაცები, რასაც ადამიანები ვერ უძლებენ. გოგაშვილი და ქადაგიშვილი დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ, ორივე ქიზიყელია: ერთი ზემო მაჩხაანელია, მეორე _ კარდენახელი. ასე რომ, ქიზიყელების გავლენა კახეთზე კვლავ გაგრძელდება.

_ თუ ქადაგიშვილზე ზეწოლა იყო, რატომ დანიშნეს გუბერნატორად?

_ მაშინ უკან დაგიბრუნებთ კითხვას: რატომ არის დღეს წულუკიანი მინისტრი და გელა სამხარაული კვლავ სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი?

_ ალბათ იმიტომ, რომ ისინი ალასანიას არ გაყვნენ!

_ ანუ? ამ ადამიანებს არ უნდათ ბიძინასთან ჭიდაობა, განა უნდათ ისევ პოლიტიკაში ყოფნა? არა, არ უნდათ, მაგრამ სხვა არჩევანი უკვე აღარ აქვთ.

_ გასაგებია სამხარაული და წულუკიანი, მაგრამ ქადაგიშვილს ხომ შეეძლო, საერთოდ წასულიყო პოლიტიკიდან და მორჩა?!

_ არა, არ შეეძლო, ის გოგაშვილმა აიძულა, დაეტოვებინა პარტია. რაც არ უნდა უარყოს ირაკლიმ ეს თემა, პარტიამ იცის, სანაცვლოდ მას ჩვეული დავალება მიეცა _ კახეთს ის მიხედავს, ისე როგორც ამას გოგაშვილი ისურვებს.

_ ხან მგონია, რომ გოგაშვილია ამ ქვეყნის ფიქტიური მმართველი.

_ კი, მასეა, გოგაშვილია მმართველი. გოგაშვილის უკან მამაცაშვილია, იმის უკან კი _ ივანიშვილი.

_ დიდი ხანია, თემა ტრიალებდა, რომ კახეთის გუბერნატორს ხსნიდნენ, საკმაოდ სარწმუნო წყაროები საუბრობდნენ ამაზე, თუმცა იგი მხოლოდ არჩევნების დროს მოხსნეს.

_ ალბათ დააგვიანდათ, მაგრამ კახეთის ყოფილი გუბერნატორიც გოგაშვილის „ტიპია“, თამაზაშვილის ჩრდილიდან ისიც გამოვიდა, მაგრამ გოგაშვილის ჩრდილში გადავიდა.

_ რა მიზეზით უნდა ეიძულებინა ქადაგიშვილი გოგაშვილს, პარტია დაეტოვებინა და . .?

_ ამას, ალბათ, მომავალი უფრო კარგად გვეტყვის, თუმცა მთავარი დავალებაა, ალასანიას პარტია „სუსმა“ მარტივ მამრავლებად უნდა დაშალოს. ესაა მთავარი თემა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

 მისტიკური ციფრი _ 11

სოსოს დანიშნული გუბერნატორი მე-11 გუბერნატორია კახეთში. 11 წარუმატებლობასთან და უბედურებასთან ასოცირდება.

ეჰ, სოსო, 11-ზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ შენ ასტრონომია და უხილავი განზომილებები არ იცი.

სამყარო სავსეა ამოუცნობი მოვლენებით. ეს იმიტომ, რომ თვალით ხილული განზომილების გარდა, რომელშიც ჩვენ, ადამიანები ვცხოვრობთ, არსებობს უხილავი განზომილებებიც, რომელთა გავლენაც ჩვენს სამყაროზე, პერიოდულად, საკმაოდ აქტიურად იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება თვალნათელი, როცა განსაცდელია მოსალოდნელი. თუ კარგად დავაკვირდებით, ნებისმიერ მსოფლიო მასშტაბის კატაკლიზმას, მასობრივ ტრაგედიას, ან გადატრიალებას აუცილებლად წინ უძღვის ამოუცნობი, მისტიკური მოვლენები. მათ შორისაა საყოველთაოდ ცნობილი ციფრი 11.

ასე რომ, სოსოს მე-11 გუბერნატორმა მუშაობა დაიწყო და მოღალატეები კვლავ ზენიტში რჩებიან.

 

                                                                                                          მაკა მოსიაშვილი