- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-27 05:48:57
შორენა მარსაგიშვილი
აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ, რომელიც აფხაზეთის ომამდე ფილიას გვარს ატარებდა და საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა, კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის პატრიარქს და მოითხოვა, რომ მან თავისი ომოფორის (მღვდელმსახურის შესამოსელი, _ რედ.) ქვეშ მიიღოს აფხაზი მრევლი.
ბესარიონ აპლია, რომელსაც აფხაზეთში მაუზერ-მღვდელსაც უწოდებენ, რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ითხოვს. მას მიაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზური ეკლესიაც უნდა განთავისუფლდეს საქართველოს ეკლესიისგან. რუსეთი სიამოვნებით გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ აქ ქართული ეკლესიის თანხმობაა საჭირო. საქართველოს ეკლესია კი ამას არ დასთანხმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ფორმალურად არ აღიარებს, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მღვდლებს ის ნიშნავს და წირვა-ლოცვაც აქ რუსულად, რუსულ სტილზე აღევლინება.
ამას აფხაზეთში ერთხელ უკვე მოჰყვა სერიოზული რელიგიური სკანდალი. ახალგაზრდა მღვდლები დოროთეი დბარის მეთაურობით დაუპირისპირდნენ აპლიას. ისინი მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში წირვა-ლოცვა ბიზანტიურ სტილში უნდა აღევლინებოდეს. ამ სასულიერო პირებს სასულიერო განათლება საბერძნეთში აქვთ მიღებული.
თავად ბესარიონ აპლია დღემდე საქართველოს დაქვემდებარებაშია და როგორც გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, მას არასდროს მიუმართავს ქართული ეკლესიისთვის, რომ მისთვის განთავისუფლების სიგელი მიეცათ. რუსეთის პატრიარქ კირილისადმი გაგზავნილი წერილის დეტალებიც „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გააჟღერა. გამოცემის ცნობით, აპლია ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ თავს აღარ მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის ნაწილად. ომის შემდეგ აფხაზეთში მან რუსეთის დახმარებით შექმნა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არაკანონიკურ საეკლესიო წარმონაქმნად მიიჩნევა. აფხაზეთის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულად ასახელებს თავს. ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ 1943 წელს აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში „არაკანონიკურად“ შევიდა:
„ჩვენ არ ვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც ეს პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა 1917-1918 წლების კრებაზე. საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის შესახებ 1943 წლის გადაწყვეტილებას არ აქვს კანონიკური ძალა. კანონიკურად, ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მაგრამ მოსკოვში ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგე და ბევრი გავლენიანი ქართველია“, _ აღნიშნავს აფხაზური ეკლესიის წინამძღოლი.
როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ ბესარიონ აპლია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა და მას პირადად გადასცა აფხაზური ეკლესიის მოთხოვნები. „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში აპლიამ აღნიშნა, რომ კირილმა მას პირდაპირ არ უპასუხა ამ მოთხოვნაზე და ურჩია, ჯერ აფხაზი სასულიერო პირები შთანხმდნენ ერთმანეთშიო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზი სასულიერო პირები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს აფხაზური ეკლესია, რომელიც ოფიციალურად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.
ბესარიონ აპლიას იდეებს მხარს უჭერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება. რუსული მედია წერს, რომ აპლიამ დახმარება სთხოვა რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც. დახმარებას მას პარლამენტის სპიკერი, ლაშა აშუბაც დაჰპირდა. ისინი ერთად უნდა შეხვედროდნენ რუსეთის პატრირქს და აფხაზეთის ეკლესიაზე ემსჯელათ, მაგრამ ეს შეხვედრა ჩაიშალა. მართალია ასლან ბჟანია რუსების ყველა მოთხოვნას ასრულებს, მაგრამ კრემლი მას დიდად არ სწყალობს. შეხვედრის ჩაშლის შემდეგ აპლიამ გადაწყვიტა, თავად მიემართა კირილისთვის, წერილიც გაუგზავნა და შემდეგ პირადადაც გააცნო შეხვედრები. თუმცა რუსეთის პატრიარქისგან მთლად კარგი პასუხი ვერ მიიღო.
აღსანიშნავია რომ რუსეთის საპატრიარქოს არც მის სხვა წერილებზე მოუხდენია რეაგირება. აპლია წლებია, რუსეთის საპატრიარქოს მიმართავს და მოითხოვს გვაღიარეთ, თქვენს შემადგენლობაში მიგვიღეთო. აპლიას ასეთ მიმართვებს საქართველოს საპატრიარქო ეხმიანებოდა ხოლმე. განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ახლა აფხაზი მღვდლის მიმართვაზე არც ხელისუფლება რეაგირებს და არც _ საპატრიარქო. საქართველოს საპატრიარქო არც იმას იმჩნევს, აფხაზეთში ქართული ეკლესიების რუსიფიკაცია რომ მიმდინარეობს. არც იმას აპროტესტებს, იქ სასულიერო პირებს კირილი რომ ნიშნავს. წლების წინათ ახალ ათონში, მონასტრის წინამძღვრად რუსი მღვდლის გამოგზავნას დიდი საეკლესიო სკანდალი მოყვა. ახალგაზრდა აფხაზი მღვდლები მაშინ დაუპირისპირდნენ ღიად აპლიას და რუსეთის საპატრიარქოს. მათ მაშინ ხალხმაც დაუჭირა მხარი და _ ხელისუფლებამაც.
რუსული მედიის ცნობით, ბესარიონ აპლიამ კირილისთვის წერილის გაგზავნის შემდეგ პარალელურად აფხაზეთში მის დაქვემდებარებაში მყოფ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს რესპუბლიკის დატოვება მოსთხოვა. რუსმა მღვდლებმა აფხაზეთიდან წასვლაზე უარი თქვეს. აპლიამ ისინი მაინც გაუშვა. ეტყობა, რუსი მღვდლების გაშვებას აპლია რუსეთის საპატრიარქოს დასაშანტაჟებლად იყენებს. მან რუსი მღვდლები აფხაზეთიდან 2021 წელსაც გაყარა. მაშინ ამბობდა, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქო არ გადაწყვეტს აფხაზეთის კანონიკური სტატუსის საკითხს, მანამდე მათ არ დავაბრუნებო. აპლიასა და რუსეთის საპატრიარქოს შორის სიტუაცია მიტროპოლიტმა ილარიონმა დაალაგა. საუბარია ილარიონ ალფეევზე, რომელიც ხშირად სტუმრობდა ბოლო წლებში საქართველოს საპატრიარქოს. ალფეევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საქართველოში მისი ერთ-ერთი ვიზიტისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში აფხაზეთის ეკლესიის სტატუსზე სასაუბროდ იყო ჩამოსული.
ძნელი სათქმელია, აპლიას გამოხტომა რუსეთის საპატრიარქოს დაშანტაჟებაა თუ ისიც ანტირუსული განწყობის გახდა? აფხაზეთში ბოლო დროს რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილონი არიან. უკმაყოფილება მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსებმა ბიჭვინთის აგარაკები წაიღეს. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ეს ანტირუსული განწყობები, მაგრამ არ გამოდის. უკან დახევას არც რუსეთი აპირებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზა უნდა განათავსონ, სადაც ყირიმიდან გამოყვანილი რუსული ფლოტი იქნება ბაზირებული. ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელებმა რუსულ ფლოტს, ფაქტობრივად, მუსრი გაავლეს. უკრაინის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ როგორც კი რუსული გემები ოჩამჩირის პორტში შევლენ, ეს პორტი მაშინვე გახდება მათი ლეგიტიმური სამიზნე. აფხაზებმა უკვე კარგად იციან, რა შუძლია უკრაინულ დროენებს. ეს დრონები აფხაზეთის სიახლოვეს, სოჭთან ესხმიან თავს რუსულ სამხედრო ობიექტებს. სოჭიდან ოჩამჩირემდე შორი არ არის. აფხაზეთში ამ ბაზის წინააღმდეგ გამოსვლებიც იყო. პლაკატებიც გააკრეს, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო გემების ადგილი არაა. ეს პროტესტი ხელისუფლებამ მეტნაკლებად ჩაახშო. და ახლა უცებ ბესარიონ აპლიამ დაუწო რუსეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას დაშანტაჟება.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის რელიგიის საკითხების რწმუნებული, რეზო კაცია, რუსულ მედიასთან ამბობს, რომ აპლიას ქმედებები შედეგიანი ვერ იქნება, „იმიტომ, რომ მის არგუმენტებში საუბარია ერთი ეკლესიის ორ მეზობელ ეპარქიაზე“. კაცია უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში კანონიკური წესრიგის აღსადგენად აუცილებელია მოლაპარაკება საქართველოს ეკლესიის მონაწილეობით, რასაც ბესარიონ აპლია ეწინააღმდეგება.
ბესარიონ აპლიასთან ძველი მეგობრობა აკავშიორებს ცნობილ აფხაზ სეპარატისტ სერგეი შამბას. ის ახლა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანია. ძველი ნაცნობობის მიუხედავად, საეკლესიო საკითხებში ჩარევას არც შამბა აპირებს. შამბა მედიასთან ამბობს, რომ აფხაზურ სახელმწიფო საეკლესიო საკითხებში არ ერევა და მას ამ მიმართულებით ნეიტრალური პოზიცია უკავია. ეს ნეიტრალიტეტი იმით არის გამოწვეული, რომ აფხაზეთის ოფიციალურ პირებს შორის არიან როგორც აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე პარალელური საეკლესიო ორგანიზაცია _ არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი) აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლოს მხარდამჭერები.
_ ეკლესია ჩვენთან გამოყოფილია სახელმწიფოსგან. რელიგიურ საკითხებში სახელმწიფო არ ერევა. პრეზიდენტს რომ ჰკითხოთ, ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველა ვიტყვით, რომ მხარს ვუჭერთ აფხაზეთის ეკლესიას, რომელსაც მამა ბესარიონი უძღვება. ჩვენი პოზიცია ცნობილია. მაგრამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მამა დოროთეს, _ ამბობს შამბა.
აღსანიშნავია, რომ დოროთე დბარს აფხაზეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მას მოსახლეობა უფრო მეტად ენდობა, რადგან ის გაცილებით მოკრძალებულად ცხოვრობს, ვიდრე ბესარიონ აპლია.
სერგეი შამბას აზრით, აფხაზეთის კანონიკური სტატუსის გადაწყვეტის მთავარი დაბრკოლება სწორედ ეს განხეთქილებაა, რომელიც წარმოიშვა პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ბესარიონ აპლიასა და მის ყოფილ პროტეჟე დოროთე დბარს შორის. შამბა ასევე მიიჩნევს, რომ აპლია თავისი დემარშებით აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის მიღებას ვერ შეძლებს. აპლია იმედს არ კარგავს.