თემურ ჯანაშია: ,,მემუარების წერას და შიდა სამზარეულოს დეტალურად გამოფენას არ ვაპირებ!”

janashia

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს, 8 წელი გავიდა. მაშინდელი ომის ჭრილობებს ჩვენი სამშობლო დღესაც იშუშებს. იმ ტრაგიკულ დღეებში, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, ბრძოლის ველზე არაერთი მეომარი დაგვეღუპა. 2008 წელს საქართველოს ისტორიაში არაერთი გმირის სახელი ჩაიწერა. გმირულად მებრძოლი ჯარისკაცების მიღმა იყვნენ ადამიანები, რომელთაც სხვა ფრონტზე უწევდათ ბრძოლა _ ქვეყნის პრეზიდენტის დასაცავ ფლანგზე. რა ხდება იქ, სადაც ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოება სახელმწიფო სტაბილურობის გარანტიაა? ვინ არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის გვერდით ერთგულად მსახურობდა და რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებში, აგერ უკვე, მეორე წელია, სასამართლოში დაატარებენ?

 

ავტორისეული ჩანართი: ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის, ან მთავრობის კრიტიკას კანონი არ კრძალავს. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი თანაბრად ვრცელდება ექსპრეზიდენტზეც და მის თანამშრომელზეც… თუმცა როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ მიხეილ სააკაშვილს, მედიის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ ექსპრეზიდენტის, ან მისი ყოფილი თანამშრომლის ირგვლივ არსებულ საქმეებზე, როცა პოლიტიკური რეპრესიის ნიშნებთან ერთად, კითხვის ნიშნებიც ჩნდება.

 

შესაბამისად, „ქრონიკა+“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსთან _ თემურ ჯანაშიასთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ:

_ სანამ თქვენზე აღძრულ საქმეზე ვისაუბრებთ და ქართული სასამართლოსა თუ პოლიტიკის თავისებურებებს გავაანალიზებთ, იქამდე გვიამბეთ თქვენი ბიოგრაფია, რათა ჩვენმა მკითხველებმა უკეთ გაგიცნონ.

_ დავიბადე 1969 წელს; 1986-ში წარჩინებით დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; იმავე წელს ჩავირიცხე ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტზე; სტუდენტობის პერიოდში გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1994 წლიდან დავიწყე მუშაობა დაცვის ოფიცრად სხვადასხვა პოზიციაზე, რიგითიდან _ სამსახურის უფროსამდე; პირადი დაცვის სამმართველოში მუშაობის პერიოდში ვიცავდი საქართველოში ვიზიტად მყოფ სხვადასხვა რანგის დელეგაციის წარმომადგენლებს, პატრიარქებიდან დაწყებული, აშშ-ს ელჩებით დამთავრებული; 1999 წლიდან ვიცავდი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ _ მიხეილ სააკაშვილს; მიღებული მაქვს რამდენიმე ჯილდო: პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ დამაჯილდოვეს მედლით მხედრული მამაცობისთვის; 2012 წელს კი პრეზიდენტ სააკაშვილისგან მივიღე პირველი ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენი.

_ საინტერესოა იმ ადამიანის თვალით დანახული უახლესი ისტორია, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს. შესაბამისად, „ვარდების რევოლუციისპერიპეტიებზე გკითხავთ: რა ხდებოდა მაშინ კულუარებში? და აქვე: როგორ მოხვდით შევარდნაძის დაცვის სამსახურიდან შემდგომში უკვე მიხეილ სააკაშვილის გვერდით?

_ მემუარების წერას და შიდა სამზარეულოს დეტალურად გამოფენას არ ვაპირებ (რესპონდენტს ეცინება, _ ზ. ს.), ჩემგან ეს არც იქნება ლამაზი. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მოვხვდი ერთი მმართველისგან მეორის გვერდით, ამაზე მოგიყვებით: 2004 წლის 27 იანვარს (იმ დრომდე პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი დაცვის ცვლის უფროსი გახლდით) მაშინდელმა ხელმძღვანელმა დამიძახა და უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსის მოადგილედ შემომთავაზა სამსახური. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ როცა გავიაზრე, მივხვდი, რომ ჩემ წინაშე ახალი, საინტერესო გამოწვევა იყო და დავთანხმდი. თავიდან მეც მიკვირდა, რატომ ამირჩიეს, რადგან შევარდნაძის დაცვაში ჩემ გარდა ბევრი პროფესიონალი და სტაჟიანი ოფიცერი იყო. რაც მთავარია, მანამდე მიშასთან მხოლოდ რევოლუციის წინა დღეებში მქონდა შეხება და ისიც ერთხელ, როცა პარლამენტის წინ პრეზიდენტ შევარდნაძესთან ჩხუბობდა, მე მას წინ დავუდექი და შევარდნაძეს გავარიდე. როგორც ასეთ დროს იტყვიან, ისინი დავაშორიშორე. 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობიდან ერთ-ერთი ბოლო გამოვედი. აკანკალებული შევარდნაძე მე გამოვიყვანე. როცა ედუარდთან ვმუშაობდი, ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო. ვიფიქრე, ცოტა ხანი ახალ ხელისუფლებასთანაც ვცდი ბედს და მალევე წამოვალ-მეთქი, მაგრამ მიშასთან იმაზე მეტ ხანს შევრჩი, ვიდრე ვვარაუდობდი. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ჩემი შესაძლებლობები სხვებმა უნდა შეაფასონ. ალბათ, მენდობოდნენ და ჩემს საქმეს თავს ვართმევდი.

_ ბატონო თემურ, სააკაშვილმა თავიდან რა პოზიციაზე დაგაწინაურათ?

_ თავიდან პრეზიდენტის დაცვის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ვიყავი. პირადი დაცვის უფროსად მაშინ ოთარ ქველიძე დაინიშნა, რომელიც სააკაშვილს ნათესავად ეკუთვნოდა. ოთარ ქველიძე სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ქვისლია. მიშას მოსვლამდე ის ერთ-ერთი რაიონის უშიშროების სამსახურში მუშაობდა. მოგვიანებით, პენსიაზეც გაუშვეს, მაგრამ ახალი პრეზიდენტის განკარგულებით იგი პენსიიდან გამოიყვანეს და მწყობრში ჩააყენეს. რამდენიმე თვე მის მოადგილედ ვიმუშავე, შემდეგ იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს და, შესაბამისად, მეც დამაწინაურეს _ გავხდი სააკაშვილის დაცვის უფროსი. მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიყავი ცაშიც, წყალქვეშაც, ომის დროსაც, ყველაზე მძიმე და ყველაზე ამაღლებულ წუთებში.

_ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აგერ უკვე, რვა წელი გავიდა. რას გვეტყვით იმ პერიოდზე? რამდენად იგრძნობოდა პანიკა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის გარემოცვაში? ალბათ, ეს დღეები ყველაზე რთული იყო თქვენი მუშაობის პერიოდში

_ აგვისტოს ომის დროს მართლაც რთული დღეები გადაიტანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადმა შემადგენლობამ, ისევე როგორც მთელმა ქვეყანამ. მაშინ ბიჭებმა დიდი პროფესიონალიზმი და სიმტკიცე გამოავლინეს. მთელი სამსახური მობილიზებული, ერთ მუშტად შეკრული იყო და ქვეყნის პრეზიდენტს იცავდა. პრეზიდენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა: იგი ეკონტაქტებოდა სამხედროებს, ასევე უკავშირდებოდა მსოფლიო ლიდერებს. პირადი დაცვის ყველა ცვლა პრეზიდენტის განთავსების ადგილზე იყო მობილიზებული და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. მეც, შეძლებისდაგვარად, ჩავდიოდი ბიჭებთან და ვამხნევებდი, რაღაც სახალისო ისტორიებს ვუყვებოდი. სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, სადაც დაცვის ყველა ის თანამშრომელია ასახული, რომლებიც იმ დროს პრეზიდენტს იცავდნენ. ეს სურათი ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ბიჭებისთვისაც, ძალიან ძვირფასია, რადგან ისტორიის ნაწილია, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით. ომის პერიოდში ძალიან ბევრჯერ გავდიოდით საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეს: გორის მიმდებარე ტერიტორიებზე, სამხედრო ჰოსპიტალში, საავადმყოფოებში. ყოველ ჯერზე პრეზიდენტი სხვადასხვა სახის მოდიფიცირებული ესკორტით გადაადგილდებოდა. არ მინდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამომრჩეს: ომის დაწყებიდან მესამე ღამეს, როცა ჩვენი რადარი დაიბომბა, თბილისის თავზე რუსების ათობით სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა. მართალია, ჩვენი თანამშრომლებიდან 2008 წლის ომში არავინ დაღუპულა, თუმცა არ შეიძლება არ მოვიგონოთ ის ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის გმირულად დაეცნენ. ჩვენ ისინი სულ უნდა გვახსოვდეს!!!

_ ნამდვილად, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არ უნდა დაგვავიწყდეს! ახლა კი უშუალოდ თქვენ ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე გავაგრძელოთ საუბარი: მას შემდეგ, რაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოვიდა, სამსახურიდან თავად წამოხვედით, თუ გაგათავისუფლეს?

_ 2013 წლის თებერვლის ბოლოს, როცა ჩვენი სამსახური ახალი პრემიერის _ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა, მაშინ ბრძანებით გამათავისუფლეს.

_ გულწრფელად რომ გვითხრათ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც გინდოდათ მუშაობის გაგრძელება?

_ მოდი, ასე ვთქვათ, _ მინდოდა… თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილი მაშინ, ჯერ კიდევ, მოქმედი პრეზიდენტი იყო, ანუ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ერთ-ერთი დასაცავი ობიექტი თანამდებობაზე იმყოფებოდა. თუმცა „ოცნების“ გამარჯვებიდან მალევე ჩაირთო რეპრესიული მანქანა, რომელიც დღემდე მუშაობს. ვატყობდი, სააკაშვილის ირგვლივ რაღაც რკალი იკვრებოდა, საშიშროება იყო, რომ ქვეყნის პირველი პირის ირგვლივ გაუთვალისწინებელი შემთხვევები განვითარებულიყო. შესაბამისად, მე ჩემი მეგობრებისა და თანამშრომლების გვერდით უნდა ვყოფილიყავი. მორალურად არ მქონდა იმის უფლება, რომ ის ადამიანები შუა გზაზე მიმეტოვებინა, რომლებთან ერთადაც ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოების სადარაჯოზე მხარდამხარ ვიდექი. ამდენად, მე ვარჩევდი, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის ბოლო წუთამდე ვყოფილიყავი სპეციალური დაცვის სამსახურში, თუმცა ანტაგონისტურმა ძალებმა ამ პოზიციას შეგნებულად ჩამომაცილეს.

_ კიდევ ერთხელ რომ გააცნოთ საზოგადოებას თქვენი საქმე დეტალურად, _ რას გედავებიან?

_ ძალიან სასაცილოდ ჩამოყალიბებული ბრალია, სადაც წერია: რომ პრეზიდენტმა ჩამოიყვანა მასაჟისტი. საუბარია მსოფლიოში ცნობილ დოქტორ დოტზე. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ამ მასაჟისტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა. ჰოდა, პროკურატურა 2009 წლის სკანდალით ხელმძღვანელობს, _ რადგანაც დოტის საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები მასობრივი საშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ძიება ამის შედეგად დავიწყეთო. რეალურად, ამ მასაჟისტის ჩამოყვანას ადმინისტრაცია აფინანსებდა. მას შემდეგ, რაც შესაბამის ხარჯებს გრიფი დაედო, თანხები გაიფლანგაო. ანუ ჩვენ რა მივიღეთ? გრიფის დადებით გაიფლანგა თანხა? მე რასაც ვიხდიდი, იმ თანხებს გრიფი რომ არ დადებოდა, მაშინ გაფლანგვა არ იქნებოდა? რაც შეეხება ქალბატონ დოტს, აგერ მაქვს მისი სავიზიტო ბარათი, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომელსაც იგი ემსახურებოდა _ ცნობილი ვარსკვლავებიდან დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირებით დამთავრებული.

_ წინა ხელისუფლების დროს მოღვაწე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სააკაშვილს ხშირად სდებდნენ ბრალს, ბიუჯეტის სახსრებს პირადი სიამოვნებისთვის ფლანგავსო. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მაშინ საზოგადოებაც აქტიურად საუბრობდა, _ მიშა ხალხის ფულით არაფერს იკლებსო. ქალბატონ დოტის გარდა სხვა ისტორიებიც გვახსოვს. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

_ იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივი მომსახურე პერსონალი, მუშაობის დაწყებისთანავე, გვთხოვდა ნათესავების დასაქმებას, ბიზნესის გაფართოებას. მეორე დღეს მთელმა თბილისმა იცოდა, როგორ შეიჭრა თმა მიშამ და ა. შ. ამიტომაც, ზოგჯერ, სტაფის წევრებს საზღვარგარეთიდან ვქირაობდით, იქნებოდა ეს მზარეული თუ სტილისტი. მერე, კიდევ, რა არის გაფლანგვა? _ თუკი ქართული სიმბოლიკით დამშვენებულ ნივთებს საპატიო სტუმრებს ვჩუქნიდით?! რაზეა საუბარი? თუ იმაზე, რომ მშივრები არ გავუშვით სტუმრად ჩამოსული ცნობილი საზოგადო მოღვაწეები?! დამისახელეთ ქვეყანა, რომელიც სტუმრებს არ იღებს და კარჩაკეტილი ცხოვრობს. მითხარით სახელმწიფო, რომლის პირველი პირიც საპატიო დელეგაციებს არ ხვდება და მითხარით მმართველი, რომელიც თავისი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას არ ცდილობს უცხოებთან. ესენი რა, არ დადიან დელეგაციებით უცხოეთში?

_ რატომ გახდა აუცილებელი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გასული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება?

_ სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლობითი ხარჯის გადახდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა 2009 წლიდან დავიწყეთ. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, გარკვეული ვიზიტებისას, ხარჯები დაცვის თანამშრომლების ხელით გადახდილიყო, ვინაიდან ომის შემდგომ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიურ ომს აგრძელებდა, გარკვეული, დამატებითი ზომების შემუშავება იყო საჭირო. მტრულად განწყობილი ქვეყნის პირველი პირი _ პუტინი, ღიად და უტაქტოდ ემუქრებოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა. ალბათ, იკითხავთ: რა კავშირშია ეს გასახარჯი თანხების გასაიდუმლოებასთანო? რაზედაც გიპასუხებთ: რუსულ დაზვერვას ყველგან აქვს ფესვები გადგმული, შესაბამისად, მტერს არ უნდა სცოდნოდა, სად იკვებებოდა, ვის ხვდებოდა საზღვარგარეთ, სად იცვამდა და რამდენს ხარჯავდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი? რომელი კომპანიის ავტომობილს ქირაობდა? რა ფირმის თვითმფრინავებით გადაადგილდებოდა? რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა? სად ისვენებდა? და ა. შ. რაც შეეხება ოფიციალურ ვიზიტებს, ასეთ დროს წინასწარ მეორე მხარეც აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს და როდის. შესაბამისად, ამაზე გრიფის დადება აზრს მოკლებული იყო. ოფიციალური აქტივობები დარჩა ადმინისტრაციის ხაზით _ ისეთი აქტივობებისთვის, რომელიც პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული, ანუ წარმომადგენლობით ხარჯებს ჩვენი ხელით გავცემდით. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გრიფის დადება არ ნიშნავს ამ ხარჯების დამალვას. გასაგები იყო, რომ გრიფი ედო, თუმცა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ გახარჯულ თითოეულ თეთრს შესაბამისი მიმართულება ჰქონდა. ბოლო სასამართლოზე ერთ-ერთი მოწმე აღწერდა, როგორ იყიდა 150 კილო თევზი და როგორ მიიტანა ერთ-ერთ ეკლესიაში; მეორე მოწმე აღწერდა, როგორ უმასპინძლა ძალადობის მსხვერპლი ოჯახების შვილებს რეზიდენციამ; მესამე შემთხვევისას იყო საუბარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიზიტისას დაჯავშნული მანქანები ვიქირავეთ, რომლითაც პრეზიდენტი გადაადგილდებოდა. ერთი სიტყვით, ასეთი სახის საკითხები გააქტიურდა: იუშენკოს საპონი, მექისისთვის გადახდილი ფული, ქიშმირის პიჯაკები და სხვა მრავალი…

_ კარგით, მივუბრუნდეთ მთავარ თემას და მოვლენები თანმიმდევრულად აღწერეთ. რამდენადაც ცნობილია, სააკაშვილი თქვენ დღემდე გენდობათ, შესაბამისად, გკითხავთ: როგორ შეხვდა ის ოპონენტების განზრახვას 2013 წლის დასაწყისში, როცა მისი ერთგული თანამშრომელი ჩამოაცილეს? სხვა თუ არაფერი, მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.

_ სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ამ წინააღმდეგობის დაძლევას, იმიტომ რომ თვითონ სამსახური გადავიდა ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ის დისკრეცია მოეხსნა და ქვეყნის პირველი პირის ირგვლივ მყოფი დაცვის თანამშრომლები დაენიშნა, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ჰყავდა. მაშინ კანონი გადაკეთდა და პრეზიდენტის მაგივრად ასეთი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდა. ჩემ შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახური ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს _ ანზორ ჩუბინიძეს ჩააბარეს.

_ საინტერესოა, თუ ეჭვობდით, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე საქმეს აღგიძრავდნენ? და აქვე: ვინაიდან თქვენი გვარი პრეზიდენტის საქმესთან ერთად ფიგურირებს, თუ გაფრთხილებდათ სააკაშვილი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ?

_ სიმართლე გითხრათ, ეს თემა დეტალურად არ გაგვირჩევია. იმდენი საქმე მქონდა, მაგაზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ საიმისო ნიშნებს ნამდვილად ვხედავდით, რომ ამათი მოსვლის შემდეგ ოპონენტების აქტიური დევნა დაიწყებოდა. ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მაინც მგონია, რომ ჯანსაღი აზრი და სიმართლე ყველა ტიპის რევანშს გადაწონის, ვინაიდან ქვეყნისთვის სამსახური და კანონის ფარგლებში მოქმედება დანაშაული არ არის.

_ მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდეს, მოვლენები როგორ განვითარდა?

_ შემდეგ პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში თავის მრჩევლად გადამიყვანა. როგორც კი დაცვის სამსახურიდან წამოვედი, იქ კონტროლის პალატა შევიდა და ზუსტად იმ რიცხვამდე ამოიღეს დოკუმენტაცია, სანამდეც მე ვმუშაობდი. ფარულადაც მითვალთვალებდნენ, თუმცა, როგორც ხედავთ, აქ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ დასამალი არაფერი გამიკეთებია. ვასრულებდი კანონს, ვიცავდი ქვეყნის პირველ პირს.

_ რა ტიპის თვალთვალი იყო ეს?

_ არჩევნებიდან, დაახლოებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, სადარბაზოსთან, ლამის პოლიციის პოსტი გამიხსნეს. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ციმციმებიან მიკროავტობუსს ვხედავდი. ამას ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობას უფრო დავარქმევდი. ის კი არა, ტელევიზიითაც დააანონსეს ჩემი დაკავება, მაგრამ იმდენი რამ გადამხდენია ცხოვრებაში, ასეთი ტრიუკებით ჩემი შეშინება ძალიან ძნელია.

_ თქვენს საქმეში, სააკაშვილთან ერთად, კიდევ ვინ ფიგურირებს?

_ როგორც აღვნიშნე, 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც მიშამ საქართველო დატოვა, თადარიგში გავედი, ჩვეულებრივად დამენიშნა პენსია და უკვე 2014 წლის ზაფხულიდან ჯგუფური გაფლანგვის მუხლით აღძრეს საქმე. თვითონ ბრალში მითითებულია მესამე პირი _ ჩემი წინამორბედი ქველიძე, თუმცა მერე როგორც აღმოჩნდა, საქმეში მხოლოდ ჯანაშია და სააკაშვილი ფიგურირებენ. როგორც მივხვდი, ქველიძემ პროკურატურისთვის სასურველი ჩვენება მისცა და საქმიდანაც ჩახსნეს.

_ ანუ სააკაშვილის ბიძის _ ალასანიას ქვისლისაოცნებოპროკურატურას გაურიგდა?

_ ეს ყველაფერი არასდროს დაიმალება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვევა. იმ პერიოდში, როცა ქველიძის დროს რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, რატომღაც, იმაზეც, თურმე, მე ვაგებ პასუხს.

_ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ახლა რა ხდება, როცა უწყებას ანზორ ჩუბინიძე დაუყენეს სათავეში?

_ ჩუბინიძის პერიოდზე უფრო მძიმედაა საქმე, იმიტომ რომ ქველიძის პერიოდზე საბუთებია ამოღებული და ამაზე მსჯელობენ. წინა პროცესზე მოწმე გამოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ რვა საბუთიდან, რომლითაც ფული გამოვიტანე, ექვსზე ქველიძის სახელზეა პატაკი დაწერილიო. ახლა რაც შეეხება ჩუბინიძეს: ამ ტიპის განკარგულებების შესრულება იმ დროსაც ხდებოდა, როცა უკვე დაცვის სამსახურს ჩამომაცილეს და სააკაშვილი პრეზიდენტი ისევ იყო. იგი კვლავ დადიოდა, სტუმრებსაც ძველებურად პატიჟებდა, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, პროკურატურა იმ დოკუმენტაციით და იმ თარიღამდე დაინტერესდა, რაც მათ სჭირდებოდათ, ანუ ჩემი წამოსვლის დღემდე. აქ ერთი შეცდომა დაუშვეს: პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეს თანხები იხარჯებოდა, ჩემი წამოსვლის შემდეგაც ძალაში იყო და ამ თანხები განკარგულების მიხედვით იხარჯებოდა. შესაბამისად, მე მოვითხოვე, რომ ჩუბინიძის პერიოდიც შეესწავლათ. თავიდან წაგვიყრუეს, თუმცა ორწლიანი ინტენსიური მოთხოვნის შემდეგ, საბოლოო ჯამში, აღმოხდათ, რომ ეს საბუთები ამოღებულია და პროკურატურაშია გადაცემულიო.

_ ახალხან მოქმედი პრეზიდენტის სახელზე ღია წერილი დაწერეთ. რამ გადაგაწყვეტინათ, მარგველაშვილისთვის საჯაროდ მიგემართათ?

_ ეს განცხადება რომ მოვისმინე, რაღაცნაირი დეჟავიუ დამემართა: შევარდნაძის დროს სახლი გამიქურდეს, პოლიციაში წავედი და პოლიციის უფროსის სიტყვები მახსოვს. ამას წინათაც გაქურდეს ჩემი სახლი და დამნაშავეები ვერ ვიპოვეთო, ანუ შენ როგორ დაგეხმაროთ, როცა ჩვენც იგივე დღეში ვართო? იმ ვითარებაში, როცა მანანა კობახიძე ქვეყნის პირველ პირს დალეული სასმელის გრამებს უთვლის, იმ პერიოდში, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მორალურად გატეხვა მისივე გუნდის მიერ წარმარტებით ხორციელდება, საჭიროდ მივიჩნიე ამ ტიპის საჯარო განცხადების გაკეთება, იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტი დაუცველია, დაუცველები ვიქნებით ამ ქვეყნის მოქალაქეებიც. ტექსტში გარკვევით დავაფიქსირე შემდეგი: „მიმაჩნია, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, სამოქალაქო პოზიციებიდან გამომდინარე, ყველა უნდა დაირაზმოს პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული ამ აღვირახსნილი ტალღის შესაჩერებლად, რომელიც, ადრე თუ გვიან, შეიძლება, გადაიზარდოს მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნაში, რისი არაერთი მაგალითიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხროდ, უკვე აქვს“. ამავე განცხადებაში გავიხსენე ჩემი და ექსპრეზიდენტის საქმეც და პრეზიდენტს მივმართე, რომ მოწოდების სიმაღლეზე დადგეს და გამოააშკარაოს შერჩევითი მართლმსაჯულების ეს ერთი კონკრეტული, ნათელი შემთხვევა.

_ რეალურად, თქვენ პოლიტიკური თანამდებობა არ გეკავათ, შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ უნდა იყოს სამიზნე, კონკრეტულად, თემურ ჯანაშია?

_ თავის დროზე, მეც დავსვი ეს კითხვა. საპასუხოდ, გაკვირვებულ ტონალობაში ნათქვამ ტექსტებს ვისმენდი, _ რატომ? რა, არ იცი, რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილს იცავდი…

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდში შემცირდა ვიზიტებისთვის განკუთვნილი თანხები? დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თემით დაინტერესდებოდით.

_ მე მოგცემთ დოკუმენტს, რომელიც შეგიძლიათ, ქუჩაშიც გააკრათ, ვინაიდან ეს ოფიციალური ინფორმაციაა. ნახავთ, რა დაუჯდა ბიუჯეტს ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუ თამაზაშვილის, ასევე ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს. აქედან თვითმფრინავის ბილეთი, მიუნხენი _ ნიუ-იორკი, მხოლოდ პრემიერისა და მისი მეუღლისთვის, 40 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. ეს იმ პირობებში, როცა სდსს-მ თბილისი-მიუნხენის ორივე მიმართულებით ჩარტერი საკუთარი ასიგნებებით დააფინანსა. ეს უკანასკნელი კი, ანალოგიური განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიხადა, რასაც მე მედავებიან. აღარაფერს ვამბობ მათი კვებისა და სასტუმროს ხარჯებზე. რა სპეცრეისი იყო ასეთი, არ ვიცი? 42-კაციანი დელეგაციიდან 16 კაცის ვიზიტი დაჯდა 560 ათასი ლარი.

_ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერამდე დიდხანს ვფიქრობდი, როგორი ფორმულირება მიმეცა ამ კითხვისთვის. აქვე, წინასწარ ბოდიშს გიხდით, თუ უტაქტოდ გამომივა, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხოთ: წლების განმავლობაში, კულუარულ საუბრებში ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თავისი პირადი დაცვის წევრებს საკმაოდ უტაქტოდ ესაუბრებოდაო, ზოგიერთი ვერსიით კი დაცვის ბიჭებს, სულაც, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდაო. ამ ტიპის გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება?

_ ნუ, ჩხუბით, რა თქმა უნდა, გვიჩხუბია, თუმცა გინება არ ყოფილა. ჩვენი ჩხუბი შემოიფარგლებოდა იმით, რომ მე ვეუბნებოდი, _ არ შეიძლება-მეთქი! ის ამბობდა, _ მე მინდა და უნდა გავაკეთოო! მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირის ნებისმიერი დაცვის უფროსს აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს დასაცავ ობიექტს და მას გარკვეული აკრძალვები დაუწესოს გადაადგილებისას _ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

_ ალბათ, წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგიყალიბდათ ყოფილ პრეზიდენტთან, ვინაიდან მასთან უშუალო შეხება გქონდათ. როგორ დაახასიათებთ მიხეილ სააკაშვილს?

_ რასაკვირველია, მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდება ადამიანთან, რომელთან ერთადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ. ამ შემთხვევაში მე მას, როგორც პოლიტიკოსს შევაფასებ. მიმაჩნია, რომ მიშამ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს არის ჩემი პოზიცია, სხვა როგორ ფიქრობს, არ ვიცი. როცა პირადი დაცვის უფროსი ხარ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, იმაზე ნაკლები გძინავს, რაც იმას სძინავს. დაცვის უფროსის მხრებზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს არის პასუხისმგებლობა დასაცავ ობიექტთან, პირად შემადგენლობასთან და, ზოგადად, სახელმწიფოსთან.

_ ინტერვიუს დაწყებამდე გვითხარით, რომ მომდევნო პროცესი 17 აგვისტოსაა ჩანიშნული, ინტერვიუს დასასრულისკენ კი გკითხავთ, _ რას ელოდებით სასამართლოსგან? ვარაუდობთ, რომ დაგაკავებენ?

_ დაზუსტებით რამის თქმა გამიჭირდება. ვიღაცამ, შეიძლება, ხვალ ცუდ ხასიათზე გაიღვიძოს, ვიღაცას, შეიძლება, სტაფილოს წვენი არ მოეწონოს და თემურ ჯანაშიას დაკავება გადაწყვიტოს, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს: მე დამალვას არ ვაპირებ! არც არსად გაქცევას ვფიქრობ იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. თუ ამ ხელისუფლების დავალებით ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩაიდენს, ნებისმიერ შემთხვევაში ცხვირს წაიმტვრევს.

 

ზაზა სვანაძე