მამუკა ნოზაძე: ,,გვენეტაძე საქმეებს არ კითხულობს და ისე აწერს ხელს გადაწყვეტილებებს!“

cxe4

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქმეების განხილვის დროს არაკეთილსინდისიერად იქცევა.

 

მამუკა ნოზაძე:

_ უზენაეს სასამართლოში ამჟამად მოსამართლეთა სიმცირეა. პარლამენტი სპეციალურად არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მიზანმიმართულად ქმნის კრიზისს. ამას აკეთებს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები. მას არ გააჩნია მყარი გარანტია იმისა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მონა-მორჩილები იქნებიან. უნდათ, რომ უზენაეს სასამართლოში მათ გუნდთან დაახლოებული წევრები მუშაობდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ რა შედეგები დადგება, არავინ უწყის. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კი 10 წლით ინიშნებიან. ზოგადად, ყველა ქვეყანაში უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს პოლიტიკური ნიშნით ირჩევენ. ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და წარადგინა ადამიანები, რომლებიც არავის ინტერესებს არ გაატარებდნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა და თქვა, _ ჩვენ მათთან კითხვის ნიშნები გვაქვსო. გია ვოლსკიმ პირდაპირ განაცხადა, _ პარლამენტის არჩევნების შემდგომ გადავდოთ ეს საკითხიო. ამიტომაც ვამბობ, სპეციალურად შექმნეს კრიზისი, რადგან შეატყვეს, რომ ეს ადამიანები მათ წისქვილზე არ დაასხამდნენ წყალს. სხვანაირად იმას მაინც დააკონკრეტებდნენ, რა კითხვის ნიშნები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ, რაც არ მომხდარა. მხოლოდ ორჯერ აქვს პრეზიდენტს უზენაეს სასამართლოში კანდიდატურების წარდგენის უფლება.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაბლოკა „მესამე ტალღად“ წოდებული საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც, სადაც, მართალია, ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ, გარკვეულწილად, წინგადადგმული ნაბიჯია მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გარკვეული კრიტერიუმები დაუწესდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით. მათ უნდა დააკონკრეტონ, რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და მათ მიერ დადებითად შეფასებული მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს? საპარლამენტო უმრავლესობის ქმედება სწორედაც რომ დაბლოკვა და მიზანმიმართული კრიზისის შექმნაა სასამართლო სისტემაში.

_ პირადად ნინო გვენეტაძის მიმართ რა პრეტენზიები გაქვთ?

_ ნინო გვენეტაძე, ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. მოსამართლის ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილება განახორციელოს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქმეების განხილვაში. ის, როგორც პალატის წევრი, საქმეების განხილვაში მართლაც მონაწილეობს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ გვენეტაძე საქმეეებს არ კითხულობს და ისე აწერს ხელს გადაწყვეტილებებს.

_ ამის დამტკიცება შეგიძლიათ?

_ რა თქმა უნდა, შემიძლია. ეს დადასტურებულად ჩანს იმ განჩინებებით, რომელზედაც ხელს აწერს. შემიძლია დავასახელო ევგენი ხარბედიას სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იგი ერთ-ერთ ბრალდებაში გამართლდა, მაგრამ საბრძოლო მასალების შენახვასთან დაკავშირებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ, დამნაშავედ ცნო. რადგან სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა არგუმენტები, მან მეტად აბსურდულ გარემოებაზე მიუთითა მიღებულ განჩინებაში. ევგენი ხარბედია 2012 წელს მეუღლესთან ერთად დააკავეს. მას საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდა და აიძულებდნენ, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი პირებისთვის გადაეფორმებინა. ხარბედიას ადვოკატიც მიუგზავნეს და საპროცესო გარიგებაზე წასვლასაც აიძულებდნენ, რაზედაც არ დასთანხმდა. სააპელაციო საამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძე კი წერს, რომ თურმე ევგენი ხარბედიას, საბრძოლო მასალის შენახვასთან დაკავშირებით, 2014 წელს ძალაში შესული შსს-ს რაღაც ბრძანებულებით უნდა ემოქმედა. ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ 2012 წელს როგორ იმოქმედებს პიროვნება 2014 წელს მიღებული ბრძანებით? ამას იურისტობა რად უნდა, დაწყებითი კლასის მოსწავლეც მიხვდება ამ აბსურდს. ასეთი დასაბუთებული საჩივარი შევიდა უზენაეს სასამართლოში, გვენეტაძემ კი მოსამართლის უფლებამოსილება არ შეასრულა, არაკეთილსინდისიერად მოიქცა, არ წაიკითხა საქმე ვითომდა გადატვირთულობის გამო და ასე მიიღო გადაწყვეტილება.

გვენეტაძე, მხოლოდ და მხოლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს რომ გასცნობოდა, ასევე საკასაციო საჩივარს და ეს ორი დოკუმენტი საქმეში არსებულ ერთ-ერთი მტკიცებულებისთვის შეედარებინა, იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ დაცვის პოზიცია სწორი იყო და მას მისცემდა კიდევაც სათანადო შეფასებას, მაგრამ არ გასცნობია, არ წაუკითხვს.  გვენეტაძეს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს იმ ორ მოსამართლესთან შედარებით, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა _ პაატა ტიაგაძეს და გიორგი შავლიაშვილს. ისინი არ გამოირჩევიან ავტორიტეტით, „ნაციონალური“ რეჟიმის ჩვეულებრივი შემოქმედნი არიან და არა მსხვერპლნი, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ამბობს. უკანონობას სჩადიოდნენ ადამიანების მიმართ და მათგან დიდი მოლოდინი არც გვაქვს, მაგრამ გვენეტაძის მიმართ სხვა მოლოდინები და მოთხოვნები იყო, რაც ვერ გაამართლა.

კიდევ ერთ საქმეზე გესაუბრებით: ეს გახლავთ შალვა დოლიძის საჩივარი, რომლის შეფასებასაც ასევე გვენეტაძემ წაუკითხავად მოაწერა ხელი.

_ ეს საჩივარი რაღას ეხება?

_ დოლიძის საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მესამე და მეხუთე მუხლი იყო დარღვეული. ამის შემდგომ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გადასინჯულიყო. ეს ადამიანი შესაბამისი არგუმენტებით და მტკიცებულებებზე მითითებით ასაბუთებდა, რომ განაჩენის გადასინჯვა აუცილებელი იყო. საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე მურთაზ კაპანაძე, რომელიც შალვა დოლიძის პროკურორი იყო, როდესაც მის მიმართ უკანონო დაკავება განხორციელდა. სწორედ ამაზე ჰქონდა ნამსჯელი ევროპულ სასამართლოს და დარღვევად გამოცხადებულიც. პირს, რომელიც საქმეში მონაწილეობდა გამომძიებლად, პროკურორად ან სასამართლოში მოსამართლედ, არ შეიძლება, ამ საქმესთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა დაავალო. მას ეს საქმე თავიდან უნდა აეცილებინა და როცა ამას არ აკეთებს, მნიშვნელოვანი დარღვევაა. სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იმას მოითხოვს, რომ არ შეიძლება, იმავე პირმა, რომელიც საქმეში მონაწილეობდა, საჩივარი განიხილოს, მაგრამ ნინო გვენეტაძემ ამას ლეგალიზება მისცა. მისი თქმით, თურმე, კანონში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარსულში პროკურორმა, ახალი გარემოებების გამოვლენის შემდგომ, აცილება უნდა მოახდინოს მის განხილვაზეო. ეს არის ნონსენსი!

რადგან სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა დოლიძის დასაბუთებული საჩივარი, ის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. საქმის უზენაესში წასვლის ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ სააპელაციო სასამართლო არ გახლდათ უფლებამოსილი, შალვა დოლიძის საქმე განეხილა, რადგან ამ საქმის განხილვაში ორი ინსტანციის ის მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ერთ-ერთი მოსამართლე კი იყო ის პირი, რომელიც კონკრეტულ საქმეში პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა საქმეში, ამ საქმის მოსამართლე იყოს. ეს ნორმა მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, ასევე ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ საქმეთა განხილვისას. აქედან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ გვენეტაძეს ქვეყანაში არ სურს არანაირი სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა.

ამჯერად ორ კონკრეტულ საქმეზე გესაუბრეთ, თუმცა ძალიან ბევრი საქმეა, სადაც გვენეტაძის „სიბრძნე“ ჩანს. უზენაეს სასამართლოში ასევე არის შესული არგუმენტირებული და დასაბუთებული საჩივრები, სადაც პირდაპირ იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და თუ ნინო გვენეტაძემ კიდევ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ამით უკვე აშკარად დადასტურებული იქნება ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მხოლოდ საკუთარი კარიერისთვის, პრივილეგიებისთვის მივიდა უზენაეს სასამართლოში. უნდოდა, 10 წელი გარანტირებული ჰქონოდა მაღალი ხელფასი და სხვა არაფერი აინტერესებდა. ე. ი. აზრი არ აქვს უზენაეს თემიდაში ხელმძღვანელ პოსტზე კოტე კუბლაშვილი იქნება თუ გვენეტაძე, რადგან იქ არსებითად არაფერი იცვლება.

სხვა კოლეგების მხრიდანაც მაქვს ინფორმაციები, მათ შორის, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც გაავრცელა, რომ აღნიშნული პრობლემა სისტემატურია უზენაეს სასამართლოში. ყველაფერი იგივენაირად ხდება, როგორც წინათ და ამის გამო უნდა რცხვენოდეს გვენეტაძეს. ისინი მოწოდებული არიან, მხოლიდ ის საქმეები განიხილონ, რომლითაც ხელისუფლებაა დაინტერესებული, მაგალითად, როგორც ახლა დაინტერესდნენ როლანდ ახალაიასთან მიმართებით. რიგითი ადამიანების საქმეებს კი ისეთი სტილით იხილავენ, როგორც ადრე.

_ ნინო გვენეტაძეც ხომ პრეზიდენტის რჩეულია და ამბობთ, რომ არ გაამართლა. იქნებ, „ოცნებას“ სწორედ ამიტომ არ უნდა მარგველაშვილის რჩეულთა მიღება უზენაეს სასამართლოში, რომ იმედი არ აქვს, რამეს უკეთესობისკენ შეცვლიან?

_ პრეზიდენტსაც ჰქონდა გვენეტაძისგან სხვაგვარი ქცევის მოლოდინი. ადვოკატების უმეტესობა და, მათ შორის, მეც, თავგამოდებით ვიცავდით გვენეტაძის კანდიდატურას. მაშინაც იყო ბევრი ადამიანის პრეტენზია მის მიერ განხილულ საქმეებზე, იყო კითხვები მაგრამ მისი დაპირებების გვჯეროდა. ის თავად იყო რეპრესიის მსხვერპლი  და ვერ წარმოვიდგენდით, რომ კანონიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს არ დაიცავდა.

იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებამ იუსტიციის საბჭო სწორად ვერ დააკომპლექტა. იუსტიციის საბჭო იგივე შემადგენლობით დატოვეს. ახლა ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ვერ ჩაერევიან, რადგან მისი წევრები მოსამართლეებმა აირჩიეს. კოტე კუბლაშვილს შესაძლებლობა მიეცა, მისი კანდიდატურები საბჭოში შეეყვანა. ეს ადამიანები კი მოსამართლეებად ნიშნავენ პირებს, რომლებიც ცხრაწლიანი რეჟიმის დროს უკანონოდ ამწყვდევდნენ ციხეში „ნაციონალური ხელისუფლებისთვის“ არასასურველ ხალხს, ართმევდნენ ქონებას და ბევრს ამ გზით სიცოცხლეც მოუსწრაფეს. ისინი დღესაც განაგრძობენ იგივეს და ამაში სწორედ ეს საბჭო უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები, ისინი კვლავ მონაწილეობენ კონკურსში და ხელმეორედ ინიშნებიან.

_ ვადა ჯერ არ დასრულებიათ და კონკურსში მონაწილეობენ?

_ გამოსაცდელი ვადა ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დასრულდეს და ამის მერე მიიღოს ხელახლა შემდგომ კონკურსებში მონაწილეობა. მუდმივად გადაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად, ამის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მერე მიიღებს. ბოლო კონკურსში წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე მიიღეს მონაწილეობა ნანა წიწილეიშვილმა და ლევან მიქაბერიძემ, არადა, ამ ადამიანებს ნოემბერში ეწურებათ ვადა. ისინი გადანიშნეს, რაც მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა. არ დაგიდევენ სამართალსა და კანონს და სხვას კი ციხეებში უშვებენ.

_ როდის არის მოსამართლეთა ახალი კონკურსი?

_ შესაძლებელია გამოცხადდეს სექტემბერ-ოქტომბერში და მაშინაც იგივე მოხდება. ამ ყველაფერს კი ნონო გვენეტაძე უყურებს. თავმოყვარეობის საკითხიც არის, როცა მას იმ ადამიანებთან ურთიერთობა უწევს, რომლებმაც, თავის დროზე, ის სასამართლოდან გააძევეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მას უკვე ფამილარული დამოკიდებულება აქვს ზოგიერთის მიმართ.

_ თქვენი აზრით, როგორ უნდა იქცეოდეს ამ ადამიანების გარემოცვაში?

_ თავისი პოზიცია ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს და არ იყოს ისე გაჩუმებული, როგორც ახლაა. ასევე არ უნდა დამალოს და საუბრობდეს მოსამართლეთა ძველ კადრებზე. ის ამას არ აკეთებს და მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ზრუნავს!

 

                                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი