ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
2025-10-15 11:41:08
თამარ სანაძე
პროფესორი, პედიატრი და ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე მის სახლში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა:
„არ ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. მივყვები პოლიციას. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია., სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“.
გოგი ჩახუნაშვილი 11 ოქტომბერს გამთენიისას გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ექიმმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, 20 000 ლარი გადაიხადა.
საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, 4 ოქტომბრის აქციაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებსა და არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი:
_ ბატონო ვაჟა, 71 წლის ექიმი გოგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ სახლში დააპატიმრეს. ვიხილეთ ასობით პოლიციელი, დაკავების სცენა, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას და რა არის „ოცნების“ ხელისუფლების მიზანი, როდესაც აკადემიკოსს, ექიმს ასეთი ფორმით აპატიმრებს?
_ პირველ რიგში, ასაკს ნუ გავუსვამთ ხაზს. 71 წელი არ არის ის ასაკი, რომ მაინცდამაინც ასაკის გამო აღვნიშნოთ ეს საკითხი და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ბატონი გოგი 71 წლის არის, მაგრამ ბევრ 25 და 30 წლის ახალგაზრდას სჯობს თავისი ენერგიით, აზროვნებითა და სტატუსით. მთავარია ადამიანის პოზიცია და ის, თუ რა შეუძლია მას. რა თქმა უნდა, დაკავება იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვითომდა კანონის დაცვის სახელით, არავითარ ავტორიტეტს, არავითარ სახელს, პროფესიას, არაფერს ვაქცევთ ყურადღებას, მთავარია ის, რომ თქვენ არ იყოთ ჩვენ წინააღმდეგ. ამგვარი დაშინების მცდელობაა. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი იყო ე. წ. ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის ქცევა, რომ ბატონ გოგი ჩახუნაშვილს და დღეს უკვე ქალბატონ ია დარახველიძეს შეუფარდეს გირაო მაშინ, როდესაც ზუსტად იგივე ქმედების გამო დაკავებული აქციის მონაწილეები გაუშვეს წინასწარ პატიმრობაში.
ამ ქმედებით „ქართულ ოცნებას“, საზოგადოების ორად გაყოფის გარდა, სურს ოპოზიციურად მოაზროვნე ნაწილის კიდევ უფრო მეტად გახლეჩა, რათა ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქემ, ხალხმა იფიქროს, რომ ბატონი გოგი, ქალბატონი ია დარახველიძე, რომელიც დღეს გირაოთი გამოუშვეს, ე. წ. ელიტური ოპოზიციონერები არიან, ჩვენ მათ სხვანაირად ვექცევით. რიგით მოქალაქეს, რომელიც არ არის საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი, მათ ეუბნებიან და აჩვენებენ, რომ შენ მე რასაც მინდა, იმას გიზამ, შენ დაეტიე სახლში და იმან იბრძოლოს.
ამის ნათელი მაგალითი შეიძლება იყოს ზურა ჭავჭანიძე, ბათუმელი მედროშე.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება. ვინც ბათუმში აქციაზე მივიდა, აბსოლუტურად ყველას ასაჩუქრებდა თავისი ხელნაკეთი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნით. ბათუმელები დამეთანხმებიან და ალბათ ბევრი თბილისელიც, რომ ამ ადამიანისგან ერთი ხმამაღალი და აგრესიული სიტყვა არ გაუგიათ. ზუსტად, ასეთი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა სურს „ოცნების“ ხელისუფლებას.
ამიტომ თუ ბატონი გოგის მხარდასაჭერად საზოგადოების ნაწილი გამოვიდა, ასევე გამოვიდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, საზოგადოებრივი აზრი აქტიურად გამოიხატა, ზუსტად იგივე გამოხატულება უნდა იყოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, ყველა უკანონოდ დაკავებულის მიმართ, რომელიც დღეს „ოცნების“ ციხეში იმყოფება.
საზოგადოების ძალა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და აქედან გამომდინარე ვიცი და ვიტყვი, რომ საზოგადოების აქტიურობას შეუძლია ძალიან ბევრი რამე შეცვალოს ამ ქვეყანაში, მაგრამ მთავარია, საზოგადოება იყოს ერთიანი.
ბატონი გოგის შემთხვევაში „ოცნების“ ბევრმა მხარდამჭერმა გამოხატა პოზიცია, ბევრმა ნეიტრალურმა ადამიანმა გამოხატა თავისი პოზიცია. ალბათ, ამან ცოტა შეაშინა „ქართული ოცნება“, რადგან მათ არ სჭირდებათ მუხტის აწევა. ამას დამატებული კიდევ: ე. წ. ხელისუფლებამ დააფიქსირა ელიტარულ და არაელიტარულ ოპოზიციად დაყოფის პრეცენდენტიც. ვფიქრობ, თუ ასეთმა შემთხვევებმა მოიმატა, ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს კიდევ უფრო შეასუსტებს.
_ ფიქრობთ, რომ ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის შემთხვევაში საზოგადოების ერთიანობამ დაახევინა უკან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას?
_ რა თქმა უნდა, უკან დაახევინა, მაგრამ „ოცნება“ ცდილობს, რომ ეს უკან დახევაც სათავისოდ გამოიყენოს, ოპოზიცია დაყოს ელიტურ და არაელიტურ ნაწილად. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ელიტურ ნაწილს უფრო რბილად მოექცა და ამით არაელიტური ნაწილი, რომელიც ბევრად უფრო დიდია, შეიძლება ითქვას, 90%, დააფიქროს, რომ ღირს მონაწილეობის მიღება პროტესტში? აფიქრებინებს, რომ მე საზოგადოებამ ფეხებზე დამიკიდა და მარტო თავის ელიტურ ნაწილზე ფიქრობს?
_ ბატონო ვაჟა, როგორ ფიქრობთ, „ოცნებამ“ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ქმედებებით შიში დათესა?
_ ცდილობს, შიში დათესოს და ყველაფერს _ თავის უკან დახევასაც და დათმობასაც _ იყენებს ოპოზიციის დასასუსტებლად. მთავარი და ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ ჩვენ, ვინც ოპოზიციურად ვართ განწყობილნი, საკუთარ ქმედებებს განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა „ოცნება“. არ გვაქვს ჩვენი ერთიანი გეგმა, რომელსაც წესით, უნდა მივყვებოდეთ და საერთოდ არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, „ოცნება“ რას ფიქრობს და რას აკეთებს. მიმაჩნია, რომ „ოცნების“ ნაბიჯები არის ანტიქართული და საქართველოს უფრო მეტად აშორებს განვითარებულ, თავისუფალ მსოფლიოს.
_ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოსპოს ყველაფერი, რაც დასავლეთს უკავშირდება, ყველანაირად დააკნინა ის და წარმოაჩინა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მომტანი. რა მიზანს ემსახურება ეს ქმედებები და რას ცდილობენ ისინი ამგვარი პროპაგანდით?
_ მათი სურვილია, რომ საქართველო იყოს რუსეთის უკანა კარი. სამწუხაროდ, საზოგადოების იმ ნაწილს განვეკუთვნები, რომელიც, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერდა, რადგან მინდოდა ცვლილებები, რომლებზედაც საუბრობდა ბატონი ივანიშვილი.
მაშინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“, ასოცირდებოდა ტერორთან, საზოგადოების ჩაგვრასთან, ბიძინა ივანიშვილი კი გვპირდებოდა, თავისუფლებას, უფასო ფულს. ფული რომ უფასო არ შეიძლება იყოს, ეს ვიცოდი და ამის არ მჯეროდა, მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი, ველოდი ცვლილებებს და საქართველოს უფრო სწრაფ განვითარებას, მეტ თავისუფლებას, რომ ყველას შეგვძლებოლდა გვეკეთებინა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ რამის კეთება გვინდა, უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ და არა _ ქვეყნის სასიკეთოდ. მან 13 წლის მანძილზე ქვეყანა გადააქცია თავის ჰოლდინგად, სადაც არის ბევრი პატარა ფირმა გაერთიანებული: თავდაცვის სამინისტრო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჯანდაცვის უწყება; დასვა თავისი ყურმოჭრილი მონები და მათი საშუალებით მართავს ამ ქვეყანას, როგორც თავის დიდ ჰოლდინგს. მთელი მოგება კი უნდა მიდიოდეს ის ჯიბეში და არა ქვეყნის სასარგებლოდ.
_ ძალიან დიდი ხანია, რუსთაველის გამზირზე დგახართ. დიდი ხანია აკვირდებით მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ბოლო წერტილი და რა იქნება ის, რაც ქართველ ხალხს გამაჯვებას მოუტანს, დაუბრუნებს ქვეყანას ევროპულ მომავალს?
_ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და მოსახლეობამ უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა განვითარებულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და ამისთვის გვჭირდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, დახმარება. მარტო თუ ვიქნებით, ამ ბრძოლაში ვაგებთ, რადგან ბატონი ბიძინას უკან დგას დიდი რუსეთი, რომელიც მისთვის, ივანიშილისთვის, მართლა დიდია, მართლა საყვარელია. სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპასა და ამერიკაში, დღეს ემსახურებიან რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობას. სანამ ახალგაზრდობა არ გამოიღვიძებს და არ გაითავისებს, რომ ეს ქვეყანა არის მათი გადასარჩენი და მათ აქ, ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, აქ უნდა მოხდეს მათი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზაცია, არაფერი შეიცვლება. ძალიან რთული და მიუღწეველი იქნება ყველაფერი, სანამ ახალგაზრდები არ აიღებენ ხელში ქვეყნის კურსის გასწორებისა და მართვის ძალაუფლებას.
გვეყოფა, რაც ველოდეთ ლიდერებს, ბელადებს. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ბელადმა ქვეყანას სიკეთე ვერ მოუტანა.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების. ახალი ძალა აუცილებელია და გამოჩნდება კიდეც. ძველ ძალაში საკუთარ თავსაც ვთვლი, ძველმა ძალამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა და ჩვენი საკეთებელი დარჩა შვილების თაობას.