წინასაარჩევნოდ თეთრი წყარომ ხელჩართული ბრძოლა გამოაცხადა!

cx

„ქრონიკა+“-ს თეთრი წყაროდან ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ დაინტერესება გვთხოვა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან წამოსული განუკითხაობა, რომელიც წლებია გრძელდება, წინასაარჩევნოდ აქტიურ ფაზაში შედის და უკვე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშია გადასული. როგორც მან აღნიშნა, თუ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით არ გახმაურდა, დღითი დღე უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შესაძლებელია, არჩევნების დღეს კორცხელის ინციდენტი აქაურთან შედარებით არაფრად მოგვეჩვენოს.

რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, კონკრეტულ ფაქტებზე ყვება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თვითნებობაზეა საუბარი:

_ თეთრი წყაროს გამგებლის პირველ მოადგილე ერეკლე კუხიანიძე სამუსიკო სკოლების დირექტორებსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრებს ავალებს, 2000 ლარად შეიძინონ ჩეხური წარმოების „პეტროფის“ პიანინოები. ვინც ურჩობას გაუბედავს, სამსახურებიდან გაგდებით ემუქრება.

ასევე: ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლებანიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე გამგებელმა წიკლაურმა დანიშნა, სოფელ კოდასთან ავარია მოახდინა, მოქალაქეს ავტომობილი დაუმტვრია, მან ასევე დაამტვრია სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ის მართავდა. მანქანას, ძირითადად, ნასვამ მდგომარეობაში მართავს, მაგრამ, რატომღაც, სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების მიღმა რჩება. ყველაზე მთავარი კი ის არის, მუნიციპალიტეტის გამგებელმა სხვადასხვა სამსახურის უფროსებს დაავალა, _ ყველა თქვენი თანამშრომლის ხელფასიდან 10-10% შეაგროვეთ, რომ ლებანიძის უპასუხისმგებლობით ჩადენილი ზარალი დაიფაროსო. რატომაა ხელფასზე დამოკიდებული ხალხის გადასახდელი სხვისი ზარალის ანაზღაურება?! _ ეს ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს, ჩვენთან ხომ კანონი ფურცელზე წერია და ხელისუფლება ყველგან კლანურია!

 

თეთრი წყაროში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს დაუკავშირდა. დაპირების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ დალაქიშვილმა, რომელიც თეთრი წყაროს საკრებულოშია, ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონითაც ვერ  დავუკავშირდით. ჩვენთან საუბარზე ასევე თავი შეიკავა „პატრიოტთა ალიანსის“ თეთრი წყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნუგზარ ლიპარტელიანმა, _ დაკავებული ვარ და რამდენიმე საათში გიპასუხებთო… თუმცა დათქმულ დროს ტელეფონი საერთოდ გათიშა.

 

ნუნუ ნათობიძე _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“, თეთრი წყაროს საკრებულოს წევრი:

_ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა, როგორც საკრებულოს წევრს და ამ ქვეყნის მოქალაქეს, საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, რომ ძალიან ნიჰილისტური და ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ არჩევნების მიმართ, რადგან „ოცნებამ“ ვერ გაამართლა ხალხის იმედები, მათზე გაბრაზებულები არიან და ამის გამო, ძირითადად, სოფლებში ასეთი აზრი აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებს“ დაუჭირონ მხარი. ეს ყველაფერი გამოიწვია ამათმა კოჰაბიტაციობანას თამაშმა. ხალხი უიმედოდ არის განწყობილი და არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ, ღამეები ვათენეთ, საიდან სად მივდიდიოთ, რომ თუნდაც ერთი ხმა არ დაკარგულიყოო, ეს გამარჯვება კი „ოცნებამ“ თავის სასიკეთოდ გამოიყენა, მოერგნენ სკამებს, ხელფასები და პრემიები ჩამოირიგეს,  ყველგან თავიანთი ნათესავები დანიშნესო… მათი კლანური მმართველობა აშკარაა და ერთი სიტყვით, ამას ძალიან ცუდი ფორმები აქვს მიღებული. არ ვიცი, როგორ შევძლებთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ არჩევნებზე უნდა წავიდნენ. ამაზე დიდი შრომა დასჭირდება ყველა საარჩევნო შტაბს. მით უმეტეს, მართვის დიქტატორული მეთოდები, რაც „ნაციონალებს“ ჰქონდათ, არაფრით გაუმჯობესებულა. უბრალოდ, ის მეთოდები უფრო რბილი ფორმით შეიცვალა, თუმცა ხალხს ისევ აშინებენ.

_ კონკრეტულ ფაქტს დაასახელებთ?

_ მაგალითად, წინა არჩევნების დროს ჩემი შტაბის წევრებს ღამე რომ უვარდებოდნენ და აშინებდნენ, ეუბნებოდნენ, დაწერე განცხადება და წამოდი მაქედან, თორემ შენ და შენი ოჯახის წევრებს სამსახური არ ეღირსებათო და ა. შ. ახლაც იგივე მეორდება. ამას წინათ ინციდენტი მოხდა: თავისუფალი კანდადატი იყო სოფელ ჭივჭავში, როგორც ინფორმაცია მაქვს, მას დახვდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეს ძალიან ულამაზოა და რა გამოვიდა, დიქტატურა შეგვეცვალა დემოკრატიით?! ამომრჩეველს რომ ვხვდები, სულ იმას ვეუბნები, _ დაფიქრდით, თქვენს ოჯახს რა სჭირდება, როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი, ისე მიეცით ხმა. თუ გეშინიათ, დაჰპირდით, მაგრამ საარჩევნო ყუთთან რომ მიხვალთ, იქ დაფიქრდით, თქვენს ოჯახსა და ქვეყანას რა გამოადგება და იმას მიეცით ხმა-მეთქი. მაგრამ ამათ უნდათ, 90%-იანი ხმები დაიდოს, რომ მერე ისევ თვითონ იყვნენ კლანურ მმართველობაში, რომელიც დიქტატურაში გადადის. ადრე კასპში რომ იყო „პატარა ბიძინა“, აქ ესენიც ხომ „პატარა ბიძინები“ არიან? რატომღაც, ავიწყდებათ, თავიანთი ავტორიტეტით კი არ არიან ხელისუფლებაში მოსულები, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით. ამას არიან ამოფარებულები და წარამარა გვაძახებენ, _ ბიძინამ ეს გაგვიკეთა, ბიძინამ ის გაგვიკეთაო. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ბიძინას, გადაარჩინა ინტელიგენცია, შიმშილისგან დაიცვა, ქვეყანაში ბევრი რაღაც გააკეთა, მაგრამ ეს მოქალაქეებზე რით აისახა?! მე, მაგალითად, „ციცინათელაში“ ვერ ჩავალ და ვერ გავერთობი, სასტუმრო რომ შენდება, ძალიან კარგია, მაგრამ შემიძლია, იქ წავიდე და დავისვენო?! ჩავლენ ისევ ისინი, ვისაც ამხელა ხელფასები და პრემიები აქვს!

_ ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებაში თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მაგალითად, თუ იცით რამე ჩეხური პიანინო „პეტროფების“  სავალდებულო შეძენაზე? გამგებლის ბრძანებაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ზარალი აუნაზღაურონ?

_ გამგებლის მოადგილეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მუსიკოსია. როგორც ჩანს, ძალიან დაინტერესებულია თავისი პროფესიის განვითარებით და უნდა, რომ ყველა საბავშვო ბაღსა და მუსიკალურ სკოლას საუკეთესო პიანინო ჰქონდეს. სხვათა შორის, საკრებულოს სხდომაზე პირადად მე ეს საკითხი გავაპროტესტე. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ გამგებლის მოადგილემ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი გამოიძახა, პიანინოების შეძენა დაავალა, რომ შემდეგ საბავშვო ბაღებისთვის თუ სკოლებისთვის გადაეცა. საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა წარმოადგინა. მას ვუთხარი, ყური მოვკარი და რამდენად შეეფერება სინამდვილეს-მეთქი? მიპასუხა, _ ცუდია, რომ საბავშვო ბაღებს პიანინოები ჰქონდესო? ცუდი კი არ არის, გადასარევია, ნეტავ, იმის საშუალება გვქონდეს, პიანინოები კი არა, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები შევქმნათ და ჩვენს ბავშვებს საუკეთესო საკრავები ჰქონდეთ, მაგრამ როცა ხალხი დამშეულია, არ გვაქვს იმის უფლება, საუკეთესო პიანინოები ვიყიდოთ და 2000 ლარი გადავიხადოთ ერთსა და იმავე მარკის პიანინოებში. 500 ლარად რომ შევიძინოთ, თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს? დღემდე რამდენიმე პიანინოს შეძენა მოახერხეს, შემდეგ ეს პროცესი შეწყდა. ეს გავაპროტესტე, რადგან აღმოვაჩინე, რომ სკოლამდელი აღზრდის ცენტრში თანხების უქონლობის გამო, დეკრეტულ შვებულებაში გასულ თანამშრომლებს კუთვნილი თანხა სასაცილო მიზეზით ვერ გადაუხადეს, თითქოს ფული არ ჰქონდათ. მამაცხონებულო, ეს ადამიანები საბავშვო ბაღში სხვის შვილებს ზრდიან და თავიანთი შვილების გასაჩენად არ აძლევ დეკრეტული შვებულების თანხას?! ამიხსენი, სკოლამდელი აღზრდის სამსახურის როგორი ხელმძღვანელი ხარ და პიანინოებზე გაქვს პრეტენზია?! ამის თანხა არ გაქვს და პიანინოების ფული გაქვს?! რაც შეხება ხელფასიდან თანხების ჩამოჭრას, არ მგონია, ასე მომხდარიყო. ოფიციალურად ვერავინ ჩამოაჭრის, ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ სიმართლეა, მაშინ საკუთარი ჯიბიდან შეაგროვებდნენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნებაყოფლობითი იქნებოდა და ყველას შეეძლო, უარი ეთქვა, მაგრამ როდესაც გამგებელი გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა დავეხმაროთ, ეს უკვე ბრძანების ტოლფასია!

 

ნელი მაზანაშვილი _ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი:

_ წლებია, თეთრი წყარო ინგრევა და პატრონი არ ჰყავს. გასულ წელს თქვენს გაზეთთანაც ვილაპარაკე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ახლა წინასაარჩევნოდ გზები გადათხარეს, რომელზედაც ვფიქრობ, რომ დანაშაულია. აქამდე სად იყვნენ? ახლა იმიტომ თხრიან, რომ ხალხის გული მოიგონ, მაგრამ მოსახლეობაში „ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდი განწყობაა. 4 წლის განმავლობაში ხომ შეიძლებოდა ამ გზების მოწესრიგება?! ცენტრალური პარკი ისეთ მდგომარეობაშია, ენით ვერ აღვწერ, ნაგავს მიაქვს აქაურობა. ჩვენმა პარტიამ ამომრჩეველთან აქტიური მუშაობა დაიწყო, დავდივართ თითქმის ყველა სოფელში, ამან ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან გაანაწყენა. აქ არის სოფელი ჩხიკვთა, სადაც ჩვენი პარტიის თეთრი წყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარესა და წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და მათ გამოწვევას ცდილობდნენ. ჯერ მანქანას სიგარეტი ესროლეს, მანქანიდან შუა თითებს უჩვენებდნენ და ასეთ სისაძაგლეს სჩადიოდნენ. ჩვენი თავმჯდომარე მიხვდა, რაც ხდებოდა და მანქანა არ გააჩერა. ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს მანქანაში გვერდით მეუღლე ეჯდა, მანქანა გააჩერა და რომ გადმოვიდნენ, გაწევ-გამოწევა დაიწყო. ეს ყველაფერი ვიდეოზეა დაფიქსირებული. ამ ქალბატონს მკლავები სულ დალურჯებული აქვს. სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ხელისუფლების მხრიდან ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მისი მოადგილე ავთო მუხაშავრია, „ოცნების“ დეპუტატი საკრებულოში რამაზ ჩომახაშვილი და სოფელ ჯორჯიაშვილის დეპუტატი ოთარ ლონდარიძე. საკრებულოს თავმჯდომარე ფიზიკურად დაუპირისპირდა, დანარჩენი აშველებდა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ეუბნებოდა, _ ბიჭო, არ გადამეღობო, თორემ გადაგთელავო! ამის შესახებ ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად განცხადება შეიტანა სამართალდამცველ ორგანოებში და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა დღითი დღე გაუარესდება.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოჩა თედორაძეს დაუკავშირდა:

– როგორ გეკადრებათ, რასაც ამბობენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. მთელი ცხოვრება მასე დადიან, მაგათ როგორ უნდა ვეჩხუბო, სირცხვილი არ არის? ეს ყველაფერი ტყუილია, რომელ ინციდენტზე მელაპარაკებით? ამ ქვეყანაზე, ამ სოფელში რეიტინგი არ აქვთ და თვითონ უნდოდათ პროვოკაციების დაგება, მაგრამ მე მათთან რა საქმე მაქვს? საერთოდ, აზრზეც არ ვარ, რაზე მეკითხებით.

„ქრონიკა+“ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

– 2016 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ-ების მიერ მუსიკალური ინსტრუმენტების (პიანინოები)  შეძენა  არ განხორციელებულა. დამატებით გაცნობებთ, რომ  მუსიკალურ სკოლებში არსებული ინსტრუმენტები არ შეესაბამება სკოლების ფუნქციონირებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჭიროებს განახლებას, თუმცა ამ ეტაპზე მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა არ არის განსაზღვრული. რაც შეეხება  საკითხს გამგებლის პირველი მოადგილისაგან მუქარის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით  მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას.

ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ხელმძღვანელის დავალებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით  თანამშრომლებისგან გარკვეული ფინანსური სახსრები (ხელფასის 10 %) მოიძიეს, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი