,,საია” იმერეთის ვიცე-გუბერნატორის წინააღმდეგ?!

bn

ეწეოდა თუ არა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ჭიღვარია სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციას? _ ეს არის კითხვა, რომლითაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა გაარკვიოს, არის თუ არა კანონთან შესაბამისობაში მაღალჩინოსნის მიერ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული მასალები და ირღვევა თუ არა ამით საარჩევნო აგიტაციისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პირობები?

საარჩევნო კოდექსი გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია არის მოწოდება საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ. კოდექსი იმასაც აზუსტებს, რომ ნებისმიერი საჯარო ქმედება, რომელიც ხელს უწყობს, ან უშლის ამომრჩევლის არჩევანს, ან შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ასევე დაუშვებელია. კერძოდ: წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა; საარჩევნო მასალების შენახვა, ან გავრცელება; პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაში ყოფნა. 45-ე მუხლი თვალნათლივ მიუთითებს, რომ საჯარო მოხელეს სამუშაო საათებში კატეგორიულად ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. მეტიც: 49-ე მუხლის პირველი ნაწილი იმასაც გვეუბნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული პირისგან დუშვებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სამუშაო საათებში საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება რომელიმე კანდიდატის, ან საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ.

გიორგი ჭიღვარია, რომელიც რეგიონში მაღალ თანამდებობას იკავებს, პარალელურად „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა. სწორედ ამიტომ მის მიერ სამუშაო საათებში საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული ინფორმაცია, რომელშიც კონკრეტულ კვლევასა და კონკრეტულ პიროვნებაზე კახი კალაძე თავის მოსაზრებას აფიქსირებდა, საიამ კანონდარღვევად მიიჩნია და უწყებათაშორის კომისიას მისი განხილვის თხოვნით მიმართა.

„მოცემულ შემთხვევაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ჭიღვარია სოციალური ქსელის (Fაცებოოკ) საშუალებით, სამუშაო საათების განმავლობაში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოთ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოება და მოახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, _ აღნიშნულია საიას მიერ კომისიისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

 

გიორგი სანტურიანი _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე:

_ გიორგი ჭიღვარიამ თავის ფეისბუქის გვერდზე სამუშაო საათების განმავლობაში გაავრცელა სააგიტაციო შინაარსის შემცველი მასალა. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ შესაძლებლობას, რომ სამუშაო საათებში მაღალჩინოსანი ეწეოდეს აგიტაციას და, შესაბამისად, მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ასევე უწყებათაშორის კომისიას. სამართალდარღვევის ოქმს ამ ყველაფერზე უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს, მაგრამ, ჯერჯერობით, საქმე არ განხილულა და შესაბამის გადაწყვეტილებას ველოდებით. კანონი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს 2000-ლარიან ჯარიმას.

_ ფაქტის შესახებ ვისი განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი? 

_ მოგვმართეს ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტებმა. საქმე შევისწავლეთ და სწორედ ამის შემდეგ მივმართეთ უწყებათაშორისსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს.

_ თავად ჭიღვარიას თუ შეხვდით და მოისმინეთ მისი პოზიცია?

_ ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. იყო ფეისბუქ გვერდი, სადაც გამოქვეყნებულია კონკრეტულ დროს აგიტაციის შემცველი პოსტი და, შესაბამისად, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. მას, ალბათ, შესაბამისი კომისია ჩამოართმევს ახსნა-განმარტებას. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი იმ კომისიის კომპეტენციის სფეროა, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

_ თუ დაფიქსირებულა აქამდე ქუთაისში მაღალი თანამდებობის პირისგან სამუშაო საათებში მსგავსი ქმედება?

_ არა. ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მონიტორინგს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე.

 

საიას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს თავად გიორგი ჭიღვარია:

_ ჩატარებულ კვლევაზე ჩემი გაზიარებული პოსტია. მე იქ არ მოვუწოდებ ვინმეს, 41 შემოხაზეთ, ან რაღაც მსგავსი. ვიღაცამ კვლევა დადო და ის გავაზიარე. რაც შეეხება სამუშაო დროს ინფორმაციის გაზიარებას ფეისბუქზე, ეს მოხდა ტელეფონით. სამუშაო საათების მიმდინარეობისას ჩვენ ტელეფონს ვპასუხობთ, ვსაუბრობთ კიდეც და არც სამუშაო დრო შეზღუდულა ამით და არც იმას ვეთანხმები, რომ ამ გაზიარებით აგიტაციას ვეწეოდი. საინტერესო რა არის, იცით? ის გვერდი დახურულია პირადი მოხმარებისთვის და მხოლოდ მეგობრებისთვის. ყველას წვდომა არ აქვს. როგოც ჩანს, ვიღაცამ მეგობრებიდან გაიზიარა. ისე არ არის, რომ ხალხი მასობრივად უყურებდეს. თქვენც შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს პირად გვერდზე და ვერ ნახავთ, იქ რა ხდება.

_ თქვენთვის ნამდვილად იქნება ცნობილი იმ შეზღუდვების შესახებ,  რასაც კანონი ადგენს.

_ კანონის მოთხოვნები ნამდვილად ცნობილია. ეს რეგულაციები გამგეობებსა და მერიებშიც გავაგზავნეთ. ვინმეს კვლევის გაზიარება პრობლემა არ არის: მე გავაზიარე კვლევა, რომ ვიღაც რაღაცას ფიქრობს. გიორგი ჭიღვარიას კომენტარი იქ არსად არის.

_ ე. ი. საიას მიერ გამოთქმულ პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევთ?

_ რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. დანარჩენზე, ალბათ, გადაწყვეტილებას მიიღებენ და თავად ნახავთ. მე კანონს დავემორჩილები.

 

შესაბამისი კომისიების დასკვნას როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ისე თავად ბრალდების ადრესატიც ელოდება. ინტერსი საზოგადოების მხრიდანაც დიდია და, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი, ჩაითვლება თუ არა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ქმედება გადაცდომად და მოუწევს თუ არა მას 2000 ათასი ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ყოველი შემთხვევისთვის,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ შესაბამისი დასკვნა დაიდება, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული სხვა ჩინოვნიკებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება.

 

                                                                                                               ხვიჩა ვაშაყმაძე