თამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!
საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელია და დასავლეთზეა ორიენტირებული. მისი ეს მტკიცება კომიკურ სახეს იძენს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში აშკარად იზრდება რუსული გავლენები, უკონტროლოდ მოძრაობს ფული, მათ შორის, მედიაშიც ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მთავრობის კანცელარიაში კრიზისების მართვის საბჭოს ოფიციალურად რუსეთთან დაახლოებული პირი, მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, რომელიც „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვასთან ერთად, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის არაერთი გრიფით საიდუმლო მასალის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების კომიკურობას ასევე ცხადად ადასტურებს სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის, ლევან შონიას წარსული და მისი ახლო კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან. გიორგი კვირიკაშვილმა ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადაეყენებინა გუბერნატორი, რომელიც, ფაქტობრივად, მისი კონტროლიდან გამოსულია და დღემდე ყოფილი პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელია.
1417+1 _ „ქრონიკა+-ის წყაროს ინფორმაციით, ასეა დანომრილი ის აგენტურული საქმე, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორზე რუსეთის „ფსბ“-ში ინახება.
ლევან შონიას ბიძა, გრიშა შონია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია და დღემდე ამ უწყების კმაყოფაზეა, პენსიის ჩათვლით.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისთანავე ლევან შონია სამეგრელოს გუბერნატორი ხდება. სტრატეგიულად, სამეგრელო მნიშვნელოვანი რეგიონია, ის ესაზღვრება ოკუპირებულ აფხაზეთს. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარი სერიოზული კორუფციის წყარო იყო ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის.
თამაზ თამაზაშვილის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი გენერალ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე და პანკისის მიმართულების კურატორი გახლდათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ლევან შონია იყო ის პირი, რომელიც თამაზაშვილის ნარკოტრასას კურირებდა და გენერლის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი გახლდათ. ჩეჩნები, პანკისში შეყვანილი და დაბანაკებული ტერორისტები, ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტი, _ ეს ის თემებია, რომელიც ლევან შონიამ, ჯერ კიდევ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე კარგად იცოდა და ალაგებდა კიდეც. სწორედ წარსულის ამ მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით დაანიშნინა თამაზაშვილმა ლევან შონია ირაკლი ღარიბაშვილს სამეგრელოს გუბერნატორად.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ შონიასა და მისი ძმის მეშვეობით, „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას გამოყენებით, ღარიბაშვილის სიმამრი სამეგრელოს რაიონში თხილის ბიზნესის მონოპოლიას დღემდე აკონტროლებს. ამავე ჯგუფის სახელს უკავშირდება იარაღის, სიგარეტის, ნარკოტიკების, ჯართის უკანონო კონტრაბანდა და ტრანზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხელის შემშლელი არც არავინ ჰყავთ, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს თამაზაშვილის მარიონეტი გიორგი მღებრიშვილი ამ დრომდე ინარჩუნებს, ხოლო სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური საკუთარი კაბინეტის იქით არც იყურება, რადგან დღედაღამ იმის ფიქრშია, ბიძინა ივანიშვილს მისივე მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, რაიმე გადაბრუნებული ამბავი არ მიუტანოს. ივანიშვილს ხომ საშინლად უყვარს ჭორაობა. ბოლო დროს მას ჭორებით და დეზინფორმაციით სწორედ სოსო გოგაშვილი ამარაგებს.
„ქრონიკა+“ პირველი იყო, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები ინტერნეტსივრცეში რუსეთის ფედერაციიდან, კონკრეტულად კი მოსკოვიდან აიტვირთა. ამავე წყაროს ინფორმაციით, სუს-მა ამტვირთავის ვინაობაც იცოდა და ეს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავაა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ქართულ ძალოვან უწყებაში არ უარუყვიათ, არაოფიციალურად კი დღემდე არკვევენ იმ წყაროს ვინაობას, რომელმაც ეს ინფორმაცია სუსი-დან მე მომაწოდა. ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ გიორგი გაბედავას მამამ, მოსკოვში მცხოვრებმა ზაზა გაბედავამ ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, ზაზა გაბედავა იყო ის პირი, რომელმაც „ქრონიკა+“-ს ვლადიმერ ხომერიკის, ვლადიმერ ბედუკაძის, ვიქტორ ჭელიძისა და სხვების ფარული აუდიო ჩანაწერები მიაწოდა. მანვე გადმოგვცა ფოთის პორტის დოკერების გაფიცვის გეგმაც, რომელიც „ქრონიკა+“-ში დაუბრკოლებლად გამოქვეყნდა. ამჯერად ზაზა გაბედავას არა მხოლოდ პირადი მოტივაცია, არამედ ე. წ. კახელების კლანის დავალებაც ამოძრავებს, რადგან სწორედ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების გამო ჩაიშალა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში ტრიუმფალური შემოსვლისა და პოლიტიკური პარტიის შექმნის გეგმაც. ღარიბაშვილის ტრიუმფი არ იყო მხოლოდ ერთი ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის გეგმა, ეს იყო რუსული პოლიტიკური წრეებისა და ფსბ-ს ერთობლივი პროექტი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს ჩამოაშორა.
ის, რომ თამაზ თამაშვილი და კახა თარგამაძე დიდი ხნის მეგობრები არიან და რუსი გენერლები კარგა ხანია, უპრობლემოდ ჩამოდიან საქართველოში, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ თავად თამაზაშვილი არაოფიციალურად რამდენჯერმე სტუმრობდა ოკუპირებულ აფხაზეთს, რამდენჯერმე შეხვდა რუსლან ქიშმარიას და აფხაზებთან და რუსებთან ერთად ამ გაზაფხულზე თიკნობაზეც უქეიფია გალში. ცხადია, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ზურაბ გამეზარდაშვილი ოფიციალურად არ დაადასტურებს, რომელიც ამ პოსტზე სწორედ თამაზაშვილის პირადი რეკომენდაციით (და არა მხოლოდ ამის გამო) დაინიშნა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრემიერ ღარიბაშვილს რუსული გენერალიტეტის გარდა რუსული პოლიტიკური წრეებიც 2015 წლის ზაფხულში დაუკავშირდნენ, საკონტაქტო პირი კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, უშიშროების კომიტეტის წევრი და ფრაქცია „ედინნაია როსსიას“ თავმჯდომარის მოადგილე, ოთარ, იგივე თენგიზ არშბაა.
სოხუმში დაბადებული და ბათუმში გაზრდილი ოთარ არშბა პუტინის ახლო მეგობარია. იგი ასევე მეგობრობს სერგეი ლავროვთან და „კგბ“-ს გამოცდილი კადრია. არშბა რამდენიმე უმსხვილესი ბიზნესის მოწილე და, მათ შორის, მედიასაშუალებების აქციების მფლობელია, მათ შორის განკარგავს „ტვ მოსტის“ 50%-იან აქციებს.
1994 წლიდან ოთარ არშბა „კგბ“-ს ტოვებს და მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო საბანკო სკოლას ამთავრებს. ბიზნესსკოლის შემდეგ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალიზდება, 2003 წლიდან დღემდე კი რუსეთის „გოსდუმის“ დეპუტატია. ის არის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე ჭაჭიას ექსმძახალი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ჭაჭია ცოლს კარგა ხანია, დაშორდა და ყოფილ სიმამრთან სასამართლო დავა აქვს, ამას ჭაჭია-არშბას მეგობრობაში ბზარი არ შეუტანია.
2015 წლის 19 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო „კოლეზიუმი“ გაიხსნა. სასტუმროს გახსნას პირადად ესწრებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „მე მინდა, ამ ოჯახის განსაკუთრებული პატრიოტიზმი გამოვყო, რადგან ისინი არიან პიონერები, რომლებმაც ბათუმში ინვესტიცია განახორციელეს“, _ ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმროს გახსნაზე წარმოთქვა, რომელიც, სხვათა შორის, გახსნის მომენტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაყადაღებული ჰქონდა. სასტუმრო „კოლეზიუმი“ სწორედ ოთარ არშბას საკუთრება გახლდათ, პატრიოტ ინვესტორად კი პრემიერმა ღარიბაშვილმა ის პირი გამოაცხადა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა ოფიციალური მიზეზი იყო, ხოლო არაოფიციალურად ამ დღეს ირაკლი ღარიბაშვილს პირველად შეხვდნენ ტეტ ა ტეტ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და მას სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს. გულისხმობდა თუ არა სამომავლო თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის საბოლოო ჩამოშორებას ხელისუფლების მართვისგან და დასრულებულია თუ არა ეს გეგმა, ამაზე მოგვიანებით, ამჯერად მხოლოდ თამაზაშვილ-ღარიბაშვილის დარჩენილ რუსულ გავლენებზე ვისაუბრებთ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია საკუთარი კაბინეტიდან მოსკოვში მცხოვრებ ზაზა გაბედავას პირადად ესაუბრა. ჩვენი წყარო იმდენად ზუსტია, საუბრის ხანგრძლივობასაც კი გვისახელებს _ 21 წუთი. ამ საუბრიდან რამდენიმე საათში ზაზა გაბედავამ ჩემ წინააღმდეგ მორიგი პასკვილი გამოაცხო და სააკაშვილის, კეზერაშვილის, კოდუას, ღაჭავას და ა. შ. აგენტად გამომაცხადა. ზუსტად ამ დროს სამეგრელოს გუბერნატორის კაბინეტში ე. წ. ჟურნალისტი მალხაზ (ალისტრახო) ბასილაია იმყოფებოდა. მართალია, მალხაზ ბასილაია დაბეჯითებით ცდილობს, საკუთარი წარსული წაშალოს, მაგრამ მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ბასილაია „ალისტრახოების პროექტის“ აქტიური წევრი იყო. იმჟამინდელი კუდ-ის დავალებით „ქართული ოცნების“ წევრებს არაერთ პროვოკაციას უწყობდა. ზუგდიდში კარგად ახსოვთ მალხაზ ბასილაიასა და მეგის ქარდავას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა (სხვა პიკანტურ დეტალებზე, ამჯერად, არ შევჩერდებით, მაგრამ მალხაზ ბასილაიას მსუყე საბიუჯეტო დაფინანსებას მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდებით).
ზაზა გაბედავა დღემდე ძებნილია. მას სხვა დანაშაულებებთან 90-იანებში პოლიციის კურსანტის, სერგო ჩაჩიბაიას მკვლელობა და უშიშროების მაშინდელი უფროსის, თემურ გაბუნიასთვის იარაღის წართმევა ედება ბრალად. 90-იანებში სერგო ჩაჩიბაია ზუგდიდში დააკავეს. თვითმხილველების ცნობით, მას სწორედ ზაზა გაბედავა სცემდა და სასტიკად აწამებდა, რა დროსაც შემოაკვდა კიდეც. ამის შემდეგ გაბედავამ ჩაჩიბაია ციხის საკანში თოკით ჩამოკიდა და თვითმკვლელობის იმიტაცია მოაწყო. სერგო ჩაჩიბაიას დედას რკინის ქალამნები აცვია და დღემდე სამართალს ეძებს. სწორედ მისი შიშით ვერ უხსნიან ძებნილის სტატუსს ზაზა გაბედავას, თორემ სიამოვნებით ჩამოიყვანდნენ საქართველოში და ადგილზე გააგრძელებდა იმ მართლაც ბინძურ საქმიანობას, რასაც ახლა კახელების დავალებით მოსკოვიდან ახორციელებს. სხვათა შორის, ასევე ვერ ჩადის ზუგდიდში ზაზა გაბედავას შვილი, პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა. ამ სამიოდე თვის წინათ სწორედ ზუგდიდში მიაკითხეს სერგო ჩაჩიბაიას ნათესავებმა და სამეგრელოს სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.
სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის წარსულში რამდენიმე ფრიად საინტერესო ფაქტი მოიძებნა, რომელიც არა მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, არამედ მის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. დღევანდელი ხელისუფლების შეშინებული ძალოვანი უწყებების პირობებში ცხადია, ამ პირების დასჯა გამორიცხულია, მაგრამ იმედია, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ის პირი, რომელიც მსგავს დანაშაულებრივ სქემებშია ჩართული, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
„ქრონიკა+“-ის წყარო 2003 წელს „ვარდების რევოლუციამდე“ მომხდარ საინტერესო შეხვედრას და ფაქტებს იხსენებს.
რევოლუციამდე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორის, ლევან შონიას ძმა, მამუკა შონია გახლდათ. სწორედ ამ დღეებში მამუკა შონიას კაბინეტში ერთმანეთს შეხვდნენ გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ლევან შონია, ვალმერ ბუთბას მიერ ზუგდიდში საგანგებოდ გამოგზავნილი დიმიტრი რაგოზინი, რომელიც აფხაზეთსა და სამეგრელოს რეგიონში დისლოცირებული რუსული ჯარის ნაწილების კოორდინატორი იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის „გმირი“, სერგეი ჩაბანი, რომელმაც ზუგდიდში რუსული გენერალიტეტის გეგმა ჩამოიტანა _ „ტყის ძმების“ მეთაურმა, დათო შენგელიამ, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღო, სააკაშვილი რევოლუციისთვის ემზადებოდა და დღე-დღეზე სამეგრელოს რეგიონში უნდა ჩასულიყო.
მამუკა შონიას კაბინეტში საგანგებო თათბირზე გადაწყდა, რომ სააკაშვილის ლიკვიდაცია აბაშა-სამტრედიის საზღვარზე უნდა მომხდარიყო, სააკაშვილის ესკორტისთვის ცეცხლი უნდა გაეხსნათ, პირადად სააკაშვილის მანქანისთვის კი „მუხა“ უნდა ესროლათ. იმის გამო, რომ ადგილობრივებში ინფორმაციის გაჟონვის შეეშინდათ, აფხაზეთიდან სპეციალურად რუსი სამხედრო ჩამოიყვანეს, რომელიც ყუმბარმტყორცნს კარგად ისროდა. რაკი მიხეილ სააკაშვილის ესკორტის გადაადგილების მარშრუტი გვიან დაადგინეს, დათო შენგელიას შეიარაღებული ჯგუფი აბაშისკენ გვიან გავიდა, ისინი ძალიან ჩქარობდნენ, ამ სიჩქარეში იარაღით დატვირთული მანქანა ავარიაში მოყვა და რუსი სამხედრო ადგილზე დაიღუპა. სხვათა შორის, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავად სააკაშვილის ესკორტი წააწყდა ისე, რომ არ იცოდა, რას გეგმავდნენ ისინი. თავდასხმას დათო შენგელიას მოადგილე, სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური, დათო შენგელია, დღეს ლევან შონიასთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირია. ის შონიას ბიზნესებს იგივე მეთოდებით მართავს, რასაც შევარდნაძის დროს იყენებდა.
მეორე ფაქტი, რომელსაც „ქრონიკა+“-ის წყარო იხსენებს, დაახლოებით იმავე ტიპისაა, რის გამოც დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი კახა ნაკანი და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები „ქართულმა ოცნებამ“ ციხეში ჩასვა.
1998 წლის 9 თებერვალს ზუგდიდში გოჩა ესებუას მეთაურობით ჯგუფმა, რომლის წევრებიც იყვნენ გია მესხია _ „კინკონგი“, ზურაბ შონია, მეტსახელად „პუშკინა“, ვალტერ შურღაია, ზვიად და ვეფხია კაკაჩიები და რამდენიმე სხვა პირი, გაეროს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები გაიტაცეს. გატაცებული პირები ჯიხაშკარში მეგონა მარგიას ოჯახში მიიყვანეს და რამდენიმე დღე იქ ჰყავდათ. მოლაპარაკების დროს გოჩა ესებუამ საკუთარი პირობები წამოაყენა, მომლაპარაკებელი პირი გურამ აბსნაძე იყო. მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო გოჩა ესებუა და ზურაბ შონია ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში მიიმალნენ. 1998 წლის 31 მარტს შს სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმმა გოჩა ესებუას აყვანის სპეცოპერაცია დაიწყო. სპეცოპერაციას სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი, ლევან შონია ხელმძღვანელობდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ესებუა საკონტროლო გასროლით მოკლეს და ეს დავალება სწორედ ლევან შონიამ გასცა პირადად. ესებუას თანმხლებმა პირებმა, ზურაბ შონიამ და გია მესხიამ, მიმალვა მოახერხეს. გოჩა ესებუას დაკრძალვის დღეს მისმა თანამებრძოლმა გია მესხიამ, იგივე „კინკონგმა“, მიცვალებულის გადასვენების დროს, იქ მყოფი ადამიანების თვალწინ, ზურაბ შონიას სახალხოდ უთხრა, _ შენ გაგვყიდე, შენს კისერზეა ლევან შონიას მიერ გოჩა ესებუას სადისტური მკვლელობაო! და ზურაბ შონია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ადგილზევე მოკლა, შემდეგ კი ხელყუმბარა ააფეთქა.
სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი და ზურაბ შონია, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „კარგი ნაცნობები“ იყვნენ და მათ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდათ.
ლევან შონიას ძმა, მამუკა შონია, რომლის კაბინეტშიც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია თამაზ თამაზაშვილის, დიმიტრი რაგოზინისა და სერგეი ჩაბანის მონაწილეობით დაიგეგმა, თამაზაშვილის რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. მის ფუნქციებში შედის ფოთისა და აფხაზეთის ოკუპირებული საზღვრის კონტროლი, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საზღვარზე სრული უკონტროლობაა და ამ საქმისთვის გამოყოფილი საწვავი ზუგდიდში დათო შენგელიას კუთვნილ ბენზოგასამართ სადგურებზე იყიდება.
ეს არის ფაქტების მცირე ჩამონათვალი სამეგრელოს გუბერნატორის წარსულიდან და ამჟამინდელი საქმიანობიდან. ცხადია, არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ რომელიმე ძალოვანი უწყება, ან საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ფაქტებით დაინტერესდება, თუ, ცხადია, კახელების კლანის რომელიმე სქემამ ბიძინა ივანიშვილის პირადი წითელი ხაზები არ გადაკვეთა. არჩევნებამდე ივანიშვილს რესურსების დაქსაქსვის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, მით უფრო, რომ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა ბიძინა ივანიშვილს უჩა მამაცაშვილზე მასალების გამოქვეყნებით აშანტაჟებს. მანამ, სანამ სუსი არკვევს, რა მასალებს ფლობს `ჯანყარაშვილი და კომპანია” ექსპრემიერის საყვარელ დეიდაშვილზე, ივანიშვილის მხრიდან რადიკალური ნაბიჯები გამორიცხულია.
გიორგი კვირიკაშვილის პროდასავლური ცრემლების კი კარგა ხანია, არავის სჯერა!
ელისო კილაძე