QronikaPlus
გიორგი მუმლაძე - მივიდნენ იმ რეალობამდე, რომ რეჟიმი დგას რამდენიმე ასეულ მოზონდერო ელემენტზე

გიორგი მუმლაძე - მივიდნენ იმ რეალობამდე, რომ რეჟიმი დგას რამდენიმე ასეულ მოზონდერო ელემენტზე

2025-09-19 07:51:44

თამარ სანაძე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

 

მათი განცხადების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.

მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა _ უკანონო ქმედების ჩასადენად“, რომელიც ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი). სუს-მა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.

 

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, აქციებსა და დაჭერებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე:

 

_ ბატონო გიორგი, თქვენ აქციების დაწყების დღიდან რუსთაველის გამზირზე დგახართ. ბოლო დღეებში გაძლიერდა მუხტი. როგორ შეაფასებთ პროტესტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?

_ ის პროტესტი, რაც ნოემბერში დაიწყო, დღემდე გრძელდება. არავინ აპირებს გაჩერებასა და დანებებას. ლოგიკურია, რომ მუხტი და პროტესტი არ ნელდება, რადგან სრულად გაშიშვლდა რუსული რეიმი და ამ ყველაფერს გონიერი ადამიანი ამჩნევს.

ის საფრთხეები, რაც მოაქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოსთვის, ქართულ სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, ყველასთვის ნათელი გახდა. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდათ, რომ იცხოვრონ კრიმინალურ, დაუცველ, რუსეთის გუბერნიად ქცეულ უპერსპექტივო ქვეყანაში, მათ უნდათ, რომ ევროკავშირის წევრ, ევრუპულ, ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. შესაბამისად, ამას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ქუჩაში დგომით მივაღწევთ. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა, კორუმპირებულმა გარემოცვამ ყველანაირი ინსტიტუცია მოსპო ქვეყანაში, ყველაფერი მოსპო, გაანადგურა და ბრძოლის ერთადერთ მექანიზმად დატოვა ქუჩის პროტესტი. შესაბამისად, ლოგურია, რომ ადამიანებში თანდათან მოიმატა ბრაზმა და ეს ბრაზი 4 ოქტომბერს გარდაისახება საქართველოს გამარჯვებაში და საბოლოოდ დამარცხდება რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში.

_ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს ქრთამის მიცემის დაპირების ბრალდებით, მას მეორე მუხლიც წარუდგინეს. ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? რა სურათს ქმნის დაკავების ეს სცენა?

_ მართლაც აბსურდული სცენა ვიხილეთ. ეს ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავება პირდაპირ ნიშნავს: ივანიშვილს ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის. მას არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ მოიგონოს სხვადასხვა ბრალდება, შეთხზას რაღაც გაუგონარი ამბები, შეთხზას სამართლებრივი აბსურდი იმისათვის, რომ დათესოს ნიჰილიზმი საზოგადოებაში და გააჩინოს შიში იმ ადამიანებში, რომლებსაც უნდათ ცვლილებები. ეს არის რწმენის მმომენტი და ჩვენ, ჩვენი თანამებრძოლები კიდევ უფრო ძლიერები ვართ იმაში, რომ 4 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი დღე ამ ბრძლისთვის. რაც არ უნდა შეთხზან, თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობები გვაქვს, თითქოს რაღაცის დამხობა და შეთქმულებებია, ეს ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწერილი სცენარია, რომელიც ჩამოეშლება ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ეს ყველაფერი, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი რწმენა მიგვიყვანს გადამწყვეტ მომენტამდე, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

_ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის მოსალოდნელი მოლენებით ძალიან შეშინებულია, მას ასევე აფრთხობს ის მუხტი, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. ისინი ამბობენ იმასაც, რომ ხაბეიშვილი ამ მხრივ ძალიან აქტიური იყო, მის მიმართ ნდობა გაიზარდა ხალხში და ამიტომ აღმოჩნდა ის გისოსებს მიღმა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ რეალობას?

_ აბსოლუტურად ვეთანხმები მათ. ცხადია და ყველა ვხედავთ, როგორი აბსურდული ბრალდებითაა ის დაკავებული. „ოცნებას“ არ ჰქონდა სხვა გზა, იმდენად არის შეშინებული და მოიგონეს, რომ თითქოს ძალადობრივი დამხობისკენ მოუწოდა მან ხალხს. არადა, ყველა საჯარო გამოსვლაში ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ გვსურს მშვიდობიანი ცვლილება, მშვიდობიანი პროტესტით გამოვხატავთ სათქმელს და შედეგის მიღებაც გვსურს მშვიდობიანი ქმედებებით. მართალი სიტყვის ეშინია ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, ამიტომ არის ახლა აგონიაში. ჩვენც უფრო მეტად მხნედ, თავდაჯერებული მივალთ 4 ოქტომბრამდე და დავამარცხებთ, გავუშვებთ რუსულ რეჟიმს. რეალურად ის სამართლებრივი აბსურდი, რაც მოუგონეს, ახლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ 4 ოქტომბრის თემა საზოგადოებაში აღქმული იყოს შიშის დღედ, ხალხში დათესონ შიში, რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბერს ქუჩაში, მაგრამ პირიქით მოხდება, „ოცნება“ მიიღებს საწინააღმდეგო სურათს.

ისინი სრულმა შიშმა მოიცვა, თავისიანებსაც კი დაერივნენ. დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძე, თან რა ბრალდებით, თანხების მითვისების ბრალდებით, მაშინ როცა თავს გვაწონებდნენ, რომ ფულს არ ვიპარავთ და ა. შ. სინამდვილეში ქართველ ხალხს ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ, შევხედეთ კიდეც. ეს ყოველივე უნდა დასრულდეს. როდემდე შევძლებთ, ამდენი ძარცვა ავიტანოთ?

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის გააგრძელებს ბრძოლას ციხიდანაც, იბრძოლებს უკვე განთავისუფლებული მურთაზ ზოდელავა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, არ დავიშურებთ ენერგიას იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ლოგიკურ და დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდეს.

პირდაპირ ვიტყვი: რაც არ უნდა დაგვემართოს, დაგვიჭირონ, გვესროლონ, რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს თარიღი იმდენად საკრალურია პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ქართველი ხალხი თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს. არავის ეშინია მაგათი რეპრესიების.

_ ვისაუბრეთ ლევან ხაბეიშვილის დაკავების მოტივზე: კახა კალაძემ თქვა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, რომ ხაბეიშვილი აკეთებს მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებითო, არც ერთი ასეთი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშეო, თითქოს მუქარის ტონიც კი იგრძნობოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?

_ ვუსმინე მის ამ გამოსვლას, ეს არის ნამდვილი ბოდვა, ვინ უნდა შეაშინოს მან? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ის ამბობდა, მაქვს მტკიცებულებები და ვამხელ ყველასო, ვინ მისცა კალაძეს, თბილისის მერს, მტკიცებულებები? გამომძიებელია, პროკურორია თუ ვინ არის? ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი. თბილისის მერობის კანდიდატს რატომ უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები თუ არსებობს ასეთი რამ? ეს არის ტყუილი და თუკი მას აბარებს, მაგათივე ენით რომ ვთქვათ, „აჩოტებს“ პროკურატურა და სამართალდამცველი უწყებები, ე. ი. იმაზე მეტადაა ჩამოშლილი ამ ქვეყანაში ყველაფერი, ვიდრე ჩვენ გვგონია და უნდა დავაბრუნოთ თავის ჩარჩოებში ყველაფერი.

მათ უნდათ, რომ ჩამოშალონ და დაამხონ კონსტიტუციურად საქართველო, ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი თავის ადგილას იყოს, სახელმწიფო ინსტიტუციებმა გამართულად იმუშაონ და არა ვიღაცების საკეთილდღეოდ. სახელმწიფო ინსტიტუციები კალაძესა და მისნაირებს არ უნდა აბარებდნენ ანგარიშებს სუს-იდან და პროკურატურიდან. ეს ერთი, რაც შეეხება მეორე საკითხს, რაზედაც მინდა საუბარი, კალაძეს წამოსცდა, რომ ჩამოხრჩობა, გადაწვა და რაღაცები. მათ ეშინიათ იმის, რაც ახლა ხდება ნეპალში. იმდენი ფული აქვთ მოპარული, რომ უკვე ყველაფრის ეშინიათ და ფიქრობენ ყველანაირ სცენარზე. ამოვიდა ყელში მაგათი მხრიდან ამდენი ჩაგვრა, ისინი ჩვენს ფულს უნდა იყენებდნენ თავიანთი შვილების განათლებისთვის და ჩვენს შვილებს საკვები უნდა ენატრებოდეთ?

ეს ქვეყანა ჩვენია და გვინდა სამართლიანობა, თანასწორი საზოგადოება, სადაც ასე მდიდრებად და ღარიბებად კი არ იქნება სოციუმი დაყოფილი, სადაც იქნება სამარლიანი გარემო, ადამიანს თავისი შრომითა და ცოდნით მიეცემა შემოსავალი თანასწორი და არა ისე, რომ ერთი შრომობს და ფუფუნებაშია და მეორეს სწავლის თანხაც არ გააჩნია, რომ განათლება მიიღოს.

კალაძისთვის არავის უთქვამს გადაწვა და თავის ჩამოხრჩობა, ეს თავისი შიშების წამოცდენაა. შეშინებული ქათმის წამოროშვაა ის, რაც მან თქვა.

_ ახალი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან დიდი დოზით ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს. კალაძემ ასეთი განცხადებაც გააკეთა, _ ბოლო სერიაში გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები შეიძლება ვიხილოთ საქართველოს საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეშიო. რა აგენტურაზე საუბრობენ და რატომ ესხმიან გამუდმებით თავს დიპლომატებს?

_ ამათ რა უნდა, იცით? ესენი მენტალურად რუსები არიან და მათ უნდათ, რომ საქართველო აქციონ რუსეთის სოფლად, არც გზა რომ აქვთ, გაზიც რომ არ არის და ჩამორჩენილი ბიუროკრატია რომ მართავს. მთელი საქართველო ამ სოფლად უნდათ, რომ აქციონ, საკუთარ მოსახლეობას რომ ერეკებიან საითაც უნდათ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან.

მიუღებელია ჩვენი პარტნიორების ასეთი ენით მოხსენიება. კალაძემ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება, მას და მის ოჯახს არავინ შეარჩენს მოპარულ მილიონებს. ის არის გამწარებული და იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს. გერმაიის სახელმწიფომ უთხრა მათ, რომ ნუ გადაუსვამთ ხაზს იმ სიკეთეებს, რაც ჩვენს სახელმწიფოს თქვენი ქვეყნისთვის აქვს გაკეთებულიო.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით, უნდა ვიყოთ ბევრნი და ერთიანნი, რადგან ამათმა ჩვენი ქვეყანა არ ჩამოაშორონ ცივილიზებულ სამყაროს. ალბათ, მათ წარმოუდგენიათ, რომ ყველას თავისი შვილი კერძო სკოლებში დაჰყავს და არ არის ასე, ბევრს განათლების მიღების შესაძლებლობაც არ გააჩნია.

_ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ვნახეთ, რაც დაემართა რიჟვაძეს, აპატიმრებენ ღარიბაშვილის კადრებს და რას ნიშნავს ეს?

_ მოშლილია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ერთმანეთს მოპარულ ფულებს უთვლიან და ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქეშად ითხოვს იმ ფულების დაბრუნებას, რაც მათ წაიღეს. ზოგს არ მიაქვს, ზოგს ვერ მიაქვს და იჭერენ. არის ინფორმაცია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ნაცემია. რამ მიაღებინა ტვინის შერყევა? როგორც ჩანს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მერე რომ არ მიიტანა ან ვერ მიიტანა, დაიჭირეს. ალბათ, ასე უნდათ დაიჭირონ ლილუაშვილი, გომელაური. ყველას დაიჭერს, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარია მისი თუ გუნდის წევრი, რადგან ივანიშვილს მხოლოდ ფული აინტერესებს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უყურებს კონკრეტულ რიცხვებში, რამდენ ფულს დაწერს მისი ბიზნესები. ახლა გადაიმტერა მისი მარჯვენა და მარცხენა ხელი ვინც ჰყავდა ბრძოლაში და დაიყენა შიზოიდი პირები, კობახიძისა და მდინარაძის სახით. ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა.

ესენი რომ თავს გვაწონებდნენ, ასეთი მინისტრი გვყავსო, მიწები და ვილები უყიდია, ფული მიუთვისებია და ჩვენი ხალხი პენსიაზე ცხოვრობს 300 ლარზე, წარმოიდგინეთ და თვითონ საზღვარგარეთ ვილებს ყიდულობენ საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. თვითონვე ამბობენ ამას. ესენი მოსაშორებლები არიან. როდემდე უნდა ავიტანოთ ეს ბოროტება?! წარმოიდგინეთ, რამდენი ექნებათ ამ ტენდერებით ფულები მოპარული. მათი მოპარული თითოეული ლარი დააკლდა ჩვენი შვილების განათლებას, უმაღლეს განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და ეს უნდა დავასრულოთ. შეუძლებელია, რომ ამდენი ხანი ავიტანოთ ეს ბოროტება.

_ არის მოსაზრებები, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ღარიბაშვილს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ივანიშვილმა დაიჭიროს ყოფილი პრემიერი?

_ კი ბატონო, ნამდვილად. ვფიქრობ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე აიყვანეს მძევლად, რათა ევაჭრათ ღარიბაშვილთან. აჩვენეს, როგორც ჩანს, მოსთხოვეს, რომ თუ ამდენს არ მოგვიტან, აი, ამას ხომ არ გამოვუშვებთ და შენამდეც მოვალთ. ერთმანეთს დაერივნენ, ჩამოშალეს ყველაფერი მათ პარტიაშიც კი და ახლა ქალზე მოძალადე ზონდერების იმედად არიან. ესენი მშიშრები არიან და მეტი არაფერი, კალაძის შტაბში რომ იკრიბებიან ყოველ საღამოს. ყველამ ვნახეთ, ვინც არიან. ქალთმოძულე, კაცთმოძულე, არაქართველ და არაქრისტიან ხალხზე დგას ეს რეჟიმი.

_ თქვენ ახსენეთ კალაძის შტაბის მოვლენები. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციელებიც არ დაინდეს მათ, ისროდნენ გაყინულ ბოთლებს, როგორ შეაფასებთ ამ დღეების მოვლენებს?

_ ესენი არიან მოზონდერო ტიპები, რომლებსაც თავადვე მიანიჭეს პრივილეგიები და ახლა ვეღარ აკონტროლებენ. მათ არ აინტერესებთ არც პოლიცია, არც რიგითი მოქალაქე, ყველაზე ძალადობენ. ეს რეჟიმი ისეა ჩამომპალი და ჩამოშლილი, რომ არანაირი ადამიანობა არ არსებობს, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ფორმიანები ჩვენ დაგვდევენ, სტუდენტებს იჭერენ წარწერებისთვის და მოძალადეებს, რომლების თავ-პირს ამტვრევენ პოლიციას, ხალხს და გაყინულ ბოთლებს ესვრიან მათ, თითსაც კი ვერ აკარებენ.

ეს არის ქვეყნის ჩმოშლა, სახელმწიფოს დეგრადაცია, ეს მომენტი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, უნდა გავერთიანდეთ, უნდა ვიყოთ ბევრნი, შეუპოვარნი. თუ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, ჩვენ დავბრუნდებით 90-იანი წლების ვითარებაში, როდესაც ბანდფორმირებები იდგნენ იარაღით. ასეა ახლაც, მათ ვერავინ ადებს ხელს, იმას აკეთებენ, რაც უნდათ და მაინც თავისუფლები არიან. ასე რომ არ გაგრძელდეს და რომ არ მივიღოთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა, „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ რაც შეიძლება მალე.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და დასუსტებულია. იგივეს ამბობენ ექსპერტებიც, პოლიტიკოსებიც მალე დასრულდებიანო, თუმცა ვხედავთ მორიგ ჯერზე ახალ წნეხს მათგან. როგორ ფიქრობთ, გადაჭარბებული ხომ არ არის ეს შეფასებები?

_ არანაირად არ არის გადაჭარბებული. რეჟიმი რომ ძლიერი იყოს და საფრთხედ არ აღიქვამდეს ამ ხალხს, შესაბამისად არ დაუპირისპირებდა ამგვარ რეპრესიულ მექანიზმებს. შეხედეთ მათ ქმედებებს, მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს ლევან ხაბეიშვილისთვის, რა აბსურდულია, საჯაროდ გაკეთებული განცხადებისთვის, დაპირებისთვის ბრალი წაუყენეს და გოგონას წარწერის გამო 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. აღარ იციან, რა ქნან, რა მოიმოქმედონ, ქმედებებსაც ვერ აკონტროლებენ. მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ. არანაირი გადაჭარბება, ეს არის სწორი შეფასება. მათ საყრდენი, ავტორიტეტი დაკარგეს ქუჩაშიც, მათ ავტორიტეტი დაკარგეს პარტიულ ინფრასტრუქტურაშიც, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მივიდნენ იმ რეალობამდე, რომ რეჟიმი დგას რამდენიმე ასეულ მოზონდერო ელემენტზე. შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოვითმინოთ ან როდემდე უნდა გაგრძელდეს?! მწამს, რომ აუცილებლად ძალიან მალე დასრულდება ეს ბოროტება.

_ მასშტაბური აქციაა დაანონსებული 4 ოქტომბერს. როგორ ფიქრობთ, იქნება საზოგადოება ერთიანი?

_ ჩვენ ვამბობთ, რომ იმ რუსულ სპეცოპერაციაში, რასაც არჩევნები დაარქვეს, არავინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათ სურთ, რომ ამით დაკარგული ლეგიტიმაცია, როგორმე აღიდგინოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ მივდივართ ყველანი აქციაზე ოთხში ოთხ საათზე იმისთვის, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ამ ქვეყნის მართვის სადავეები, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ!

ეს რა არჩევნებია? სამწუხაროდ, ვერ გაუძლო ცდუნებას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, მათ არც მე და არც აღარავინ თვლის ოპოზიციად. „ლელოს“ და გახარიას არაფერი საერთო ოპოზიციასთან არ აქვს. არის დღეები დარჩენილი და ზოგიერთს კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ სწორი მიმართულებით წავიდეს და სწორი ნაბიჯები გადადგას. მათ მომხრეებს მივმართავ, რომ დადექით ხალხის გვერდით და შემდეგ, როდესაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, გადაწყდება ვინ იქნება ამ ქვეყნის მმართველი. ამ რუსულ ფარსში, სუსი რომ უწოდებს არჩევნებს, კალანდარიშვილი რომ ატარებს არჩევნებს, ძველი მაქინაციები და ვირეშმაკობებია მოფიქრებული, იქ როგორ შეიძლება არჩევნებსა და მასში მონაწილეობაზე საუბარი?! ვინ მიიღებს ასეთ არჩევნებში მონაწილებას ისეთი, ვისაც თავმოყვარეობა აქვს? შესაბამისად, ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რომ ხალხის ერთიანობამ და სიმრავლემ უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყნის მტერს არ მიენიჭოს ლეგიტიმაცია. ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს.

 

 

 

 

გაზიარება