სამეგრელოს გუბერნატორს კრიმინალები იცავენ?!

ru

„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას: „თამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი _ ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?“ _ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართა.

„ქრონიკა+“ ქარტიის ხელმომწერი არ არის. აქედან გამომდინარე, რას გადაწყვეტს ქარტიის საბჭო, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მით უფრო იმ ფონზე, რომ „ქრონიკა+“-ზე განაწყენებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული ყველა პირი სწორედ ამ მექანიზმს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ.

სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. სხვათა შორის, არც სოციალურ ქსელში დარაზმულან მისი მომხრე საჯარო მოხელეები. ერთადერთი პირი, რომელმაც სამეგრელოს გუბერნატორის დაცვა ითავა, არც მეტი არც ნაკლები, კრიმინალური წარსულის პირი, ცაცა შელია აღმოჩნდა.

პროდასავლური რიტორიკის ხელისუფლების გუბერნატორი კრიმინალებისთვის რომ სასურველი და მისაღები პირია, ამის შესახებ „ქრონიკა+“ უკვე წერდა; ხელისუფლებას რომ კრიმინალები კარნახობენ პირობებს, არც ესაა სიახლე, მაგრამ კრიმინალის მხრიდან საჯაროდ ჟურნალისტზე და გაზეთზე თავდასხმა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტია.

„წავიკითხე ელისო კილაძის ნაწერი „ქრონიკაში“. ეს როგორ შეიძლება, ყველას ყველაფერი დააბრალო? რომელი სმოლენსკის, გრუ-ს, კგბ-ს, ფსბ-ს არქივის დირექტორი ეს მყავს, ვითომ ნაღდ ინფორმაციას რომ წერს? მისთვის მთავარია, ვინმეს რამე დააბრალოს, სახელი გაუტეხოს, მაგრამ იმას ვერ საზღვრავს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ასეთ „უტკებს“ არ ჭამს.

P. S. ერთ-ერთ კოლორიტულ კაცს მისი ოპონენტი მიუვარდება და სახალხოდ დაუწყებს ყვირილს, _ რა მაგარი ყოფილა შენი გოგო ლოგინშიო, გუშინ ღამე ჩემთან იწვაო. ამ კაცმა პასუხი არ გასცა. ერთმა ამ ამბის შემსწრემ იკითხა, _ პასუხი რატომ არ გაეციო? მან უპასუხა, _ რა მეთქვა, გოგო არ მყავს, 2 ბიჭი მყავსო? ასეა ეს. მე, მაგალითად, კილაძისთანა ჭორიკნებს პასუხსაც არ გავცემდი. მას შეუძლია დააბრეხვოს, ცაცამ მოკლა კენედი, ან ადმირალ კანარისის აგენტი იყოო, მეტსახელით ოტო სკორცენი. ისედაც ცოტანი ვართ ქართველები, ნუ შევჭამთ ერთმანეთს, ნუ უვრცელებთ ერთმანეთს ცრუ ინფორმაციას“, _ წერს გურამ (ცაცა) შელია სოციალურ ქსელში.

რა თქმა უნდა, ცაცა შელიას ეს სტატუსი სასწრაფოდ გაანიუსა სმო.გე-ზე გუბერნატორ ლევან შონიას ხელის ბიჭმა მალხაზ (ალისტრახო) ბასილაიამ.

დავიწყოთ იმით, რომ ელისო კილაძეს არავისთვის არაფერი მოუგონია. მასალაში საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც, ობიექტური გამოძიების პირობებში, მარტივად დადასტურდება. ის, რომ ლევან შონია თამაზაშვილის ნარკოტრასის კურატორი იყო, ეს ყველაზე უკეთ გურამ (ცაცა) შელიას უნდა მოეხსენებოდეს, რომელიც არა მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზატორი, არამედ აქტიური მომხმარებელიც იყო და სწორედ ლევან შონიას დახმარებით დააღწია თავი ციხეს. არადა, ის, თავის დროზე, ფაქტით დააკავეს თბილისისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში, როცა „მარშუტკა“ სამართალდამცველებმა გააჩერეს და უთხრეს, _ გადმობრძანდითო, _ მე ცაცა ვარ, შელიაო! _ გაეჭიმა პოლიციელებს. _ ჰოდა, ცაცა რომ ხარ, შელია, ამიტომაც ჩამოდი მანქანიდანო. მას ჯიბიდან შპრიცში გამზადებული წამალი ამოუღეს. შელია 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცაცა შელია ნარკორეალიზატორიც იყო და რეგიონში პოლიციის წამალს ასაღებდა. სწორედ იმიტომ ჰქონდა მას ხელშეუხებლობის გარანტია, რომ ამ დროს პოლიციის უფროსი სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას ძმა, მამუკა შონია იყო.

ფოტო, რომელსაც „ქრონიკა+“ აქვეყნებს, ცაცა შელიას ზუგდიდელ „კანონიერ ქურდ“ ზურაბ შამუგიასთან აქვს გადაღებული. ამ ქვეყანას თავმოყვარე ძალოვანი უწყება რომ ჰყავდეს, ცაცა შელია სტატუსებს კი არ უნდა წერდეს სოციალურ ქსელში და ჟურნალისტებს ჭკუას კი არ უნდა არიგებდეს, ციხეში უნდა იჯდეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ცაცა შელიას შვილიც ლევან შონიამ იხსნა ციხიდან, როცა ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ციხიდან კი იხსნეს, მაგრამ ცაცა შელიას შვილი ცემას ვერ გადაარჩინეს. იქნებ, გაიხსენოს, თავხედობის გამო, მანქანით პლაჟზე რომ მარიაჟობდა, ვინ გაუერთიანა თავ-ყბა?..

მაინცდამაინც აგენტობაზე თუ მიდგება საქმე, ცაცა შელია ამ თემაზე რაც ნაკლებს იხუმრებს, მით უკეთესი მისთვის, რადგან საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ, თავის დროზე, გურამ (ცაცა) შელია ადგილობრივი კუდ-ის უფროსის, დათო დარსმელიძის პირადი აგენტიც იყო და თითო ინფორმაციაში 300-დან 500 ლარამდე იღებდა!!!

კრიმინალები სტატუსებს წერენ, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტო კრიმინალის სტატუსს ანიუსებს. მართალია, მალხაზ (ალისტრახო) ბასილაია საგულდაგულოდ ცდილობს, საზოგადოებას საკუთარი წარსული დაავიწყოს, მაგრამ ზუგდიდში კარგად ახსოვთ ალისტრახო ბასილაიას მეგობრობა მეგის ქარდავასთან. მას ახლა სამეგრელოს გუბერნატორი საკუთარი პიარისთვის იყენებს, ცხადია _ ბიუჯეტის ხარჯზე.

2015 წლის მეოთხე კვარტალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა „ახალი ამბების“ მომსახურების შესყიდვაზე. პირველ სამ კვარტალში აღნიშნული სახის მომსახურების შესყიდვაზე უკვე არსებობდა 1800-ლარიანი გამარტივებული შესყიდვით (პირდაპირი წესით) დადებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სმო.გე-ს მიერ ვებგვერდზე შეუფერხებლად უნდა განთავსებულიყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ მომზადებული პრესრელიზები. სწორედ პირველ სამ კვარტალში იდენტური კლასიფიქატორით ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე განხორციელებული ჰქონდა 5000 ლარის მოცულობის შესყიდვა, რაც საშუალებას არ აძლევდა, smo.ge-სთან პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება. მიუხედავად ტენდერისა, სატენდერო დოკუმენტაცია მორგებული იყო კონკრეტულად ერთ სააგენტოზე, რაც შემდგომ გამოჩნდა, როცა წინადადებების მიღება დასრულდა. მიუხედავად ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქმედებისა, მოქალაქე ეგნატე შამუგიამ მერიის ზემოაღნიშნული ქმედება გაასაჩივრა და შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებით ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ქმედება გაუქმდა, რაც სმო.გე-სთან ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობდა.

ასევე 2016 წელს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ერთდროულად, ერთი და იგივე სამუშაოს მოცულობის ოთხი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც სამის სავარაუდო ღირებულება 1800 ლარი იყო, ხოლო მეოთხის _ 2454 ლარი. აღნიშნული სამი ტენდერი სხვადასხვა სააგენტომ გადაინაწილა, მათ შორის, 2454-ლარიანი ხელშეკრულება ipn.ge-სთან გაფორმდა, ხოლო ერთში smo.ge-მ მიიღო მონაწილეობა, თუმცა შესაბამისი  დოკუმენტაციის არქონის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა. კონკრეტულად, მერიის მიერ მოთხოვნილი ვებგვერდის უნიკალური ვიზიტორების მონაცემები სრულყოფილი არ იყო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერიის მიერ მის დისკვალიფიკაციას წინ უძღოდა სხვადასხვა სააგენტოში ტენდერის განიუსება.

მოკლედ, ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტში, წინა წელთან შედარებით, ახალი ამბების მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები სამ-ოთხჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, ორივე მუნიციპალიტეტს აღნიშნული თანხები პირველ და მეორე კვარტალში არ გამოუყენებია და მათი დიდი ნაწილი დღემდე აუთვისებელია. სავარაუდოდ, მათ უშუალოდ აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენებენ, რაზედაც მეტყველებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელტენდერი, მუნიციპალური გაზეთის „მერია news“-ის გამოცემასთან დაკავშირებით.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მალხაზ ბასილაიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მერიის გარდა, თანხებს უხდიან: სენაკის, წალენჯიხის, ფოთისა და სხვა რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობებიც. ასე იხარჯება ბიუჯეტის ფული სამეგრელოში გუბერნატორ შონიას უშუალო განკარგულებით.

 

                                                                                                                 ელისო კილაძე