სკანდალური ფირის სკანდალური გაგრძელება – რატომ გაუფორმეს საპროცესო გარიგება დანაშაულში მხილებულ პირებს?

dd56

2015 წლის 29 დეკემბერს „ქრონიკა+“-ში პირადი ფირების ეპოპეა სკანდალურად დაიწყო: რედაქციაში „ქართული ოცნების“ აქტივისტი გელა ღურწკაია მოვიდა და ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანა. გელა ღურწკაია გუდაურის ქუჩაზე ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ საკუთარი ავტომანქანით მოიყვანა. პირადად მე, „ქრონიკა+“ და კიდევ რამდენიმე ადამიანი მხოლოდ ინტუიციამ და ჟურნალისტურმა ალღომ გადაგვარჩინა.

გელა ღურწკაიას რედაქციაში სტუმრობა შემოსვლიდან გასვლამდე ჩემ მიერ გადაღებულ ფირზეა აღბეჭდილი და კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. იმისათვის, რომ საქმე შეკერილიყო, პროვოკაცია, რომელიც „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დაიგეგმა, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პროკურატურას  რედაქციაში გადაღებული ფირი გადავეცი. ორიოდე კვირაში საგანგებო პრესკონფერენცია ჩავატარე, სადაც ის ინფორმაცია გავასაჯაროვე, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ მომაწოდა: იგეგმებოდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროება და ამით არჩევნების წინ პოლიტიკური პროცესის სრული დისკრედიტაცია, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შემოსულიყო.

პროგნოზი ტრადიციულად ერთი ერთზე ახდა _ გეგმის ავტორებს ერთადერთი „იაღლიში“ მოუვიდათ, ვერ გაითვალისწინეს, რომ არათუ დეპუტატის პირად ფირს არ დავიტოვებდი, არამედ გელა ღურწკაიას სტუმრობას გადავიღებდი და სამართლებრივი სპეკულაციებისთვის ადგილს აღარ დავტოვებდი.

არადა, საქმის შეკერვა ნამდვილად იგეგმებოდა და, მოგვიანებით, გამოძიებამ, სწორედ, ფულადი მოტივი დაასახელა გელა ღურწკაიას „ქრონიკა+“-ის რედაქციაში სტუმრობის საბაბად. არადა, ჩემ მიერ გადაღებულ ფირზე მკაფიოდ ჩანს, რომ კურიერს ჩემთვის ფული არ მოუთხოვია, საქმეში კი სწორედ თანხა ფიგურირებს _ დაკავებულები აპირებდნენ, თითო ფირში ჩემთვის ათასი ლარი მოეთხოვათ. დამგეგმავების ფანტაზიები ბევრად უფრო შორს მიდიოდა _ მიზნად ისახავდა: თანხის გადაცემის მომენტში ჩემს გადაღებას და ფირის ინტერნეტსივრცეში განთავსების შემდეგ ამ მასალის გასაჯაროებას! სხვათა შორის, გელა ღურწკაიას დაკავება პროკურატურას არ უჩქარია, მაშინ როცა, როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, ღურწკაიამ პირველივე დაკითხვაზე დაასახელა თანამზრახველები. 2 თებერვალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მქონდა, სადაც დეტალურად ვისაუბრე ჩემს საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებულ სკანდალურ ინფორმაციაზე, მათ შორის, ამ პროვოკაციაზეც, ღურწკაია და მისი თანამზრახველები კი მხოლოდ ამ შეხვედრის მეორე დღეს _ 3 თებერვალს დააკავეს!!!

როგორ დაიგეგმა პროვოკაცია ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რეიტინგული გაზეთის წინააღმდეგ? რას არ ამხელს გამოძიება და რა დეტალები გაარკვია „ქრონიკა+“-მა?

გელა ღურწკაია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და სანდრო ბრეგაძის მიერ კონტროლირებადი ე. წ. ზვიადისტური ფრთის წარმომადგენელია. ამ სქემაში ის, სავარაუდოდ, მხოლოდ კურიერის როლს ასრულებდა. დაგეგმილი პროვოკაციის დეტალები შეიძლება მისთვის არც არავის გაემხილა. სქემაში ყველაზე საინტერესოდ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე გამოიყურება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან და ზვიად ჯანყარაშვილთან დაახლოებული პირია. ეს ინფორმაცია რედაქციაში სტუმრობისას მისმა ძმამ, ლევან ხაჭაპურიძემაც დამიდასტურა. გელა ღურწკაიას დაკავების მომენტში ნიკოლოზ ხაჭაპურიძე თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული და როგორც მისი ახლობლები აცხადებდნენ, დღე-დღეზე განთავისუფლებას ელოდებოდა. საქმეში დანარჩენი პირების მონაწილეობა კი კიდევ უფრო ბნელით მოცულია. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ინგა ჩატოიანია, რომელიც ამ დროისთვის მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩასმული და სასამართლო პროცესებზე სწორედ დაცვის თანხლებით მოჰყავთ. ინგა ჩატოიანი ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ახლო მეგობარია, ამავდროულად, ის ნამდვილად იცნობს ირაკლი ფხალაძეს, რომელიც მისი ადვოკატი იყო. არადა, ინგა ჩატოიანს ადვოკატი ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან, დაზუსტებული ინფორმაციით, ის ფინანსურ მაქინაციებში მხილებული პირია და სწორედ ამის გამო პროკურატურის ოქროს მოწმეა პირადი ფირების საქმეში. ერთმანეთს იცნობენ ირაკლი ფხალაძეც და ნიკოლოზ ხაჭაპურიძეც. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მათი ნაცნობობა სკანდალურად დაიწყო და სკანდალურად გაგრძელდა. ირაკლი ფხალაძეს მისი საცხოვრებელი ბინა რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ იპოთეკით დაატვირთვინა და აღნიშნული თანხა მიითვისა. ფხალაძემ დეტალების გარკვევის შემდეგ სასამართლოს მიმართა და მან ეს პროცესი არა მხოლოდ მოიგო, არამედ სააღსრულებო წარმოებაც დაწყებულია. ძმებ ნიკოლოზ და ლევან ხაჭაპურიძეებს საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება ემუქრებოდათ. ერთი ვერსიით, სწორედ ამის გამო, ინგა ჩატოიანის მეშვეობით, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ ირაკლი ფხალაძე ჩართო ამ საქმეში. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ირაკლი ფხალაძეს სწორედ ინგა ჩატოიანმა დაურეკა და სახლიდან გაიყვანა. ავლაბრის მეტროს მერე მისი კვალი დაიკარგა და მეგობრებმა კარგა ხნის ძებნის შემდეგ მას თბილისის პროკურატურაში მიაგნეს. გელა ღურწკაია, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ირაკლი ფხალაძე _ სამივე პიროვნება მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა. მათგან ორი პირდაპირ კავშირში იყო „ქრონიკა+“-ში ფირების მოტანასთან, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელსაც „საქმის გახსნის“ მერე მუდმივად ვსვამდი პირადად მე, დღესაც პასუხგაუცემელია, _ ვინ გადასცა ამ პირთა ჯგუფს დეპუტატებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები?! ბუნებრივია, იგივე კითხვა ექნებოდა თბილისის პროკურატურასაც. ცხადია, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დამკვეთის ვინაობის გარკვევა და თუ გამოძიება დამკვეთზე გასვლას ბოლომდე მოინდომებდა, აუცილებლად მიადგებოდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვას, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული „ქრონიკა+“-ის დახურვით და მთავარი რედაქტორის იზოლირებით, რადგან სწორედ ამ გაზეთთანაა დაკავშირებული ე. წ. კახელების კლანის კორუფციული სქემების მხილება და ხელისუფლებისგან მათი ჩამოშორება. მაგრამ ეს იქნებოდა სკანდალი, რომელიც ასევე პირდაპირ დაუკავშირდებოდა კიდევ ერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს _ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც გამოძიებამ მოკლეზე მოჭრა, _ იცოდნენ რა ირაკლი ფხალაძისა და ზურაბ ჯამალაშვილის მეგობრობის ამბავი, ირაკლი ფხალაძის მეშვეობით ზურაბ ჯამალაშვილს შეუთვალეს: იცოდე, დაგასახელებ, მე განრიდებით გამიშვებენ, შენ მხოლოდ ხელწერილს დაგაწერინებენ ქალაქიდან გაუსვლელობის თაობაზე. ზურაბ ჯამალაშვილი სკანდალური ჰაკერისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, ამიტომ მისი თანხმობის შემთხვევაში სქემა მარტივად დალაგდებოდა და გამოძიებაც მთავარ დამკვეთს დაფარავდა. ზურაბ ჯამალაშვილი პროკურატურაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ისიც და ირაკლი ფხალაძეც მწარედ მოატყუეს, ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიებას გამორჩა ის, რაც იცოდა „ქრონიკა+“-მა. ვასილ ჯამალაშვილი მართალია კუდ-ში მუშაობდა და სწორედ მან შექმნა ის ვირუსი, რომლის მეშვეობითაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს საკუთარი კომპიუტერების მეშვეობით უსმენდნენ, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის აქტიურად თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“. მან შოთა ხიზანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რომელიც ახლა დაკავებულია. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჯამალაშვილს განრიდება გაუკეთეს და დღეის მდგომარეობით ის თავისუფლებაზეა. მეტიც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯამალაშვილი ორხევში ე. წ. არაოფიციალურ ოტოშიც კი ჰყავდათ მიყვანილი და მან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვას. გარდა იმისა, რომ ვასილ ჯამალაშვილს, „ოცნების“ პირობებშიც კი, მხოლოდ ვირუსის შექმნას ედავებოდნენ და არა პირადი ფირების გადაღებასთან, ან შენახვასთან რაიმე კავშირს, მას ამ ფირებთან არანაირი წვდომა არ უნდა ჰქონოდა, მით უფრო, რომ მამამისის, ზურაბ ჯამალაშვილის სახლის ჩხრეკისას არც პირადი ფირები, არც რაიმე სხვა მსგავსი ინფორმაცია ამოღებული არ ყოფილა. ზურაბ ჯამალაშვილი ამ საქმესთან რაიმე კავშირს არ ადასტურებს და საპროცესო გარიგებაზე, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, კატეგორიულად უარს აცხადებს.

სწორედ ამ პასუხგაუცემელი კითხვების პარალელურად, თბილისის პროკურატურა მეორე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, _ პირად ფირზე დაკავებულ პირებს შესაძლოა, თავად გასჩენოდათ დამკვეთის დასახელების სურვილი. სწორედ ამიტომ გამოსავალიც მარტივად მოიძებნა და სამ მათგანს: ინგა ჩატოიანს, გელა ღურწკაიასა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამასთან, ინგა ჩატოიანს, მიუხედავად იმისა, რომ 5000-ლარიანი გირაოთია განთავისუფლებული, ეს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე სასჯელს სხვა დანაშაულისთვის მოიხდის, ან სიჩუმის სანაცვლოდ, გამორიცხული არაა, რომ ამ სასჯელისგან გაათავისუფლონ. ირაკლი ფხალაძემ ჩვენება რომ შეცვალოს, პასუხისმგებლობა დაეკისრება და გამოძიების მთავარი თავსატეხი ზურაბ ჯამალაშვილი რჩება. მას თბილისის პროკურორის მოადგილე დავით კუტალაძე და ვახტან ჭიბალაშვილი პერიოდულად სტუმრობენ ხოლმე გლდანის მერვე დაწესებულებაში და ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ღურწკაია – ხაჭაპურიძეს ბევრად უფრო მძიმე მუხლი აქვთ წაყენებული, თბილისის პროკურატურა საპროცესო გარიგების მეშვეობით, მათ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას აპირებს. ჯამალაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ ამ მიზნით მასთან სახაზინო ადვოკატიც კი შეიყვანეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თბილისის პროკურატურა ზურაბ ჯამალაშვილის დასათანხმებლად აქტიურად იყენებს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც გლდანის ციხეში ქრთამის აღებისათვის იხდის სასჯელს. სწორედ ყოფილი მოსამართლე ცდილობს დაარწმუნოს ზურაბ ჯამალაშვილი, რომ პროკურატურის პირობებს დასთანხმდეს.

ამასობაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ინტერნეტსივრცეში განთავსების საქმე ისევ გამოუძიებელია. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ყველა პირი, მათ შორის, დამკვეთებიც, მკაცრად დაისჯებოდნენ, არათუ დამკვეთი, არამედ მძიმე დანაშაულში მხილებული პირებიც კი მალე თავისუფლებაზე იქნებიან. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათთან საპროცესო გარიგებას თავად დაზარალებულმა _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული დახმარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამაც დაუჭირა მხარი. „ქრონიკა“-ის წყაროს ინფორმაციით, საქმეში ბესელიას წერილობითი თანხმობაც დევს: მე, როგორც უფლებადამცველი, ჰუმანური პრინციპებით ვხელმძღვანელობო. ძნელი სათქმელია, იხელმძღვანელებდა თუ არა იგივე ჰუმანური პრინციპებით ქ-ნი ბესელია მაშინ, თუკი ხელისუფლების გეგმა „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ განხორციელდებოდა? ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ქვეყანაში უპრეცედენტო დანაშაული მოხდა _ პოლიტიკოსების პირადი ფირები გასაჯაროვდა და პირადი ცხოვრების შანტაჟით საჯაროდ ემუქრებიან ჟურნალისტებს. ხელისუფლებამ ამ პროცესს მწვანე შუქი აუნთო, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ იგი კვლავაც გაგრძელდება!!!

„ქრონიკა+“ ინტენსიურად მიადევნებს თვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს. წინასასამართლო სხდომა დღეს (12 ივლისი) 15:30 წუთზეა ჩანიშნული.

ელისო კილაძე