ზაზა ხატიაშვილი: ,,პაპუაშვილთან ჩემი კითხვის ნიშნები მაქვს, მაგრამ ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლომ გმირული გადაწყვეტილება მიიღო!”

zaz

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ, ბოლო პერიოდში, უცნაური მოვლენები ხდება. სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეთა მიმართ ზეწოლებზე ალაპარაკდა. დაიწყო გამოძიება და საკონსტიტუციოს მოსამართლეები სათითაოდ დაკითხეს, მაგრამ მათ უარყვეს მსგავსი ფაქტები და განაცხადეს, რომ ზეწოლა არ ყოფილა. მოსამართლეებს უცხოელი დიპლომატებიც შეხვდნენ, თუმცა, როგორც ცნობილია, მათთანაც არ დაუდასტურებიათ ის, რაც პაპუაშვილმა განაცხადა. რა ხდება სინამდვილეში ქართული თემიდის საკონსტიტუციო ნაწილში და რას ემსახურება იქ დაწყებული არეულობა?

„ქრონიკა+“-ს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება:

_ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რომ დაერწმუნებინა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა არ ხდება და სასამართლოს თავმჯდომარე რასაც ამბობს, მოგონილია. ჩავიხედოთ პრობლემის არსში და ნახეთ, რა სურათი დაიხატება. გამოჩნდება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება და ეს დაკავშირებულია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან.

_ დეტალურად ჩავიხედოთ პრობლემის არსში…

_ როცა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენციაზე მან ბეჭდურ გამოცემას დაარტყა, შემდეგ, რამდენიმე კვირაში, „რუსთავი 2“-ის მიმართ დაიწყო კრიტიკა, რაც ისტერიაში გადაიზარდა. მას სურდა, რომ ყველა მედიასაშუალებას, მით უფრო, ტელემედიას, ერთ ხმაში ელაპარაკა. არ დაუმალავს და ღიად განაცხადა, ყველას ვიყიდიო. მოგვიანებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და თითქოს სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა, მაგრამ ვხედავთ, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი მართავს, რომელიც ყველა გამოსვლაში აფიქსირებს არათუ კრიტიკას, არამედ ზიზღს „რუსთავი 2“-ის მიმართ. სწორედ ამ დროს „სცენაზე“ გამოდის ხალვაში და დავას იწყებს „რუსთავი 2-“თან. დარწმუნებული ვიყავი, მოსამართლე „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გაბედავდა. სანამ ხალვაშსა და ყარამანიშვილებს შორის შესაძლო ყიდვა-გაყიდვაზე დავა დაიწყებოდა, იქ იყო რამდენიმე მყიდველი, რომელთა ბედითაც, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ დაინტერესებულა. ქიბარ ხალვაშმა პირდაპირ მოითხოვა ყარამანიშვილებისაგან ამ ტელეკომპანიის გადმოცემა, რაც სამართლებრივად,  ჩემი აზრით, უზენაეს სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

_ რატომ ეწინააღმდეგება?

_ არსებობს კეთილსინდისიერი მყიდველის ინსტიტუტი. ვთქვათ, თქვენ ჩემგან იყიდეთ ბინა და დადეთ კეთილსინდისიერი გარიგება, მე კიდევ, თავის დროზე, ვიღაცისგან ვიყიდე ის, ვიღაცამ კიდევ ვიღაცისგან… ანუ აღმოჩნდა, ოთხი მყიდველის წინ ვიღაცას უკანონოდ წაართვეს ეს ბინა, მაგრამ მე რა შუაში ვარ, პატიოსანი მყიდველი? ან შენ რა შუაში იქნები? დაახლოებით ასეთი სიტუაციაა „რუსთავი 2“-თან მიმართებითაც. ამ სარჩელის დაკმაყოფილება სამართლებრივად აბსურდი იყო. მოსამართლე ურთმელიძე ცოცხალი თავით არ იცილებდა პროცესებს და ამ დროს, პირველად ერთვება საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც „რუსთავი 2“ მიმართავს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, ურთმელიძე რამდენიმე დღეში დააკმაყოფილებდა მათ სარჩელს და შემდეგ შეეძლო, იმისთვისაც მიეღწია, რომ დაუყოვნებლივი აღსულება მომხდარიყო. „რუსთავი 2“ რომ ამბობდა, ჩვენი კომპანიის წართმევა უნდათო, სიმართლე იყო, რაც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა. „რუსთავი 2“-მა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოსთხოვა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას უშვებდა და აღნიშნული ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ იწყება კიდევაც აქციები სასამართლოს მოსამართლეთა წინააღმდეგ. ამჯერად „სცენაზე“ გამოდიან ე. წ. ბიძინისტები და შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო. არადა, ამ მოსამართლეებმა დაიცვეს სამართლიანობის პრინციპი და შეაჩერეს იმ ნორმის მოქმედების ვადა აპელაციაში განხილვამდე, რომელიც არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს. ბიძინისტებმა ინტერნეტი ააფეთქეს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსამართლეების მიმართ. ყველაზე მდიდარი პარტია საქართველოში დღეს „ქართული ოცნებაა“, რადგან მას მილიარდერი ივანიშვილი უმაგრებს ზურგს. ის რეალურად ხელისუფლების მმართველია და ეს არც არის დაფარული. ამაზე წერენ გაზეთები, ელექტრონული მედია, საუბრობენ ტელევიზიით და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წულუკიანი გამობრძანდა და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რეფორმა უნდა ჩავატაროო. მანამდე სამი წელი იყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ამ პერიოდში არანაირი რეფორმა არ გახსენებიათ. რაც მთავარია, ამას ატარებენ იმ ფონზე, როცა „მურუსიძეების სასამართლოსთან“ მიმართებით ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა და მურუსიძეები თავზე დაგვასხა. სხვათა შორის, მურუსიძეზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მსხვერპლი იყო. როდესაც მთელი საზოგადოება დავირაზმეთ მურუსიძეების წინააღმდეგ, მათ კვლავ ბიძინა გადაეფარა. ცხადია, გახსოვთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მთელი ადვოკატთა ასოციაცია შევკრიბე და თავად „ქართულ ოცნებაშიც“ გაჩნდა გარკვეული ბზარი და კითხვა: რატომ მისცა მურუსიძეს ხმა ევა გოცირიძემ, ვახტანგ თოდრიამ და კახა სოფრომაძემ? სანამ ეს მოხდებოდა, რამდენიმე კვირით ადრე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეები დაკრძალვაზე მივიდნენ. სწორედ მურუსიძე აწერდა ხელს სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლოს ბოლო ინსტანციაში. ამ სასამართლო კოლეგიაში ერთ-ერთი მოსამართლე იყო ნუნუ კვანტალიანი, რომელმაც ხელი არ მოაწერა გადაწყვეტილებას და მოლაშვილზე თქვა, ეს ადამიანი უკანონო პატიმარიაო. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და კვანტალიანი მაშინდელმა რეჟიმმა სასამართლო სისტემიდან გააგდო. იცით, რატომ არის ივანიშვილი ბოროტი და საშიში?! _ ის არ ამბობს, რომ ნუნუ კვანტალიანი მსხვერპლია. მასზე კრინტსაც არ ძრავს, ვინც რეალურად შეეწირა მოლაშვილზე გადაწყვეტილებას და „ნაციონალურ“ რეჟიმს და იმ ადამიანზე გაიძახის მსხვერპლიაო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი იყო და ყველას ანადგურებდა, ვინც სააკაშვილის რეჟიმს შეეწინააღმდეგებოდა.

_ „ოცნებამ“ ნუნუ კვანტალიანი სამსახურში არ დააბრუნა?

_ ასევე კარგი მოსამართლე იყო ლალი ლაზარაშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან იმიტომ გააგდეს, რომ კუბლაშვილს შეეპასუხა. ანუ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც არ აღასრულებდნენ დაკვეთას, მაგრამ იმდენად ბოროტია ეს ხელისუფლება, მათზე არ ამბობს, მსხვერპლიაო. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიც უვიცები არიან, რადგან მათ ეს თემა ხალხამდე ვერ მიიტანეს.

მკითხველს ორი რაკურსით დავანახვე ივანიშვილი: ერთი, _ როცა მურუსიძეების სასამართლო ანადგურებს ყველაფერს და ის მაინც მსხვერპლიაო, გაიძახის და მეორე, _ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გმირული გადაწყვეტილება გამოაქვს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანია არ გაანადგურონ, აღსრულება დაუყოვნებლივ არ მოხდეს და ამაზე ისტერია იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან როცა აქციები ტარდებოდა, უსუფაშვილმა თქვა, _ ეს გამოხატვის თავისუფლებააო. არადა, კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ არ შეიძლება სახლთან ამგვარი აქციების ჩატარება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარდა, იქ ცხოვრობენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. უამრავი აქცია ჩამიტარებია, მაგრამ არასდროს გამიკეთებია ის, რაც ივანიშვილის ხალხმა გააკეთა, არ მივსულვარ საცხოვრებელ კორპუსთან აქციის ჩასატარებლად. იმ ადამიანს შეიძლება სახლში ჰყავდეს არასრულწლოვანი შვილი და მამა ან დედა თუ უვარგისია, ბავშვმა რა დააშავა? ყოველთვის ვიცავდი არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს იმის მიუხედავად, მომწონდა თუ არა მისი მშობლის ნამოქმედარი. ჩემს კარიერაში არასდროს გამიკრიტიკებია ვინმეს მეუღლე, ოჯახი, შვილები, რადგან ეს არის ხელშეუხებელი თემა და სამარცხვინო საქციელი. ამ ისტერიული კამპანიების შემდეგ ვინმეს სჯერა, რომ საკონსტიტუციომ სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლები არ განახორციელა და რადგან მათ ეს უარყვეს, სინამდვილეც ასეა?

_ როგორ არ სჯერათ. ბევრი ამბობს, რომ პაპუაშვილი მატყუარაა, „ნაციონალებთან“ შეკრულია და ასე ამიტომ იქცევა… ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ როცა თქვა, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდაო, მოსამართლეები დაკითხეს და მსგავსი რამ მათ უარყვეს. ვინ ტყუის და რომელი ამბობს სიმართლეს, როგორ უნდა გავიგოთ?

_ ისტერიული ლანძღვა-გინებისა და აქციების შემდეგ შანსი არ არის, მოსამართლეებზე ზეწოლა არ მომხდარიყო! საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არასამუშაო დროს გამოიძახეს და რეფორმა განახორციელეს, მურუსიძეების სასამართლო კი დატოვეს. აი, ეს სიბინძურე ჩაიდინა დღევანდელმა ხელისუფლებამ. გიკვირთ, რომ მოსამართლეებმა ყველაფერი უარყვეს? არც ერთი მოსამართლე არ იტყოდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა. ვერავინ გაბედავდა ამას იმიტომ, რომ ხვალ მათ სახლთან დაქირავებულ ხალხს კიდევ დააყენებდნენ ბინძური პლაკატებით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე თავდასხმა ხდება და აცხადებენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, რომელი მოსამართლე იტყვის, ჩემზე ზეწოლააო? როცა ხედავენ, რომ დაუცველები არიან და ხელისუფლება ახალისებს მათ, ვინც შეურაცხყოფას აყენებს, ხმას როგორ ამოიღებენ? მეც ჩავატარე ე. წ. მურუსიძეების წინააღმდეგ აქცია, მაგრამ რა უფლება მქონდა, ლევან მურუსიძის სახლთან მივსულიყავი? არ მაქვს ამისი არც მორალური, არც ზენეობრივი, არც სამართლებრივი უფლება, ამიტომ მივედი იქ, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ, უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ა. შ.

მერაბ ტურავამ განცხადება დაწერა და „რუსთავი 2“-ის საქმე პლენუმს გადასცა… უკვე დადასტურდა ყველაფერი და გაირკვა: ცვლილება განხორციელდა იმიტომ, რამ „რუსთავი 2“-ის ხმა როგორმე ჩაახშონ.

_ თქვენი აზრით, ამ საქმეს რა გაგრძელება ექნება?

_ საქართველოში ოპოზიცია ძალიან სუსტია და ბევრი რამ, სწორედ, ამის ბრალია. ვუყურებ მათ გამოსვლებს და ვხვდები, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა არავის აქვს პროგრამა, რომლითაც მურუსიძეს და მურუსიძეებს სახლებში გაუშვებენ. თუ თავისი პლატფორმა წინასაარჩევნოდ სწორად წარმართა, ამ ძალას შანსი აქვს, საკანონმდებლო უწყებაში მოვიდეს, სხვებს კი _ არა.

_ იქნებ, ბურჭულაძეც იტყუება და როცა ხელისუფლებაში მოვა, სხვაგვარად მოიქცეს? პოლიტიკოსებმა ხალხის ნდობა დაკარგეს. ივანიშვილიც ამბობდა, მაჟორიტარული სიებით არჩევნები ფეოდალური არჩევნებიაო, მაგრამ ამ კუთხით არაფერი შეუცვლია.

_ მე არ ვიცი, რეალურად რას გააკეთებს ბურჭულაძე, მაგრამ ასეთი აზროვნება პატივსაცემია. სხვა ოპოზიციური პარტიები კი ამ თემაზე არც საუბრობენ, თითქოს ეს პრობლემა მნიშვნელოვანი არ იყოს. ივანიშვილი დღეს მაჟორიტარების დაფინანსებით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მაგრამ თუ ხელისუფლება შეიცვალა, ყველაფერი გაირკვევა და ნათელი გახდება _ ვინ და რა ფორმით განახორციელა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლები, რით ემუქრებოდნენ მათ. ივანიშვილმა თუ ხელისუფლება გაყალბებებით და უბედურებებით შეინარჩუნა, ვფიქრობ, ის ოთხი წელი ხელისუფლებაში ვერ გაძლებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ერთნაირად მოუბრუნდება.

სასამართლომ გმირული გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“-თან მიმართებით. ისიც ვთქვათ, „ნაციონალების“ შემქმნელი და მთავარი დამფინანსებელი ივანიშვილი არ იყო? ამიტომაც, თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რადგან ადამიანი „ნაციონალი“ იყო, მას უფლება არ აქვს, რაიმე აკეთოს.

_ ანუ პაპუაშვილის მოღვაწეობასაც დადებითად აფასებთ?

_ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილის გვერდით დგნენ და უსამართლობას სჩადიოდნენ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. პაპუაშვილთან ჩემი კითხვის ნიშნები მაქვს. როდესაც ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონკურსზე გადიოდა, კომისიაში მე ვიყავი და ეს შეკითხვები დავუსვი კიდევაც. პრეტენზიები მაქვს მასთან, მაგრამ ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლომ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მას ივანიშვილის ხელისუფლება დაუპირისპირდა და ეს დანაშაულია. ახლა ვსვამ კითხვას: ე. წ. მურუსიძეებივით რომ მოქცეულიყვნენ პაპუაშვილი, საკონსტიტუციოს მოსამართლეები და ისეთი გადაწყვეტილება გამოეტანათ, როგორიც ივანიშვილის ხელისუფლებას აწყობდა, „რუსთავი 2“ ხალვაშის გამხდარიყო, მისი სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო, ვინმე შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობას და მოსამართლეებზე ცუდს იტყოდა? ასეთი რამ არ მოხდებოდა, ანუ თავდასხმა მათზე დაიწყო გადაწყვეტილების შემდეგ და არა გადაწყვეტილებამდე. ამით სასამართლოს აჩვენეს, თუ იქნებით მურუსიძეების მსგავსნი, თქვენც გექნებათ ხელშეუხებლობა და თუ პაპუაშვილის ადგილზე აღმოჩნდებით, მოღვაწეობას დაამთავრებთო. ამას აკეთებდა სააკაშვილიც, სხვას კი არაფერს.

როცა ივანიშვილს მურუსიძეების მფარველობისთვის ვაკრიტიკებდი, მე რომ მეძახდნენ „ნაციონალს“, ახლა მათ მფარველს დაუძახონ, „ნაციონალი“ ყოფილხარო. რატომ არ აკეთებენ ამას?

_ რატომ უნდა დაუძახონ „ნაციონალი“?

_ რატომ და, „ნაციონალებს“ რომ აბრუნებს ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ, რომ „ნაციონალებით“ აკომპლექტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს. ეს არის ივანიშვილის მესიჯი _ ვინც ჩემთან გადმოხვალთ, შეგიფარებთ იმიტომ, რომ მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდითო. ვისთანაც იყო, ისევ იმ ხალხთან უნდა ყოფნა. ამიტომაც არის, რომ ყოფილი „ნაციონალები“, ვინც მონური მორჩილება გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებად სახელდებიან. არჩევნებზე ნახეთ, რა მოხდება, ყველაფერზე წავლენ, ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ. ბოტანიკური ბაღი რომ მიიერთა, ხომ უნდა დრო, იქ რაღაც გააკეთოს და თუ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, მაგ ბაღსაც დაკარგავს, ამიტომ ყველაფერზე წავა, რათა დარჩეს. ძალიან ბევრი მილიარდერია მსოფლიოში, ივანიშვილზე ათჯერ მეტი ფული აქვს, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღებსა და მსგავს ადგილებს არ ყიდულობს. სააკაშვილს რომ შერჩა, ჰგონია, მასაც აუცილებლად შერჩება.

 

                                                                                                           ნელი ვარდიაშვილი