QronikaPlus
ზაზა ბიბილაშვილი - „ქართული ოცნების“ მეშვეობით მოსკოვი დაეპატრონა საქართველოს

ზაზა ბიბილაშვილი - „ქართული ოცნების“ მეშვეობით მოსკოვი დაეპატრონა საქართველოს

2025-10-15 11:50:05

ირინა მაკარიძე

 

4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე, მასობრივ დაჭერებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკურ ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:

 

_ 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. პოლიპატიმრების რიცხვი 100 ადამიანს ასცდა და ყოველდღიურად იზრდება. რუსული რეჟიმი რეპრესიების უფრო მწვავე ფაზაში შედის. 4 ოქტომბერი მხოლოდ მორიგი საბაბი იყო, თუმცა საბაბი არ დასჭირვებიათ უამრავ სხვა შემთხვევაში. როცა საბაბი არ არის, ამგვარ საბაბს იგონებენ ან არც იგონებენ და ისე იჭერენ და დევნიან პატრიოტ მოქალაქეებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია შიდა, ბოლშევიკური ტიპის წმენდა და რეპრესიები, რომლებიც მათ რიგებში მიდის _ იმ ადამიანების დევნა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ან გუშინწინ „ოცნების“ სახეები ან აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და რომლებსაც დღეს მოღალატეებს ეძახიან და სხვადასხვა ტიპის შანტაჟის (ან ციხის) ფონზე საარაკო თანხების „ობშიაკში“ დაბრუნებას სთხოვენ. რიჟვაძის შემთხვევა გახსოვთ; ბაჩიაშვილი, რომელიც ჯერ მოიტაცეს და მერე ციხეში გამოკეტა ივანიშვილმა; ისიც შევახსენოთ მკითხველს, რომ, მაღალი ალბათობით, სწორედ ამ სპეცოპერაციაზე თანხმობაში გაიცვალა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქართველ თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილის პოსტი (ანუ ივანიშვილმა მორიგ ჯერზე მისი პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენა). მერე იყო ბაჩიაშვილის საკანში უცხო პირის შეყვანა და მისი ცემა, რაც ივანიშვილის „უბის უწყებებმა“ გამოიძიეს და დაადგინეს (ჩვეული რუსული, ცინიკური სტილით), რომ ბაჩიაშვილი იქით დასხმია მას თავს; ცალკე აღნიშვნის ღირსია გლდანის ციხის ყოფილ უფროს დავით გოგობერიშვილის სიკვდილი, რომელიც სწორედ ბაჩიაშვილის ინციდენტის მერე წავიდა თანამდებობიდან. რეჟიმი გვიმტკიცებს, რომ ამ ადამიანმა (რომელსაც პოლიტპატიმრების დიდი ნაწილი საკმაოდ დადებითად იხსენებს) „თავი მოიკლა“. თუმცა ამ ვერსიისადმი ნდობა, შეიძლება ითქვას, ნულის ტოლია.

ზოგადად, ყველაფერი, რასაც „ოცნება“ ამბობს და აკეთებს, სარგებლობს „დანაშაულის პრეზუმპციით“. ანუ იმთავითვე ივარაუდება, რომ რეჟიმი თავად სჩადის დანაშაულს და ამასთან დაკავშირებით იტყუება. შეიძლება, ამა თუ იმ ცალკეულ შემთხვევაში გაირკვეს, რომ ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გამონაკლისი წესს ადასტურებს.

_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საუბრობს რევოლუციის მზადების შესახებ/ „საბურავების რევოლუციიდან“ დაწყებული პერიოდულად იწყებენ გამოძიებას, რომელსაც შემდეგ აღარ აგრძელებენ. მხოლოდ ახლა მიეცათ მათ რეალური ფაქტი _ სახელმწიფო ობიექტის ღობის დაზიანების, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნათ პოლიტიკური რეპრესიების გასაძლიერებლად. რას იტყვით ამის შესახებ და როგორ  წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაგრძელება?

_ წავიდა ის დრო, როდესაც შეგვეძლო გვესაუბრა „ქართულ ოცნებაზე“, როგორც პრორუსულ, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად ავტონომიურ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ერთი ოჯახის მიერ იმართებოდა. ბოლო წლებია, საქმე გვაქვს უშუალოდ რუსეთთან და მის მიერ შექმნილ ჰიბრიდულ ძალასთან. „ქართული ოცნების“ მეშვეობით მოსკოვი დაეპატრონა საქართველოს და დღემდე აკონტროლებს ჩვენს ქვეყანას. თუ ამას გავიაზრებთ, მაშინ თვალწინ წარმოგვიდგებიან არა კობახიძეები, კალაძეები, პაპუაშვილები, ზარქუები, არამედ ის ფიგურები და ძალები, რომლებიც რეალურად თოჯინებივით მართავენ ამ პოლიტიკურ არარაობებს.

რაც შეეხება გაგრძელებას, ჩვენს ხელში არის მთავარი იარაღი _ ისტორიული სიმართლე და ქოცური გარყვნილების მიუღებლობა/არაღიარება. ეს უნდა იყოს ყველაფრის ბაზისი. დანარჩენი კი, ვითარების შესაბამისად, გონივრულად, რაციონალურად, საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით უნდა განვითარდეს. გულუბრყვილობა იქნებოდა ახლა რაიმე კონკრეტული გზამკვლევის გამომზეურება, რომელიც წარმატების გარანტირებულ ფორმულას შეიცავს. გამარჯვება მოსდევს ბრძოლას. ბრძოლას არა „ევროპული მომავლისთვის“ (ეს უკვე შედარებით შორეული პერსპექტივაა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო), არამედ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის აღსადგენად და რუსეთისგან გასათავისუფლებლად.

_ „ქართული ოცნება“ ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ისგან მოითხოვს 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა საპირისპიროს ისმენს დასავლეთისგან, რასაც ისევ თავიანთი პროპაგანდისტული ტექსტებით პასუხობენ „ბოროტ დასავლეთზე“. რას იტყვით ამის შესახებ?

_ „ოცნებას“, ანუ რუსეთს, დასავლეთის მიერ ამა თუ იმ მოვლენის დაგმობა კი არა, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ და ავტორიტარულ სახელმწიფოდ აღიარება სურს. „მიიღეთ ეს რეალობა და გველაპარაკეთ“, _ ეს არის რუსქოცების გზავნილი. საბედნიეროდ, ამას აღსრულება არ უწერია. „ოცნება“ დაუფარავად პოზიციონირებს, როგორც დასავლეთის მტერი და დასავლეთს საკუთარ მტრად წარმოაჩენს და ამ ვითარებაში ითხოვს დასავლეთისგან მისი პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. შეიძლება დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მიამიტური პოზიცია „ოცნებასთან“ დაკავშირებით (რა შორს წავიდეთ, აშშ და გაერთიანებული სამეფო 2024 წლამდე „ოცნების“, ანუ საკუთარი მტრის სტრატკომსაც კი აფინანსებდნენ), მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო და პოლიტიკა შეიცვალა. ამდენად, რუსები აქ ნებაყოფლობით დათმობებს აღარ უნდა ელოდნენ.

_ ცალკე აღნიშვნის ღირსია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წერილები, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს. ერთ-ერთ ბოლო წერილში ის აცხადებს: „ათწლეულების განმავლობაში დასავლური სამყარო ცდილობდა საბჭოთა კავშირის ჰიბრიდული თავდასხმებისგან თავის დაცვას, რომლებიც აქტიური ზომების სახელითაა ცნობილი. დასავლეთში ახლაც აცხადებენ, რომ ეს სპეციალური ზომები დღევანდელი რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ კვლავ გამოიყენება. ირონიაა, რომ თავად დასავლელი აქტორები ანალოგიურ პოლიტიკურ ომს აწარმოებენ ყველაზე აშკარად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“. რას იტყვით ამის შესახებ? „ოცნება“ ისევ ცივი ომის რეჟიმშია დასავლეთთან, ოღონდ ახლა საბჭოთა კავშირის ნაცვლად თავიანთ თავს მოაზრებენ?

_ თავად ეს ფრაზა კლასიკური რუსული წჰატაბოუტისმ-ის კარგი ნიმუშია. დარწმუნებული ვარ, პაპუაშვილი ამ ტექსტებს თავად არ წერს (არც რომელიმე სხვა ქართველი არ წერს მათ). უბრალოდ, მას ეს როლი აქვს მიჩენილი (ისევე, როგორც, მაგალითად, ზარქუას _ ჯამბაზის როლი) და რა ტექსტებსაც მიაწვდიან, იმას წაიკითხავს ან დაპოსტავს. „ოცნება“ და მისი უკლებლივ ყველა სპიკერი არიან საქართველოსა და რეგიონში რუსული ინტერესების გამტარებელი პაიკები. უფრო სწორად, რუსეთი საკუთარ პოლიტიკას „ოცნებისა“ და მისი სპიკერების ხელით ატარებს.

საბჭოთა კავშირის ნაცვლად ახლა რუსეთია და „ოცნება“ არის რუსეთის მხარე ამ ომში. ამაზე მარჩიელობაც არ გვიწევს _ შევხედოთ, ვის გულშემატკივრობენ ისინი, ვინ სძულთ, ვის ლანძღავენ. და, მეორე მხრივ,  ვინ აქებს მათ. ამაზე ნათელი და საქართველოსთვის ამაზე სამწუხარო სურათი ძნელი წარმოსადგენია.

საბედნიეროდ, ვითარება იცვლება და იცვლება არა რუსეთის სასარგებლოდ. სწორედ ეს იქნება ის ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, ჩამოირეცხოს „ოცნების“ ისტორიული ლაქა და დაიბრუნოს ქვეყანა.

_ რას იტყვით ირაკლი კობახიძის „ნულოვან თანაგრძნობაზე“. ბევრს გაახსენდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება „ნულოვან ტოლერანტობაზე“, რომელიც იყო არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ კრიმინალის მიმართ. რას იტყვით მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე?

_ დიდი ბოდიშის მოხდით, ძალიან არასწორი პარალელია.  ვინც ეს შედარება გააკეთა, იმან ძალიან დაიზიანა თავი პოლიტიკურად. დავიწყოთ იმით, რომ ირაკლი კობახიძეს „ნულოვან ტოლერანტობაზე“ არ უსაუბრია. მან ისაუბრა „ნულოვან თანაგრძნობაზე“, რაც უსისხლობის, არაადამიანურობის, სოციოპათიის, ანტიქართულობის ყველაზე ცხადი დეკლარაციაა. ალბათ არაფერი ასახავს „ოცნებას“ ისე კარგად, როგორც ეს სრული არაადამიანურობა. სრული ამორალობა. თან კობახიძე _ ანუ რუსეთი _ აქ ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ გეშავს ლუმპენებს. შედარებისთვის: სააკაშვილის მიერ 20 წლის წინათ გაკეთებული განცხადება (ანუ მაშინ, როცა საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა იყო, სადაც ადამიანების მკვლელობა, გატაცება, დაუთოება და ა. შ. ყოველდღიურობას წარმოადგენდა), შეეხებოდა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში ნულოვან ტოლერანტობას, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიღებული მეთოდია.

_ რას იტყვით „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მასობრივ დაკავებებზე?

_ მიმდინარეობს რუსული ინტერესების საბოლოო კონსოლიდაცია საქართველოში. ამის ნაწილია მასობრივი დაჭერები და ის ზეაგრესიული რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ რეჟიმის სპიკერებისგან. პაპუაშვილმა, პრაქტიკულად, ყველას დასდო ბრალი, ვინც 4 ოქტომბერს ქუჩაში იყო გამოსული. ე. ი., მინიმუმ 50-60 ათასი ბრალდებული გვყავს, რომელთა უკან კიდევ ასობით ათასი გულანთებული პატრიოტია. პროცესები იქით მიდის, რომ თუ რუსებს რამე გარემოებამ ხელი არ შეუშალა, ისინი საბოლოოდ გააფორმებენ დიქტატურას. 

_ იმედია, ასე არ მოხდება.

_ საბედნიეროდ, საერთაშორისო ვითარება სწრაფად და რუსეთის საწინააღმდეგოდ იცვლება. ამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს ტრამპის ახალი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ის დიდძალ იარაღს აწვდის უკრაინას და რომელიც ასევე რუსეთის ენერგეტიკული პოტენციალის განადგურებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, საშუალოვადიან პერსპექტივაში მაღალია ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ვეღარ შეინარჩუნებს კონტროლს საქართველოზე და ქართველი ხალხი შეძლებს დაიბრუნოს ქვეყანა.

გაზიარება