მამუკა ხაზარაძეზე მოგონილი ამბებისთვის „ასავალ-დასავალი“ 6000 ლარით დაჯარიმდა

q

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 6000 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაწყებულ სასამართლო დავას. მოსარჩელეები მოითხოვდნენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160 000 ლარის ანაზღაურებას. ამის შემდეგ გაზეთმა კვლავ გააგრძელა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნება, რასაც „თიბისი ბანკმა“ მორიგი სარჩელით უპასუხა.

2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის“ სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების გამო. დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის დეფამაციურობის (არასწორი, სახელის გამტეხი ინფორმაცია, _ რედ.) შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს“ 6000 ლარის გადახდა დააკისრა.

 

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „თიბისი ბანკის“ იურისტი, ქეთევან ქვარცხავა:

_ ჩვენ ეს დავა დავიწყეთ 2014 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც თვეების მანძილზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ყველა ნომერში იბეჭდებოდა მასალები „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის შესახებ, მით უმეტეს, როდესაც ამ სტატიებს არ ჰქონდა არანაირი რეალური შინაარსი და მოგონილი ფაქტები ვრცელდებოდა. როდესაც სასამართლოში ვიჩივლეთ, ამის შემდეგ კიდევ გაგრძელდა სტატიების სერია და სანამ მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებოდით, სასამართლოში სტატიები დავამატეთ. საბოლოო ჯამში, სამი ძირითადი ეპიზოდი გახლდათ. ერთი იყო, როდესაც „ასავალ-დასავალი“ აცხადებდა, რომ თითქოს მამუკა ხაზარაძემ სცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მერაბ კოსტავას; მეორე ეპიზოდი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა არასწორად და უკანონოდ მოპოვებული გარკვეული აქტივები, მათ შორის, „ცეკავშირისა“ და „გუდვილის“ დაპატრონებას ცდილობდა; მესამე ეპიზოდი იყო, როდესაც „ასავალ-დასავალი“ წერდა  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, _ გახსოვთ, ალბათ, მამამ რომ თავი მოიკლა შვილის ოპერაციის თანხების მოსაგროვებლად, ესეც მამუკა ხაზარაძეს დააბრალეს: თვითმკვლელობამდე მიიყვანა ქართველი მამაო. ეს ყველაფერი დასახელებული იყო ფაქტებად, გარემოებებად და შემდეგ ნომრებში მოჰყვებოდა პასკვილი, სადაც გაზეთიდან ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ყველა ფაქტი გვაქვს, ყველაფერი დასაბუთებულია და ა. შ. სასამართლომ პირველი ინსტანციის დავისას მიიჩნია, რომ სამივე ეპიზოდი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო გაზეთს დაევალა აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა და სტატიების დაბეჭდვა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიღებული ზიანისთვის გაზეთს არ დააკისრა არანაირი მატერიალური კომპენსაცია. ჩვენ ორ ნაწილში გავასაჩივრეთ, ერთი მატერიალური კომპენსაციის ნაწილში და ჩვენი მეორე მოთხოვნა ითვალისწინებდა, რომ მკითხველისთვის აღქმადი იმავე შრიფტით, იმავე გვერდზე დაბეჭდილიყო სტატიები. აქედან პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა გადაწყვეტილებაში, გარდა შრიფტისა, ანუ ჩვენ გავასაჩივრეთ თანხობრივი ნაწილი და შრიფტის ზომა. კომპენსაციის სახით ვითხოვდით 160 000 ლარის დაკისრებას. როდესაც სასამართლო დავა დასრულდა, პირველ ინსტანციაში დაგვიკმაყოფილდა მოთხოვნა სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით, დაგვიკმაყოფილდა აპელაცია შრიფტზე, გამორჩენა იყო სასამართლოს პირველ ინსტანციაში, რომელიც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა და პირდაპირ ითვალისწინებს, რომ შრიფტი უნდა იყოს იგივე. მესამე _ კომპენსაციის ნაწილში თითო ეპიზოდთან დაკავშირებით გაზეთს, ჟურნალისტსა და რედაქტორს დააკისრა 2-2 ათასი ლარი. სულ, ჯამში, 6000 ლარი.

_ აპირებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნილი და დაკისრებული თანხა დიდი რაოდენობით განსხვავდება?

_ გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს კლიენტზე იქნება დამოკიდებული. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, როდესაც გაზეთს უმტკიცდება, რომ მან გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში მორალური ზიანი მოთხოვნას მოჰყვება და ყველა შემთხვევაში გაზეთს უნდა დაეკისროს მორალური კომპენსაცია. ამ შემთხვევაში მორალური ზიანის დათვლა ძალიან რთულია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და იურისდიქციაში მორალური ზიანი  სხვადასხვანაირად ეკისრებათ. მაგალითად, აშშ-ში გაცილებით მაღალი მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრებათ, ევროპაში შედარებით ნაკლები და ა. შ. ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური, სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიძლება, გაზეთზე უფრო მეტი მორალური ზიანის დაკისრებას ჰქონოდა მხუთავი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზეთს, პრაქტიკულად, სასამართლოს აზრით, შეიძლება აღარ ჰქონოდა ამ თანხის გადახდის საშუალება და ზედმეტად შემბოჭავი და დამსჯელი ყოფილიყო მისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად გონივრულ თანხას ვითხოვდით და რატომ: მთელი წლის განმავლობაში, წარმოიდგინეთ, 12 თვეა წელიწადში და თითო თვეში ოთხი კვირა, ყველა ორშაბათის ნომერში იბეჭდებოდა სტატია მამუკა ხაზარაძის შესახებ. რამდენიმე ნომერი გავასაჩივრეთ და სწორედ ამ ნომრების დაახლოებითი ტირაჟიდან გამომდინარე ვთვლიდით ზიანის ოდენობას, ანუ დაახლოებით რა თანხა მიიღო გაზეთმა თითოეული ნომრის გაყიდვიდან. ეს აბსოლუტურად დაახლოებითი ციფრი იყო იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ აცხადებდნენ, 10 000-20 000 გვაქვს ტირაჟიო და, უბრალოდ, ფასზე ვამრავლებდით. გარდა ამისა, ყველა ეს სტატია უდევთ ინტერნეტში, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი რაოდენობის მკითხველისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენ გონივრული თანხა მოვითხოვეთ, თუმცა პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით, სასამართლომ არ მიიჩნია გამართლებულად გაზეთისთვის ამხელა თანხის დაკისრება.

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი