ვიღაც დაჯდა და ქუთაისზე გემრიელად იღადავა…

2 gamotanis

ისევ ჩემს ქალაქში ჩავიდა მთავრობა…

ისევ პრემიერი, ოღონდ გიორგი და არა ირაკლი. ეს უკანასკნელი ქართულ პოლიტიკას, ჯერჯერობით, ბუნდოვნად ახსოვს… ალბათ, იმ დრომდე იქნება ნაპრემიერალი ღარიბაშვილი ,,მეოცნებენის“ ჩეროში, ვიდრე სოლოლაკის მდგმური, მინიმუმ, სამჯერ არ უარყოფს მისი მოსვლის, ან წასვლის აუცილებლობას. ეს ირაკლიზე, თან ამ რეალობიდან გამომდინარე.

 

ახლა კი გიორგიზე (რა თქმა უნდა, პრემიერზე და არა ჩემს მეუღლეზე), ქუთაისისა და ჩემი უბნის _ ,,ბალახვანში“ ქუდზე მეტად დროშაზე შეკრებილ ხალხსა და სამტრედიელი ვიცე-პრემიერის წინასაარჩევნო-სააგიტაციო სპიჩზე… საკუთარი კარის ცნობილ ბომბარდირს საკუთარ თვალშივე გაჩხერილი დირე არ შეუმჩნევია, როცა ,,თანამედროვე ინფრასტრუქტურაზეც“ გაისროლა რეპლიკა, ახლის შენება დააანონსა და უნებლიეთ დაივიწყა, რომ ქუთაისში წლების წინ, მართალია, იმ ,,უხსენებელი რეჟიმის“ დროს, მაგრამ მაინც ,,თანამედროვე ინფრასტრუქტურის“ შედევრები – ,,მთავრობის სახლი,“ ,,საქართველოს პარლამენტი“ და ,,კონტროლის პალატა“ დღეს ოთხფეხა პირუტყვის სახელდახელო საძოვარია! სამაგიეროდ, იმერეთის გულში გეოგრაფიული სიმბოლიზმის დატვირთვით სამიზნედ შერჩეულმა კალაძემ გაიხსენა და მხოლოდ იქ დაარტყა პოლიტიკური კარის მიმართულებით, თან ცენტრიდან, როცა მიმიკაზე მეტად ბლანჟეათამაშებულმა რიხიანად აუწყა ქუთაისს, რომ ,,ინდუსტრიის ცენტრია“ მისთვის ზედგამოჭრილი და ამ სტატუსს იმსახურებს, თურმე, ჩემი რეგიონი!!!

,,სასოფლო-სამეურნეო ცენტრიდან“ ,,ინდუსტრიულ ცენტრამდე“ გაზრდილ ქუთაისს აშკარად ფუნქციური პროგრესი აქვს სახეზე. პირველ სტატუსს პრემიერი ღარიბაშვილი  იმეტებდა საარჩევნო კამპანიის გახსნისას თავის დროზე, მეორე _ ახალმა პრემიერმა გენადი მარგველაშვილის, დიმიტრი მხეიძისა და კობა ნარჩემაშვილის წარდგენის დროს ,,გვაჩუქა“, თან კარგ ხასიათზე, რადგან კანდიდატებსაც დაახლოებით ასე ,,კარგს“ და ქუთაისის ,,მომავალზე მორგებულს“ გვისახელებდა ბალახვნის კიბეებთან. ამ ,,სიკარგესაც“ თავისებური პეწი უნდა ჰქონოდა, ალბათ, მაგრამ როგორც 100-საფეხურიანი კიბე არ იყო მოედანი, ისე ქუთაისელების ანთებულ თვალებს ვერ დაინახავდა პრემიერი. კარგა ხანია, ქუთათურები დეზერტირებად იქცნენ და საკუთარი ქალაქი დატოვეს. ზღვა არ გვქონია, მაგრამ ამ ქალაქს ბორტიდან გადმოვარდნილი მეზღვაურებივით მაინც შეეჩვივნენ სოფელ-რაიონის მკვიდრნი, ქალაქში მშვიდი ცურვის სწავლა არ დასჭირვებიათ, რადგან ბეღურებივით ჩამოსხდომა ეადვილად და მერე პრეტენზია _ ,,სახლის“ არდატოვების, იმავე ბეღურებივით დღემდე სტანჯავთ… არ არის ქუთაისი ყველას ქალაქი!!!  ვისთვის ეს უხერხულ წინადადებათა წყობაც, აუცილებლად, ხაზგასასმელი იყო, ინსპირაციაც გამომსვლელმა მომცა: ,,მოედანზე ქუთაისელების ანთებულ თვალებს ხედავდა“… ესეც გიორგიზე, თან ამ რეალობიდან გამომდინარე.

ახლა კი ჩემზე და იმ თანაქალაქელებზე, რაოდენობრივად ცოტანი რომ ვართ, მაგრამ ხარისხზე ყველა დროსა და მოცემულობაში რომ გვქონდა პრეტენზია. ამბიციაზე მეტად ეს ვისთვის ,,კლასობრივი კრიტერიუმი“ და ვისთვის სულაც იმერული კუდაბზიკა ,,ობლიკი“ იმ ქალაქის დამსახურებაა, სადაც მე და ბევრი ჩემი მეგობარი დაიბადა და ჩვენზე მეტად ,,ჩამოსულ მთავრობას“ არც არასდროს სტკენია, არც ჰყვარებია და ვერც ვერასოდეს უგულშემატკივრებს… ეს ისე, აუცილებელი განმარტება მათთვის, ვისაც ყოველთვის ,,აძალებენ“ და ,,მიუსჯიან“ ქუთაისის პირველ თუ მეორეკაცობას და მერე აღარ ეთმობათ ის თანამდებობები, ქალაქზე მეტად რომ უყვართ სულ… ჩემს ქალაქში ამბობენ: ქუთაისელად არ ხდებიან, ქუთაისელად იბადებიანო! ესეც იმ ქალაქზე, სადაც ,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო სტარტი აიღო, თან გაუაზრებლად, თორემ კვირიკაშვილის სიტყვაში ერთი წინასწარ მომზადებული თეზისი მაინც გაჟღერდებოდა საქართველოს მეორე დედაქალაქზე! მან ქუთაისელებთან და რეგიონის წარმომადგენლებთან პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე აბსოლუტური  ზედაპირულობა აჩვენა  იმ ქალაქის სპეციფიკის ცოდნაში, რომელსაც სიღრმე ყველაზე მეტად უყვარს.

ახლა კი დამსახურებული გაჩერება ქუთაისში ჩამოსულ ,,მთავრობის კაცსა“ და იმ სოლოლაკელი მდგმურის კაცისკაცზე _ რაც კვირიკაშვილი პრემიერია, მას შემდეგ მაინტერესებს, _ რისთვის ჰგონია საზოგადოებას ის განსაკუთრებით ჭკვიანი და დადებითი? ლიდერი რომ  არაა, ამაზე გაცილებით მეტი ადამიანი თანხმდება. ასევე ბევრმა გაიგო, რომ კვირიკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია პოლიტსაბჭოს წევრების წარდგენის დროს უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა, როცა კოღუაშვილის განცხადებებზე მოუწია ბევრი ბოდიშის მოხდა. მისი ,,კაშკაშა“ კადრია განათლების მინისტრიც, არაორდინარული ჯეჯელავა _ არეული ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ტრენერი, რომელსაც საქართველოში განათლების რეფორმის საწყისად სამყაროს „ჰარმონიული პიროვნების“ შექმნა მიაჩნია და ანტიკურ სულებთან უფრო შინაურულად მეგობრობს, ვიდრე რეალობასთან. კვირიკაშვილის კადრია ქუთაისელი გენადი მარგველაშვილიც, რომელმაც ისე, როგორც თავად პრემიერმა და განათლების მინისტრმა, კომაროვის სკოლა დაამთავრა და რეპეტიტორობასა და უინიციატივო, დამყოლი მენეჯერის პოზაში გალია საკუთარი სამოქალაქო ვალი. სკოლის (ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური) ისტორიაც და რეიტინგიც ცოტა წინამორბედი დირექტორების  დამსახურებაა, რომლებიც, სხვათა შორის, „ნაციონალების“ PR პოლიტიკას შეეწირნენ.

იშვიათად ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ყოველთვის დამსახურებულად ვდგამ ამ ნაბიჯს _ დღეს მიწევს კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ,,აოცნებებული“ გენადი მარგველაშვილის წინამორბედი, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი, ჩემი ქალაქისთვის და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილი ივლიანე ნაჭყებია, ჩემ მიერ ჩაწერილი ინტერვიუს გამო მოხსნა მაშინდელმა მინისტრმა შაშკინმა. თუ ვინმე დღეს ,,ნიჭიერთა სკოლის“ მიღწევებით უნდა ამაყობდეს და თაობებისთვის დახარჯული ენერგიით _ ეს „ნაციონალურ პოლიტიკას“ შეწირული ბატონი ნაჭყებიაა და არა გენადი მარგველაშვილი. რადგან ,,სხვათაშორის“ თემებს შევეხე, ,,ოცნების“ იდეალისტი წევრები იმ დროსაც იხსენებენ, კვირიკაშვილის ახლანდელი კადრი როგორ სხლავდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და შენობაშიც არ უშვებდა, მაგრამ ესეც ,,სხვათაშორის“ თემაა. აქ  გენადი მარგველაშვილის ნაცრისფერი პიროვნების განხილვაზე მეტად მნიშვნელოვანი პრემიერის გადაწყვეტილების საფუძველია, _ რატომ უნდა გააკეთოს გონიერმა პოლიტიკოსმა ქუთაისზე მსგავსი არჩევანი?!

18 ივლისს, 100-საფეხურიან კიბესთან, იმერეთის ტერიტორიაზე, მოძრავი ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება გამოცხადდა და პარტიული დავალება პირნათლად შესრულდა. მერე რა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ, 2012 წლამდე დაიქანცნენ ასეთი მობილიზაციებით!..

მერე რა, რომ ,,ოცნება“ სწორედ იმიტომ ეოცნებებოდათ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს და დასაქმების მოიმედეებს, რომ ასე არ გაყრიდნენ პარტიულ შეკრებებზე საკუთარი სურვილის მიუხედავად!..

მერე რა, რომ რამდენიმე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს მეტი ტაში ჰქონდა ქუთაისში, ვიდრე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს!..

მერე რა, რომ მოცალეობის ჟამს ყველა ქუთაისელი „დამსახურებული ცხვირაწევით“ ითხოვს: „დაუბრუნეთ ამ ქალაქს ფუნქცია“… და მერე ხმას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი დღე არ დათენებიათ ამაზე ფიქრში. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც მასობრივად სულში ჩაფურთხებას ავიტანთ, მაგრამ ინდივიდუალურ უპატივცემულობას _ არა!!!

18 ივლისს ზუსტად იმ ადამიანების უმრავლესობა ბორგავდა „ოცნებით“ აღტყინებული ნესტიანი ქუთაისის კიდევ უფრო შეხუთულ უბანში ლურჯი პარტიის ტრიბუნის წინ, რომელიც, წლების წინათ,  მიშას მოწოდებებით გულანთებული,  „ნაციონალების“ ,,5“-ნომრიან დროშებს აქნევდა… მაშინ  წითელი პარტია იყო და სილურჯეს ადგილზევე სპობდა; ახლა ლურჯია პარტია და წითლის მასობრივი ფობია აქვს. ხალხი კი იგივეა ყველა დროში. ხალხს ლურჯიც სძულს და წითელიც, განსაკუთრებით _ ტრიბუნაზე!

იმ სამი კანდიდატიდან, რომელმაც ქუთაისის დღევანდელობაში „ოცნების“ ლობით „გამოანათა“,  შსს-ს ყოფილი მინისტრი  ყველაზე ცნობადი სახეა და ყველაზე მეტს მასზე ლაპარაკობენ. არ ლაპარაკობენ დიმიტრი მხეიძეზე, რომელიც არავინ იცის, ვისგან და რისთვის გაჩნდა გაურკვეველი მიზანშეწონილობის სამეულში. ალბათ იმიტომ, რომ ექიმია და სახელიც იგივე აქვს, რაც გაბრიაძის უხილავ პერსონაჟს „არჩვეულებრივი გამოფენიდან“. კარგ მრევლშიაო, ამბობენ…  მარხვაში პაციენტებს ნუშურა ჯირკვალს (გლანდი) არ უღებს, ცოდვააო (ქუთაისელები თუ არა, ჰიპოკრატეს სული მაინც ხარხარებს), ამასაც ამბობენ, _ მამაც ექიმი ჰყავდა, მისი „კერა“ არ გააცივა და ის უფრო მაგარი იყოო (ესეც ჩემი ქუთაისია _ მამის სინდრომით!)…

მოკლედ, ვიღაც დაჯდა და ქუთაისზე გემრიელად იღადავა. კარგია, როცა ამას აცნობიერებ. ვითომ გგონია, რომ შენც გამწარდები და იღადავებ ქუთაისურად და იდეის ავტორს „ჭიჭიკიას მახვილგონიერებით“ მიახრჩობ: არჩევნებს ჩაუგდებ, უპატივცემულობას უპატივცემულოდ უკან მიუბრუნებ, საქვეყნოდ გაამასხარავებ, ხახამშრალს დატოვებ, არჩევანს უკეთესზე გააკეთებ და ა. შ. მაგრამ… გგონია და მეტი არაფერი.

რა ცუდია, ამას როცა აცნობიერებ, რადგან ხალხი ზუსტად იგივენი ვართ, რაც ვიყავით მუდამ.  მარტო სახელისუფლებო  ტრიბუნის ფერები იცვლებოდა.

წერილსაც იმ ფრაზით დავასრულებ, როგორც ჩემს ქალაქში დაასრულა პრემიერმა წინასაარჩევნო წარდგენა: „არის ასეთი ქვეყანა _ მას საქართველო ჰქვია“, სადაც გაბრიაძის უნიჭო პლაგიატს ქუთაისში, ანუ იგივე „ოცნების“ „არაჩვეულებრივ გამოფენას“ _ ჩემს ქალაქში ერთეულები ადვილად ხვდებიან, მაგრამ ვერაფერს ცვლიან…

 

 

                                                                 ნანა თვალაბეიშვილი