QronikaPlus
მეტამორფოზა ეკლესიაში _ დაგვიბრუნეთ შობის დღესასწაული!

მეტამორფოზა ეკლესიაში _ დაგვიბრუნეთ შობის დღესასწაული!

2017-12-08 12:25:50

ადამიანის ფანტაზიას, გააოცოს სხვა ადამიანი, საზღვარი არ აქვს. ამ ფრაზისთვის კიდევ ერთი ფრაზის, _ ნეტარ არიან მორწმუნენის, _ მიმატება საკმარისი იქნებოდა, აშშ მოვლილი ქართველი მღვდელმთავრების განცხადებების შესაფასებლად. ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი _ 2016 წელს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში და 2017 წლის ვიზიტი აშშ-ში შგვიძლია ასევე შევაფასოთ, როგორც მღვდელმთავრების ღირებულებითი დისბალანსის გამოხატულება და ასევე საპატრიარქოს, თუ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურების კრახი განათლებისა და ინფორმაციის მოპოვებისა და ფლობის თვალსაზრისით. იმ დროს, როდესაც თითოეულ ამ მღვდელმთავარს, სავარაუდოდ, არაერთხელ უქადაგია, რომ რწმენისთვის სავალდებულო არ არის, სასწაული იხილო და უნდა დავუშვათ, რომ მაცხოვრის სიტყვების ციტირებაც მოუხდენიათ: „იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე. ნეტარ არიან, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნა“ (იოანე 20:29), მათ ფიზიკურად დასჭირდათ ბრიუსელში სტუმრობა ნატოს მიზნების გასაცნობად და ევროპის აღმოსაჩენად, ისევე როგორც აშშ-ში ჩაბრძანება, რათა ქართველი სასულიერო კოლუმბები გამხდარიყვნენ. არადა, გარეთ XXI საუკუნეა და, მინიმუმ, ინფორმაციის მოპოვება და მისი განსჯა, გადამუშავებაა საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი შეხედულებების კორექცია მოახდინო, დაიჯერო, ირწმუნო ერთი ან მეორე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცუდი ნამდვილად არაფერია გაკეთებულ განცხადებებში, რომ არა მათი ზოგიერთი ავტორის ადრინდელი ქმედებები და შეფასებები. აბა, რომელი მათგანი იტყვის ღიად, სად იყვნენ 2013 წლის 17 მაისს? თუმცა ამ თემას შევეშვათ და დავიჯეროთ, ვირწმუნოთ, რომ სავლე პავლედ გადაიქცა. გაგრძელება? რა გაგრძელება ექნება ამ ვიზიტს? გამოვლენ კი ისინი ამბიონზე და იქადაგებენ იმას, რასაც სატელევიზიო კომენტარებში აცხადებდნენ? დაავალებენ საკუთარი ეპარქიების სასულიერო პირებს, რომ კარდაკარ შემოიარონ მრევლი და განუმარტონ ის სიკეთეები და აღმოჩენები, რაზედაც ტელეეკრანებიდან გვებაასებოდნენ? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს განცხადებები მეტად დამაბნეველი იყო და წარმოაჩინა, რომ ეკლესიის წიაღში კარჩაკეტილობა სუფევს, თუ გაუნათლებლობა არა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ინსტიტუტზე, რომელიც საქართველოში ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალიან ბევრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. მათთვის ნატო, ევროპა, დასავლური ღირებულებები კარგად არის ცნობილი. მაგრამ ფაქტია, რომ „ამერიკული განცხადებები“ მიზანმიმართულად იყო გაკეთებული და მას ორი შემადგენელი, ანუ ადრესატი ჰყავს: ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხედავს ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, კარჩაკეტილობას და თავად დასავლეთი, რომელსაც ეს პირები პროგრესულ პერსონებად წარუდგნენ. რეალურად კი ეს მეტამორფოზა ამ პერსონების სამომავლო ამბიციებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები დარტყმა იყო მოსაყდრე შიოზეც, როგორც რუსულ პროექტზე. და თუ დავუშვებთ, რომ „პროექტის“ თემა ყურით მოთრეულია, განცხადებებს სწორედ აღნიშნული მიმართულებით მივყავართ. ამ ყველაფრის შემყურეს უნებურად გვიჩნდება ასეთი აზრი _ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავლად არიან პრორუსი და აწ უკვე პროდასავლელი ეპისკოპოსები, ასევე ფარისეველნიც, მაგრამ ძალიან ცოტანი პროქართული ეპისკოპოსები და სასულიერო პირები. ახლა კი თემა სწორედ პროქართული საქმის გაკეთების აუცილებლობით განვაგრძოთ, რომელიც ბობოქარი ეპისკოპოსებისა და მდუმარება შეშვენებული შიოსთვის ერთგვარ ტესტად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ქართული საზოგადოებისა და მრევლისთვის ამას, სასულიეროსთან ერთად, ყოფითი ასპექტებიც აქვს. *** მაშ, ასე! _ შობა _ 25 დეკემბერი, თუ 7 იანვარი? ლამის, მთელი მსოფლიო ამ უდიდეს დღესასწაულს სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობენ შობას კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები. საქართველოს ეკლესიაც აღნიშნავდა ამ დღესასწაულს წლების განმავლობაში სწორედ 25 დეკემბერს. და მაინც, რატომ 7 იანვარი? 1918 წელს საქართველოს საერო ხელისუფლებამ მოქმედი ძველი კალენდარი შეასწორა და შემოიღო გრიგოლის კალენდარი. საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო ეს შესწორება, რის შედეგადაც 25 დეკემბერი იქცა სამოქალაქო კალენდრის 7 იანვრად. კალენდარული რეფორმები იმხანად ყველა მართლმადიდებლურ სახელმწიფოში განხორციელდა. 1923-24 წლებში ეს რეფორმა განახორციელა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ, საბერძნეთის საარქიეპისკოპოსომ და მოსკოვის საპატრიარქომ. კათოლიკოს-პატრიარქთა _ წმინდა ამბროსისა (ხელაია) და ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიამაც ორგზის სცადა ახალი კალენდრის შემოღება. ახალი სტილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებდა 1923-1925 და 1927-1928 წლებში, მაგრამ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს საქმე ორჯერვე ჩაიშალა. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო განჩინება ახალი სტილის დროებით, ვიმეორებ, _ დროებით შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნების შესახებ. მეოთხე საეკლესიო კრების განჩინებაში სიტყვა-სიტყვით წერია: „ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რისი მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათის აზრით, ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა. ასე მსჯელობენ არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც. ახალი კალენდრის შემოღება უაღრესად ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასვენების დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავნი და მოძრავნი, სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით“. საკათალიკოსო სინოდმა მღვდელმთავრებს დაავალა, პროპაგანდა გაეწიათ ახალი სტილის სასარგებლოდ. დღეისთვის საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმისა და სერბეთის საპატრიარქოები რჩებიან „ძველ სტილზე“, ხოლო უკლებლივ ყველა სხვა, 11 ავტოკეფალიური ეკლესია, გადასულია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე (ე. წ. ახალი სტილი). თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ უხერხულობას, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა და ზეიმი დამძიმებულია მარხვით, კალენდრის ცვლილების აუცილებლობის შესახებ დიდი განსჯის საკითხი არც უნდა ყოფილიყო ახალ სტილზე გადასვლა. მით უფრო, რომ, ჯერ კიდევ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბასილი III აცხადებდა, რომ: „მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ“. „აქ იგულისხმება, პირველ რიგში, ახალი წლის დამთხვევის აცილება საშობაო მარხვაში, ორი კალენდრის ზედმეტობა, ძველი სტილის აშკარა ასტრონომიული ცდომილება, ხოლო თანახმად უწმინდესისა და უნეტარესისა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა: საკავშირო მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ასეთი იყო: რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ეკლესიაში, მით უკეთესი“, _ აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. მისივე თქმით, საბჭოთა ხელისუფლების მიზანდასახულობა იყო, კავშირში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია გაეუცხოებინა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ მოძმე ეკლესიებთან, რა პოლიტიკასაც ზოგადად ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან მიმართებით. დღეს? რას ვეუბნებით დღეს არსებულ გამოწვევებსა და ვითარებას? თუ ისევ იმ დონეზეა ქართული საზოგადოება და, მათ შორის, სამღვდელოების უმეტესი ნაწილი, რასაც მეოთხე საეკლესიო კრება მიუთითებდა: „ასე მსჯელობენ არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც“. *** რეალობა ასეთია: გააჩნია, ამას როდის აღიარებს საპატრიარქო, ან აღიარებს თუ არა საერთოდ, მაგრამ ბოლო წლებია, ეკლესიას მრევლი მოაკლდა. მიზეზების განხილვას არ დავიწყებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი _ სასულიერო პირების აგრესიულობა და მათი ხილული კავშირები რუსეთთან, ასევე უმთავრესი _ სიყვარულის დეფიციტი, ან მისი არქონა, დიდად განაპირობებს იმას, რაც ახლა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ასევე, თუ რეალობას ვაღიარებთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უდიდესია რუსეთის „ძმური“ გავლენა. ქართველ სასულიერო პირებსა და განსაკუთრებით მღვდელმთავრებს დიდად არ ეპიტნავებათ საერო პირების რჩევები და კარჩაკეტილ ცხოვრებასა და საქმიანობას ეწევიან. ამ უმძიმეს ფონზე საქართველოს ეკლესიის წინაშე კვლავ ახალი გამოწვევები დგას. როგორ განვითარდება ის, რა წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობაში და, საერთოდ, რამდენად არის მიდრეკილი პროგრესისკენ? თუ, თუნდაც, საპატრიარქოს მაღალი იერარქების _ მღვდელმთავრების ვიზიტები უცხოეთში, მათი „აღმოჩენები“ და მეტამორფოზა, მხოლოდ და მხოლოდ, მერკანტილური მიზნებით არის განპირობებული? მეტადრე, თუ გავითვალისწინებთ, პატრიარქის საკმაოდ არაორდინალურ გადაწყვეტილებას და მოსაყდრის დანიშვნას, რაც ნამდვილად შესაძლებელია, სინოდმა და სრულიად ყველა პროგრესულმა სასულიერო პირებმა ამ ინსტიტუტის რეფორმირებისთვის გამოიყენონ. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, თავად დედა ეკლესიას, ვერაფერს გაუკეთებს უკეთესს, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქების, წმინდა ამბროსისა (ხელაია) და ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას გამოხატული ნების აღსრულებაა. მით უფრო, რომ ეს ნება ეფუძნება საეკლესიო სინოდის განჩინებას და იმავე სინოდის განჩინების საფუძველზეა დროებით შეჩერებული. ვსაუბრობ საქართველოს ეკლესიის „ახალ კალენდარზე“ გადასვლის აუცილებლობაზე. გავიმეორებ: ახალი სტილის კალენდარი ჩვენს ეკლესიაში ორჯერ, 1923-1925 და 1927-1928 წლებში მოქმედებდა, მაგრამ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლა ვერ მოხერხდა. ნიშანდობლივია საქართველოს ეკლესიის, წმინდა სინოდის 1927 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ახალ სტილთან დაკავშირებით: „ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოვუწოდებთ ჩვენს სამწყსოსა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისთვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც, მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადსა ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის, ბასილის სიტყვებს: „მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის. მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ“. თუ ამ ნაბიჯს ეკლესია არ გადადგამს, მრევლი ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, საკუთარ თავში მაინც დაამკვიდრებს სწორედ 25 დეკემბერს შობის დღესასწაულად, ხოლო ეკლესია აღმოჩნდება წმინდა სინოდის განჩინების უგულებელმყოფელი. და ერთიც: სავარაუდოდ, მავანი ეკლესიის ავტორიტეტზე შემომედავება და იტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ეკლესია არანაირ რეფორმას არ საჭიროებს, მით უფრო _ შობა 25 დეკემბერს კი არა, 7 იანვარს უნდა აღინიშნოს. მათ ვუპასუხებ: რეიტინგი ეკლესიას კი არა, რწმენას აქვს და თუ დღევანდელი მღვდელმთავრები და სინოდი კვლავინდებურად გააგრძელებენ ინტრიგებს, აგრესიასა და კიდევ უფრო გაუღრმავდებათ სიყვარულის დეფიციტი, სულ მალე ეს რეიტინგი ძალიან დაეცემა. განა იმიტომ, რომ ვიღაცას რწმენა მოაკლდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმენის ინდენტიფიცირებას არ მოახდენს კონკრეტულ სასულიერო პირებთან და ინსტიტუციასთან. ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ მეც ხილულად მინდა ვნახო, რომ ჩვენს ეკლესიაში ქიშპის გარდა, რაღაც სასიკეთოც ხდება.

კოკა წერეთელი

გაზიარება