QronikaPlus
საპატრიარქოს მიერ მიტაცებული ქონება თელავში

საპატრიარქოს მიერ მიტაცებული ქონება თელავში

2022-12-02 18:54:48

მაკა მოსიაშვილი

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობის 83-პროცენტიანი ნდობით სარგებლობს და იგი ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ინსტიტუტთან ერთად ყველაზე მდიდარი რელიგიური გაერთიანებაცაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას ფლობს. ფართობის 96% საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი.
მთავრობის საჩუქრები საპატრიარქოს მიმართ, რომელთა ღირებულება დათვლილი არ არის, მრავალფეროვანია. საჩუქრებს შორისაა დასაუთოვებელი მაგიდაც, ავტომობილებიც და საავადმყოფოც.
საპატრიარქოს ბიზნეს და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულია სინოდის 47 წევრიდან 41. მათი უმრავლესობა სოლიდური ქონების მფლობელია.
სამეწარმეო საქმიანობა საპატრიარქომ 1997 წელს დაიწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეკლესია 44 კომერციულ და 105 არაკომერციულ ორგანიზაციას ფლობს. აქედან ნახევარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სამრევლო სკოლებია. ბევრი მათგანი საეკლესიო მოთხოვნილების საგნებს არ აწარმოებს და სხვა მიზნებს ემსახურება.
კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, „ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა განთავისუფლებულია გადასახადებისგან“. გადასახადებში იგულისხმება მოგების, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ნებისმიერი კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების შესახებ კერძო საიდუმლოებად მიიჩნევს.
კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის 285 მილიონია გადარიცხული.
საპატრიარქო თავის განცხადებებში ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოსგან მიღებული 25 მილიონი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ეკლესია ამ ფულს ისევ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოციალური საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დათვლილი არ არის, სახელმწიფო საპატრიარქოს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს ურიცხავს.

რა ხდება ამ მხრივ თელავის მუნიციპალიტეტში?
90-იან წლებში საპატრიარქომ, კერძოდ კი ალავერდის ეპარქიამ, თელავში ნინოწმინდის სახელობის სკოლა-გიმნაზია გახსნა ქალაქის ცენტრში მდებარე ყაზახაშვილების ნასახლარზე. სახლი ორსართულიანია და იგი ისტორიული მემკვიდრობის ძეგლად არის აღნუსხული.
ყაზახაშვილების ყოფილი სასახლე მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და თელავის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობათა რიცხვს განეკუთვნება, იგი ქალაქის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. საკმაოდ დიდი ზომის ეზოს სიღრმეში განთავსებული, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ორსართულიანი შენობის მთავარ მომხიბვლელობას, მის ერთგვარ „პალაცოურ“ იერს ქმნის მსუბუქი პროპორციების მქონე, აგურის წრიულ სვეტებს დაყრდნობილი ხის აივანი და დეკორატიული თაღედით შემკული ღიობები. ამდენად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, თელავისთვის ტრადიციული გეგმარებით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით.
90-იანი წლების ბოლოს აღნიშული ქონება თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. შენობაში განთავსებული გახლდათ ქალაქის ერთ-ერთი საქალაქო ბიბლიოთეკაც, სადაც, ძირითადად, მოსწავლე-ახალგაზრდები დადიოდნენ. თუმცა მაშინ ალავერდის ეპარქიის თხოვნით იგი მუნიციპალიტეტმა საპატრიარქოს გადასცა.
ყაზახაშვილების სასახლეში მოგვიანებით ქართული პურის საცხობიც გახსნა ეპარქიამ, თუმცა მალევე დაკეტა, 2005 წელს კი ეპარქიამ ახალი მოთხოვნით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტს.
თხოვნის შინაარსი ახალი შენობის გადაცემა იყო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის მიზნით. უფრო სწორად, მაშინ, როგორც ალავერდის ეპარქია ამბობდა, ყაზახაშვილების სასახლე არ იყო მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და იქ სამრევლო სკოლა ვერ იარსებებდა.
მუნიციპალიტეტმაც არ დააყოვნა და ეპარქიას თელავის მეოთხე ბაგა-ბაღის შენობა გადასცა საკუთრებაში.
მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღი 70-იანი წლების ბოლოს აშენდა. იგი ორსარტყლიანი შენობაა, სადაც 200 ბავშვზე მეტი აღსაზრდელი დადიოდა მისი გახსნის დღიდან. ლოკაციით ის თელავის უკიდურესი ჩრდილო აღმოსავლეთით, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რაც განსაზღვრული იყო სწორედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
თუმცა 2005 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მეოთხე სკოლის ალავერდის ეპარქიისთვის გადასაცემად ორი საკითხი გადაჭრა. პირველი: მოიგო ეკლესიის გული; მეორე: ამ ფორმით დასაჯა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა ლიდერი, ნიკა ვარდოშვილი, რომლის დედაც აღნიშნული ბაღის გამგე იყო და იგი უმუშევარი დატოვა.
სინამდვილეში კი, საშუალოდ, 100-ზე მეტ ბავშვს მოუსპო შანსი, საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ბაგა-ბაღში ევლო.
ნინოწმინდის სასაწავლებელი სწორედ ამ ბაღში გადმოვიდა, ყაზახაშვილების სასახლე კი უფუნქციოდ დარჩა.
გორიჯვრის ეკლესია ძველი ციხის შიგნით, თელავის დასავლეთით, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. ყადორის ბორცვზე შემორჩენილი გალავნის შემდეგ უმთავრეს არქიტექტურულ მახვილს ქმნის აგურისა და ქვის მონაცვლე რიგებით ნაგები მე-19 საუკუნის დარბაზული ეკლესია. ნაგებობა გადაკეთებულია; არსებობს ვარაუდი, რომ იგი გარდამავალი ხანის (მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-10 საუკუნის შუა წლები) ტაძრის ნაშთებზე უნდა იყოს აგებული. ძველი ნაშთები შემორჩენილია ციხის ზღუდის კედლების სახით, რომელიც იწოდება „ძველ გალავნად“ და ორ ხევს შორის მაღალ ბორცვზე მდებარეობს.
საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული საკურთხევლით, რომელსაც გვერდებში სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს. დარბაზი შეკრულია შეისრული თაღებით. დასავლეთ მონაკვეთში ჩანს უფრო მოგვიანო პერიოდის მშენებლობის კვალი, რაზედაც მიუთითებს ნახევარწრიული თაღების არსებობა. ტაძარს შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან; აქედანვე ეკვრის სამრეკლოც.
მოკრძალებული იერსახის მიუხედავად, მოცემული ეკლესია მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოში მცირე რაოდენობით არსებული გვიანი შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეკლესიის თავდაპირველი დათარიღება, რადგან შესაძლოა, იგი კვირიკე დიდის პერიოდის კარის ეკლესიას წარმოადგენდეს.
დაბახნების გორის მოსაზღვრედ თელავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია – ძველი გალავანი. იგი ყადორის გორაზე, თელავის ერთ-ერთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე მდებარეობს.
ყადორის გორა მოქცეულია მაწანწარის ხევსა და თელავის დიდ ხევს, იგივე თელავის რიყეს შორის.
ყადორის გორაზე შემორჩენილია კახეთის მეფე კვირიკე III დიდის დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები. ამის გამო მას ძველი გალავნის უბანსაც ეძახიან, განსხვავებით ახალი გალავნისგან, რომელსაც დღევანდელი თელავის ცენტრში მდებარე მეფე ერეკლე II-ის მიერ განახლებულ ბატონის ციხეს უწოდებდნენ.
კვირიკე III დიდი კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ერქვათ ქორეპისკოპოსები. კვირიკე III-ის დროს კახეთის სამეფოს დედაქალაქი თელავი გახდა. თანამედროვე ალავერდის ტაძრის აგებაც დაკავშირებულია კახეთის მეფე კვირიკე III-ის, იგივე კვირიკე დიდის სახელთან.
სახელწოდება ყადორი კახეთში რამდენიმე ადგილას არის აღნუსხული.
ძველი გალავნის შიდა ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები. სავარაუდოდ, იგი კახეთის მეფე კვირიკე III დიდის კარის ეკლესიის ადგილზეა აშენებული XVIII საუკუნეში.
ამ ეკლესიას გორიჯვარსაც უწოდებდნენ. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით, სწორედ აქ იყო დასვენებული სვეტიცხოვლის წმინდა ძელის დარჩენილი მასალისგან დამზადებული ჯვარი, რაც ამ ადგილს საკმაოდ დიდ საკრალურ მნიშვნელობას სძენდა თელაველებისთვის.
დაახლოებით 15 წლის წინათ ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიული ძეგლები თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. თუმცა ალავერდის ეპარქიამ ტერიტორიის გადმოცემა მის ბალანსზე იმ მოტივით ითხოვა, რომ ადგილზე აღდგენითი სამუშაოები დაეწყო და მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ტურისტული მნიშვნელობა აღდეგინა.
დღეს კი რა მდგომარეობაშია ის შენობები, რომლებიც ახლა საპატრიარქოს ეკუთვნის?! _ ყაზახაშვილების სასახლე ინგრევა, დაზიანებულია სასახლის აივანი, კიბე, ჩამტვრეულია სარკმლები, აივანი სავალალო მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, იგი ჩამოინგრეს.
იგივე ბედი აქვს გაზიარებული გორიჯვარს. იგი ინგრევა, უპატრონობის გამო არსებული კედლები რღვევაშია გადასული.
რაც შეეხება მეოთხე ბაგა-ბაღის შენობას, იქ არსებულმა სკოლამ განათლების სამინისტროში აკრედიტაცია ვეღარ გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში დამამთავრებელი კლასები მე-7 კლასის ზემოთ გაუქმებულია, ერთ-ერთი მთავარი პირობა კი სწორედ სკოლისთვის არასახრბიელო ინფრასტრუქტურაა.
შესაბამისად, საკითხი მარტივად დგას: ალავერდის ეპარქია ცდილობს, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტისგან მოითხოვოს კიდევ რომელიმე უძრავი ქონება, თანაც მეუფე დავითმა რამდენიმე საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჭიროა ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლისთვის ახალი შენობის აშენება.
საბოლოოდ კი თუ გადავხედავთ მიტროპოლიტ დავითის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებას, იგი ასე გაოიყურება: 15,052 კვ. მ. მიწის ფართობი, აქედან 8,601 კვ. მ. თბილისში მდებარეობს, დანარჩენი კი კახეთში, სოფელ ოჟიოში. ალავერდელი მიტროპოლიტი ფლობს 55%-იან წილს შპს „თაფლისკაცში“, რომელიც თაფლს აწარმოებს.
მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს 9 ორგანიზაციას, მათ შორისაა არაკომერციულ-არასამეწარმეო იურიდიულ პირებად რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა სამეწარმეოა და ალკოჰოლის წარმოებასთან არის დაკავშირებული. ასეთები არის: ა(ა)იპ „ოჟიოს მარანი“, ა(ა)იპ „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი“, ა(ა)იპ „ქვევრის ფონდი“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ: საპატრიარქო თავის განცხადებებში ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსგან მიღებული 25 მილიონი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ეკლესია ამ ფულს ისევ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოციალური საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებს. თუმცა ფაქტი ერთია _ სწორედ განსაკუთრებით ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები ზიანდება მაშინ, როდესაც ის საპატრიარქოს ბალანსზე ხვდება.
დაბოლოს, არსებობს კიდევ ასეთი შემთხვევებიც, როდესაც უმკლავდები მიტაცებას:
2016 წლის 20 ივნისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველი თემი თელავის საკრებულომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში სკვერის გადაცემაზე. აღნიშნული ტერიტორია ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა.
საკრებულოს განმარტებით, ქონების მოთხოვნის შესახებ საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ წერილში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა მიზნებისთვის ითხოვდა რელიგიური ორგანიზაცია ქონებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პარკი მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას წარმოადგენს და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მუნიციპალიტეტს არ აქვს გასხვისების უფლება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თელავის საკრებულომ ქონების მართვის სააგენტოს თხოვნა საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
თელავის თემმა არც მის მიერ აშენებული ქვევრის სახლი გადასცა საპატრიარქოს, თუმცა ბოლოს ქონება ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი იგი საჩუქრად საპატრიარქოს უბოძა.

გაზიარება