რუსლან გელაევი რუს გენერლებთან თამაზ თამაზაშვილმა, ემზარ კვიციანმა და კობა კობალაძემ ჩაუშვეს?!

ss

ის, რომ ხელისუფლებაში რუსული გავლენები გაძლიერდა, ამის შესახებ „ქრონიკა+“ უკვე წერდა _ ერთი მხრივ, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დეკლარირებულად მაინც დასავლურ კურსს უჭერს მხარს და მეორე მხრივ, სახელმწიფო კანცელარიას შეფარებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე, რომლის შესახებაც გონივრული ეჭვი არსებობს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ სპეცსამსახურებთან.

„ქრონიკა+“ ასევე წერდა სამეგრელოს გუბერნატორის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე. ექსპრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის სახელი პირდაპირ უკავშირდება პანკისის ხეობას, იქ არსებულ ქაოსს, ნარკოტიკების რეალიზაციას და ადამიანების გატაცებას.

პანკისზე ყველას საკუთარი სიმართლე აქვს _ სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ქისტები.

ამჯერად, „ქრონიკა+“-ის წყარო იმ მოვლენებზე ყვება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ოპერაცია „კოდორი 2007“-ის ყველა მონაწილე ან დაკავებულია, ან საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, რამდენიმე მათგანი კი გადაბირებულია. დღემდე საკამათოა, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, როდესაც ხეობაზე ქართული იურისდიქცია აღადგინა.. თუმცა, როგორც ჩვენი წყაროს მონათხრობიდან ირკვევა, კოდორის ხეობის ჩაბარება და მისი დანარჩენ აფხაზეთთან მიერთება, ჯერ კიდევ, 2001 წელს ყოფილა რუსული გეგმის ნაწილი, რომლის განხორციელებასაც რუსული მხარე ადგილობრივი ქართველების დახმარებით აპირებდა.

ოფიციალური მიზეზი პანკისის ხეობაში დაბანაკებული რუსლან გელაევის რაზმის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა იყო. 2001 წლის ოქტომბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21-ე ბრიგადის სამხედრო მანქანებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენიღბული ნომრებით ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ზემო სვანეთიდან ლენტეხი-მესტია-ჭუბერის გავლით კოდორის უღელტეხილიდან ზემო აფხაზეთში ჩაიყვანეს. სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ემზარ კვიციანი და მისი დისშვილი, ბაჩო არღვლიანი, სოხუმში რუს გენერალ ვლადიმირ ბულგაკოვს და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ არშბას შეხვდნენ. შეხვედრა ოთარ არშბას სასტუმროში შედგა, არცთუ კონსპირაციულ ვითარებაში, რადგან მას კონტრდაზვერვისა და უშიშროების მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. სამსაათიანი მოლაპარაკების დეტალები თბილისში ძალოვანი მინისტრებისთვის, კახა თარგამაძისა და ვახტანგ ქუთათელაძისთვისაც, ისეთივე სცენარით მისაღები აღმოჩნდა, რაც სოხუმში დაიგეგმა. მოვლენები სწორედ შეთანხმებული სცენარით განვითარდა, ასევე შეთანხმებული სპეცოპერაცია კი, პირველ რიგში, ფულის გათეთრების აუცილებელი გეგმაც იყო. მეორე მხრივ, პანკისიდან ზემო აფხაზეთში უნდა გადმოეტანათ ყურადღება, რათა ჩეჩენ „ბოევიკთა“ ჯგუფი გაენეიტრალებინათ.

გელაევის რაზმის „ურალის“ ტიპის ავტომანქანებს კოდორის ხეობაში: ემზარ კვიციანი, სამეგრელოს რეგიონის უშიშროების უფროსი გოგი ნაჭყებია, „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია, სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსი ელგუჯა ჯამბურია, ეროვნული გვარდიის სარდალი კობა კობალაძე, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი, გულუას სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ლევან შონია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი მამუკა შონია და უშიშროების თანამშრომელი დათო ბელქანია დააცილებდნენ. ადგილზე მათ თავისი ამალით ბაჩო არღვლიანი ხვდებოდა. ჩეჩენ საველე მეთაურ რუსლან გელაევს ეს ადამიანები მეგზურებად გააცნეს, „ბოევიკები“ კი დისლოკაციის ადგილზე 100-კაციან დანაყოფებად გადაანაწილეს. მათ მონაცემებს ემზარ კვიციანის მეგობარი, ზურა გერლიანი ინიშნავდა. შტაბს ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა და ყველა მონაცემი სწორედ მის მაგიდაზე ხვდებოდა. საბოლოოდ კი, ეს მონაცემები გენერალ ვლადიმირ ბულგაკოვისა და გენერალ ვლადიმირ არშბას სამუშაო კაბინეტებში არქივდებოდა. ორდღიანი გასაიდუმლოებული მარშრუტის შემდეგ გელაევის მებრძოლები სოფელ ჩხართაში, გენწვისსა და აჟარის საავადმყოფოში დააბანაკეს. გადაადგილება ემზარ კვიციანისა და კობა კობალაძის მითითებით ხდებოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ღამის სამ საათზე ჩეჩნები მარუხის უღელტეხილზე მჟავე წყლების შემოგარენში გადაიყვანეს. გელაევის რაზმისთვის აქვე უნდა დაეხვედრებინათ ის შეიარაღება, რასაც იგი სოხუმში ჩასვლის აუცილებელ პირობად ითხოვდა. მოგვიანებით, გელაევს განუმარტეს, რომ შეიარაღების ნაწილი გზაში იყო, ხოლო ნაწილს მეორე დღეს ჩამოიტანდნენ. დღის ბოლოს საველე მეთაურს და მის ორ მოადგილეს ლათიდან სოხუმისკენ მიმავალი გზა დაათვალიერებინეს. საღამოს გელაევმა კობალაძე-კვიციან-თამაზაშვილს სპეცოპერაციის გეგმა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც სიმაღლეზე ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები უნდა განეთავსებინათ. როგორც ჩანს, ჩეჩენი მეომრები მეგზურების ერთგულებაში ბოლო წუთამდე დარწმუნებულები იყვნენ. მოგვიანებით, თავად გელაევმა რამდენიმე სანდო მეომართან ერთად საცალფეხო ბილიკებისა და საცეცხლე წერტილებისთვის სიმაღლეების შესწავლა დაიწყო. ამ მოძრაობამ თამაზაშვილი და კობალაძე დააფიქრა, ამიტომ ამ მარშრუტში ოკუპანტების ყველაზე დიდი მოათამაშე, დათო შენგელია, მეტსახელად „სტარიკი“ ჩართეს. ღამის ორ საათზე შენგელიამ რამზიდს დაურეკა და გელაევთან შეხვედრა ითხოვა, დილის ხუთ საათზე კი მარუხის უღელტეხილზე ერთმანეთს თამაზაშვილი და შენგელია შეხვდნენ. მათი ამოცანა მარტივი იყო _ რაზმს არ გადაეხვია იმ მარშრუტისთვის, რომელიც რუს გენერლებთან წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული. დათო შენგელიამ ასევე ითავა გელაევის რაზმის ნაწილის კაკვას უღელტეხილიდან აკარმარას მთებში გადაყვანა. ეს მარშრუტიც წინასწარ იყო გაყიდული.

კოდორში ყოფნის მეორე დღესაც გელაევმა დაპირებული შეიარაღება ვერ მიიღო. სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლეს კვიციანმა და დათო შენგელიამ, _ მათ რუსლან გელაევს ბათუმში რუსული სამხედრო ბაზიდან შეიარაღების ყიდვა შესთავაზეს. მათ შორის, საუბარი იყო ჰაერსაწინააღმდეგო ჭურვებზეც. გელაევმა კიდევ ერთხელ დაუჯერა კვიციანსა და შენგელიას _ მათ 400 000 ლარი მისცა იარაღის შესაძენად. ეს იმ თანხის ნაწილი იყო, რომელიც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, კახა თარგამაძემ რუსლან გელაევს სპეცოპერაციის ჩასატარებლად გადაუხადა. დათო შენგელია ფულთან ერთად დაითესა და არანაირი შეიარაღება მას რუსლან გელაევისთვის არ მიუწოდებია.

საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ მარუხის უღელტეხილიდან სოხუმამდე არცთუ შორია, მაგრამ შაქრის მთის სიმაღლიდან დრანდის აეროპორტი ხელის გულივით მოჩანს, ამიტომ გელაევმა სწორედ აქ განათავსა მეომრების დიდი ნაწილი. ამ მოქმედების პარალელურად, რუსმა გენერლებმა აფხაზი და რუსი სამხედროები აეროპორტის შემოგარენში გადაიყვანეს. ინფორმაციის ასეთი სისწრაფით გაცვლა ემზარ კვიციანის რუს გენერლებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგი იყო. სწორედ ამ დროს დაეჭვდა გელაევი ძალოვნებისა და მეგზურების გულწრფელობაში. მისი მთავარი მოთხოვნა სპეცოპერაციის დროულად დაწყება იყო. ამ დროისთვის „ბოევიკები“ შაქრის მთიდან საცალფეხო ბილიკით აეროპორტის მიმართულებით უკვე გადაადგილდებოდნენ. საველე მეთაურმა მათი გადაადგილება შეაჩერა და მარშრუტიც შეცვალა. გელაევს დისლოკაციის ადგილას განსაკუთრებით სანდო მეკავშირეები ჩაუნერგეს. ისინი რუს გენერალიტეტთან კონსულტაციით შეარჩიეს. ერთ-ერთი მათგანი, მეტსახელად „მუხა“ (ე. ქობალია), უშიშროების მაშინდელი მაღალჩინოსნის, დათო ბელქანიას ცოლისძმა იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დათო ბელქანია საგარეო დაზვერვაში მუშაობდა. მისი დაწინაურება თვით რუსმა გენერალმა, ვიაჩესლავ ბორისოვმა ითავა. როკის გვირაბთან ჩასატარებელ სპეცოპერაციაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინასწარ იმ იმედით მიაწოდა, რომ მას შტაბში შეუშვებდნენ და ქართული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე წვდომაც ექნებოდა, დათო ბელქანიას რუსული მეტსახელიც ასეთია _ „ნადიოჟნი“.

ამასობაში რუსლან გელაევს სოხუმიდან სხვა ინფორმაციები მოუვიდა. სოხუმსა და ოჩამჩირეში საგუშაგოები გააძლიერეს და სამხედროები საგანგებო მდგომარეობაზე გადაიყვანეს. ასევე, გელაევი ელოდებოდა, რომ კოდორის მიმართულებით თამაზაშვილი გულუას სპეცდანიშნულების რაზმს ჩხალთის მთებში განათავსებდა. მაშინ ამ სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი, ლევან შონია გახლდათ. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კვიციანის საპატიო სტუმარი თამაზ თამაზაშვილი იყო. ის ჩეჩენ საველე მეთაურს კარგად იცნობდა. მათი ნაცნობობა პანკისში თამაზაშვილის ნარკოტრასას უკავშირდება (ნარკოტიკების თემას „ქრონიკა+“ უახლოეს ნომერში აუცილებლად დაუბრუნდება).

ორმხრივად დაგეგმილი ოპერაციის დაწყების წინ კობა კობალაძე, თამაზ თამაზაშვილი და ემზარ კვიციანი მარუხის მთებში მჟავე წყლების ტერიტორიაზე საველე მეთაურსა და ბატალიონის მეთაურებს შეხვდნენ. განაწყენებულმა გელაევმა პირობების შესრულება მოითხოვა და შეიარაღების ადგილზე მოსატანად მათ დრო დილამდე მისცა. საუბრის ბოლოს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გელაევის ულტიმატუმი კახა თარგამაძეს სწორედ კობა კობალაძემ გადასცა. მეორე პრობლემა, რომელიც ადგილზე წარმოიშვა, ჩეჩენი მებრძოლების საკვებით მომარაგება იყო. ამ თემაზე საუბარი სწორედ ემზარ კვიციანს დაუწყია, მან გელაევს ურჩია, მეომრები ერთ ადგილას შეეკრიბა, ცეცხლი დაენთოთ და საკვებსაც სწორედ ვერტმფრენიდან ჩამოუყრიდნენ. იდეა თამაზაშვილსაც მოსწონებია. ამ შეთანხმებით დასრულდა მათი შეხვედრა. რუსლან გელაევი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხაფანგი დაუგეს, ამიტომაც მეომრებს დათქმული ადგილის ნაცვლად მჟავე წყლების გამოქვაბულში თავის შეფარება უბრძანა. გელაევი მართალი აღმოჩნდა, ქართველმა გენერალიტეტმა, თავდაცვის სამინისტროს ვეტმფრენებიდან, პურის ნაცვლად, ბომბები ჩამოყარა, საგულდაგულოდ დაიბომბა ის ადგილი, სადაც, შეთანხმებისამებრ, ჩეჩენი მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ დისლოცირებული. რამდენიმე ჩეჩენი მეომარი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა, რადგან ყველამ ვერ მოასწრო გამოსვლა. დაჭრილები აჟარის საავადმყოფოში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით თავად ჩეჩენმა მეომრებმა გადაიყვანეს, ხოლო გელაევს დეზინფორმაცია მიაწოდეს, თითქოსდა ისინი რუსების ვეტმფრენებიდან დაბომბეს, ხოლო კობალაძე, თამაზაშვილი, კვიციანი და არღვლიანი დაკავებულები ჰყავდათ. სინამდვილეში, ისინი ლათაში, სოხუმის მხარეს, ოკუპანტების საგუშაგოსთან 200 მეტრში, ნუგზარ აშუბას სახლში იმალებოდნენ. ამ ფაქტის მერე არც ერთი მათგანი კოდორის ხეობაში არ გამოჩენილა მანამ, სანამ ჩეჩენმა მებრძოლებმა ტერიტორია არ დატოვეს. რუსლან გელაევმა დაჭრილებთან ერთად მეორე დღესვე დატოვა აჟარის საავადმყოფო. მეთვალყურე „მუხა“ მას არც საავადმყოფოშიც მოშორებია გვერდიდან. სოფელს მთლიანად გულუას სპეცდანიშნულების რაზმი და „მონადირე“ აკონტროლებდა. კობა კობალაძე _ თამაზაშვილის შვილობილი და საზრუნავი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კოდორში ჩეჩნების ჩამოყვანის დღიდან კვიციანების ოჯახს სტუმრობდა და იგი სწორედ თამაზაშვილის რეკომენდაციით გახდა ვახტანგ ქუთათელაძისა და კახა თარგამაძის „ლიუბიმჩიკი“.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რიაზანის გენერალიტეტში დაფრთიანებული კობა კობალაძით საბჭოთა „კგბ“, ჯერ კიდევ, ფრუნზეს სამხედრო აკადემიაში სწავლისას დაინტერესდა. მასზე პირველი პირადი საქმე გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდ ზოლოტოვმა შეადგინა და რიაზანის საჰაერო სადესანტო კოლეჯის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალბერტ სლუსარმა რეკომენდაცია გაუწია.

არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილებოდა ხიდაშელის წასვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი მკაფიოდ ცხადყოფს, რა მასშტაბებით მოქმედებდა საქართველოში რუსული აგენტურა და როგორ დაწინაურდნენ ისინი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ.

 

P. S. „ქრონიკა+“ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას წერილში ჩამოთვლილ პირებთან შეეცადა. ემზარ კვიციანი დაგვპირდა, რომ ამ და სხვა ფაქტებზე ვრცელ ინტერვიუს მოგვცემს. თუ სხვა პირებს კომენტარის, ან განმარტების სურვილი გაუჩნდებათ, „ქრონიკა+“ მათ ამის საშუალებას გაზეთის უახლოეს ნომერში მისცემს.

 

                                                                                                        ელისო კილაძე