QronikaPlus
ვადო მაჭავარიანი - დროა, ძველი პოლიტიკური ნაგვისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა

ვადო მაჭავარიანი - დროა, ძველი პოლიტიკური ნაგვისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა

2025-10-15 12:56:00

ირინა მაკარიძე

 

4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „სართული _ ახალი თაობის ძალის“ ლიდერ ვადო მაჭავარიანს:

 

_ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ, ძალიან რთულ ვითარებაში აღვმოჩნდით 4 ოქტომბრის შედეგად. მე ჩვენს მოძრაობასთან ერთად ვიყავი კიდეც აქციაზე, ვეხმარებოდით ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ, ეს იყო ჩვენი ფუნქცია და როლი. ფაქტია, და როგორც საღამოს გამოჩნდა, გეგმა განწირული იყო დამარცხებისთვის. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, არ იცოდნენ, რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენო. გარდა იმისა, რომ გეგმა აღმოჩნდა გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო, რაც მოხდა მაინც არის ღალატის შედეგი. ამაზე საუბრობენ დაპატიმრებული ლიდერების ოჯახის წევრები, ახლობლები, რომ ეს ადამიანები დააღალატეს. სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ეს ადამიანები დაღალატებულები აღმოჩნდნენ და ძალიან კარგად ჩანდა და ჩანს კიდეც სუს-ის ხელი ამ ყველაფერში. ჩანს, რომ ყველაფერი განვითარდა სუს-ის სცენარით, რაშიც შედის ის რეპრესიები, რაც ამას მოყვა, მათ შორის, 70 წლის აკადემისოს ექიმის დასაკავებლად ასი პოლიციელით მისვლა. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაკლან ყველანაირი ბრძოლის ჟინი, რომ ადამიანებმა არც კი გაიფიქრონ პროტესტზე. ეს მგონია, რომ არ გამოუვათ. ჩვენ დავინახეთ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მშვიდობიანად გამოსული. მგონია, რომ ამ მუხტს ვერანაირად მოკლავენ.

მეტი პასუხისმგებლობა მართებდათ მათ, ვინც ჩვენ მოგვიწოდებდა.  უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდნენ ჩვენს ნდობას.

_ დაკავების წინ მურთაზ ზოდელავამ გარკვეული მინიშნება გააკეთა. ახსენა, რომ არ ენდოთ დონორებს, ენდეთ გულწრფელ ადამიანებს. სხვების მიერ იყო ნახსენები, რომ მათ უპირისპირდებოდათ სუს-ი. რას იტყვით ამ განცხადებებზე?

_ მე ასე მესმის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, განწირულები აღმოჩნდნენ. მგონია, რომ მათი გულწრფელობითაც, მათი მიმნდობობითაც ითამაშეს. კარგად დაგეგმა, ვინც დაგეგმა. ყველანაირად ცდილობენ პროცესის გაშავებას, ისეთი სახელები და გვარები წამოსწიეს, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსან ბაჩო ახალაიასი, რომ ბევრ ადამიანს ამის გამო არ მოუნდეს ამ ხალხის გვერდით დადგომა, რომ დახატონ ეს ყველაფერი „ნაცების“, „დიფ სტეიტის“ შეთქმულებად.

ითქვა ეს ბევრჯერ და მეც მინდა ვთქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ „დონორებთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ „დალაგებული“ ხალხის და არასანდო ხალხის ჩარევა.  როგორც ამ განცხადებებიდან ჩანს, თავს არ ვიმართლებ, არ ვარ ამ დეტალებში ჩახედული, იყო ღალატი, სუს-ს ჩარევა, ყალბი იმედების მიცემა, ამ ყალბი იმედების გამო აღებული პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე შეეძლოთ ამ ადამიანებს. ის ხალხი, ვინც რეზიდენციის ტერიტორიასთან აღმოჩნდა, გახდა ამ ყველაფრის მსხვერპლი, განწირულები აღმოჩნდნენ რეალურად და ესეც შედეგია კულუარების მიღმა პოლიტიკის. რომ ყოფილიყო უფრო კარგად ყველაფერი განსაზღვრული, უკეთ გვეცოდინებოდა, რაზე გავდიოდით. კობახიძე რომ ამბობს, ყველა დასამხობად იყო მისულიო, არ იყო უმრავლესობა განწყობილი, რომ უნდა შევვარდნილიყავით სადმე. მე და ჩემი მეგობრები მოსული ვიყავით, უბრალოდ, ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სამწუხაროა, რაც მოხდა და მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ამ ადამიანებს მალე გათავისუფლება, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. ეცდებიან ახლა ყველანირად, რომ რეპრესიები გააძლიერონ, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენი ერთობით. თუ პროტესტს მივუდგებით თანმიმდევრობით და მეტი სიფრთხილით, ასე უფრო დავასუსტებთ „ოცნებას“.

_ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ „დიფ სტეიტმა“, უცხოეთის აგენტებმა დაგეგმეს რევოლუციური სცენარი, თუმცა თუ ასეთი ძალების მიერ იყო დაგეგმილი, მაშინ შედეგიც სხვა დადგებოდა, რას იტყვით?  

_ ერთადერთი, რაც ამას ეტყობოდა დაგეგმილის, სუს-ის ხელი ეტყობოდა, რადგან შედეგი, რაც ამის შემდეგ მივიღეთ, ამაზე მეტყველებს. ეს განწირული შტურმი, რაც ყველამ იცის, რომ არ შეიძლება, სასახლის ეზოში აღმოჩენილი ადამიანები, ჭყლეტა, დარბევა ამ ადამიანების, დაკავებები, ეს აწყობს „ოცნებას“, ეს აწყობს სუს-ს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო მათ მიერ, ვინც სუს-იდან ხელები აფათურა, რომ შედეგი ყოფილიყო პროტესტის მოკვლა. მიუღებელი სახელები და გვარები შემოეტანათ პროცესში, დაეკავებინათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ შიში დაეთესათ, რაც მჯერა, რომ არ გამოუვათ. შედეგი, რაც შემდეგში დადგა, მგონია, რომ გეგმაც ეს იყო და რუსული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში გამოვიდა მოკლული 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც შესაძლებელი იყო თანმიმდევრული, გააზრებული ქმედებით სხვანაირად განვითარებულიყო პროცესები. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ ამ დღეს. ჩვენ არ ვაპირებთ ხელების ჩამოყრას, ამ ქვეყანაში ვერ დამყარდება ავტორიტარიზმი და დიქტატურა.

_ ამ ადამიანებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გეგმა არ აღმოჩნდა მთლად გამართული, აჩვენეს პირადი თავგანწირვა, თუმცა რამდენად სწორი იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ ლიდერობის მთელი სიმძიმე, ტვირთი მათთვის მიენდოთ?

_ მომღერალი ადამიანისთვის, რომელიც თავადვე ამბობს, რომ პოლიტიკოსი არ არის და არ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, მისთვის ყველაფრის შეტოვება უპასუხისმგებლობის ზენიტია. ბოლო დროს ვხედავთ პარტიების მხრიდან თავის მართლებებს და შედარებებს, ვის უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს. პოლიტოკოსები, რომლებიც ამბობდნენ, გამოვდივართ და გეგმა არსებობსო, ახლა ამბობენ, რომ არ ვიცოდით, რა იგეგმებოდაო. არ არის სწორი, რომ 5 ადამიანზე გადატყდეს მარტო ეს ჯოხი. არ ვამბობ, რომ კიდევ მეტი ადამიანი უნდა დააკავონ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ. ამ ადამიანების გვერდით დგომა  უკეთესი იქნებოდა და ასე არ უნდა დასრულებულიყო ის დღე, როგორც დასრულდა. სხვა პარტიებმაც, რომლებსაც „ნაცმოძრაობის საქციელი“ არ მოეწონა, ჩემი აზრით, უნდა შეეშვან ამ ამბის სათავისოდ გამოყენებას, რომ აი, ვიღაცას ფეხი დაუცურდა. მთელ ქვეყანას დაუცურდა ფეხი იმით, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამდენი წელია ეს მარაზმი გვჭირს და ვერ მოვიშორეთ. დროა, და მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი ამას შეუწყობს ხელს, დაიწყოს პოლიტიკური ველისა და სივრცის გადატვირთვა. დასრულდეს, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, თუნდაც „ნაცმოძრაობის“ მონოპოლია რაღაცებზე, თუნდაც ეს ოპოზიციური კინკლაობა.

_ ალბათ, ეს არის იმის შედეგიც, რომ პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან. ლიდერის პრობლემა ისედაც არსებობდა, მაგრამ ეს ახლა უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რას იტყვით ამაზე?

_ მგონი, ესეც „ოცნების“ გეგმის ნაწილი იყო, რომ ასეთი რაღაც მომხდარიყო მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური ლიდერი  ციხეშია. ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ვუყურებთ გაწერილ გეგმას, რომლის შესრულებას ოპოზიცია, სამწუხაროდ, თავისი „სასარგებლო იდიოტიზმით“, ნებსით თუ უნებლიეთ, უწყობს  ხელს. 4 ოქტომბრის შემდეგ საერთოდ სხვა ტიპის მიდგომა  სჭირდება პოლიტიკას. ასე არ ვუყურებ, რომ ვიღაც „თეთრ რაშზე ამხედრებული“ ლიდერი უნდა გამოჩნდეს აუცილებლად, ლიდერობას პოლიტიკაში ასე ვუყურებ: თანმიმდევრულობა, საკუთარი სიტყვის პატივისცემა, ხალხის პატივისცემა და, უბრალოდ, იმის გათვლის შესაძლებლობა, რომ შეიძლება ასეთი რამე გაგიკეთონ და ამაში არ უნდა ჩადგა ფეხი.

_ პრაგმატული პოლიტიკა საქართველოში დიდად მხარდაჭერილი არ არის, უფრო ემოციური განცხადებებია  პოპულარული. ამის ბრალიც ხომ არ არის ბევრი რამე?

_ ზოგადად, ემოციური ადამიანები ვართ, მაგრამ პოლიტიკაში როდესაც ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, უფრო კარგად უნდა გედოს ხელი საზოგადოების პულსზე. ვერ ვხედავ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს გამოჩნდა იმ დღეს კიდეც, მომხრე ყოფილიყო სადმე შევარდნის. ემოციურობა და მკვეთრი ნაბიჯები არის საჭირო შესაბამისს მომენტებში. როდესაც გიგეგმავს ვიღაცა გარედან და ეს ზედაპირზე ჩანს, მაშინ არ ვიცი... მე ამას უფრო მეტად ვაბრალებ იმას, რომ არ არის ეს პოლიტიკური კლასი ხელისუფლების გადაბარებისთვის მზად. რომ უყურებ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოგიწოდებს, „გამოდი 4 ოქტომბერს“ და მერე ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომღერალს, ასეთ პოლიტიკოსებს ხალხი ვერ ენდობა. რომ უყურებ, ყველა გაიწევა და მეორე დღიდან იწყება უკვე პარტიებს შორის ტალახის სროლა, იქ შენ ვერავის ენდობი. მგონია, რომ ეს არა ემოციურობისა და არაპრაგმატულობის, უბრალოდ გაკოტრებულობის ბრალია. ამიტომ არის ახლა სიახლის დრო. არ მინდა იფიქროს ვინმემ, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები მალაპარაკებს. ახალი ძალა რომ საჭიროა, ეს ყველამ იცის. ამ ძველი პოლიტიკური ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა და უნდა ჩაირეცხოს ის პოლიტიკა, რომლის შედეგებსაც ვუყურებთ აგერ უკვე 14 წელია. ერთი და იგივე  სახელებს ატრიალებს „ქართული ოცნება“ და ახლაც ამ სახელების გამოყენებას ცდილობს პროტესტის ჩასაკლავად. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია სათანადოდ ძლიერი ვერ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უკან მოეტოვებინა. გამოსავალი არის ის, რომ ახალი პოლიტიკის კეთება დავიწყოთ. 4 ოქტომბრის შედეგი აღმოჩნდეს მხოლოდ ადამიანების დაკავება და მეტი არაფერი, არანაირი დათმობა „ოცნებისგან“, ეს იქნება ძალიან ცუდი. შედეგი უნდა იყოს ის, რომ დავიწყოთ ახალი პოლიტიკის კეთება.

გაზიარება