- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2019-12-21 08:08:07
„ქრონიკა+“-მა წინა ნომერში დისკუსია გახსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიასა და აკადემიაში არსებულ პრობლემებზე. შემოგთავაზეთ ინტერვიუ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან. აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი, რომელსაც ასევე უშუალოდ ჰქონდა შეხება სემინარიაში არსებულ პრობლემებთან. ქვემოთ წარმოდგენილ ინტერვიუში გურამ ლურსმანაშვილი რამდენიმე უმძიმეს ფაქტზე ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას. ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა, _ თუ სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა საგანმანათლებლო პროცესს ხმარდება სხვადასხვა დაწესებულებაში და, მათ შორის, სემინარიასა და აკადემიაში, რომელსაც პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს, რატომ ვიხდით ამ თანხას? _ ჩვენი თანამოქალაქეების სულიერად დამახინჯებისა და იმ უმძიმესი პირობებისთვის, რომელშიც ისინი იმყოფებიან?
_ საუბარი ზოგადად არსებული მდგომარეობით დავიწყოთ. აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებულ წინა ინტერვიუში იმდენად მძიმე ფაქტები მოვისმინეთ, რომ, ერთი შეხედვით, შეფასებების გაკეთებაც კი ჭირს…
_ უპირველესად, დიდი მადლობა, რომ ამ საკითხით დაინტერესდით. მეც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ თბილისის სასულიერო სემინარიაზე, რადგან დასახელებული დაწესებულება ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლებელი, რაზედაც თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ ჩემს პირად ბლოგს დღესაც „სემინარიელი“ ეწოდება. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ დღევანდელი სემინარიის პრობლემათა აბსოლუტური უმრავლესობა ერთი პიროვნების გამო არსებობს _ ესაა მისი რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ვისურვებდი, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ნაკლები შემხებლობა გვქონოდა, მაგრამ ამ ინტერვიუში არ ვისაუბრო პიროვნულად ზვიადაძეზე, ნიშნავს, რომ თვალში ნაცარი შევაყარო თქვენს მკითხველს, რასაც ნამდვილად არ ვიკადრებ.
_ გულდასმით გისმენ…
_ სანამ საუბარს რექტორზე დავიწყებ, სამართლიანობისთვის ჯერ ის პრობლემები ვახსენოთ, რაც ამ ადამიანის პირდაპირი დანაშაული ნამდვილად არაა: ესაა სასულიერო სემინარიის შენობა და ინფრასტრუქტურა. ის, რომ აკადემიაში მოშლილი ინფრასტრუქტურაა, უსაშინელესი საცხოვრებელი პირობებია, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ცხოვრობს და, რეალურად, სტალინის სწავლის დროინდელი ავეჯი თუ ტექნიკური ბაზაა, ამაში მიჭირს რექტორისა და მისი გარემოცვის დადანაშაულება. ე. წ. ვაკისა და კიდევ სხვა სასწავლებლების აშენება-რესტავრაციისთვის სხვადასხვა დროს საპატრიარქოში მრავალი თაღლითური სქემა დატრიალდა და სტუდენტების ჯანმრთელობის ხარჯზე მრავალმა მოითბო ხელი. ამ ყოველივეში კი რექტორი და მისი გარემოცვა მხოლოდ იმდენადაა დამნაშავე, რამდენადაც სტუდენტებს წლებია, ურცხვად ატყუებენ, რომ „მომავალი წლიდან ვაკეში გადადიან“, სხვა მხრივ _ არა. რა თქმა უნდა, მეორე საკითხია, რომ პატივცემულ რექტორს ჰყოფნის უგულობა და მაშინ, როდესაც აკადემიის პანსიონში მცხოვრები სტუდენტობა გაუსაძლის პირობებში იმყოფება, სემინარიის ბიუჯეტით „ტოიოტას“ ცენტრიდან ახალთახალი ავტომობილი გამოჰყავს. ეს ფაქტი სულ უახლოეს წარსულში მოხდა.
_ საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, რომ სასულიერო იერარქებს ფუფუნებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ, ძვირადღირებული ავტომობილები კი მათი ერთ-ერთი სისუსტეა. ამიტომ რექტორი, თავისთავად, ვერ იქნება გამონაკლისი ამ ლტოლვაში. მაგრამ უფრო საფუძვლიანად ვისაუბრობთ ამ პერსონაზე, როგორც უკვე დაგვპირდი.
_ დიახ, ახლა თავად რექტორზე ვისაუბროთ. ყველაფრის თავი და თავი არის მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ის ცხოვრებისეული ტრავმები, რომელიც გადაიტანა.
_ რას გულისხმობ?
_ ალბათ მოგეხსენება, რომ მან ძალიან მძიმე ბავშვობა გაიარა, გადაიტანა ბევრი ბულიგი, შესაბამისად, ერთგვარი აქსიომაა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად ხდება მოძალადე, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ხსენებულ შემთხვევაში კი ამ ადამიანის მოძალადედ ქცევის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორი მისი „გარექტორება“ და „გაპროტოპრესვიტერება“ გამოდგა. ის, რომ ადამიანს ბავშვობაში ჩაგრავდნენ, უჭირდა მატერიალურად და ა. შ., რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, მაგრამ რა დააშავეს სემინარიისა და აკადემიის ათასობით სტუდენტმა, რომელთა ჯანმრთელობა და ფსიქიკა მხოლოდ იმიტომ ზარალდება, რომ თავის რექტორს აბულინგებდნენ? იქმნება განცდა, რომ სტუდენტი თუ პროფესორი დამნაშავეა ან რექტორისადმი რამით ვალდებული, თუკი ნორმალურ ოჯახურ პირობებში იზრდებოდა და ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. მაგრამ პრობლემაში უფრო ღრმად ჩავიხედოთ.
_ მოიცა, რაზედაც საუბრობ, იმის შესახებ შენ იცი ან სხვებმა და საპატრიარქოში არ იციან?
_ რექტორის ბავშვობის მძიმე ისტორიები, რა თქმა უნდა, საპატრიარქოშიც იციან, შესაბამისად, აქ უკვე წმინდა ფსიქოლოგიურ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.
_ ანუ?
_ რომ დავკონკრეტდეთ, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი ბავშობა, არ ჰქონდა საწოლი, საჭმელი, ჩაგრავდნენ, ამცირებდნენ და ა. შ., უცბად მისცეს განუზომელი ძალაუფლება და მატერიალური შემოსავალი, რაც ავტმომატურად ნიშნავს, რომ საკუთარი კომპლექსების გამო იგი ნებისმიერ დავალებას თვალის დაუხამხამებლად შეასრულებს, ოღონდ ეს ძალაუფლება თუ გავლენა შეინარჩუნოს და საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი გადაფაროს. რექტორს კი რეალურად ერთადერთი დავალება ეძლევა _ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად „სემინარიამ“ არ იხმაუროს. არ ხმაურობს სემინარია _ ხელშეუხებელია რექტორის გავლენები და ძალაუფლება.
_ რაც თქვი, მაინც ზოგადი ხასიათისაა და იქნებ, უფრო კონკრეტულად გვესაუბრა თუნდაც უკვე ნათქვამის დასადასტურებლად?
_ სწორედ ამას ვაპირებ, ვისაუბროთ და უფრო კონკრეტულ მაგალითებზეც გადავიდეთ. სემინარიაში 2012 წელს ჩავაბარე. სულ რამდენიმე დღის დაწყებული მქონდა სწავლა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაცია სავსებით კაბალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გვავალდებულებდა, რის მიხედვითაც, რეალურად, სტუდენტების თავისუფალი ნება არათუ იზღუდებოდა, არამედ საერთოდ ქრებოდა. ამას ჩვენი, სტუდენტების მხრიდან საკმაოდ მძაფრი პროტესტი მოყვა, პროტესტს დაემატა სხვა პრობლემებიც.
_ რა პრობლემები?
_ რექტორის მხრიდან სტუდენტების უფლებების შეურაცხყოფა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, პოლიციური რეჟიმი და ა. შ., რაც უწმინდესამდე და მის მდივან-რეფერენტამდეც მივიდა. საბოლოოდ, სწორედ ამ პროტესტის დამსახურება იყო, რომ, ვთქვათ, თავად მე და კიდევ ძალიან ბევრმა სტუდენტმა სასწავლებელი ხელშეკრულებაზე ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე დავამთავრეთ, თუმცა მეორე მხარეც იყო, _ ამ პროტესტს არაერთი სტუდენტის შევიწროებაც მოყვა _ ზოგი დასაჯეს, ზოგი გააფრთხილეს, ზოგს საერთოდ დაატოვებინეს სასწავლებელი და ა. შ. ამგვარი პროტესტები და „ბუნტის ჩახშობა“ სემინარიის სტუდენტის „ბედის“ ერთგვარი ჩაკეტილი წრეა, რასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შინაგანი პროცესებიც ახლავს თან _ ემორჩილები სისტემას თუ იცავ საკუთარ პრინციპებსა და თავისუფლებას.
_ რაც თქვი, იმის მიუხედავად, პროტოპრესვიტერს საპატრიარქო წარმატებულ რექტორად მიიჩნევს…
_ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა არის რექტორის „წარმატების საიდუმლო?“ მის კარიერულ წარმატებას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური წინაპირობები. ობიექტურია ის, რომ მან ინგლისური იცის. დღეს, ჩვენს რეალობაში, ეს, რა თქმა უნდა, ბევრს უკვირს, რადგან ინგლისური უკვე თითქმის ყველა ახალგაზრდამ თავისუფლად იცის, თუმცა ეს არ ეხება ჩვენს ეპისკოპატს. მათგან რამდენიმეს გარდა არავის შეუძლია რომელიმე ევროპულ ენაზე გამართული საუბარი და მხოლოდ რუსული იცის, შესაბამისად, ინგლისურის მცოდნე პროტოპრესვიტერი ყოველთვის წინა პლანზეა. რაც შეეხება სუბიექტურს, ესაა რექტორის ალღო, რომ როგორც საეკლესიო, ასევე პოლიტიკური ძალაუფლების ვექტორის გადაწევას საშური ინტუიციით გრძნობს და სწრაფად ახერხებს მეორე ბანაკში გადაბარგებას, შესაბამისად, ინარჩუნებს საკუთარ გავლენასა და ძალაუფლებას.
_ პირად შემთხვევებზე ვისაუბროთ…
_ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ვარ იმ ცოტა სტუდენტთაგან, რომლებმაც იცოდნენ სემინარიაში არსებული რეალური სიტუაცია და მაინც ჩააბარეს. მიზეზი მარტივია _ დღევანდელისგან განსხვავებით, არ მქონდა თეოლოგიის შესწავლის ალტერნატივა. დღეს, საბედნიეროდ, არსებობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სადაც საქართველოს კვალობაზე საკმაოდ მაღალი დონის საღვთისმეტყველო განათლების მიღებაა შესაძლებელი. უფრო შორს წავიდეთ: ბავშვობა ხაშურში გავატარე, აქვე გაატარა თავისი ახალგაზრდობა პატივცემულმა რექტორმა, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცოდი მისი კომპლექსებისა და ხასიათის ამბავი, ვიცოდი ჩემი ხასიათიც, თუ რა მოჰყვებოდა ჩემგან მის ასეთ გამოხტომას და ამიტომ მაქსიმალურად ვერიდებოდი მასთან პიროვნულ კავშირს კი არა, უბრალო შეხვედრასაც კი.
_ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კი არის, მაგრამ მშვენიერი ტაქტიკური მცდელობაა…
_ სემინარიაში სწავლის 4 წლიდან, სამწელ-ნახევარი მოვახერხე კიდეც ასეთი სტილით მასთან კონფლიქტის თავიდან არიდება. ის იყო ვფიქრობდი, რომ ეს „საზვერე“ გავიარე, სწორედ მეოთხე კურსის ბოლო სემესტრში, მთელი სასწავლო პერიოდის კონფლიქტების თავიდან აცილება, ერთიანად ჩამეყარა წყალში.
_ ანუ?
_ საქმე ისაა, რომ 2016 წლის ზამთარში უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა კრეტის კრების მოსამზადებელი პერიოდი. ამ დროს მე, სხვა მეგობრებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად, უცხოურ სტატიებს ვთარგმნიდი, ვავრცელებდი ინფორმაციებს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოხატულ ღიად პრორუსულ პოზიციას ვაკრიტიკებდი, რაც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა და ერთ მშვენიერ დღესაც რექტორის კაბინეტში დამიბარეს. იქ შესულს დამხვდა რექტორი, რომელსაც ხელში ეჭირა ჩემი ფეისბუკ პოსტების დასტა. ეს ფურცლები ადგილ-ადგილ ყვითელი კორექტორით იყო გაფერადებული და რექტორიც სწორედ მათ მიკითხავდა ხმამაღლა, შემდეგ კი მეკითხებოდა, თუ ვისგან მქონდა კურთხევა, ამას რომ ვწერდი.
_ ცენზურა…
_ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ პირველი შეხვედრა საკმაოდ რბილად წარიმართა. უმთავრესი მესიჯი, რაც რექტორის მხრიდან იკითხებოდა, იყო ის, რომ „მაინც ვერაფერს შევცვლიდი და მომავალსა თუ კარიერას რატომ ვინგრევდი, რადგან პერსპექტიული სტუდენტი ვიყავი“. ამ დღის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, მაინც ჩემსას ვაგრძელებდი, რასაც კვლავ რექტორის კაბინეტში დაბარება მოყვებოდა და ა. შ. ყოველი მომდევნო დაბარებისას უფრო იძაბებოდა ჩვენი ურთიერთობა, რამაც, საბოლოოდ, ჩვენ შორის არათუ იდეოლოგიური, არამედ ძალიან სერიოზული პიროვნული უთანხმოება ჩამოაყალიბა. უფრო დეტალურადაც შეიძლება საუბარი, თუმცა თქვენი მკითხველის დროს ამაზე არ დავკარგავ. ერთ ნიუანსს ვიტყვი მხოლოდ, რადგან ამ ინტერვიუს შეიძლება, მომავალი და ამჟამინდელი სემინარიის სტუდენტები კითხულობდნენ და ეს დეტალი მინდა, რომ ახსოვდეთ.
_ გულდასმით გისმენ და იმედია, ის ადამიანებიც გაითვალისწინებენ, რომელთაც ახლა მიმართავ…
_ როდესაც რექტორი ზვიადაძე პირადად ვერ ახერხებს, რომ თქვენი პრინციპული გადაწყვეტილება შეცვალოს, ამ დროს ცდილობს ადამიანთა წინაშე გამოგიყვანოთ წყობილებიდან, წამოგაგოთ პროვოკაციაზე და შემდეგ უკვე თქვენ მიერ ემოციურ ნიადაგზე წარმოთქმულის გამო, უკვე „მოწმეების“ მიერ მოახდინოს დისკრედიტაცია. ჩემი შემთხვევა 2016 წლის ივნისით თარიღდება. ამ დროს, როგორც წესი, რექტორი სასწავლებლის გამორჩეულ კურსდამთავრებულებს ხვდება ხოლმე. სემინარიიდან ასეთი სწორედ მე ვიყავი და იმ შეხვედრიდან, რომელსაც ალბათ 20 ადამიანი ესწრებოდა და 40 წუთი გრძელდებოდა, დაახლოებით ნახევარი საათი ჩემზე ლაპარაკობდა. მე ვიცოდი რა მისი ეს ტაქტიკა, რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციას არ ავყევი, შესაბამისად, რექტორს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
_ მოკლედ, საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდი რექტორისთვის, თუმცა ისიც მესმის, რომ ამას ყველა ვერ გაუძლებს…
_ რექტორისთვის სემინარიის სტუდენტი _ პიროვნება _ არ არსებობს, იგია ჩვეულებრივი „ადმინისტრაციული მასა“, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დიდხანს შესანარჩუნებლად უნდა გამოიყენოს, ანუ საპატრიარქოს დავალების ზუსტად შესასრულებლად.
_ რა დავალებებს გულისხმობ?
_ დავკონკრეტდეთ: მოგეხსენებათ, საქართველოს ტაძრებში მლოცველთა რიცხვმა იკლო…
_ ეს თვალხილულია, თუმცა ამას საპატრიარქო არ აღიარებს და…
_ ამ დროს კი, როდესაც რამე გამორჩეული ხდება, საპატრიარქო რექტორს სტუდენტების „მობილიზებას“ ავალებს. ასეთი შემთხვევა ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა. 2018 წლის დეკემბერში რექტორი გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლებისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდს იხდიდა, რასაც ბევრი ადამიანი არ დაესწრო, მათ შორის, სტუდენტებიც, რის გამოც მათ საშინელი დღე აწია. თუ რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საკმაოდ ვრცლად დავწერე მაშინვე ჩემს ფბ. გვერდზე, 2019 წლის 10 და 12 დეკემბერს.
_ საკითხს ასე შევხედოთ: რაც არ უნდა ნიჭიერი (როგორი ნიჭიერი ამას არ აქვს მნიშვნელობა) და მონდომებული იყოს ერთი ადამიანი, იგი ვერ შეძლებს ყველაფრის რეალიზებას თანამოაზრეების, გარემოცვის გარეშე…
_ რაც შეეხება რექტორის გარემოცვას, მოგეხსენებათ, დიქტატორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ გარემოცვა ჰყავდეს, ერთი მხრივ, უერთგულესი, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი, რომელსაც არ ექნება ბუნებრივი მონაცემი, რომ დიქტატორს კონკურენცია გაუწიოს. რექტორის გარემოცვის დახასიათებას დადებითი მხრიდან დავიწყებ: ფიზიკურად მოწესრიგებულები არიან _ არ აცვიათ დასვრილი ტანსაცმელი, უვლიან თავს, მღვდელმსახურებაში არ ითხოვენ ფულს და აქვთ ისეთი მონაცემები, რომ თუკი იდეოლოგიურ განსხვავებულობაზე არ მიდგება საქმე, პიროვნულად შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეს ადამიანს. ეს დადებითი. ახლა მეორე მხარე, ესაა მათი კომპეტენცია. მაგ.: სად დაამთავრეს, რა და როგორი აკადემიური მოსწრებით, რა შრომა გამოუქვეყნებიათ, რომელ გამოცემაში, ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ, მათი ბიოგრაფიები გადაათვალიერეთ, მიხვდებით, რომ ისინი ვერც ერთ ნორმალურ და მაღალი დონის სასწავლებელში მაღალ აკადემიურ თანამდებობას ვერასდროს ეღირსებოდნენ. ეს ყველაფერი მათ მხოლოდ იმის გამო ერგოთ, რომ რექტორს არ უპირისპირდებიან, შესაბამისად, იქნებიან ამ მაღალ თანამდებობებზე მანამ, სანამ გაბედავენ და საკუთარი პრინციპების სანაცვლოდ პირად კეთილდღეობაზე იტყვიან უარს, რაც სათქმელად კი მარტივია, მაგრამ შესასრულებლად _ რთული.
_ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გამოცემაში არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მძიმედ ისჯებიან ურჩი სტუდენტები. შეგიძლია, კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრო? თუნდაც მეთოდებზე, რათა დასჯილ ადამიანებს არ შევულახოთ ღირსება, მათი თანხმობის გარეშე ვინაობის დასახელებით…
_ დიახ, ახლა ცოტა კონკრეტულად იმაზეც ვთქვათ, თუ როგორ სჯიან „ურჩ სტუდენტებს“. აქ მთავარი მხოლოდ ის კი არაა, რომ სტუდენტი ფსიქოლოგიურად არამდგრადია და მას ადვილად გატეხენ, თუ სისტემას დაუპირისპირდა, სხვა ბერკეტებიც არსებობს. მაგ.: სემინარიაში მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მცხოვრები სტუდენტი ვერ ჩააბარებს პირადი მოძღვრის რეკომენდაციის გარეშე, ხოლო სხვა ეპარქიაში მცხოვრები კი _ პირადი მღვდელმთავრის. შესაბამისად, სტუდენტი, თუნდაც ძალიან უშიშარი და პრინციპული იყოს, როდესაც სისტემას დაუპირისპირდება, თუ ვერ მოდრიკეს, მერე უკვე თავის რეკომენდატორზე მიდგება საქმე, რომელიც რადგან სასულიერო პირია, უკვე საპატრიარქოს კლანჭებშია და „ურჩი სტუდენტის გამო“ ამ პირობებში სავსებით რეალურია, მან ყველაფერი დაკარგოს. ამიტომ სტუდენტი ხშირად ანგარიშს უწევს არა საკუთარ თავს, არამედ რეკომენდატორს და იძულებულია, გაჩუმდეს.
_ ანუ რასაც ამბობ, ეს გამართული რეპრესიული მანქანაა, რომელიც პიროვნების უფლებებს ლახავს?..
_ ყველაფერი, სამწუხაროდ, პიროვნების უფლებათა შელახვით არ მთავრდება სემინარიაში. სასწავლო გარემო ცალკე დილემაა. ამ მხრივ მთავარი პრობლემაა ისაა, რომ აკადემიაში ორ დარგს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, მათთვის ფილოლოგია არის თეოლოგია და _ პირიქით.
_ ეს როგორ?
_ მეტი კონკრეტიკისთვის, გადახედეთ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების სიას და შემდეგ ნახეთ, რამდენი ფილოლოგია მათში და რამდენი _ თეოლოგი. ნახეთ იქ დაცული სამაგისტროები და დაითვალეთ, რამდენია ფილოლოგიური და რამდენი _ თეოლოგიური. მიდგომა როგორია, რომელიმე ფილოლოგი კითხულობს თეოლოგიურ დისციპლინას, კურსის აბსოლუტური უმეტესება ეთმობა რომელიმე წმინდანს, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ აქვს საღვთისმეტყველო მნიშვნელობა, სწავლებათა კონკრეტულ თარგმანებსა და ხელნაწერებს. დასკვნა: ვასწავლით წმინდანებს, ვასწავლით ხელნაწერებიდან, ვუკეთებთ „საღვთისმეტყველო ანალიზს“, ე. ი. ვასწავლით თეოლოგიას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, ფეხბურთის გუნდში მოვიდნენ ახალგაზრდები, მათ კი ხვდებიან ფრენბურთის მასწავლებლები, რომლებიც წვრთნიან როგორც ფრენბურთელებს. მიდგომა _ ბურთია ფეხბურთშიც და ფრენბურთშიც, ორივე სპორტს სჭირდება სისწრაფის ვარჯიშები, გამძლეობის ვარჯიშები და ა. შ. შესაბამისად, ფეხბურთში მივაღწევთ წარმატებას ფრენბურთის სპეციალისტებით და ფრენბურთისავე ვარჯიშებით გავწვრთნით ფეხბურთელებს. სემინარიაში ყოველდღე ვხედავდი უნიჭიერესსა და უწესიერესს ახალგაზრდებს, რომლებიც წლობით ღამეებს ათენებდნენ რომელიღაც თარგმანების კირკიტში, თუ სად აკლდა „იოტა“ (ჲ) და სად ეწერა მეტი „ხარი“ (ჴ). შედეგად, ამ ახალგაზრდებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების არათუ ანალიზი, _ შეფასებაც კი. მაგალითად, ვერაფერს გეტყვიან ქალკედონამდელ ეკლესიებთან დიალოგზე, კრეტის კრებაზე, ემს-ს მუშაობაზე, ეკლესიის ბიოეთიკურ პრობლემებზე, ეკოლოგიისა და ეკლესიოლოგიის კავშირსა და ა. შ. შედეგად ვიღებთ ადამიანებს, რომელთათვისაც თეოლოგია VII საუკუნეში დამთავრდა და დღევანდელ პრობლემასაც ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ეს უხსოვარ დროში იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, კბილის ექიმმა პაციენტს იმ მეთოდებით რომ უმკურნალოს, როგორც V საუკუნეში მკურნალობდნენ, რა მდგომარეობაში იქნებოდა პაციენტის კბილები? ისეთ მდგომარეობაშია დღევანდელი ჩვენი თეოლოგიაც. მეორე ტრაგედია ისაა, რომ უმეტესობა მათგანს ერთ უცხო ენაზეც კი არ შეუძლია, რომ თანამედროვე თეოლოგიურ კვლევებს გაეცნოს, რადგან ის დრო, როცა უცხო ენები უნდა ესწავლათ, ხელნაწერების თითქმის უსარგებლო კირკიტში დაკარგეს. არ ვამბობ, რომ თეოლოგიას ფილოლოგია არ სჭირდება, პირიქით, არსებობს დარგები _ პატროლოგია, ბიბლეისტიკა…, რომელიც ძალიან ახლოსაა ფილოლოგიასთან და სასურველია, მის სპეციალისტს ორივე სფეროს განათლება ჰქონდეს, ისევე როგორც შეგვიძლია მოვნახოთ ბმები სხვა მეცნიერებებთან, მაგრამ დარგების არევა და მათი აპრიორი მოთხოვნა, უბრალოდ, დანაშაულია, არ შეიძლება.
_ დავიძაბე… ახლა ის მაინტერესებს, ამ ყველაფრის გამო თავად პროფესორ-მასწავლებლები არ გრძნობენ უხერხულობას და რატომ არ უჩნდებათ მათ პროტესტი?
_ ახლა პროფესორ-მასწავლებლებზე ვთქვათ: აკადემიაში თეოლოგიის სულ სამად სამი დოქტორი იყო, ამათგან კი ერთი, გოჩა ბარნოვი, შარშან გაუშვეს. ამ ფაქტზე, თქვენი ნებრთვით, ცოტა ქვემოთ ვიტყვი. ამის შემდეგ რა კომპეტენციაზე შეიძლება საუბარი? ცალკე თემაა ე. წ. თეოლოგიის დოქტორები, რომლებმაც ეს ხარისხი, ფაქტობრივად, არაფრის გამო მიიღეს. შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ საქართველოში მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევისა და სხვა იერარქთა ვიზიტის დროს, 10-მდე ადამიანმა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. უმეტესობას პირადად ვიცნობ, საკმაოდ ახლოსაც ვარ რამდენიმესთან, მაგრამ სხვაა პიროვნული ახლობლობა და სხვა _ თეოლოგიის აკადემიური ხარისხი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, რეალურად, ის ნაჩუქარია და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. არ შევეხები გოჩა ბარნოვის განთავისუფლების ფაქტს, ეს ისედაც აბსურდია. მეორე მხრიდან შევხედოთ: ბარნოვის გაშვების საკითხზე აკადემიის სამეცნიერო საბჭო შეიკრიბა, საბჭოს 36 წევრიდან კი მხოლოდ 3-მა არ დაუჭირა მხარი მის გაშვებას. ამ სიას რომ გადავხედოთ, ორი ტიპის ლექტორებს დავინახავთ. ერთ მხარესაა, ვთქვათ, გვანცა კოპლატაძე, მამა ბიძინა გუნია და მსგავსი ადამიანები, მეორე მხარეს კი _ სხვები. ის, რომ, მაგალითად, გვანცა კოპლატაძე ან ბიძინა გუნია ემხრობა გოჩა ბარნოვის შეხედულებებისა და კომპეტენციის ლექტორის სასწავლებლიდან გაშვებას, ჩემთვის, პირადად, ლოგიკურია. მათგან პირველი, სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, ქალბატონი გვანცა რომ ხანდახან კარგ თეოლოგიურ ტექსტებსაც თარგმნის ქართულად _ ლექციის დროს ღიად აქებდა ხოლმე რუსულ პოლიტიკას, თავად ვლადიმირ პუტინს და პრორუსულ შეკრებებზეც ხშირად ჩნდება; რაც შეეხება მეორეს, მან თავის სალექციო სილაბუსში რუსული ენა სავალდებულო მოთხოვნად განუწესა სტუდენტებს, შესაბამისად, მათი მოქმედება, რომ გოჩა ბარნოვი გაეშვათ, გულწრფელი იყო. მაგრამ მეორე მხარეს გავიხედოთ, იქ არიან ლექტორები, რომლებიც არათუ ეწინააღმდეგებოდნენ, პირიქით, ბევრად უფრო მკაცრადაც კი სჯიდნენ ხოლმე პირად საუბრებში საქართველოს საპატრიარქოსა თუ თავად რექტორს, ვიდრე გოჩა ბარნოვი. მაგრამ ეს პირადი საუბრები და შეხედულებები ასევე დარჩა, როდესაც საქმე სისტემასთან მათ დაპირისპირებამდე მივიდა. ეს ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, რომელზედაც წლების შემდეგ უკვე სხვაგვარად უნდა ვისაუბროთ.
_ გასაგებია. მოარული ხმების მიხედვით, გიორგი ზვიადაძის უპირველესი და უმთავრესი მფარველი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილია. ასეთ ვითარებაში, როდესაც ცნობილია ამ პერსონის უკიდეგანო ძალაუფლების შესახებ საქართველოს საპატრიარქოსა და მართლმადიდებელ ეკლესიაში, რამდენად არის მოსალოდნელი რაიმე სახის რეაგირება პრობლემებზე? ეს ხომ არც მომხდარა განვლილ პერიოდში და, ალბათ, არც სამომავლოდ შეცვლის ჩაკეტილი სისტემა არაფერს?..
_ სრულიად ლეგიტიმური კითხვაა და მკითხველი, შეიძლება, დაინტერესდეს, რომ თუკი ქალბატონი მდივნისგან პატივცემულ რექტორს ამხელა მხარდაჭერა აქვს, რომ მას არ გაუშვებს, საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერზე წერას თუ საჯარო საუბარს? პირდაპირ გეტყვით, ამას ორი მიზანი აქვს: სპონტანური და წლების შემდგომ მოვლენებზე გათვლილი. სპონტანური ისაა, რომ რექტორმა არ დატოვა სივრცე, სადაც რამის რეალურ გამოსწორებაზე შეიძლება მსჯელობა. ამ ფონზე ერთადერთი იარაღი საჯაროობაა. მაგ: როდესაც რექტორის რომელიმე შეურაცხად ქმედებაზე ვწერთ და ღიად ვსაუბრობთ, ამ დროს მას ზემდგომები იბარებენ და საკმაოდ მკაცრად ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ვიღაცის უფლებები ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ საპატრიარქოს „ხმაური არ აწყობს“, თუმცა, ამის შემდეგ, ამ დატუქსვით შეცბუნებული ლექტორი რამდენიმე ხანი სტუდენტებსა თუ პროფესორებზე აღარ ძალადობს. მაგალითად, ორი წლის წინ, ერთ-ერთი ასეთი გასაჯაროების შემდეგ, აუდიტორიებში შედიოდა რექტორი და სტუდენტებს ეკითხებოდა: „შვილებო, ხომ არავინ გცემთ?“ რაც „ყვავს კაკალი გააგდებინეს“ ჰგავს. ეს სპონტანური. რაც შეეხება შორეულ გეგმებს: პირადად მე ის პრინციპი მაქვს, რომ სამართალი ურმით დადის, შესაბამისად, ნელა, მაგრამ თავის ადგილს მაინც მიაღწევს. ამასვე ვფიქრობ საპატრიარქოს ადმინისტრაციასა თუ პირადად რექტორთან დაკავშირებით. წლების, შეიძლება ათწლეულების შემდეგ, როდესაც ბევრი რამე და ვინმე შეიცვლება საქართველოს ეკლესიაში, მინდა, ჩემი სახელი მკაფიოდ ჩანდეს იმ ხალხის გვერდით, რომელიც იდეოლოგიურად მაქსიმალურად შორს იდგა რექტორ გიორგი ზვიადაძის შეურაცხად, ღირსების შემლახველ, უკანონო, უტაქტო და უპრინციპო რეჟიმისგან და ამას ხმამაღლა აფიქსირებდა.
რედაქციისგან: „ქრონიკა+“ მზად არის, აღნიშნულ საკითხზე დაინტერესებული პირების მოსაზრებები გამოაქვეყნოს. ამავდროულად, მიმართავს სემინარიისა და აკადემიის ყოფილ და ამჟამინდელ სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობის სრული დაცვით, მათ საგაზეთო სივრცე დაუთმოს.
კოკა წერეთელი