ვეფხია ლომინეიშვილი: „აგრო-საინვესტიციო სესხი ფერმერს საშუალებას მისცემს, კრედიტის სიმძიმე შეიმსუბუქოს!“

vee

„თიბისი ბანკისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაჟღერებული ახალი აგროპროდუქტის შესახებ გვესაუბრება ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი, ვეფხია ლომინეიშვილი:

_ პირველ რიგში, ჩვენ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დღეს ბაზარზე ისეთი, რაც ჩვენს ფერმერებს სჭირდება? ჩვენ ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება: ერთი ის, რომ ფერმერებს ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა გრძელვადიან კრედიტებზე გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და მეორე _   სესხის უზრუნველყოფა. ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შესაძლებლობა იყო, ახალი პროდუქტი შეგვექმნა, რომელსაც აგრო-საინვესტიციო სესხი დავარქვით. ეს პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციას ვახორციელებთ. ფერმერს საშუალება აქვს, აღებული სესხის ძირის დაფარვა დაიწყოს მაშინ, როდესაც ის მრავალწლიანი ნარგავები, რომელსაც გააშენებს თავის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მსხმოიარე გახდება. დღესდღეობით ბანკების მიდგომა ამ მხრივ სტანდარტულია,  ვგულისხმობ იმას, რომ ბანკი ითხოვს რაღაც შემოსავლის წყაროს კრედიტის გასაცემად. როგორც წესი, არ ითვალისწინებენ სამომავლო შემოსავლებს, რომელიც ფერმერს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ სწორედ ამ კუთხით წავედით, ვეყრდნობით სამომავლო შემოსავლებს და კრედიტის გადახდას ფერმერს მხოლოდ მაშინ ვაწყებინებთ, როდესაც შემოსავალი გაუჩნდება. ვცდილობთ, აღებული კრედიტი მძიმედ არ დააწვეს ფერმერის ბიუჯეტს. ის კრედიტს მხოლოდ განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლით დაფარავს. ამავდროულად, ეს არ არის სტანდარტული კრედიტი, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ხდება სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება, პირველი 5 წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება სესხზე დარიცხული პროცენტი, რაც ფერმერს კრედიტის სიმძიმეს შეუმსუბუქებს. ფაქტობრივად, ეს ფერმერისთვის ძალიან დაბალპროცენტიანი კრედიტი იქნება.

_ პროცენტი ინდივიდუალურად ხომ არ განისაზღვრება, თუნდაც სესხის რაოდენობისა და სოფლის მეურნეობის კულტურის გათვალისწინებით?

_ პროცენტი ინდივიდუალურად არ განისაზღვრება, ის იქნება დადგენილი, თუმცა დამოკიდებული იქნება იმ კულტურაზე, რომლის გაშენებაც ფერმერს სურს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საშეღავათო პერიოდი პირდაპირ მიბმულია კულტურაზე. მაგალითად, თხილის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეიძლება, იყოს 5 წელი, ვაშლის შემთხვევაში _ 4.

_ რომელიმე კულტურის გაშენებას თუ ენიჭება პრიორიტეტი?

_ პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ის კულტურები, რომელთაც საექსპორტო მნიშვნელობა აქვს. ასეთია, მაგალითად, თხილი, კაკალი, კივი; ამავდროულად, ვაფინანსებთ ვაშლს, იმიტომ, რომ დღესდღეობით განებივრებული არ ვართ კარგი სასაქონლო ხარისხის ვაშლით. ინტენსიური ბაღები ზუსტად გულისხმობს იმას, რომ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს ამ ვაშლის მოყვანა და კარგი სასაქონლო სახე ჰქონდეს. შესაბამისად, ასეთი ტიპის ვაშლის მოყვანის პრობლემა საქართველოში დღეს არ დგას. მით უმეტეს, დიდი წილი ქართულ ბაზარზე იმპორტირებულ ვაშლს უკავია. თხილი და კაკალი საექსპორტო პროდუქტია, ასევე კივი.

_ როდიდან შეუძლიათ მოგმართონ დაინტერესებულმა ფერმერებმა აგროსესხის მისაღებად?

_ აგროსესხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დღესვე მიაკითხონ „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს. ჩვენ, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მზად ვართ განცხადებების მისაღებად და დასამუშავებლად.

 

თამარ ბატიაშვილი