მამუკა ნოზაძე: ,,რეჟიმის მსახურ მოსამართლეებს, ისევ აუნთეს მწვანე შუქი!”

nom

 

ადვოკატი მამუკა ნოზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ მოსამართლეების დანიშვნაზე გვესაუბრა, რომლებსაც საზოგადოება ოდიოზურად მიიჩნევს.

მამუკა ნოზაძე:

_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და ვინც დავასახელე, მართლაც ის ადამიანები დაინიშნენ მოსამართლეებად. ასეთ განცხადებებს წინასწარ იმიტომ ვაკეთებდი, რომ საზოგადოებას დროულად მიექცია ყურადღება, რადგან უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსები ფორმალობაა. ეს ფაქტი არის იმის აშკარა ილუსტრირება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვინ უნდა გახადოს მოსამართლე და ვინ _ არა. ძალიან ბევრ პატიოსან ადამიანს ისინი მოსამართლედ გახდომის შანსს არ აძლევენ, რომლებიც უკვე იყვნენ მოსამართლეები. ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიან და ვერ ბრუნდებიან სასამართლო სისტემაში. ასევე არიან ის ადამიანებიც, რომლებზეც სახელმწიფომ უზარმაზარი თანხა დახარჯა, მაგრამ რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა კლანში არ შედიან, მოსამართლეები ვერ გახდნენ. იუსტიციის სკოლა დაამთავრა მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატმა ლელა ჯინჭარაულმა, ანუ სახელმწიფომ მასზე ხარჯი გაიღო, წაიყვანა ამერიკაში, სტრასბურგში, უზრუნველყოფდნენ ლიტერატურით, აძლევდნენ სტიპენდიას, მაგრამ ეს ყველაფერი საბჭომ წყალში გადაყარა. სუფთა წარსულის მქონე ლელა ჯინჭარაულმა უკვე მეექვსედ თუ მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, თუმცა ტყუილად. ასევეა მაია ბაქრაძეც, რომელიც რამდენჯერმე გავიდა კონკურსში და მოსამართლედ არ აირჩიეს. ბაქრაძეს კი არ სჭირდება მოსამართლეობა, საზოგადოებას სჭირდება ბაქრაძის მოსამართლეობა, რადგან როცა მათი საქმეები სასამართლოში მოხვდება, არ დაიჩაგრონ. ამიტომაცაა გასაჩივრებული მოსამართლეთა კონკურსის წესები საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან არ არის მკვეთრად განსაზღვრული კრიტერიუმები და ძნელია გაარკვიო, რის გამო ეუბნებიან კანდიდატებს უარს მოსამართლედ გამწესებაზე. როცა ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვეღარ გაბედავს, უარი უთხრას ასეთ მისაღებ კანდიდატებს, ანდაც მხოლოდ ბანდის წევრებით დააკომპლექტოს თემიდა.

_ ამ წესების მიღებას ხელს რა უშლის?

_ საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი, თუმცა მესამე მოსმენით შეჩერდა. როგორც ჩანს, არ აწყობთ. მესამე მოსმენის კენჭისყრას არაფერი უდგას წინ, მხოლოდ სარედაქციო შესწორებების შეტანა შეიძლება და არა შინაარსობრივი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს რეფორმა დაბლოკა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საშუალება მისცა, ისევ ის მოსამართლეები დანიშნოს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობისთვის არის მისაღები.

აღნიშნულ კონკურსებში კი მონაწილეობენ ის პირებიც, რომლებსაც სამოსამართლეო უფლებამოსილება ჯერ კიდევ აქვთ და მომავალ წელს გასდით ვადა. ისინი ამ მდგომარეობით სარგებლობენ, რადგან არჩევნების შემდეგ შესაძლებელია, რომ საქართველოში სულ სხვაგვარი პოლიტიკური რეალობა იყოს და პარლამენტმა ეს მესამე მოსმენით მიიღოს. ასევე შეიძლება შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. უმრავლესობას მომავალ წელს გასდის უფლებამოსილების ვადა და უნდა, რომ უსაფრთხოდ იყოს. მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც 14 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად დაიდო.

_ ზუსტად იმ დროს, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა, საბჭოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აქციას მართავდა და საბჭოს წევრებს მოუწოდებდა, არ აერჩიათ ოდიოზური კანდიდატები. საბჭომ საზოგადოების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ვინ შეარჩია ამჯერად საბჭომ მოსამართლეებად?

_ ამ აქციასთან დაკავშირებით ადვოკატთა კორპუსი მთლიანად არ იყო ინფორმირებული, თორემ იქ უფრო მეტი ადვოკატი მივიდოდა. თან ზაფხულია და ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი ქალაქიდან გასულია, ზოგსაც პროცესები აქვს ჩანიშნული. დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეული ადამიანის პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატთა გარკვეულმა ჯგუფმა ეს კენჭისყრა გააპროტესტეს და დაასახელეს კიდეც მოსამართლეობის ის კანდიდატებიც, რომლებიც რეჟიმის მსახურები იყვნენ. აქციაზე ასევე გაჟღერდა ამ მოსამართლეთა მიღებული გადაწყვეტილებები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა თამარ ალანიაზე და გიორგი ჩემიაზე, ასევე მაია ოშხარელზე, მაგრამ მერაბ ბაბინაშვილმა და თამარ ალანიამ საკმაოდ ცინიკური განცხადებები გააკეთეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მისამართით, _ ხატიაშვილის არასერიოზულ განცხადებებს არ ვუპასუხებთო. აქციაზე თამარ ალანიასთან დაკავშირებით საუბარი იყო გვანცა ყუფარაძის საქმეზე. მის მიმართ ალანიამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს საქმე ევროსასამართლოში გადაიგზავნა და საკმაოდ სერიოზული კითხვებიც დაისვა ჩვენი სახელმწიფოს მისამართით სასამართლო უფლების უგულებელყოფასთან დაკავშირებით. ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ალანია იყო რეჟიმის მსახური  მოსამართლე და არ უნდა ემუშავა კვლავ ამ სამსახურში. იმის ნაცვლად, რომ ალანიას არგუმენტებით გაეცა პასუხი, შეურაცხყოფაზე გადავიდა. ეს გახლავთ მოსამართლის ეთიკის კოდექსის დარღვევა, რაზეც იუსტიციის საბჭოს უნდა ჰქონოდა რეაგირება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ასე არ მოქცეულა. როდესაც მოსამართლე ზიზღს ვერ ფარავს, ბოროტებას აფრქვევს ტელეკამერების წინ, წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცევა ის სასამართლო სხდომაზე, როცა მისი გამკონტროლებელი სასამართლო დარბაზში არავინ იქნება? იმედს არ ვკარგავ და ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდგომ საზოგადოება, ახალი პოლიტიკური ძალა, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მართლა გაატარებს ისეთ სასამართლო რეფორმას, რომელიც ბევრ წესიერ ადამიანს მოსამართლეებად დაინიშვნის შანსს მისცემს.

თამარ ალანია გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ეს კონკურსი არათანაბარუფლებიანობის მაილუსტრირებელიც იყო. მართალია, მან საკუთარ თავს ხმა არ მისცა, მაგრამ მონაწილეობა მიიღო სხვა კანდიდატების გასაუბრებაში, რაც ასევე დაუშვებელია. ასეთი ანომალია მხოლოდ საქართველოში ხდება. იგივე მდგომარეობა გვაქვს მერაბ გაბინაშვილთან მიმართებითაც. ისიც საბჭოს წევრი გახლავთ და ბუნებრივია, წლების განმავლობაში უწევს ურთიერთობა საბჭოს სხვა წევრებთან, რაც სუბიექტურ დამოკიდებულებას ქმნის. ამ კონკურსით მოსამართლე გახდა ვანო წიკლაურიც, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ვამბობდით, რომ არასანდო და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეა. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დროს, როდესაც პიროვნება საკუთარი, აკვიატებული აზრების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას და არა კანონისა და სამართლის პრინციპით, ასეთი ადამიანი სამართლიანად არ მიმაჩნია. ასევე ოდიოზური პიროვნებაა მარინა ხოლუაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის პალატის მოსამართლედ აირჩიეს. მას 1999 წლიდან სამოსამართლეო უფლებამოსილება აქვს, _ ჯერ შევარდნაძის რეჟიმს ემსახურებოდა, შემდგომ სააკაშვილისას და დღესაც 3 წლის გამოსაცდელი ვადით აირჩიეს. ერთი განაჩენი მაინც დადონ, სადაც მისი შეხედულებები და მოსამართლის უნარ-ჩვევები გამოჩნდება.

_ გინდათ მითხრათ, რომ ასეთს ვერ ნახავენ?

_ დიახ, ის ყოველთვის ძალაში ტოვებდა პირველი ინსტანციის განაჩენებს და მონა-მორჩილი იყო პროკურატურის. ასევე კვლავ დაინიშნა მოსამართლედ დიმიტრი გვრიტიშვილი. ეს ის გვრიტიშვილია, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის დაცვაში მონაწილეობდა. ეს არის ადამიანი, რომელიც ტელევიზიით იცავდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იცავდა იმ რეჟიმის მოსამართლეებს, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში მოღვაწეობდნენ. ამავდროულად იგი იყო მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც შალვა რამიშვილის მიერ ლევან მურუსიძის „გათეთრების“ სპექტაკლ-გადაცემაში მონაწილეობდა. მან ბევრ საქმეზე არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ერთ-ერთი კი ამჟამად ევროსასამართლოშია  გასაჩივრებული. ასევე კვლავ მოსამართლედ აირჩიეს ლელა კალიჩენკო, რომლის დაბრუნებაც მართლა წარსულში დაბრუნებაა. ის გახლავთ სურამიდან და საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მისი პროტეჟე არის ნინო გვენეტაძე. მოგეხსენებათ, წარმოშობით ისიც ხაშურელია. ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა გვენეტაძის მეოხებით სასამართლო სისტემაში ხაშურის რაიონიდან.

წინა ინტერვიუებში უკვე ვისაუბრე მოსამართლე ჭედიაზეც, რომელსაც ადვოკატები და მხარეები დასცინიან, _ რომელი ჭედია, მაგრად რომ ჭედავსო? ამ ადამიანს პრობლემა აქვს უმაღლესი განათლების დიპლომთან დაკავშირებითაც, თუმცა სასამართლოში, ადმინისტრაციის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, ფაქტობრივად, აღიარებინა სახელმწიფოს დიპლომის არსებობა.

ასევე ვამბობდი, რომ მოსამართლედ დაინიშნებოდა დავით მამიჭეიშვილი. ჩემი ვარაუდი გამართლდა ვასილ მშვენიერაძის, ირინა ტყეშელაშვილის მოსამართლედ დანიშვნასთან მიმართებითაც, რომლის ორი ბიძაშვილი, ძმები ბიგიანაშვილებიც მოსამართლეები არიან. ირინას მამა გახლდათ იური ტყეშელაშვილი და მემკვიდრეობად და საოჯახო ბიზნესად აქციეს მოსამართლეობა. სასამართლო სისტემაში დაახლოებით 250 მოსამართლე გვყავს. აქედან ძალიან ბევრი ერთი ოჯახის წევრი, ან ნათესავია. ახლაც მოსამართლედ დაინიშნა ნათია შიოშვილი, რომლის მეუღლეც ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე ივანე ღლონტი გახლავთ. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება და  არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ერთ სისტემაში მეუღლეებისა და ნათესავების ყოფნას.

ზვიად შარაძეც დაინიშნა მოსამართლედ, რომლის დაც ასევე მოსამართლე გახლავთ გორის რაიონში _ ნინო შარაძე. დავით გელაშვილის მეუღლეც მოსამართლეა. მარტო ამ არჩევნებზე დაინიშნა სამი მოსამართლე, რომლის ოჯახის წევრებიც ასევე მოსამართლეები არიან. ასეთი სტილით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა არის უსამართლო და სხვა ადამიანებს ამ სისტემაში მუშაობის შესაძლებლობა ესპობათ _ ვაკანტურ ადგილებს კლანების წევრები იკავებენ.

_ როგორც ვიცი, ოდიოზური გიორგი ჩემია აღარ აირჩიეს მოსამართლედ და ამ შემთხვევაში რა მოხდა?

_ როგორც ჩანს, თავადაც მიიჩნიეს, რომ მისი არჩევა ძალიან დიდი გამოწვევა იქნებოდა საარჩევნო პერიოდში და აქცენტი „ქართულ ოცნებაზე“ გადავიდოდა. ლევან მურუსიძის არჩევა საზოგადოებისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება იყო და ახლა, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ჩემიასა და მაია ოშხარელის მოსამართლეებად არჩევა დარტყმა იქნებოდა „ოცნების“ იმიჯზე. სხვათა შორის, გიორგი ჩემიას მეუღლეც მოსამართლე გახლავთ რუსთავის სასამართლოში _ მადონა მაისურაძე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლედ დაინიშნა მამია ფხაკაძე, რომელიც ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ. ისიც 9-წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის მსახურია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა სქემები გაშიფრა, თუ რა ხდებოდა სასამართლოებში: ყველა გადაწყვეტილებას სასამართლოს თავმჯდომარეს უთანხმებდნენ. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ის რუსთავში გადაიყვანეს და მიაფარეს. ბუნებრივია, როცა ადამიანი 10 წელიწადი უკანონო გადაწყვეტილებას იღებს, მეთერთმეტე წელიწადს ვერ გამოსწორდება, _ ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმება. ისიც ცერცვაძისა და მურუსიძის კლანის წარმომადგენელია და ამ კონკურსშიც ამიტომ არანაირი შეფერხება არ ჰქონია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დროულად უნდა შეიცვალის საბჭოს დაკომპლექტების წესი: მოსამართლეების გარდა უნდა შეიყვანონ უფლებადაცმცველი ორგანიზაციის წევრები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, რომლებიც გამჭვირვალეს გახდიან იქ მიმდინარე პროცესებს.

 

                                                                                                              ნელი ვარდიაშვილი