QronikaPlus
ბექა ჭიჭინაძე: „ეკლესიის ადმინისტრაციაში პრეაპოკალიფსური სიტუაციაა, რასაც ისინი მცდარად განაზოგადებენ მთელ მსოფლიოზე“

ბექა ჭიჭინაძე: „ეკლესიის ადმინისტრაციაში პრეაპოკალიფსური სიტუაციაა, რასაც ისინი მცდარად განაზოგადებენ მთელ მსოფლიოზე“

2019-10-20 12:15:27

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე „სახელმწიფო და რელიგია“, დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტ ბექა ჭიჭინაძის გამოსვლამ. მისი მოხსენების თემა „დოგმატიზებული ლეგენდები საქართველოს ეკლესიაში“, შესაძლოა, სადავო იყოს, მაგრამ მრავალმხრივ საინტერესო გახლავთ. „ქრონიკა+“ აღნიშნულ მოხსენებაში წამოწეულ აქტუალურ საკითხებზე ბექა ჭიჭინაძეს ესაუბრა. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი ორიგინალური ხედვა ცალკეული პრობლემების წარმოჩენის მხრივ: _ კონფერენციაზე შენ მიერ წარმოდგენილი მოხსენება მრავალასპექტიანი იყო. მართალია, ინტერვიუში ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა რამდენიმე თემას შევეხოთ, რომელიც, სავარაუდოდ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. მაშ, ასე! დავიწყოთ: საქართველო, ლამის, უნიკალურ ქვეყნად გამოაცხადე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში რელიგიური თემატიკის წარმოჩენის ასპექტებიდან გამომდინარე. შეგიძლია განმარტო, რას გულისხმობ? _ მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემ მიერ წამოწეული პრობლემატური და აქტუალური საკითხებით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ, საქართველო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც მორწმუნეთა საკმაოდ დიდ ჯგუფს პრეტენზია აქვს, რომ ღვთისმშობელი მათ ნაციას ეკუთვნის, საქართველოში ფეისბუქპოსტი შინაარსით: „ღვთისმშობელი ქართველია“, _ ათასობით მოწონებასა და აღფრთოვანებულ თანხმობას იღებს: „ამინ! დიდება უფალს!“ ახლახან ქართულ ფეისბუქსამყაროს მოევლინა მორიგი მარგალიტი, სახელად: „უწმინდესის ბავშვობის ფოტო, თუ გიყვარს ჩვენი პატრიარქი, გააზიარე“. _ რას ხედავ ამაში უცნაურს? _ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზიარების რიცხვი რამდენიმე ათასს გადასცდა, გაირკვა, რომ ვიღაც ბოროტმა „გენიოსმა“ იხუმრა და მცირეწლოვანი ადოლფ ჰიტლერის ფოტო „ბოლო ჟამის პატრიარქის“ ფოტოდ გაასაღა. _ სულაც არ მიკვირის, რომ ასეთი სახის ცრუ ინფორმაცია ადვილად იკიდებს ფეხს სოციალური ქსელებში. ადამიანები ზოგჯერ არც კი კითხულობენ პოსტებს და პირველი სიტყვების შემდეგ იწონებენ. ამ დროს შინაარსი, შესაძლოა, სულაც ტრაგიკული იყოს ან სარკასტული. ზოგიერთი ავტორის ასეთ შარლატანობას ხუმრობაც კი არ ჰქვია. _ ჩანს, ამ ბოროტი ხუმრობის მკრეხელმა ავტორმა არ იცოდა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ თავდაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა 30 ტონა ჰილზა, უაზების, ბეტეერებისა და ჯაველინების ნაწილები. _ ამით რისი თქმა გინდა? _ ამიტომაც გაბედა ავტორმა, თორემ ეცოდინებოდა, რომ ასეთი შეიარაღების მქონე საპატრიარქოს არ უნდა ეხუმრო. _ მშვენიერი სარკაზმია შენი მხრიდან, თუმცა ამ ქონების გადაცემის შესახებ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია. ამის მიუხედავად, არც საპატრიარქოს და არც თავდაცვის სამინისტროს საფუძვლიანი კომენტარები ამ ფაქტზე არ გაუკეთებიათ. შენს მოხსენებაში გაისმა ასეთი ფრაზა: ქრისტიანობის ნაციონალიზაცია. გასაგებად ახსენი, რას გულისხმობ? _ უცნაურია, რომ ქართული ეკლესიის „ხელმძღვანელობა“, თითქმის, არასდროს მოუწოდებს მრევლს, თავი შეიკავონ ქრისტიანობის ამ უპრეცედენტო ნაციონალიზაციისგან. ერთი შეხედვით, საკითხის ამგვარად დასმა შესაძლოა, მავანთ და თვით საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არ მოეწონოთ და არასწორად მოეჩვენოთ. _ რატომ? _ მარტივი მიზეზის გამო: „ქართული ეკლესიის“ მაგისტრალური ხაზი საეკლესიო პოლიტიკაში სწორედ ნაციონალიზმია, იმდენად, რომ წუთისოფლის მდგმურად წოდებული ეკლესია საქართველოში წუთისოფლის მესვეურად იქცა. _ „ქართული ეკლესია“ ბრჭყალებში რატომ ახსენე? _ ეკლესია ბუნებით საყოველთაოა, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში სინამდვილე და კონსტიტუცია იშვიათადაა თანხმობაში. ეკლესიის მამები შენიშნავდნენ, რომ სამშობლოთი ტრაბახი მორწმუნე საზოგადოების საქმე არ არის. იოანე ოქროპირთან ვკითხულობთ: „რატომ ტრაბახობ სამშობლოთი, როცა მე დაგავალე, რომ სამყაროში მდგმური ყოფილიყავი?“ ვითვალისწინებ იმასაც, რომ ქართული ეთნიკური ელემენტის კონსოლიდაცია და ფეოდალური ქართული მონარქიის შექმნა სწორედ ერთიანი ეკლესიის საშუალებით მოხდა, რაც მნიშვნელოვანია და დასაფასებელი, მაგრამ ეს ისტორიული პროცესის კანონზომიერებით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ის ვერ იქნება ლეგიტიმური საფუძველი XXI საუკუნეში ქართული ეკლესიის პრივილეგირებისთვის. ესეც რომ არა, სახელმწიფო ინტერესის საკითხიცაა, ეკლესია იყოს საყოველთაო ბუნების, რაც ცივილიზებულ მსოფლიოსთან მყარი და მრავალმხრივი კავშირების შესაძლებლობას აჩენს. მაგრამ ნაციონალიზებული ეკლესია იზოლირებულია მსოფლიო ეკლესიისგან. აკაკი წერეთელი წერდა, რომ მისი ბავშვობისას კათოლიკე მისიონერები ბევრი თავადის კარზე მოღვაწეობდნენ და ავრცელებდნენ მოწინავე ევროპულ ცოდნას, ეს საქართველოს საშუალებას აძლევდა, ცივილიზებულ მსოფლიოს ნაწილობრივ მაინც დაახლოებოდა. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ კათოლიკე მისიონერები, როგორც დასავლეთის ჯაშუშები, ქვეყნიდან განდევნა, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ეკლესიის უნივერსალურობის იდეას ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ქართული ეკლესია დღემდე აგრძელებს ამ ხაზს, არადა, მას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, კვლავაც შეასრულოს ეს მისია _ დააკავშიროს ქართული საზოგადოება სამყაროს ცივილიზებულ ნაწილთან. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ მიზანს უსახავდნენ ჩვენი წინაპრები ქრისტიანულ ეკლესიას. _ მაგრამ დღეს ეს არ ხდება და, ალბათ, ამასაც თავისი მიზეზები აქვს... _ დიახ, ჩვენს შემთხვევაში ამის მიზეზი, ცხადია, უსწავლელობაა. მახსოვს, მანგლისში ჩემი ყოფნის დროს საკათედრო ტაძართან ახლოს დოლაბის ნამტვრევი იდო. სასულიერო პირები მორწმუნეებს არწმუნებდნენ, ეს ქვა ოსტეოქონდროზს კურნავსო. ერთი ჩემი კარგი მეგობარი დიაკონი ამასთან დაკავშირებით სამართლიანად შენიშნავდა _ როცა თეოლოგია არ გესმის და ღვთისმეტყველება არ შეგიძლია, ქვისმეტყველებაზე გადადიხარ. ამგვარად, ჩვენს ეკლესიას „სწავლებებიც“ საკუთარი სულისკვეთების კანონზომიერი აქვს. აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ლტოლვის იდეოლოგიური გამართლებისთვის იხმობენ დრომოჭმულ ეთნოცენტრულ საეკლესიო ლეგენდებს. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდების ისტორიოგრაფიული დასაფუძვლებისთვის საპატრიარქომ ძალაც ბევრი დახარჯა და _ ფულიც. _ რას გულისხმობ? _ „წილხვდომილობის“ ლეგენდას. დაჩხრიკეს ყველა ქართული და არაქართული წყარო, შეიქმნა პოპულარული ვიდეორგოლები და დოკუმენტური ფილმები, მოეწყო ე. წ. სამეცნიერო კონფერენციები. შედეგად, საზოგადოების სრული უმრავლესობისთვის „წილხვდომილობა“ ისტორიულ ფაქტად წარმოაჩინეს. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ამ დოგმატიზებული ლეგენდის მეცნიერული კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე, არცთუ წარმატებული ცდაა შემოთავაზებული. _ არ გინდა, თავად სცადო? _ ეს სივრცე ამისთვის არასაკმარისია, თუმცა რამდენიმე დეტალზე შევაჩერებ ყურადღებას. საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიის მიხედვით: „შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა, წილხუდა დედასა ღმრთისასა მოქცევა საქართველოსა, მაშინ ეჩუენა მას ძე მისი და რქუა, ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი უფროს საზეპურო ყოველთა ერთა“. შემდეგ იესო იერუსალიმში დარჩენას ავალებს დედას, მის ნაცვლად კი მისი ხატით საქართველოში ანდრიას გაგზავნას ურჩევს. მორწმუნე საზოგადოების სრულ უმრავლესობაში მიიჩნევა, რომ ეს თხრობა ეკუთვნის 1000-წლის წინ მცხოვრებ ისტორიკოსს _ ლეონტი მროველ ეპისკოპოსს, რაც ტყუილია ან, უკეთეს შემთხვევაში, უზუსტობა. სინამდვილეში, ეს მონაკვეთები არის მე-18 საუკუნის ჩანართები, რომელიც სხვადასხვა სახით გვხვდება ფალავანდიშვილისეულ, ბროსესეულ, თეიმურაზისეულ და ბარათაშვილისეულ ხელნაწერებში. შესაბამისად, ის დოკუმენტი, რასაც საპატრიარქო და პარლამენტი ემყარება, „განახლდა“ მთელი შვიდასი წლით. ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც „ქართლის ცხოვრების“ მეცნიერულად გამართულ ტექსტს გაეცნობა სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით. გ. მაისურაძის ერთ კრიტიკულ წერილში ამ საკითხზე მიჩნეულია, რომ წილხვდომილობაზე პირველად სწორედ ლეონტიმ ილაპარაკა, რაც, რბილად რომ ვთქვა, უზუსტობაა. _ ანუ ამბობ, რომ მრევლსა და ერს ატყუებენ? _ შეფასებებში ყველა თავისუფალია, მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობ. ქართული ეკლესიის ოფიციალური ვერსიით, ანდრიამ საქართველოში აწყურის ხატი შემოიტანა, მაგრამ ძველ საქართველოში სხვაგვარადაც ფიქრობდნენ. ანდრიასგან აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემოტანის ვერსია ყველაზე თვალსაჩინოდ გატარებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატის საკითხავში. მაგრამ არსებობს XII საუკუნის შესანიშნავი ქართული ძეგლი „გალობანი ანჩის ხატისანი“, სადაც იოანე _ ანჩელი ეპიკოპოსი _ ანდრიასგან შემოტანილ ხატად მისი კათედრის მთავარ სიწმინდეს _ ანჩის ხატს თვლის. თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით არსებობდა კიდევ ერთი _ ქართული ვერსია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის კათოლიკოსთა უძველეს საეკლესიო ცენტრ ბიჭვინთაში დასვენებული ღვთისმშობლის ხატი იყო სწორედ ის სიწმინდე, რომელიც ანდრიამ შემოიტანა საქართველოში. ამგვარად, მაწყვერელი ეპისკოპოსები, რომლებიც ხშირად მცხეთელ კათოლიკოსებს ეურჩებოდნენ, თავისი კათედრის პრესტიჟის ამაღლებას ცდილობდნენ იმის ხაზგასმით, რომ პირველმა მოციქულმა აწყურის ხატი შემოიტანა. ანჩელი ამ კონცეფციის ცენტრში საკუთარი კათედრის ხატს აყენებდა, ბიჭვინთელი კათოლიკოსები _ საკუთარს და ა. შ. აი, სწორედ ამგვარი მეცნიერული თვალსაზრისით უფასურ ლეგენდათა ციკლის ერთ-ერთი ვერსია აქცია ქართულმა ეკლესიამ XXI საუკუნეში უმთავრესი მნიშვნელობის ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოვლენად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტეფანე ათონელი, პირველი უცხოელი ავტორი, რომელიც ივერიის ღვთისმშობლისადმი წილხვდომობას ადასტურებს, მოგვიანო ხანის ავტორია. ანდრია მოციქულის შესახებ არსებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ვრცელი ძეგლი _ ნიკიტა პაფლაგონიელის „ანდრია მოციქულის მიმოსვლა“ _ ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ივერიის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას, იმას, თუ როგორ გადასცა მარიამმა ანდრიას ხატი, წარგზავნა საქართველოში და ა. შ. _ ე. ი. სასურველი წილხვდომილობა არასაკმარისი არგუმენტებით მოგვაწოდეს მოცემულობად, ფაქტად? _ ქართული ეკლესიის ხელმძღვანელობის ცოდნა იმდენად მწირი აღმოჩნდა, რომ მათ ისიც ვერ მოახერხეს, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად წილხვდომილობის შესახებ უადრესი ქართული წყაროებისთვის მაინც მიეგნოთ. ასეთად მორწმუნეთა დიდ ნაწილს ლეონტი მიაჩნია, სინამდვილეში კი ასეთი XI საუკუნის ძეგლი _ წმ. ნინოს ცხოვრების სვინაქსარული რედაქციაა, სადაც ნათქვამია: „ხოლო იტყვიან ვიეთნიმე მამათაგანნი, ვითარმედ ნაწილადცა ხუედრებულ (არს ქართლი) განყოფასა წმიდათა მოციქულთასა, წმიდისა ღმრთისმშობელისა წილი იყო ქართლისა ნათესავი, ამისთვის დედაკაცისაგან ინება მოქცევა მისი“. მაგრამ შესაძლოა, ეს უადრესი დოკუმენტი განზრახ იქნა უგულებელყოფილი, ვინაიდან აქ მხოლოდ მოკრძალებული ვარაუდია ასახული წილხვდომილობაზე, „ამბობენ ზოგიერთი მამები...“ ამიტომაც ამჯობინეს მოგვიანო, მაგრამ უფრო კატეგორიული ტექსტებით ეხელმძღვანელათ _ „ქართლის ცხოვრების“ მცდარად ლეონტისთვის მიწერილი ჩანართებით. _ ამ თემაზე დუსკუსია გახსნილად გამოვაცხადოთ. მით უფრო, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, ითხოვდე უფრო მეტ არგუმენტს, რაც პირიქით, სასარგებლოც კი არის არსებული მოსაზრების გასამყარებლად. იმედია, ამ მსჯელობისთვის, როგორც სჩვევიათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ეკლესიის მტრად არ შეგრაცხავენ, ხოლო მკვლევრები და მეცნიერები უფრო მეტ დროს დაუთმობენ საკითხის შესწავლას და ფაქტების მოძიებას. შენს მოხსენებაში ყურადღება მივაქციე მოსაზრებას, რომ ხატის კულტი ჩვენში პოლიტიკურ მოტივამდე დაიყვანებოდა. ამაზეც ვისაუბროთ. _ დიახ, ასე იყო და ასე არის. ამა თუ იმ განთქმული ხატის კულტი ჩვენში ახლაც და წინათაც პოლიტიკურ მოტივამდე დაიყვანებოდა. ამის ნათელსაყოფად მოვიხმობ მე-13 საუკუნის ერთ ნაკლებად ცნობილ, უნიკალურ ტექსტს, რომელშიც არსენ ბულმაისიმისძე ანჩის ხატზე წერს: „ქალაქთა მზემ (ანუ კონსტანტინოპოლმა), ტილო, ხოლო ქართლმა კეცი დაიმკვიდრა სიმდიდრედ ცხოვრებისა“... „იხარებდე დღეს ქართველთა სამეფოვ, რადგან ქრისტემ უმცირესად არ მიგიჩნია და მოგანიჭა მისი ხატი“. „ქართველო ერო, გიხაროდეს, აღაპყრე ხელი და მადლობა შესწირე ამ ყოვლად უხრწნელ ხატს, რადგან იგია ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე, ძალა და დიდება“. _ ამით რას მიანიშნებ? _ ავტორი აქ ცდილობს, განთქმული სიწმიდის ავტორიტეტით დაასაფუძვლოს საქართველოს გამორჩეულობის იდეა. გასაკვირი და ეპოქასთან შეუსაბამო აქ არაფერია, უცნაური ისაა, რომ ამგვარ პათოსს ზედმიწევნით ეთანადება თანამედროვე ქართული ეკლესიის განწყობებიც. ოღონდ, ამჯერად, ანჩის ხატის ადგილი ივერიის ღვთისმშობლის ხატმა დაიკავა. _ მაგრამ ამგვარი მოვლენა ხომ არ შეიძლება მხოლოდ საქართველოს საეკლესიო სინამდვილისთვის იყოს დამახასიათებელი? _ რელიგიური ნაციონალიზმი განვითარების გარკვეულ, არცთუ მაღალ საფეხურზე, ყველა ერს ახასიათებს, უმეტეს შემთხვევაში ის ღრმა მენტალური და სოციალური კრიზისის მომასწავებელია. ტომას კარლაილი, ინგლისელი პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი წერდა: „არცთუ კარგის მომასწავებელია ერებისა და თუნდაც პიროვნებებისთვის, წინასწარმეტყველებას რომ დიდ ყურადღებას აქცევენ, ბედნიერი ადამიანები აღვსილნი არიან აწმყოთი, კმაყოფილნი იმით, რასაც მისგან იღებენ... უბედურ კაცს ძნელად თუ დაარწმუნებ, რომ მისი უბედურება დღევანდელ დღეს არ მთავრდება, ვერც პატივმოყვარე დაკმაყოფილდება ახლანდელი ბრწყინვალებით, მომავალში უფრო თვალისმომჭრელ ზეიმთა სურათი ესახება“. კარლაილის ეს უნივერსალური ფორმულა ზედმიწევნით გამართლებას პოულობს საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო პოლიტიკაში. _ რას გულისხმობ, იქნებ, დააკონკრეტო? _ ერთი მხრივ, სახეზეა გაღარიბებული და ფრუსტრირებული საზოგადოება, მეორე მხრივ კი ეკლესიის პატივმოყვარე ადმინისტრაცია, რომელიც ხარბად მიელტვის კიდევ უფრო დიდ პატივს. „გაბრწინებული ივერიის“ პროექტი კი ყველას აკმაყოფილებს, კვებავს რა როგორც ეკლესიის ხელმძღვანელობის დიდებისმოყვარებას, ისე ფრუსტრირებული საზოგადოების თვითდამკვიდრების იმედს. დაუკვირდით კარლაილის შემდეგ სიტყვებს: „ასეთ დროს ერები გაცილებით ცუდ დღეში არიან, რადგან თითო ოროლა „წინასწარმეტყველი“ კი არ ჰყავთ, არამედ მრავალი და ერთი წინასწარმეტყველი აქეზებს მეორეს ისე, რომ წინასწარმეტყველური გააფთრება სულ უფრო და უფრო მატულობს“. ეს მონაკვეთი ქართული რელიგიური კლიმატის უზუსტესი შეფასებაა, არაერთი ქართველი „წინასწარმეტყველი“ მისულა გააფთრებამდე თავის მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად. _ მაგალითად? _ „წინასწარმეტყველური გააფთრება“ _ სხვა რა შეიძლება ეწოდოს მაქარაშვილის სექტას, როდესაც მის კართან ატუზული მისი მიმდევრები განწირული გაჰკივიან: „ქრისტე ხარ, მამაო!“ ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამ ადამიანების ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა, ისევ და ისევ, საპატრიარქოს ანტიქრისტიანული საეკლესიო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ავტორიტეტებსა და საკუთარი ერის სხვაზე აღმატებულობის ავადმყოფურ იდეაზეა დაფუძნებული. კარლაილი ასახელებს აპოკალიპსური მოლოდინების გამძაფრების მიზეზებსაც იმდროინდელ ევროპაში: „პაპის ძალაუფლების გაუქმებამ, მერე კი კათოლიკეთა დასუსტებამ მათ მიმდევართა ენით აღუწერელი განცვიფრება გამოიწვია. ეს ყოველივე მათ მტკიცე და ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ეგონათ, ისევე ღრმა, როგორც სამყაროს შექმნა და უცებ ერთ წამში გაქრნენ, თავისი ადგილი დაკარგეს! ჩვენს ღირსეულ მეგობრებს მთვლემარე ლევიათანი კუნძული ეგონათ, ...მათი კუნძული გაქრა, ამის მერე მათთვის აღარ დარჩა ამქვეყნად არაფერი ღირსი სიყვარულისა. განა, მათ რამედ უღირთ, რომ დიდი კონტინენტები ისევ დგანან, პოლარული ვარსკვლავიცა და ყველა გზის მაუწყებელი ვარსკვლავიც ჯერ ისევ ზეცაშია და ანათებს? გაქრა მათი საყვარელი პატარა ზეცა და ვეღარაფერი ანუგეშებთ, ამიტომაც ყოველგვარ პერიოდულსა თუ არაპერიოდულ გამოცემებში დღითი დღე ჩნდება ყველაზე ავბედითი პროგნოზები და ქვეყანას ეფინება“. სწორედ ამგვარი ზიზღით განიმსჭვალნენ ქართული ეკლესიის მოძღვრებიცა და მამამთავარიც თანამედროვე მსოფლიოს მიმართ და მისტირიან ნეტარ ფეოდალიზმსა და მონარქიას, თანამედროვეობაში კი ამაოების ბაზრის მეტს ვერაფერს ხედავენ. _ საკმაოდ მძიმედ ნათქვამი გამოგივიდა... _ შეუძლებელია, ეკლესია ვერ ხედავდეს ყველა იმ პრობლემას, რაც მასშია, მაგრამ ის ამაზე არასდროს ლაპარაკობს. სამაგიეროდ, ძალიან ბევრს ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად ბოროტია თანამედროვე სამყარო. ვფიქრობ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციული ნაწილი გარემომცველ სამყაროზე ასეთი აზრის იმიტომაა, რომ პრეაპოკალიფსური სიტუაცია, სინამდვილეში, სწორედ მის ადმინისტრაციაშია, რასაც ისინი მცდარად განაზოგადებენ მთელ მსოფლიოზე. ისევე, როგორც საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების დასასრულის მოახლოებას ისინი აღიქვამენ აპოკალიფსად. _ პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაზე აკეთებ აქცენტს? _ არა მხოლოდ. ყოველ პრობლემას პატრიარქი „ბოლო ჟამზე“ ქადაგებით უპირისპირდება. ამგვარად, დაგროვილმა პრობლემებმა საპატრიარქოში თავისებური ასახვა ჰპოვა, პრობლემები დაფიქსირდა, მაგრამ კუდმყრალი მელასი არ იყოს, იგი გარემომცველ სამყაროს მიაწერეს და არა თავიანთ თავს. _ აქ შევჩერდეთ, მით უფრო, რომ შენ მიერ წარმოდგენილი ასპექტებისა და პრობლემების შესახებ სრულფასოვანი საუბარი ერთ ინტერვიუში შეუძლებელია... თუმცა მაინც ჩნდება კითხვა: რა მიგაჩნია წარმოჩენილი და არსებული პრობლემებისგან გამოსავლად? _ ორიგინალური ვერ ვიქნები. მაგალითისთვის, კარლაილი საზოგადოებას სთავაზობს გამოსავალს ამგვარი ვითარებიდან. იგი წერს, რომ დელფოს ცრუწინასწარმეტყველებსა და მეზღაპრეებს ის აგულიანებს, რომ მათ სიტყვებს ხალხში გასავალი აქვს, ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას და დაინთქმებიან უსასრულობაში. მაგრამ ეს სამოქმედო პროგრამის ერთგვარი პასიური ნაწილია, ის, თუ რა არ უნდა გააკეთო; რაც შეეხება იმას, რა უნდა გაკეთდეს, საჭიროა რადიკალური რეფორმები, გაბედული ქირურგიული ჩარევები და გადამწყვეტი იერიშის მიტანა მთავარ მტერთან _ უსწავლელობასთან, ვინაიდან სწორედ მასშია ჩაფესვილი ყველა ამ ბოროტების ძირი.

კოკა წერეთელი

 

გაზიარება