მთავარი თავდაცვა დიმიტრი შაშკინი: „რა თავდაცვისუნარიანობაზეა საუბარი, ჯარი დემორალიზებული და პარალიზებულია!“

დიმიტრი შაშკინი: „რა თავდაცვისუნარიანობაზეა საუბარი, ჯარი დემორალიზებული და პარალიზებულია!“

852
0
გაზიარება

shashkini

 

გენერალ კალანდაძის განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებიდან გასაიდუმლოებული მასალები გამომზეურდა, ფართო განხილვები მოჰყვა. ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაში ამბობენ, რომ, ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ, გადაცემა „P.შ.“-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

საუბარია, იმ საცეცხლე წერტილებზე და ცენტრალური მართვის შტაბზე, რომელსაც, რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველო მტრისგან უნდა დაეცვა.

გასაიდუმლოებული ობიექტებისა და მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღჭურვა ასობით მილიონი ლარი დაჯდა, მაგრამ ირკვევა, რომ მას ფასი თითქმის აღარ აქვს, რადგან მიწისქვეშ გაშენებული თავდაცვის მთელი სისტემა უკვე გაშიფრულია.

ტრისტან წითელაშვილი, რომელზედაც გენერალი კალანდაძე საუბრობს, ყოფილი სამხედროა. პოლკოვნიკი წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მან ციხე დატოვა.

კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა, გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო.

არსებული ინფორმაციით, საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს სამხედროებმა შეუშალეს ხელი, თუმცა უშედეგოდ. კალანდაძის თქმით, სამხედროებმა ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა მინისტრმა აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით „ჩვეულებრივ ბაზაზე“ იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო-ვიდეო არ გადაუღია.

„ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი. არ არის სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა. ეს არის ობიექტი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან გენინსპექციის მეშვეობით მქონდა კომუნიკაცია. ვაწვდიდი ინფორმაციას, ვაძლევდი დოკუმენტებს და გენინსპექციის ხელმძღვანელობა ამის შესახებ თავდაცვის მინისტრს ახსენებდა. იმ ობიექტზე, სადაც ვიყავი, ნებართვა არ მჭირდებოდა. სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა, რომ გადამალული ტექნიკა შეგვემოწმებინა, რომელიც გენერალმა კალანდაძემ მოიპარა“, _ ამბობს წითელაშვილი.

 

ამ საკითხებზექრონიკა+“- ესაუბრება ყოფილ თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი:

_ ბატონო დიმიტრი, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. ამ ისტორიამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

_ ძალიან მძიმე სიტუაციაა. რაზეც გენერალმა კალანდაძემ ისაუბრა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულია. ეს ეხება საიდუმლო ობიექტებზე არასათანადო პირების არა მარტო შეშვებას, არამედ იქ გადაღებას, აღწერას და ა. შ. არსებობს სხვადასხვა საიდუმლო ობიექტი, რომლებიც ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვან თავდაცვის რესურსს წარმოადგენს. საერთოდ, რაც გენერალმა კალანდაძემ თქვა, ეს ობიექტი ე. წ. სათადარიგო მართვის ცენტრია, ანუ ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთვის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათადარიგო მართვის ცენტრები ჰქონდეს, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ომის პერიოდში, განსაკუთრებით XXI საუკუნეში, საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგე მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მტრის მართვის შესაძლებლობები დააზიანოს. ჯარი სხვადასხვა ქვედანაყოფისგან შედგება. როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ჯარისკაცი, ქვეყანას როგორი ძლიერი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ ამ ძალების მართვა ფერხდება, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ზუსტად ამისთვის, 2008 წლის შემდეგ, საქართველოში სპეციალური ობიექტების მშენებლობა დაიწყო, რომლის მეშვეობითაც საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შეიარაღებული ძალების მართვა შესაძლებელი იქნებოდა; როდესაც ცნობილი მართვის ცენტრები (შესაძლოა) განადგურდებოდა, ამ ობიექტების მთავარი ფასი და ღირებულება ის იყო, რომ მოწინააღმდეგემ არ იცოდა, სად იყო ის განლაგებული. ამ ობიექტების მშენებლობაზე ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ჩვენ ათობით მილიონ ლარზე ვსაუბრობთ. XXI საუკუნის ტექნოლოგიებზე ვლაპარაკობთ, რომლითაც ახლა ეს ობიექტები აშენდა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ფუნდამენტზეა რეალურად საუბარი. მაგრამ თუ ამ ობიექტზე არასათანადო პირები შევიდნენ (და ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვა ძალიან ბევრს გადაიხდიდა, რომ მოწინააღმდეგის სათადარიგო მართვის ცენტრები მისთვის ცნობილი ყოფილიყო), ამ ობიექტის ფასი ნულის ტოლი ხდება. ჩათვალეთ, რომ ათეული მილიონობით ლარი წყალში გადაყრილია. ასევე წყალში გადაყრილია მთელი წლები, რაც ამის გაკეთებას დასჭირდა. ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობას, მინიმუმ, სამი წელი უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს სახლის აშენება არ არის, ეს სახელმწიფო საიდუმლოებით დაცული ობიექტების მშენებლობაა, რომელშიც XXI საუკუნის ტექნოლოგიები გამოიყენება.

_ ბრძანეთ, რომ ასეთ ობიექტებზე არასათანადო პირები არ უნდა მოხვდნენ. ამ ბოლო შემთხვევაში დასახელებული პირის იქ მოხვედრა ყოვლად დაუშვებელი იყო?

_ რასაკვირველია, ეს ადამიანი, ვისზეც ვსაუბრობთ, რუსეთის ჩვეულებრივი, იაფფასიანი აგენტია, რომელიც თავისი პრორუსულობით გამოირჩეოდა, რისთვისაც სასჯელს იხდიდა. მან 2008 წლის ომის დროს ღალატი ჩაიდინა, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენი ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მიკვირს, რომ ხალხს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. მაგალითად, როდესაც დაღუპულ ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, რატომღაც, ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ უამრავი ჩვენი ჯარისკაცი დაბომბვის დროს დაიღუპა, როდესაც რუსული თვითმფრინავი ზუსტად გავიდა იმ პერიმეტრზე, სადაც ჩვენი ქვედანაყოფი იდგა, რომელიც ერთი ტყის მასივიდან მეორე ტყის მასივში გადადიოდა! ამისთვის ქვედანაყოფს წუთები სჭირდებოდა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, აღნიშნულ პერიმეტრზე, რუსული ბომბდამშენი გავიდა და ზუსტად იმ მომენტშივე დაბომბა ნაწილები და ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი გეტყვით, რომ ამის შემთხვევითობა გამორიცხულია, რადგან XXI საუკუნეში თვითმფრინავი ტაქსი არ არის, რომ ვიღაც რუსი მფრინავი მიფრინავდა, ქვემოთ გაიხედა, დაინახა ჯარი და დაბომბა. ის ძალიან მაღალი სიჩქარით მიფრინავს და, ბუნებრივია, არანაირ შემთხვევითობასთან საქმე არ გვაქვს. თვითმფრინავი კონკრეტულ პერიმეტრზე გაიყვანეს იმ კონკრეტულ წუთსა და წამს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები გადაადგილდებოდა. და ეს თვითმფრინავი გაიყვანეს კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში იყვნენ და რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივ ჯაშუშებს წამოადგენდნენ. ამისთვის ისინი სასჯელს იხდიდნენ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ეს ხალხი ციხიდან გაუშვა. ახლა ისინი დარბიან და კიდევ ამ ქვეყნის არევა უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ რუსულ იმპერიაში დააბრუნონ.

_ თავდაცვის სამინისტროს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ წინასწარი მოკვლევით საქმე გვაქვს გადაცდომასთან და არა დანაშაულთან. რეალურად, რა ხდება?

_ რაზედაც გენერალი კალანდაძე აცხადებდა, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი ორ ობიექტზე იყო: ერთი, თბილისის თავდაცვის წრის ზოლში და მეორე, მართვის ცენტრში. ორივე ეს ობიექტი სახელმწიფო საიდუმლოთი არის დაცული. გადაცდომა იცით, რა არის? სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროა, იქ რომ ადამიანი მოვიდეს (რომელზედაც საშვი გამოწერეს), შევიდა უწყებაში და მერე გამოსვლისას დააგვიანა. აი, ეს არის გადაცდომა. მაგრამ როდესაც მე, თავდაცვის მინისტრი, შევდიოდი ღამით, არა მინისტრის მანქანით, დაცვის გარეშე, სამხედრო პირებთან ერთად, რომლებსაც ასევე სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, რომ არავის აზრადაც არ მოსვლოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლო სამხედრო ობიექტია, _ იქ ასეთი ტიპის შეყვანა დანაშაულია, ეს სახელმწიფო ღალატია! ადამიანი ციხეში იმის გამო იჯდა, რომ სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული. ასეთ ობიექტზე მისი შეყვანა გადაცდომა არ არის, ეს დანაშაულია.

_ ასეთი ფაქტი სახელმწიფო უწყებამ რატომ დაუშვა?

_ ეს პროკურატურის საქმეა, რომ მოტივი გაარკვიოს. ხაზს ვუსვამ, ეს ტურისტული ობიექტი არ არის. ვიმეორებ: მთელი სამი წელი შენდებოდა აღნიშნული ობიექტი. მას თანამედროვე დაცვის სისტემები აქვს და ეს არ არის ტურისტული სივრცე, რომ იქ რაღაც დაათვალიერო. ანუ ტერიტორიაზე შეყვანით ამ ადამიანს მისცეს ობიექტის არა მარტო კოორდინატები, არამედ შიგნიდანაც იცის, თუ როგორ არის ის დაცული. სამხედრო ენით ვისაუბროთ, _ თუ ადამიანმა იცის, სად არის ეს ობიექტი, როგორ არის დაცული, მას შეუძლია, უკვე ჩვენ მოწინააღმდეგს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ როგორ უნდა განადგურდეს ობიექტი.

გავა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ ობიექტის გამოყენება უკვე შეუძლებელია, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. უკვე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ომის შემთხვევაში ეს ობიექტი პირველსავე წამებში არ განადგურდება.

_ პროკურატურის რეაგირება როგორი უნდა იყოს?

_ აქ პრობლემის ამოძირკვაზე საუბარი აღარ არის, მორჩა, მატარებელი წავიდა! ჩვენ დავკარგეთ სამი წელი, დავკარგთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი! როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემაში ამ ობიექტს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეკავა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ფუნდამენტი იყო. ახლა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა, რომ დაისაჯნონ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანას ამხელა ზიანი მიაყენეს. სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა, ვისაც თავდაცვაზე წარმოდგენაც არ აქვს. ეს იყო ყველაზე დაცული, ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი საქართველოში და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

_ პროკურატურას და ხელისუფლებას ამ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება ექნება?

_ დარწმუნებული ვარ, არა! როგორც გითხარით, მხოლოდ დრო დააყენებს ყველაფერს თავის ადგილზე.

_ ქვეყანას რა გზები რჩება, რომ ასეთ რეალობაში თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო არ დაზარალდეს?

_ ოთხი წელიწადი, რაც ეს ხელისუფლება სათავეშია, თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა გაჩერდა, უარი ითქვა ამერიკიდან ახალი ვერტმფრენებისა და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანაზე. ობამა-სააკაშვილის ხელშეკრულებით ჩვენ უფასოდ გვაძლევდნენ ვერტმფრენებსაც და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსაც. ამის ნაცვლად ახალი რადარები ვიყიდეთ საფრანგეთიდან, ამაზე ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, რასაც ამერიკელები უფასოდ გვაძლევდნენ. ჩვენ არ მოგვყიდეს და არ ვიყიდეთ რაკეტები. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რუსული თვითმფრინავი რომ შემოფრინდეს, ამ მთავრობის ლოგიკით, რადარებით უნდა ვუყუროთ, როგორ დაბომბავენ ჩვენს ტერიტორიას. მაგრამ იქ კონკრეტულად „ჰოკის“ სისტემის რაკეტები იყო, რომელზედაც მოლაპარაკებას მე ვაწარმოებდი. ეს სახელმწიფო საიდუმლო არ არის, ობამა-სააკაშვილის მიღწეული შეთანხმება იყო, რომელიც ჰილარი კლინტონმა საქართველოში დაადასტურა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ამ იარაღის მიღებაზე ჩვენ უარი ვთქვით.

ამის შემდეგ ქვეყანაში რეზერვი გაუქმდა, ანუ ჩვენ დღეს არც რეზერვი გვყავს თავდაცვის სისტემაში და ხიდაშელმა თავისი ბოლო ბრძანებით წვევამდელების ინსტიტუტიც გააუქმა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებს, უკვე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, სერიოზული ზიანი მიადგა. განადგურებულია ის სპეციალური წერტილები, რომელიც თუკი რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა, პარტიზანული ბრძოლისთვის იყო გათვალისწინებული, სადაც ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებისთვის იარაღი ინახებოდა. ახლა ეს ყველაფერი განადგურებულია.

რა თავდაცვისუნარიანობაზეა საუბარი? ჯარი დემორალიზებული და პარალიზებულია, ამას უვიცობას არ დავარქმევ, ეს შეგნებული მავნებლობაა ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

_ თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას როგორ შეაფასებთ?

_ ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია: არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელმძღვანელი, სანამ ქვეყნის სტრატეგია და პოლიტიკა იგივეა, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ. სანამ პოლიტიკა, მთავრობა არ შეიცვლება, სანამ არაფორმალური ლიდერობა-მმართველობა არ შეწყდება, არავითარი მიშვნელობა არ აქვს, მინისტრი ვინ იქნება.

ჩვენ ვნახეთ პროდასავლელი მინისტრებიც ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ვნახეთ უშიშროების წარმომადგენლები სამინისტროში, მაგრამ, ცხადია, შედეგი ერთი და იგივეა. „პროდასავლურმა“ ალასანიამ უარი თქვა საქართველოში ამერიკული სისტემების შემოყვანაზე, თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა გააჩერა! „პროდასავლელმა“ ხიდაშელმა გააუქმა წვევამდელების მექანიზმი ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მინისტრი?

 

გელა მამულაშვილი

დატოვეთ კომენტარი