ბრექსიტის ვნებები

v7

აქამდე ე. წ. ევროსკეპტიკოსები ან უბრალოდ არანორმალურ და ფსიქიკურად შერყეულ პირებად ცხადდებოდნენ, ან ნეონაცისტებად, ანდაც ვლადიმირ პუტინის აგენტებად. და აქ იყო გარკვეული სიმართლეც.

ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი დასავლურ ცივილიზაციაში. შუმანისა და მისი თანამებრძოლების ხედვით ევროპულ სახელმწიფოებს უნდა გადაელახათ იაკობინური „ერი-სახელმწიფოს“ ვიწრო ნაციონალისტური საზღვრები და საბოლოოდ შეექმნათ ერთობლივი და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებული სივრცე. და მართლაც _ 1990-იან წლებში ეს შესაძლებელი გახდა. ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა, იურგენ ჰაბერმასმა და დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ და დეკონსტრუქციის მამამ, ჟაკ დერიდამ ევროკავშირის მიერ ნაციონალური საზღვრების მოხსნას ორივე ხელით მხარი დაუჭირეს და ამას ფილოსოფიური ტრაქტატიც მიუძღვნეს.  ეს, თავისი არსით, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იყო, ისევე როგორც მისი ჰიმნი _ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია. იაკობინური და შემდგომში უკვე ნაცისტურ-ფაშისტური ეთნიკური ნაციონალიზმის დამარცხება, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა. 1990 წლიდან ევროკავშირი მსოფლიოში ოფიციალურად იკავებს „ამქვეყნიური სამოთხის“ ადგილს. ევროპული დემოკრატია საწყის ეტაპებზე არაჩვეულებრივად მუშაობდა, მაგრამ, შემდგომ უკვე 2000-იან წლებში და 2010 წლის მერეც ევროკავშირის ბიუროკრატია ნელ-ნელა ევროოლიგარქიას კარგად შეერწყა _ დაიწყო სოციალ-დემოკრატიული სივრცის ნელ-ნელა ნეოლიბერალიზაცია. ამას დაემატა ის, რომ ევროკავშირში, ბევრის აზრით, ნაადრევად მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის რეაქციული ქვეყნები, სადაც უაღრესი ნაციონალიზმი უალტერნატივო დისკურსია.  აღმოსავლეთ ევროპა დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეაქციული ადგილია მსოფლიოში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს მსოფლიო ნეოლიბერალური დისკურსის გაძლიერებას. ევროპელი სოციალისტებიც ტექნოკრატიულ ბანაკში აღმოჩნდნენ და შედარებით ზომიერი, მაგრამ მაინც კორუმპირებული ბიზნესპარტია გახდა.  ძველი პატრიარქალური და ბიურგერული წესრიგი მხოლოდ კოსმეტიკურად შეიცვალა. ამან, ბუნებრივია, უკმაყოფილება გამოიწვია. და, აი, შედეგიც მოვიდა.

სულ რამდენიმე დღის წინათ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52-მა პროცენტმა ხმა მისცა ევროკავშირიდან დედოფალ ელისაბედ მეორის გაერთიანებული სამეფოს გამოსვლას. კონსერვატორმა პრემიერმა, დეივიდ კემერონმა, უკვე გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ევროკავშირის პოლიტიკური და ფინანსური ელიტებისთვის. არავინ მოელოდა ასეთ გადაწყვეტილებას. მეტიც, ახლა თვითონ ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ერთიანობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის ხათრით თუ იყვნენ Uნიონ ჟაცკ-ის იმპერიული დროშის ქვეშ, რომელსაც უკვე ბევრი საუკუნეა ებრძვიან თავისუფლების მოპოვებისთვის. წამყვანმა კათოლიკურმა პარტიამ ჩრდილოეთ ირლანდიაში „შინ ფეინმა“ უკვე მოითხოვა რეფერენდუმი ორი ირლანდიის გაერთიანებაზე და ულსტერის მიერ ბრიტანეთის სამეფოს დატოვებაზე. შოტლანდიის მთავარმა მინისტრმა შოტლანდიური დამოუკიდებლობის რეფერენდუმის განმეორების საკითხი დააყენა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება ასეთ დაბალ ნიშნულზე 1985 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი BღEXIთ-ს, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ექსტრავაგანტული წარმომადგენელი და ვალდიმირ პუტინის თაყვანისმცემელი, დონალდ ტრამპია. ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ნათელია: ეს არის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ისტებლიშმენტის წინააღმდეგ არასწორი, იზოლაციონისტური და ნაციონალისტური ნაბიჯი გადაიდგა, რომლის წინააღმდეგაც ბევრი ზომიერად მემარჯვენე პოლიტიკოსიც იბრძოდა. ევროკავშირი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო და მშვიდობიანი პროექტი იყო, რომელმაც ნამდვილად მოიტანა დასავლეთ ევროპაში სოციალური დემოკრატია და კეთილდღეობის საზოგადოება. მაგრამ, როგორც ეტყობა, შუმანის აქტს თავისი ნაკლოვანებებიც ჰქონდა. უფრო სწორად, შუმანის აქტს კი არა _ 1989 წლიდან მსოფლიოში არსებულ „ახალ მსოფლიო წესრიგს“, რომელშიც ნეოლიბერალურმა „ვაშინგტონის კონსესუსმა“, პრაქტიკულად, იარაღის გარეშე დაიმორჩილა მთელი დანარჩენი მსოფლიო. არადა, ამ პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობა შესამჩნევად გაიზარდა _ დღეისთვის უკვე 7 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა. ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კი ე. წ. მესამე სამყაროში ცხოვრობს, სადაც ადამიანის სიცოცხლის ფასი ან ძალიან პატარაა, ან ნულს უტოლდება, ჯორჯო აგამბენის ტერმინის არ იყოს. „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ მსოფლიო მოსახლეობის 80-90 პროცენტი, უბრალოდ, „სულიერ არსებად“ იქცა, რომლის მოკვლაც და განადგურებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ძალაუფლების მქონე ელიტისთვის. რომში ასეთ არსებას „ჰომო საკერად“ მოიხსენიებდნენ. 1989 წლის მერე წამოსულმა „ვაშინგტონის კონსესუსის“ ნეოლიბერალურმა წესრიგმა ვერანაირად ვერ გააუმჯობესა ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება. ახალი, ნეოლიბერალური დისკურსის ბატონობის პირობებში, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ღარიბები კიდევ უფრო გაღატაკდნენ. თანაც ნეოლიბერალი ოლიგარქების სლოგანი „მე მინდა, ყველა გამდიდრდეს“, ან „რაც შეიძლება, მეტი მდიდარი მინდა ვნახო“, აბსოლუტურად გაშიშვლდა, როგორც უსინდოსო ტყუილი. ეს გაუმაძღარი ბანდიტები, _ „მსხვილ კერძო მესაკუთრეთა“ დიდი უმრავლესობა, მთელი მსოფლიოს ქვეყნების კანონებს ოფშორებში ემალება და ეს კარგად გამოაჩინა კიდევ ერთხელ „პანამის დოკუმენტებმა“. ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც „სტაბილურ ჩრდილო-ატლანტიკურ ჰეგემონიას“ ზედამხედველობდა, კორუფციაში აღმოჩნდა ჩაფლული. ახლა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კონკურენციაში პრაიმერებზე ხალხმა აშკარად ხმა მისცა ისტებლიშმენტის საწინააღმდეგოდ. ნეოლიბერალური ისტებლიშმენტის ერთ-ერთი „ცისფერსისხლიანი არისტოკრატული“ კლანის წარმომადგენელმა, ჯებ ბუშმა, პრაიმერი პირწმინდად წააგო არაპოლიტიკოს დონალდ ტრამპთან. პოპულისტი ოლიგარქი ტრამპი, როგორც აღმოჩნდა, უბრალო ამერიკელი ამომრჩევლის პრობლემებს და წუხილებს უკეთ იცნობს, ვიდრე მისი პოლიტიკოსი ოპონენტები. პოლიტიკოსობა უკვე სამარცხვინო საქმიანობა ხდება. ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ნეოლიბერალიზმის პირობებში ბევრმა საჯარო მოხელემ გადაწყვიტა, პოლიტიკოსობა პროფესიად ექცია _ არადა, ეს ასე არ არის. პოლიტიკოსობა არის მოვალეობა და არა პრივილეგია. და პოლიტიკოსს სხვა პროფესიაში დაბრუნებაც უნდა შეეძლოს. მაგრამ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში იმხელა ფული შევიდა, რომ ახლა უკვე სენატორს ან კონგრესმენს ექიმად ან მასწავლებლად მუშაობა აღარ უნდა. ამერიკაში დემოკრატიული პარტიის ყველაზე ძლიერი ბასტიონი კლინტონების ოჯახია _ ორივე ცოლ-ქმარი უნიჭიერესი და უგანათლებულესი ადამიანია. მაგრამ დღეს ჰილარი კლინტონს ძალიან უჭირს ბრალდებებისგან თავის დაცვა. მან, პრაქტიკულად, გარანტირებულ პრაიმერებზე 20 შტატში(?!) წააგო თავის 74 წლის ჭარმაგ და ნახევრად პენსიაზე გასულ _ ოღონდ, სიმართლის მთქმელ ოპონენტთან _ ბერნი სანდერსთან. როდესაც კლინტონის საარჩევნო მანქანა 50-დან 20 შტატში არჩევნებს აგებს ნახევრად პენსიონერ ვერმონტელ სენატორთან _ ესეც ისტებლიშმენტის დიდი კრიზისის მაჩვენებელია. ალენ ბადიუ კარგად წერს, რომ ლიბერალური წესრიგის მთავარი მტერი სწორედაც რომ კორუფციაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სისტემებში კორუფცია არ არის. არა, უბრალოდ, ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში „წარმატების“ კულტია და ამ „წარმატების“ მთავარი საზომი ერთეული „ფორბსის“ ასეულში თუ არა ხუთასეულში მოხვედრაა. ანუ ადამიანი განიზომება მის მიერ დაგროვილი, მოხვეჭილი, ან, სულაც, მოპარული (თუ ვერ ჩაავლეს) ფულის რაოდენობის მიხედვით. „ვაშინგტონის კონსესუსის“ შემდეგ დაიკარგა იგივე პურიტანული ეთიკის მთავარი ონტოლოგიური პირობაც _ რომ „ახალი იერუსალიმის“ მშენებლობისას პურიტანებს „პატიოსანი შრომა“ მიაჩნდათ მთავარ ღირებულებად. დღევანდელი ნეოლიბერალური კორუფციის პირობებში ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პატიოსანი შრომა“, „სინდისის ერთგულება“, „სიყვარული“ _ აბსოლუტური სიგიჟის სინონიმებია. დღევანდელ დღეს „წარმატება“ არის ერთადერთი სალოცავი ხატი. „სიყვარული“ კი ფსიქიკურად მოშლილი ადამიანების დაავადებაა. აი, ეს არის დღევანდელი ნეოლიბერალური წესრიგის მთავარი ღერძი. და სულაც არ არის უცნაური, რომ ამ შენობას ფუნდამენტი შეერყა.

თუმცა ცუდი ისაა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ნაციონალიზმისკენ და იზოლაციისკენ გადაგმული ნაბიჯია, რომელიც, ალბათ, პირველ რიგში, თვითონ გაერთიანებულ სამეფოს დააზარალებს. ევროკავშირი პოსტმოდერნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტი იყო _ რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური ელიტების ნეოლიბერალური კორუფცია _ ეს ნამდვილად ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიისა და შილერის „სიხარულის ოდის“ პროექტი იყო. ევროპაში და ამერიკაშიც გაძლიერდა ნეოფაშისტური რიტორიკა _ ქსენოფობია 1930-იანი წლების შემდეგ ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. გაეროს მონაცემებით, 2015 წელს საკუთარი სახლებიდან ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში უხეში ძალით გამოყარეს 65 მილიონი ადამიანი. ზოგჯერ იპოთეკის გადაუხდელობის გამო _ საბანკო სტრუქტურული ძალადობით, ზოგჯერ ეთნიკური ზიზღის გამო, ზოგჯერაც რელიგიური შეუწყნარებლობით. ეს ყველაფერი ნეოლიბერალური მსოფლიო წესრიგის ელემენეტებია. და ეს მსოფლიო წესრიგი არ მუშაობს. კორპორატოკრატია მსოფლიოს მოსახლეობის პატარა პროცენტს ამდიდრებს, დანარჩენი კი ცუდად არის.

დღეს ხალხი მრავალხმოვან მსოფლიო წესრიგს ეძებს. ისეთ წესრიგს, სადაც თითოეული მსოფლიოს მოქალაქის ხმა ოდნავ მაინც იქნება გათვალისწინებული და ყველას მიეცემა ბედნიერებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა. თომას ჯეფერსონის ამ იდეალს მსოფლიოსთვის დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, მსოფლიო ეკონომიკას სჭირდება დეცენტრალიზაცია, იმისათვის, რომ ყველა კონტინენტზე _ და ჩვენთანაც, საქართველოშიც _ იყოს სოციალური, ეკონომიკური და პროფესიული შესაძლებლობები. ეს არის ერთადერთი მისაღები ფორმულა დღეისათვის.

დღეს მსოფლიოში დიდი კრიზისია. ყველაზე რელევანტური კითხვა ისაა, არის ეს ჩვეულებრივი კრიზისი, თუ უმნიშვნელოვანესი თარიღია XXI საუკუნის მსოფლიო ისტორიაში? არის თუ არა ბრექსიტი ნეოლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი?

ამაზე პასუხს უახლოეს ორ წელიწადში გავიგებთ. ფაქტია, რომ ნეოლიბერალურმა მონოლითმა რღვევა დაიწყო.

 

                                                                                                                 ირაკლი კაკაბაძე