პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:27:07
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნების“ პროკურატურამ ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებს ახალი ბრალი წარუდგინა, მათ შორის, საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების. შედეგად, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს ციხეში წლობით გამოკეტვა ემუქრება. რუსთაველის გადაკეტვისა და პირბადის ტარების გამო კი ყოველდღე იჭერენ ადამიანებს.
რეპრესიების ახალ ტალღასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა:
_ ბრალდებების ჩამონათვალის გათვალისწინებით, ცხადია, საქმე გვაქვს აბსურდთან. არ მგონია, ეს სამართლებრივად შეაფასოს ვინმემ, ფაქტია, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. პროკურატურის მიერ პოლიტიკოსებისთვის წარმოდგენილი ბრალდების მიხედვით, ქვეყნის წინააღმდეგგ მიმართულ დანაშაულად ცხადდება ღიად საუბარი ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე ან დემოკრატიის შესახებ პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, ამას ერთადერთი შეფასება აქვს _ ეს არის მცდელობა, ქვეყანაში სტაბილურად დამყარდეს დიქტატურა, არ იყოს დემოკრატია, მთავრობა არაფერზე არ იყოს პასუხისმგებელი ხალხის წინაშე
_ ჰიბრიდული დემოკრატიიდან სწრაფად მივექანებით დიქტატურისკენ. თქვენი აზრით, რა ჰქვია იმ ეტაპს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით?
_ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი, ქვეყანა დატოვოს ჰიბრიდული დემოკრატიის ფარგლებში, რადგანაც ასეთი მმართველობის პირობებში ის ძალაუფლებას დაკარგავს. ჰიბრიდული რეჟიმი რაღაც ტიპის ლეგიტიმაციას მაინც ემყარება, მინიმუმ 30-პროცენტიან მხარდაჭერას, ოღონდ რეალურ მხარდაჭერასა და არა ისეთს, რომელიც მიღებულია ძალადობრივი მეთოდებით ბიულეტენების ჩაყრის შედეგად. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაიაზრა, რომ ეს მხარდაჭერაც არ გააჩნია და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საჭიროა ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი ყოველგვარი დემოკრატიული ელემენტების გარეშე. აქეთ მიდის ახლა „ქართული ოცნების“ მთავრობა, მაგრამ არ მგონია, ამას მთელი ქვეყანა გაჰყვეს. 21-ე საუკუნეში თითებზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომლებიც აბსოლუტურ ავტორიტარიზმად ჩამოყალიბდნენ, უფრო გავრცელებულია ჰიბრიდული რეჟიმები _ ეს ნაკლებ ძალადობას მოითხოვს, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებს. გზა, რომელიც ავტორიტარიზმამდე მიდის, საკმაოდ სახიფათოა და ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამ გზას დაადგება.
_ პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე, რომელიც „ოცნებამ“ კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოაყალიბა, რას იტყვით?
_ ესეც არის იმ პროგრამის ნაწილი, რასაც ჰქვია დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობა. ის, რაც ხდებოდა, როგორც კობახიძემ ახსენა, გებელსის დროს გერმანიაში, იმას თანამედროვე „გებელსები“ ახორციელებენ საქართველოში. მე უფრო „თალიბანს“ ვუწოდებდი საქართველოს დღევანდელ მთავრობას.
_ ამავდროულად, გრძელდება რეპრესიები მოქალაქეების მიმართ. შესაძლებელია თუ არა რაიმე სამართლებრივი ბრძოლის გზით ამაზე შეწინააღმდეგება? თუნდაც „შეკრებისა და გამოხატვის“ შესახებ კანონში შეტანილი ანტიკონსტიტუციური ცვლილებების გასაჩივრებით, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში?
_ როდესაც დიქტატურა მყარდება, კანონს აქვს ერთადერთი ფუნქცია: გააფორმოს, რაც დიქტატორს სურს. ამ ფუნქციას ასრულებენ დღეს კანონები. ახალი კანონის დასაბუთებისას, თუ რატომ ცვლის ჯარიმას პატიმრობით, კობახიძემ განმარტა, რომ „ჯარიმამ ვერ გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი“. ანუ რაღაც მაღალი მიზნები კი არ ამოძრავებდა, არამედ იმის სურვილი, რომ პროტესტით გამოწვეული დისკომფორტი მოეშორებინა! _ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხო კანონი. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს გაპროტესტებას, როდესაც იცი, რომ სასამართლო გაიზიარებს ხელისუფლების მხარდაჭერილ ნებისმიერ აბსურდს. ამ ეტაპზე ცენტრალური მნიშვნელობის არის ის, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც „იმედი ტვ-სა“ და „პოს ტივის“ უყურებს, გაიგოს, სად უწევს ცხოვრება და სად მოუწევს, თუკი ნამდვილად შეძლო ივანიშვილმა და კოლექტიურმა კობახიძემ თავისი მიზნების მიღწევა.
_ როგორც ვხედავთ, პროპაგანდა მუშაობს, რეჟიმი ახერხებს მოსახლეობის ნაწილის დარწმუნებას, ნაწილის მოსყიდვას, ასეთ ვითარებაში რა გზა რჩება?
_ გზა რჩება ჩვენგან კონტრინფორმაციის მიწოდებისა და იმ აქცენტების გაკეთების, რაც მათ არ სურთ. მაგალითად, საზოგადოებამ იმას კი არ უნდა მიაქციოს ყურადღება, პროკურატურის აბსურდულ ბრიფინგზე რა იდიოტობები ისაუბრეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, არამედ იმას, რომ ორგზის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის უკანონო შემოსავლებს იღებდა, რომ მას სახლში ნაღდი ფულის სახით აღმოაჩნდა 6 მილიონი დოლარი; რომ მასთნ დაკავშირებული უმაღლესი თანამდებობის პირები, რომელთა მზეს ფიცულობდნენ ისინი, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპს წარმოადგენენ, იყვნენ აბსოლუტურად კორუმპირებულები. მთელი ამ 12 წლის მანძილზე ეს ხალხი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და არავინ იშურებდა მათ ქებას. ჩემი აზრით, ეს არის ის ცენტრალური საკითხი, რომელიც იწვევს აღშფოთებას „იმედის“ მაყურებელშიც კი, რომელიც „ქართული ოცნების“ კეთილ ნებას არის მინდობილი და ჰგონია, რომ ეს არის მთავრობა, რომელმაც სტაბილურობა და სიმშვიდე მოიტანა. ამიტომ აქცენტები უნდა გაკეთდეს იმაზე, სინამდვილეში რა ხდება და არა იმ შეცვლილ კანონებზე, რომლის მიღება და გაუქმება „ქართულ ოცნებას“ როგორც მოეპრიანება, ისე შეეძლება. ის დიდი ხანია, ისედაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, დაწყებული იმ დღიდან, როდესად ცალმხრივად შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 28 ნოემბრიდან.
_ თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს დარეგისტრირდეს პარტიად, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. რას იტყვით ამის შესახებ?
_ მიმდინარეობს პროცესი და მოდის ასეთი აბსურდული შენიშვნები, მაგალითად: გვთხოვენ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას, რომლებიც ყრილობას არ დაესწრნენ. ამ დროს ყრილობა რომ ლეგიტიმურად ჩითვალოს, აუცილებელია დაესწროს სამასი ადამიანი, დაესწრო 323. ახლა გვთხოვენ იმ დაახლოებით 450 ადამიანიდან, ვინც სურვილი გამოთქვა, მაგრამ არ დასწრებია ყრილობას, მათ შესახებ ინფორმაციას. ახლა უნდა მივწეროთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არ დასწრებიან ყრილობას, შესაბამისად, არ არიან ჩვენი დელეგატები, ვერც გავცემთ მათ შესახებ ინფორმაციას, რადგან მათგან ამის ნებართვა არც გვაქვს... ასე პინგ-პონგს გვეთამაშებიან, რომ როგორმე გაწელონ დრო. უკვე მეორედ ვაბრუნებთ პასუხს. წერტილსა და მძიმეში ვერ იპოვეს განსხვავება, თუ არა იმასაც მოგვწერენ, რომ როგორმე გააჯანჯლონ ის, რაც გარდაუვალია.
_ არის საუბრები, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც ჩანიშნოს 2026 წელს საპარლამენტო არჩევნები, რომ მოსუფთავებულ ველზე მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყნის ორიენტაციის შეცვლა ოფიციალურად გააფორმოს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, თუ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა მართლაც დაინიშნოს არჩევნები და თუ ემზადებით ამისთვის?
_ მგონია, რომ ამ არჩევნების ჩანიშვნა „ოცნებას“ მაინც არ უნდა. რაც უნდა კანონები მოირგოს საკუთარ თავზე, რაც უნდა პარტიები გააუქმოს, ყველას მაინც ვერ გააუქმებს. ძალიან კარგად იცის ისიც, რომ იგი ფაქტობრივად გადაიქცა სიმსივნედ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, კიდევ უფრო აშორებს მათ ქართველი ხალხისგან. აქედან გამომდინარე, სიხარულით ისინი არჩევნებს ვერ დანიშნავენ, შესაძლოა, იძულებული გახდნენ... საბოლოო ჯამში, ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ დასასრული არის ძალიან ახლოს, უფრო ახლოს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
_ მაგალითად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ რაც უფრო ცუდად მოიქცევა რეჟიმი, უკეთესია, ეს უფრო დააახლოებს მის დასასრულს. ჯერჯერობით რეჟიმი აგრძელებს ცუდად მოქცევას, მაგრამ ეს დასასრული არ ჩანს. თქვენ როგორ ხედავთ _ მყარად დგას რეჟიმი, თუ პირიქით?..
_ მყარად დგას, მაგრამ ბოლოს შეიძლება თითის მიდებამაც ისე წააქციოს, რომ არაფერი დარჩეს იმ კონსტრუქციიდან, რომელიც აქვთ შექმნილი. „ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია, ბოლო ორი წელიწადია, დაკარგა მოქნილობა. მას არ გააჩნია არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობა და იმის ძალაც, რომ უკან დაიხიოს. მათ გაიაზრეს, რომ ნებისმიერი უკან დახევა მათთვის ნიშნავს აბსოლუტურ ჩამოშლასა და განადგურებას. აქედან გამომდინარეა ეს ვითომდა ძლიერების ნიღაბი, რომ პირიქით _ შეტევაზე გადმოდიან. განსხვავებით იმ „ოცნებისგან“, რომელმაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ უკან დაიხია, ასევე 2023 წელს „რუსული კანონის“ პირველად შემოტანის შემდეგ უკან დაიხია, ახლა „ოცნებას“ ამის ფუფუნება არ აქვს, ის საკუთარ მთავარ მხარდამჭერებს დაერია. აბსოლუტური სიგიჟე და აბსურდია, რომ ლილუაშვილი ან ღარიბაშვილი ვინმესთან შეძლებდნენ გარიგებას, მით უმეტეს, „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის ბოლო შანსი, რომ საკუთარ, „ოცნების“ მხარდამჭერს აუხსნა, რატომ დევნი ღარიბაშვილს. რადგან „ოცნების“ მხარდამჭერისთვის გაუგებარია, რომ კორუფციისთვის შეიძლება დაიჭირო ასეთი ხალხი. მათი აზრით, „ვინ არ იპარავს?“ რასაც „იმედი“ და „პოსტივი“ ავრცელებს, მუდამ არის ის, რომ „ევროპაშიც იპარავენ, აშშ-შიც იპარავენ“, შესაბამისად, გეუბნებიან, რომ აქაც ვიღაც ტენდერს თუ ახლობელს მოაგებინებს, ეს არაფერი განსაკუთრებული არ არის და ვინც საწინააღმდეგოს გეუბნება, ის გატყუებს. ამის ფონზე რომ ამ ხალხის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებ, რომელსაც მანამდე აქებდი და ადიდებდი, ბუნებრივია, ეს დიდი გამოწვევაა. ამიტომ ახლა სურთ საუბარი, რომ თითქოს ისინი ბიძინას წინააღმდეგ მიდიოდნენ, რაც არის იდიოტობა და ამას ალბათ არც არავინ დაიჯერებს.
_ თუმცა ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ვერსიები, რაც მუსირებს?
_ რა თქმა უნდა, თვითონ ამას ვერ ამბობენ, ამიტომ სხვა არხებით ცდილობენ ინფორმაციის გავრცელებას, რომ თავის მხარდამჭერს აუხსნან, სინამდვილეში საქმე ის არის, რომ ღარიბაშვილმა სადღაც „გაიხედა“. მაგრამ ის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო 2% შანსი, რომ ღარიბაშვილს ან ლილუაშვილს ეს გაეკეთებინა, უკვე იმდენად სუსტი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს პოტენციური საფრთხეც ვერ აიტანა და გადაწყვიტა ემოქმედა.
_ ფიქრობთ, რომ ამით დასუსტდა ივანიშვილი, როცა თავისი საყრდენი ადამიანები გვერდით გაწია?
_ მისი ერთგული ხალხი ჩასვა ციხეში და ჩამოაშორა პოლიტიკას სამუდამოდ.
_ რამდენად არის ეს დასავლური სანქციების ირიბი ეფექტი?
_ რა თქმა უნდა, არის.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ საკმარისი მხარდაჭერაა დასავლეთიდან თუ უფრო მეტი არის საჭირო რეჟიმის ჩამოსაშლელად?
_ საფრანგეთის ერთ საშუალო ქალაქს აქვს უფრო მეტი ბიუჯეტი, ვიდრე მთელ საქართველოს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ევროკავშირს, ამერიკაზე რომ არ ვისაუბროთ, აქვს უზარმაზარი რესურსი, დააზიანოს ეს მთავრობა და მე ვიტყოდი, ერთი ფრჩხილის ოდენას იყენებს. ეს ძალიან კარგად იციან, სხვათა შორის, ძალიან ყინჩად რომ არიან, უბრალოდ ისე აჩვენებენ თავს, რომ თითქოს საქართველოს შეუძლია, გერმანიას ხან გებელსი წამოაძახოს და და ხან ის, რომ თურმე „ბერლინში ყოველ მეორე მოსახლეს მუჰამედი ქვია“. პარალელურად, აქ ჩამოიყვანოს არაბი ინვესტორი და მათ ქალაქების აშენების ნებართვა მისცეს. ევროპას ერთი მახასიათებელი აქვს, _ ის შეიძლება ნელა იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც მიიღებს, არ შეცვლის ძალიან დიდი ხანი. ასე მოხდა საქართველოს პარლამენტთან მიმართებით, თავიდან გაუჭირდათ, შემდეგ უკვე აღიარეს, რომ ის არის არალეგიტიმური და ამის შეცვლა არის შეუძლებელი, სანამ ეს მთავრობა არ მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისულ გადაწყვეტილებას, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.