QronikaPlus
დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

2019-12-15 11:40:19

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-37.

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

დავიდოვის „საიდუმლო ოთახი“ და საქმენი საგმირონი

აქვე, კათოლიკოზის ქვემოსართულში, მოთავსებული იყო ეპარქ. კანცელიარია, სადაც იჯდა ფაქტიური კათოლიკოზი ჩვენი, დავიდოვი, რომელიც, როგორც ზღაპრული ვეშაპი, სთნქავდა ყველას, ვინც კი მის ყბას მოხვდებოდა; განსაკუთრებული უსირცხვილობით აქ სწარმოებდა განქორწინების ნიადაგზე წარმოუდგენელი თვითნებობა-ბოროტებანი, ეპარქიის მსაჯულებად იყვნენ „არჩეულნი“(!) ცნობილი დეკ. ი. შუბლაძე, სანთლის ქარხნის გამგე, ცნობილი სპეკულიანტი, დეკ. ალ. მიქელაძე (ანაფორა გაიხადა) და კალოუბნის დიაკონი დ. ბახტაძე _ ყოფილი საიდუმლო აგენტი თვითმპყრობელ პოლიციისა; ეს უკანასკნელი კონკურენციას უწევდა გაყრა-გამოყრის საქმის წარმოებაში
დავიდოვს, _ ამ თაობაზე გაიმართა მათ შორის საზიზღარი ქიშპობა, აშკარად სჩანდა ეს საძაგლობა; ამ დროს საკათ. საბჭოს კანცელიარიიდან დავიდოვის კანცელიარიაში გადავიდა სიონის კანდელაკი დეკ. ი. კაპანაძე _ დავიდოვის თანაშემწეთ, აქვე მსახურებდა მოხელეთ და მსაჯულადაც მღ. ბედიაშვილი (ეხლა ანაფორა გაიხადა), _ ესეც დ. ბახტაძის კომპანიაში მოხვდა; სწარმოებდა შემზარავი ვაკხანალია; დავიდოვს კანცელარიასთან ჰქონდა „საიდუმლო ოთახი“, ვითომ მთხოვნილების მისაღებად _ ქალებს ერიდებათ ხალხში თავიანთი ამბის ლაპარაკი და ისინი საიდუმლოდ უნდა მივიღოთო; ფანჯრები ფარდით ჰქონდა დაფარული და დიდ ტახტზე ვეებერთელა ნაბადი იყო დაგებული; ამ „კაბინეტში“ ხდებოდა აშკარა გარყვნილება და დედაკაცების ნამუსის ახდა; ხშირად ჭუჭრუტანაში შეუხედავდენ დავიდოვს თანამსახურნი და სიცილით იფხრიწებოდენ, დეკ. კაპანაძე ყვიროდა: (ისეთი მყვირალა ხასიათი აქვს) „ხალხო წავიპილწეთ, წავწყდითო“! მაგრამ ვინც რაიმეს გაუბედავდა კათოლიკოზს ამ თაობაზე, ის უსიამოვნოდ მიიღებდა ამ ამბავს და იტყოდა: „მე უმაგისოდ ვერ ვიმსახურებო“, თუმცა ეტყობოდა, რომ თვითონაც დიდად სწუხდა დავიდოვის უსაქციელობით, თვითონაც ატყობდა, რომ დავიდოვი საქვეყნოდ თავს სჭრიდა კათოლიკოზს, მაგრამ უკანასკნელი რაღაც „საიდუმლოებით“ იყო დავიდოვისგან დატყვევებული და ამ ტყვეობისაგან ის, როგორც ქვემოდ დავინახავთ, იხსნა მხოლოდ სიკვდილმა! დავიდოვი ხშირად ჰმართავდა თვისს ბინაზე (ექვსი ოთახი, ქრ. აღმ. საზოგად. თანხით მოწყობილი!) წვეულებას ქალებით, კავალრებით და კათოლიკოზსაც შინაურულად ჰპატიჟობდა და დროს ატარებიებდა; დავიდოვი ქალაქის ცნობილ მოთამაშეებთან თამაშობდა აზარტულ თამაშობებს _ ბანქოში, აქ დიდძალი ფული ტრიალებდა, ერთი გადასვლა კარტისა ხშირად 100.000 მანეთამდი ადიოდა, და ჩვენი მდივანიც გადადიოდ-გადმოდიოდა! მეკითხებოდნენ ნაცნობნი, საიდან აქვს თქვენ კანცელიარიის მოხელეს ამოდენა ფულები, რომ სპეკულიანტებს სულ კუდით ქვას ასროლინებსო!.. მღვდლების და მედავითნეების „არჩევნები“ სამრევლოებში დიდი ხანია ფიქციად იქცნენ ჩვენში, მათი გამწესება, გადაყვან-გადმოყვანა სწარმოებდა მხოლოდ დავიდოვისაგან, ეს მოაწყობდა საქმეებს და კათოლიკოზი ყოველივე ამას ადასტურებდა სიტყვის შეუბრუნებლად „რეზოლიუციებით“! ამ ნიადაგზე სწარმოებდა და დღესაც სწარმოებს აშკარა ვაჭრობა და ფეშკაშებ-ძღვნის მირთმევ-მორთმევა _ პურით, ყველით, თაფლით, კვერცხით, ახალი თევზით, კაკლით და ყოველივე ხილით თუ სანოვაგით! ასე რომ, „ავტოკეფალია“ დაიკვეხოს მხოლოდ დავიდოვმა და მისმა დამქაშებმა! ჩვენს უბედურ ხალხს, მასსას, დღესაც ვერ გაუგია ჩვენი ეკლესიის თვით თაობა! მაგრამ, ვაი, ასეთ თვით თაობას; უფრო აიწეწა საქმეები საკათ. საბჭოში; ჩემი იქიდან წამოსვლით ისინი პირის-პირ შეხვდნენ ერთმანეთს! მე თურმე ერთნაირი ინსტრუმენტი ვყოფილვარ იქ, ფიზიკური „პრიბორი“, რომელსაც ეძახიან რუსულად „გრომოოტვოდს“. მთელი „ოპოზიცია“ თურმე ჩემს ზურგზე გადადიოდა! უჩემოდ „მოსწყინდათ“ თურმე კიდეც და რომ ერთმანეთს დაეტაკებოდნენ და დაჰქოჩრავდენ, მომიგონებდენ: „ნეტავი. ისევ ნიკიტა ყოფილიყო ჩვენთანო“!

დეკ. მ. ნაცვალოვზე და ი. მირიანოვზე

განსაკუთრებით გამწვავდა დამოკიდებულება დეკ. ცინცაძესა და ლეონიდს შორის; ცინცაძეს მხარს უჭერდა დეკ. კეკელიძეც; ამათში მელაობდა საკათ. საბჭოს კანცელიარიის გამგე დეკ. მ. ნაცვლიშვილი, რომელსაც ეს ადგილი გადასცა დეკ. ცინცაძემ, თვითონ კი „ჯამაგირიანი“ წევრობა ირჩია საბჭოში; ეს ნაცვლიშვილი ბოდბის წმ. ნინოს მონასტრიდან იყო გადაყვანილი ინოკენტი ექსარხოსის მიერ ქუთაისის წმ. ნინოს ზავედენიაში, ბოდბეში ამ „სულის მამას“ კავშირი დაეჭირა ახალგაზრდა ლამაზ რუს იღუმენია _ „ნინოსთან“ და ამ კავშირს ნაყოფი გამოეღო, რის გამო იქიდან ქუთაისში გადაიყვანეს „ნაცვალოვი“ (ეხლა ნაცვლიშვილი) _ ესე იგი თევზი გადაისროლეს ტბაში… ეს ნაცვალოვი სიძეა დიდუბის დეკანოზ ი. მირიანოვისა (ეხლა მირიანაშვილი), ესეც ბოდბეში იყო სიძის წინეთ ნამსახური _ ესეც მოლოზნებში ცუღლუტობით არის ცნობილი; ინოკენტის დროსვე ეს გადმოიყვანეს ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიაში, აქედან კი ინოკენტიმ დიდუბეში გადმოამწესა, როდესაც მე გადმომაგდო ანჩისხატში; ამ „პატიოსანმა გვამმა“ იუდას როლი ითამაშა დიდუბის „ეპოპეიაში“; ბლაღოჩინი ს. შოშიაშვილი გადააყენა ინოკენტიმ (ს. შოშიაშვილმა გადაჭრით უარი უყო ინოკენტი არქიელს ჩემ შესახებ რაიმე საქმის შექმნაზე დიდუბიდან ჩემ დასაძრავად: „Тàê, ïîääàâàèйòå â вîтñòàâêó“, _ უბრძანა არქიელმა! სოლომონმა მეორე დღესვე შეიტანა ოტსტავკა! ბლაღოჩინად დანიშნა ეს მირიანოვი!..), ბლაღოჩინობა კი მირიანოვს უბოძა, ხოლო ამ უკანასკნელის თავმჯდომარეობით ხდებოდა ჩემი დროის დიდუბის რუს-ქართველთა კრებები და საარჩევნო ბრძოლანი; თურმე მთელი საქმის საიდუმლოება და ჩემი მოქმედების გეზი, ყველა ამან და ამისმა მეგობარმა ნაზარ არქიმანდრიტმა სემინარიის რექტორს ლოთ _ გათახსირებულ არქიმანდრიტ ეროფეის მოახსენეს, _ სანამ თალაკვაძე დიდუბეშია, მანამ რუსები აქ ვერ გაიმარჯვებენო; იეროფეიმ კი ეს ინოკენტის გადასცა, ინოკენტიმ კი გადამაგდო, ხოლო ამ გზით გახსნილ ცოცხალ ადგილზე მობრძანდა და დღემდე მოღვაწეობს დეკ. ი. მირიანაშვილი; თან მნათედ ჰყავს სინ. კანტორის ყოფილი მოხელე დავით ნახუცაროვი, ესენი ერთად ჰქაფავენ დიდუბის შემოსავალს, სანთლის ოპერაციის თუ სასაფლაოს ზღაპრულად გაზრდილ ფასებს _ ვინა ჰყავთ გამკითხავი, ვინ ჩაიხედავს მათ საქმეში!

„თამარობა“ დიდუბეში

ამას ვინ სჩიოდა, დიდუბის განძეულობა _ ოქროვეცხლი, თვალ-მარგალიტიც მიითვისეს, ორჯელ გაატეხიეს ტაძარი _ ერთხელ წლეულს და თვით დიდუბის ღვთისმშობელს მოჰხადეს ბრილიანტების გვირგვინი და მსხვილი ქვები, ეს დაკეტილ ეკლესიაში, იმ დღეს, რა დღესაც თვით დილით დეკანოზი კახეთში წაბრძანდა, ხოლო მისი დარაჯი _ სოხაძე _ რაჭაში, წინა დღით კი, 1 მაისს, ძველი სტილით, დიდი წვეულება გადაიხადა კათოლიკოზის და მის მეგობართა მოწვევით, ეს „თამარობა“ დღეს, რომელიც მე და სოსიკო მერკვილაძემ დავაარსეთ დიდუბეში 1912 წელს და ეს გარემოებაც სხვათა შორის გახდა მახლობელი საბაბი ჩემი დიდუბიდან დაძვრისა _ „თამარობის“ დაწესება და თამარ-მეფის ასე აშკარად წმინდანად აღიარებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინ ტფილისის ქართულ- რუსულ პრესაში, ხოლო ექსარხოსი კი ამ თაობაზე ჩემზე აკრაჭუნებდა კბილებს, მას ჩასძახოდენ ის, ის (მე) არის ყოველივე არევდარევის მიზეზი და ხელმძღვანელიო… აი ეს მირიანოვ-ნაცვალოვი იყო მეტად დაახლოებული ლეონიდთანაც, ურთავდენ მუგუზალს ამ ჯოჯოხეთში, თან ესენი მეტად „გულითადად მეგობრობდენ“ დეკანოზ ცინცაძე-თოთიბაძეს, გაიმართა ინტრიგები საბჭოში, ერისკაცები აღარ დადიოდენ სხდომებზე, ამასობაში მოახლოვდა დრო მეორე საეკლესიო კრების მოწვევისა _ 1920 წლის ივლისში.

მეორე საეკლესიო კრება და მღ. ტიმოთე ბაკურაძე

ეს კრება განსაკუთრებული სიფრთხილით შეჰკრიბა დ. დავიდოვმა, ამ კრებას უნდა დაედასტურებია ლეონიდის უკანონოდ გაკათოლიკოზობა, ამ კრებას უნდა ეყო ლიკვიდაცია კირიონ-ანტონის დაღუპვისათვის, ამავ კრებას უნდა ეყო ლიკვიდაცია ჩემ შესახებ შექმნილ ვითარებისათვის _ ამიტომ კრება უნდა ყოფილიყო მათ მომხრე პირთაგან შედგენილი, ნამდვილი შავრაზმული, ამ კრებას უნდა შეეცვალა პირველი კრების დებულებები, რათა ეპისკოპოზთა უფლებანი _ დესპოტიური, აღედგინათ, საკათ. საბჭოს შემადგენლობა შეემოკლებია და სხვა; კიდევაც ასეთი კრება მოიწვიეს; არავინ იყო მათი ხელის შემშლელი; მე აგიტაციურ საქმეებში არ ვერეოდი, არც თავშივე გავრევივარ, თუმცა ბევრს ჰგონია, რომ კათოლიკოზ კირიონის არჩევაში მე ვითამაშე გადამწყვეტი როლი _ ეს სრული ტყუილია, ჩემს ბუნებას არ ეხერხება აგიტაცია-აგენტობა; ამიტომ არც მეორე საეკლესიო კრებას გავმკლავებივარ, უმკლავდებოდა მხოლოდ მღ. ტიმოთე ბაკურაძე, ყოფილი დიაკონი, რომელიც მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა კირიონმა წმ. ილიას ეკლესიისათვის, ამ ეკლესიის ამშენებელ რუსთა ერთი ოჯახის თხოვნით; ეს ბაკურაძე დიდი მომხრე იყო კირიონისა, ხოლო მოწინააღმდეგე ლეონიდ-დავიდოვისა; იყო მეტად მოუსვენარი, თავხედი და შეუპოვარი პიროვნება; ამან შექმნა საქართველოში „დიაკონთა მოძრაობა“ მღვდლების წინააღმდეგ; დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეებში და ეწეოდა ამ თაობაზე აგიტაციასა; მეტად ავყია კაცი იყო და ყველა ერიდებოდა მასთან უსიამოვნებას; აი ამ ბაკურაძემ გასწია კირიონის სასარგებლოდ არჩევნები, კირიონი აირჩია პროვინციის დელეგატებმა, ხოლო ინტელიგენციამ და ქალაქმა ხმა მისცა ლეონიდს _ დავიდოვის, პეტრე ბარათაშვილის, რ. ივანიცკის და დეკ. კეკელიძის აგიტაციით და ხელმძღვანელობით; საკათ. საბჭოშიც კირიონის მოწინააღმდეგე პირნი მოჰყვნენ (მაგ. დეკ. კეკელიძე 1917 წ. 7 მარტის თარიღით წერილს სწერს ეპ. პიროსს: „ამბობენ, რომ კირიონი მოდისო, ხომ იცი რისთვის მოდის; მდგომარეობა მეტად გამოურკვეველია“; …ასე სწუხდა კეკელიძე მაშინ, როდესაც ჯერ კირიონი ვიტებსკიდან არ დაძრულიყო, სამშობლოში მისი დაბრუნება შიშის ზარს ჰგვრიდა ცინცაძე-თოთიბაძე-კეკელიძე-შუბლაძეებს ან დავიდოვს, რომელნიც ჯერ პლატონ ექსარხოსის კალთას არ მოშორებოდენ, იცოდნენ, რომ კირიონი მათ მლიქვნელობას და ბნელ საქმეებს მხარს არ დაუჭერდა). ასეთმა პირებმა მოხუც-დაუძლურებულ კირიონს არამც თუ ხელი არ მოუმართეს ეკლესიის მართვა-გამგეობის აპარატის მოწყობაში, პირიქით _ საეკლესიო კრებაზე წაგებული ბრძოლა საკათ. საბჭოში გადაიტანეს, ხოლო ეს ბრძოლა მარტყოფის ტრაღედიით დასრულდა. კირიონმა ბაკურაძე დიაკონის მედავითნეთა წრიდან გამოყვანა განიზრახა და ამ აზრით უფრო ხელმძღვანელობდა, როდესაც წმ. ილიას ეკლესიის მღვდლად აკურთხა, ჯერ, ვინაიდან ეს ტაძარი შტატის არ იყო, ბაკურაძე ანჩისხატის ტაძარზე მოეწერა კირიონს და როდესაც მე ამის თაობაზე უკმაყოფილება გამოვსთქვი, წაშალა, ხაზი გაუსვა ანჩისხატს და მცხეთაზე მიაწერა. კირიონს უნდოდა ბაკურაძის მღვდლად კურთხევით მედავითნეთა კავშირისათვის ბელადი წაერთმია და ეს კავშირი დარღვეულიყო, როგორც მავნე ეკლესიისათვის და მიზანსაც მიაღწია _ ეს კავშირი უბაკურაძოდ დაირღვა. მაგრამ ბაკურაძე დაუცხრომელ მებრძოლ პირად გაუჩნდა ლეონიდ-დავიდოვს და კომპანიას კირიონის დაღუპვის შემდეგ;

მირიან ბერის დაღუპვა; ბაკურაძის დაღუპვა

ლეონიდმა ერთხელ მირიან ბერს (არმაზისას, _ ესეც კირიონის ერთგული იყო) და ბაკურაძეს მღვდელ მოქმედება აუკრძალა, საკათ. საბჭომაც მას მხარი დაუჭირა, მაგრამ, როდესაც კირიონი ავათმყოფობიდან გამობრუნდა, ორთავეს ახსნა ეს სასჯელი; გარნა მის სიკვდილის შემდეგ მირიან ბერი ვიღაცეებმა არმაზის მონასტერში დაჰფლითეს, დაჰგლიჯეს. ნაჭერ-ნაჭერ იპოვნეს მისი გვამი იმ არე-მარეზე; ესეც ბნელით მოცული, გამოურკვეველი დარჩა მთავრობის მიერ… ხოლო როდესაც მეორე საეკლესიო კრების მოწვევა მოახლოვდა, ბაკურაძე მღვდელს საეკლესიო კრებისათვის შეუდგენია მოწოდება, რომელშიდაც ის სასტიკად მხილების კილოთი ამჟღავნებდა ყოველივე იმ ბოროტ-მოქმედებას, ეკლესიის სფეროში გამეფებულ ცარცვა-გლეჯას და უსაქციელობას, რომელსაც კირიონის მოკვლის შემდეგ ჰქონდა ადგილი; ეს „მოწოდება“ დაუბეჭდია უბედურ ბაკურაძეს და კრების გახსნის წინადღეს რამოდენი ცალი საერო მთავრობის წარმომადგენელთათვის დაუგზავნია, ალბათ ზოგიერთ სხვა პირებსაც მისცემდა, ხოლო ამათგან გაიგებდენ ისინიც, ვისაც ეს ეხებოდა და 1920 წლის ივლისში კრების გახსნის წინა ღამით, შაბათ საღამოს (რიცხვი აღარ მახსოვს) მღ. ტიმოთე ბაკურაძე, როდესაც ის ბრუნდებოდა ლოცვიდან სახლში, 8 საათზე, ვერაგულად მოკლულ იქმნა მისსვე სახლების მახლობლად ჩასაფრებულ პირისაგან. ეს მკვლელობა მისს ცოლს გადააბრალეს, რომელთანაც უსიამოვნება ჰქონდა ბაკურაძეს ვითომცა და გარყვნილების ნიადაგზე; ცოლიც დაიჭირეს, მისი ვითომდა „საყვარელიც“, მაგრამ ორთავენი მალე გაანთავისუფლეს, ხოლო გამოძიება უცბად შესწყდა… ამბობენ, რომ სულ სხვა ნიადაგზე აღმოჩნდა მკვლელობაო და ეს მკვლელობაც გამოურკვეველი დარჩა; მეორე დღეს საეკლესიო კრება გაიხსნა _ პარაკლის-პანაშვიდით სიონში კვირას, ხოლო სხდომები სწარმოებდა ქვაშვეთის ზედა-ქვედა ტაძარში; აქ უკვე გამოჩნდა ბაკურაძის „მოწოდებანი“, სახლში უპოვნიათ დასარიგებლად დამზადებული 500 ცალი; დავიდოვი თვით უკითხავდა კრების წევრებს ამ მოწოდებას, რომელიც განსაკუთრებით მას ეხებოდა; „უყურეთ როგორ დაულანზღავს ამდენი საპატიო პირნი, ამათში ჩემი სახელის ხსენებით მე ვამაყობო“, _ გაიძახოდა ფერწასული და აღელვებული დავიდოვი; ავრცელებდენ ხმას თითქოს მეც თანაზიარი ვიყავი მაგ მოწოდების შედგენაში, მაგრამ მთავარხუცესმა გრ. გიორგაძემ და დეკ. ლაზარიშვილმა ბაკურაძის ბინაზე აღმოაჩინეს საკუთრად ბაკურაძის ხელით დაწერილი დედანი მოწოდებისა და მაშინ დარწმუნდნენ, რომ მე მაგ საქმეში მონაწილე არ ვიყავი. არც ვიყავი მაგ საქმის მონაწილე, მე რაც სათქმელი მქონდა აშკარად ვსთქვი, დავსწერე და განვაცხადე კიდეც და ბაკურაძისთანა ადამიანებთან უზრდელ კილოთი დაწერილ მოწოდებაში თანაზიარებას არ ვიკადრებდი;

ტიმოთეს წინადადება ჩემდამი და იციდენტი ჩემს ოჯახში

ბაკურაძის მოკვლის წინა დღით, პარასკევს, ეს უბედური მოვიდა ჩემს ბინაზე და ასეთი წინადადებით მომმართა: „ერთი ჯგუფის მონდომილებით შენ წინადადებას გაძლევ, რომ კვირას, სიონში, როდესაც კირიონის საფლავზე პანაშვიდის გადახდას შეუდგებიან, უნდა გამოხვიდე და სიტყვა უნდა წარმოსთქვა საკლესიო კრების დელეგატთა საგულისხმოდ, საკათ. საბჭოს და ლეონიდის სამხილებლადო„! ამაზე მე გადაჭრით უარი უყავი: „როდესაც საჭიროდ დავინახე და ღირდა კიდეც, კირიონზე სამი სიტყვა წარმოვსთქვი _ ორი ანჩისხატში მისს კუბოს წინ, მესამე სიონში ვისდამიც ჯერ მიჩნდა საგულისხმოდ და სამხილებლად; ეხლა კი უდროოდ და უადგილოდ მიმაჩნია აქ სიტყვის წარმოთქმა და თქვენს „ჯგუფს“ გადაეცი, თუ მართლა ასეთი არსებობს, რომ მე მათ წინადადებას არ ვღებულობ, უსახელო ჯგუფის სახელით მე ვერ გამოვალ თქო“! ეს მეტად იწყინა მღ. ტიმოთემ, მომდგა და მეტადვე გამლანზღა: „შენ ლაჩარი ხარ, შეგაშინეს, ლეონიდს უძვრები ფეხებ ქვეშო“ და სხვ. ასეთები; ასეთ ჩვენი ბაასის მოწამე იყო ჩემი მეუღლე, რომელმაც იუკადრისა ჩემი ასეთი უმართლოდ მოხსენიება და მე აღარ დამაცალა, თვით უპასუხა უბედურ ტიმოთეს: „მამაო, რაზე ცხარობთ, ან რაზე ილანძღებით აგრე?! თუ ჩემი ქმარი ლაჩარია, თუ ესეც ვინმეს უძვრება და ესეც ასე დასამცირებელი გყოლიათ, თქვენი საქმე წასული, წაგებული ყოფილა, თქვენ ან თქვენი „განახლების ჯგუფი“ რა ადამიანები ხართ?! გვაჩვენეთ თქვენი ან „სიტყვა“ ან „საქმე“ ან რაიმე გაბედულება; გეყოფათ ჩემი ქმარის ზურგს უკან ამოფარება, სირცხვილია, მამაო ასეთი თავხედური ქცევა, ჩემს ოჯახში ჩემ თვალწინ, ქმარს მილანძღავ, მიმცირებ, უმართლოდ, დაუმსახურებლად, მე მაგის ნებას არ მოგცემთ, წადით მიმართეთ უფრო გაბედულს და პატიოსან პირსო“… ასეთ პასუხს არ ელოდა ტიმოთე, ის სახტად დარჩა დედაკაცისაგან გაწკეპლილი; მეტად შერცხვა, ბოდიში მოიხადა ჩემს წინაშე და მეუღლის წინაშეც. მაშინ ჩემმა ცოლმა ასეთი დარიგება მისცა: „თუ კირიონის პატივისცემა გსურთ და ასეთ პატივისმცემელთა ჯგუფიც კი ყოფილა, წადით, მამაო, ნახეთ დეკ. სოსო ჩიჯავაძე და მას მიეცით წინადადება, რომ ნავთლუღის ბაღებიდან მოიტანოს საფლავზე ყვავილები და მწვანე ტოტები, მორთეთ საფლავი და შანდლებზე სანთელი იყიდეთ და დაანთეთ; ამდენ ხანს ყვავილებსაც მე ვშოულობდი და სანთლებსაც მე და ს. მერკვილაძე ვანთებდით, სხვანი არავინო“!.. ამით გავისტუმრეთ საცოდავი ტიმოთე, რომელიც მეორე დღეს საღამოთი გამოასალმეს წუთისოფელს;

ტიმოთეს დასაფლავება

მე დავასაფლავე უბედური, მთვარანგელოზის ტაძრის გალავანში, ავლაბარში; დასაფლავებაზე წარმოვსთქვი სათანადო მოძღვრება, დავახასიათე მიმდინარე ჩვენი ყოფა-მდგომარეობა და ასეთი უაზრო-უგზაკვალო მკვლელობანი ეკლესიის სფეროშიაც კი; ხალხი ბლომად დაესწრო, სამღვდელოებაც დაესწრო, საკათ. საბჭოდან მხოლოდ ქრ. კაპანაძე იყო, დიდი დეკანოზები დამფრთხალები იყვნენ და ერიდებოდენ კიდეც ასეთ „კაცთან“ საქმის დაჭერას, თუგინდ კუბოს წინაშე პატივისცემას! დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბაკურაძის ასე საოცრად მოკვლამ; მოკვლის მეორე დღით, კვირას ადრე დილით, შემოვიდა ჩემი ბინის აივანზე, ჩემი სიმამრის დეკ. ზ. ლუკაშვილის თანადასწრებით, კუკიის წმ. ნიკოლოზში მსახური (დიაკონის ადგილზე) მღ. ხარლამპი ხუციევი (ეხლა ხუციშვილი); ამან მოგვიტანა ტიმოთეს მოკვლის ამბავი, თან ისიც გვიამბო, „“
რომ ეს არის კათოლიკოზთან ვიყავი, ეს ამბავი უნდა მისთვის მომეხსენებია, მაგრამ ჯერ არ გამოსულა საწოლი ოთახიდან, მე კი მწირველი ვარ და იქ ვერ დაუცდიდიო“. ნამდვილად კი (გავიგე შემდეგ) ხუციევმა იმ დილითვე ინახულა კიდეც კათოლიკოზი და ისე მოვიდა ჩემთან, სურდა გაეგო თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს „ამბავი“ ჩემზედ! ეს „ამბავი“ თითქოს მეუბნებოდა: შენც ეს დღე მოგელის, შენღა დაგვრჩი ეხლა მოუნელებელიო“! მე კი მეტად დინჯად შევეგებე ამ ამბავს, არც არა მითქვამს რა, ვიცოდი თუ ვისთან მქონდა საქმე. ეს ხუციევი თითქოს მეგობრობდა ბაკურაძეს, ამ უკანასკნელს მინდობილი ჰქონდა მასზე გული, ერთად სავაჭრო სპეკულიაციასაც ეწეოდნენ ორთავენი, მიდი-მოდიოდენ, პურებს ყიდულობდენ და ჰყიდდენ; რაღაც რამოდენიმე ფუთის პურის ანგარიში დარჩენილიყო ხუციევისა ბაკურაძეზე და, როგორც ბაკურაძის ცოლმა გადმომცა, „ტიმოთეს მოკვლის ორი დღის წინეთ, სული შეგვიწუხა ხუციევმა სანამ იმ ანგარიშებს გაუსწორებდით; ნამდვილად კი არც ფულით უჭირდა მას მაშინ და არც პურითო“! საქმე იმაშია, რომ ამ ხუციევს ჰბრალდება ტიმოთეს მოკვლის მოწყობაში უახლოესი მონაწილეობა; ამ ხუციევს სურვილი ჰქონდა დაეჭირა იმ ეკლესიის წინამძღვრობა, სადაც ის მთავრის ვაკანსიაზე იყო ნაკურთხი დეკ. ს. შოშიაშვილთან; ეს უკანასკნელი კი იმ დროს უკვე დამბლად იყო ჩავარდნილი, მოხუცებულიც არის და იმედი აღარ იყო მაგის გამობრუნებისა და აი, ხუციევმა განიზრახა ტიმოთეს დაღუპვის სამაგიეროდ ამ ადგილის ხელში ჩაგდება, ამბობენ „სფეროებში“ დაინტერესებულმა პირებმა მისცეს ხუციევს ამისი იმედიო; ამ საქმის თანამოზიარეთ სთვლიან ქაშვეთის მეორე დეკანოზს დიმ. ლაზარიშვილს, რომელიც „სფეროების“ ღვიძლი აგენტია დღესაც და ხელს უწყობს ჩამოაშოროს „სფეროებს“ ასეთი მოწინააღმდეგენი, როგორიც იყო ტიმოთე და სხვანიც… მეორე დეკანოზი ცინცაძე კი, როდესაც გაიგო ტიმოთეს დაღუპვა, ლოგინად ჩავარდა შიშისაგან და საეკლესიო კრების ორ სხდომაზე არც კი დასწრებია; მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ამ მკვლელობასაც არავინ მისდევს და იძიებს, დამშვიდდა, გამობრძანდა და საეკლესიო კრება წაიყვანა ისე, როგორც სურდა.

მეორე საეკლესიო კრებისთვის მზადება

ამ საეკლესიო კრებისათვის საკათ. საბჭო თითქოს ემზადებოდა კიდეც 1919 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში; კრების წინასწარი სათათბირო კომიტეტი იყო არჩეული, სადაც საეპარქიო საბჭოებიდანაც იყვნენ წარმომადგენელნი გამოწვეულნი; იმერეთმა არ ინება წარმომადგენლის გამოგზავნა; გურია- სამეგრელოდან იყო დეკ. ი. ბობოხიძე, ალავერდიდან თვით ეპ. პიროსი, _ ტფილისიდან დეკ. ნ. მაჭარაშვილი, დეკ. ი. კაპანაძე და მასწავლებელი ივ. რატიშვილი; საკათ. საბჭოდან დეკ. ცინცაძე, კეკელიძე, ქრ. კაპანაძე, მე; იყო საკათ. სასამართლოდან ივ. ბერიშვილი, ზოგჯერ გვესწრებოდა დეკ. ან. თოთიბაძე; მონაწილეობდა ამ თათბირში ერისკაცი ტფ. საოლქოდან დ. ჩიქოვანი. ამ თათბირის მუშაობა მეტად უგულოდ სწარმოებდა, დეკ. ცინცაძე, ეტყობოდა, აფერხებდა ამ მუშაობას, ის ხშირად იგვიანებდა სხდომაზე მოსვლას, იმ მიზეზით, რომ, როგორც საკათ. საბჭოს კანცელიარიის გამგე-დირექტორი (მაშინ ნაცვალოვი მდივნად ჰყავდა და შემდეგ გადასცა მას „გამგეობა“), „საქმეებით იყო დატვირთული“ და ვერ იცლიდა ჩვენთან სამუშაოდ; უმისოდ კი ცნობების მომწოდებელი კაცი არ ჰყავდა კრებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა ეპ. პიროსი. შემდეგ გამოირკვა, რომ ამ თათბირის მუშაობა ყოფილა ერთნაირი ეგზამენი „ოპოზიციისა“, თუ რა გვწადია (მე, ქრ. კაპანაძეს და დ. ჩიქოვანს _ ესენი ვიყავით „ოპოზიცია“), რა წინადადებებით გამოვდივართ ჩვენ, რომ ესენი მოემზადნენ და ჩაგვიშალონ ჩვენი გეგმა. მართლაც დ. ჩიქოვანს და მე ტფ. სამღვდელოების საოლქო კრებაზე მონდობილი გვქონდა დაგვემუშავებია ეკლესიის მართვა-გამგეობის ჩვენი დროის შესაფერ სისტემაზე მოწყობის პროექტი და წარგვედგინა ისევ ამავ კრებისათვის განსახილველად და თუ რომ მოიწონებდენ, გადაეცემოდა საეკლესიო კრებას.

„მზადება“ _ პროექტები კრებისთვის

ჩვენ დავამუშავეთ ასეთი პროექტი, ამ მუშაობაში ღებულობდა მონაწილეობას შტატ-გარეშე მყოფი სამხედრო დეკ. ზ. ლუკაშვილიც (ჩემი სიმამრი, ვიკრიბებოდით ჩემს ბინაზე). ეს პროექტი დავამზადეთ და გადავეცით საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს დეკ. გრ. გიორგიძეს, რომელსაც საოლქო კრება უნდა მოეწვია და მისთვის მოგვეხსენებია ეს პროექტი. მოიწვიეს კრება მეტად დაგვიანებით, ხოლო კრებაზე არც კი დაგვაცალა დეკ. კ. ცინცაძემ დამსწრეთ წაეკითხათ, მოესმინათ მაინც ეს პროექტი, თავიანთი აზრი გამოეთქვათ, შესწორებები შეეტანათ, აზრთა გაცვლა-გამოცვლას დავსჩვეოდით, საქმეში ჩავბმულიყავით და ერის კაცნი თუ სამღვდელონი დაგვეინტერესებია ეკლესიის საქმეების მოწყობით, მასში ისინიც ჩაგვება! დეკ. ცინცაძე პირველ მუხლზევე („დეკრეტზე“) აგვიჯანყდა და მოგვახალა: „ეს ბოლშევიკური მიმართულებააო“! საქმე ეხებოდა ჩვენი ეკლესიისათვის საერთო ცენტრალურ კასის შექმნას (ჩვენი „ხაზინისა“), რომ ამ ნიადაგზე მომხდარიყო ჩვენი ორგანიზაციულად გაერთიანება; მაშინ „მდიდარი“ და „ღარიბი“ ეკლესიები გათანასწორებულნი იქნებოდენ _ ქაშვეთ-დიდუბე-სასაფლაოები ვეღარ იკოჭავებდნენ ეკლესიის საერთო მამულების _ სახლების, საფლავების, სანთლის ოპერაციების შემოსავლიდან ისე, როგორც დღეს კოჭაობენ, სჭამენ და სთნქავენ განუკითხავად!

„დიდი საბჭო“

ჩვენ ვთხოულობდით პასუხისმგებლობის სისტემას ეკლესიის მართვა-გამგეობაში, ჩვენ ვთხოულობდით „ფაქტიურ კონტროლს“ სასტიკის სახით ეკლესიის ცხოვრების ყოველივე დარგში, რათა ალაგმული ყოფილიყო ყოველგვარი თვითნებობა-ჟინიანობა კათოლიკოზიდან დაწყებული უკანასკნელ ეკლესიის მსახურამდე; ვთხოულობდით დროებით, სანამ ჩვენი ქვეყანა და ცხოვრება პოლიტიკურად თუ სოციალურად ნორმალურ პირობებში ჩასდგებოდა, საეკლესიო კრებას აერჩია ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეებიდან სათანადოდ მომზადებულნი და რწმენითაც შესაფერი წარმომადგენლები ტფილისში მცხოვრებ საერო თუ სამღვდელო პირთაგან (აქ საქართველოს ყველა კუთხიდან გვყვანან ასეთი პირნი) „დიდი საბჭო“, რომელიც საეკლესიო კრების ფუნქციების მუდმივი _ განუწყვეტელი მუშაობის გამგრძელებელი იქნებოდა; ასეთ არეულ-დარეულ დროს სისტემატიურად საეკლესიო კრების მოწვევა მეტად სჭირს და ღარიბ ეკლესიას მეტად ძვირადაც გვიჯდება; აქ მცხოვრებთ პირთაგან შემდგარი დიდი საბჭო კი მუდამ თავში ეყოლება ეკლესიას, ის შესძლებს პასუხი მოსთხოვოს სასულიერო მთავრობას და მისს მოხელეებს მათ არასათანადო მოქმედებებში, გადააყენონ კიდევაც, და თან დაიცვას ეკლესიის ინტერესები საერო მთავრობის წინაშეც; ისე კი რომ ეს „დიდი საბჭოც“ ბოლოს თავის მოქმედების ანგარიშს წარუდგენს საეკლესიო კრებას, რომელიც საბოლოოდ ადასტურებს თუ უარჰყოფს მისს (დიდ საბჭოსას) ნამოქმედარს. ერთი სიტყვით, ჩვენი სისტემა იყო აგებული სასტიკ პასუხისმგებლობის პრინციპზე, რომ ამით შეგვეჩერებია და აგველაგმა ის მტაცებლობის ვაკხანალია, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდებოდა და რომელსაც თვით კათოლიკოზი და საკათოლიკოზო საბჭო ადასტურებდენ, ხელს უწყობდენ. რასაკვირველია, მიგვიხვდნენ დაინტერესებული პირნი და ჩაგვიშალეს ამ სისტემის დაცვა-გაშუქება საოლქო კრებაზე, რომ მის დასტურით ზურგ გამაგრებული წარვსდგომოდით ჯერ „წინასწარ თათბირს“ და შემდეგ საეკლესიო კრებას. საოლქო კრება დაიშალა, აქ არ აღმოჩნდა ისეთი მღვდელი ან ერი, რომ თავიანთი ღირსება ეცნოთ და დაეცვ

გაზიარება