მამუკა ნოზაძე: ,,ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია, წულუკიანი კი ტრენინგებით გვამშვიდებს!“

rf4

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლოებს და ამიტომ სხვადასხვა უსამართლობაზე მას არ მიმართავს; ასევე იმის გამო, რომ ევროსასამართლომდე მისასვლელი გზაც იმ საერთო სასამართლოებზე გადის, რომლის მიმართაც ხალხის ნდობა დაკარგულია, ევროპულ თემიდაშიც იკლო მიმართვიანობამ, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც სასამართლოსა და ხალხს შორის გადებული ხიდი კვლავაც ჩატეხილია.

მამუკა ნოზაძე:

_ სასამართლო სისტემაში ცუდად რომ არის საქმე და სიკეთისკენ არანაირი ნაბიჯი რომ არ იდგმება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამით აშკარად დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოები არ არიან დამოუკიდებლები. როცა ისინი ადამიანებს უფარდებენ აღკვეთის ღონისძიებებს, თითქმის ყოველთვის სუბიექტურნი არიან და ვერ ასაბუთებენ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ასევე არ ითვალისწინებენ დაცვის მხარის მიერ დაყენებულ ისეთ შუამდგომლობებს, როგორიც არის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გირაოს შეფარდება და ა. შ. როდესაც სასამართლო პატიმრობის შეფარდებას იხილავს, ყოველთვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ვასაბუთებთ, რომ არ შეიძლება პირს უპირობოდ შეეფარდოს პატიმრობა და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ალტერნატიული ღონისძიებით. მაშინ, როცა ადამიანს ბრალი ედება ინტელექტუალურ, ან სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულში, რომელიც არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის  საფრთხეს, მას არ უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. მოსამართლეები კი ასე არ იქცევიან და ტრაფარეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელსაც ვერც ასაბუთებენ.

_ ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი და აქედან გამომდინარე, სამართლიანი. თქვენ სრულიად სხვას ამტკიცებთ?

_ მე ვამტკიცებ სიმართლეს. ევროსასამართლომ მხოლოდ მერაბიშვილის წინააღმდეგ არ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა, იგივე თქვა აქედან წასულ საქმეზე _ „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“. ამ საქმეში პირდაპირ იყო მითითებული, რომ სასამართლოები იღებდნენ ტრაფარეტულ გადაწყვეტილებებს. ამ საქმეში საუბარი იყო შევარდნაძის დროინდელ სასამართლოზე, როცა გადაწყვეტილებებში იცვლებოდა მხოლოდ გვარ-სახელები. სპეციალური ბლანკები ჰქოდათ მოსამართლეებს და არ იწუხებდნენ თავს, რომ აღწერილობითი თუ სხვა სამოტივაციო ნაწილი დაესაბუთებინათ. იმ პერიოდის საქმეების ნიმუშებიც კი მაქვს შენახული, რომელშიც მოსამართლე ხელით წერდა სახელსა და გვარს, დანარჩენი კი იყო შაბლონი, რაზედაც ევროსასამართლომ მიუთითა. სამწუხაროდ, საქართველოში მოსამართლეები მას მერეც ვერ განვითარდნენ და არ შეიცვალნენ. ამის მიზეზი კი დაუსჯელობის სინდრომია. ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკმაოდ ცინიკური განცხადება გააკეთა, _ ჩვენ ტრენინგებს ჩავუტარებთ მოსამართლეებს და იმედია, მომავალში შეცდომებს აღარ დაუშვებენო. ჩემი აზრით, ტრენინგების ჩატარება ამ საქმეს არ უშველის. მოსამართლემ სრულფასოვნად უნდა განიხილოს საქმე, კარგად გაითვალისწინოს პიროვნების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული და არ უნდა გაწიროს პირი პატიმრობისთვის. ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში პირდაპირ არის მითითებული, როცა ალტერნატიულ ღინისძიებებს არ იყენებენ და ისე უფარდებენ ადამიანს პატიმრობას, ამით, ფაქტობრივად, ადამიანებს სამომავლო პატიმრობისთვის წირავენო.

შემდგომ ინსტანციებშიც უჭირდათ მოსამართლეებს ბრალდებულის დარბაზიდან განთავისუფლება, რადგან მას თავიდან აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს პატიმრობა. სამართლიანობის პრინციპებიდან და კანონებიდან კი არ აკეთებდნენ დასკვნებს, არამედ იმით ხელმძღვანელობდნენ, რომ განთავისუფლების შემდგომ ეს დაიწყებს ყვირილს, დავას მისი დაპატიმრების გამო, ვაი და ვინმეს ეწყინოსო? მართალია, იშვიათად მაინც გამოდის გამამართლებელი განაჩენები, მაგრამ ბევრი რამ არის სასამართლოში შესაცვლელი და ეს რომ მოხდეს, საზოგადოებრივი აქტიურობაა საჭირო. საერთო სასამართლოებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ, თუმცა არიან მოსამართლეები, რომლებიც მათი შინაგანი განწყობებიდან გამომდინარე ვერ ეჩვევიან ახლებურ მიდგომებს. ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოიტანა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელზედაც ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვა ინტერპრეტაციას ახდენენ.

_ თქვენ რა შეხედულებები გაქვთ ამ  გადაწყვეტილებაზე?

_ კონვენციის მე-18 მუხლი იშვიათი მუხლია და სულ რამდენიმე საქმეზეა გამოტანილი. მასში პირდაპირ წერია, რომ ადამიანს აპატიმრებენ იმიტომ, რომ დაპატიმრების რეალური მიზანი დაიფაროს. ამ მუხლის მიხედვით ასეთ საქმეებში პოლიტიკური ნიშანი იკვეთება. როცა ევროსასამართლო გიდგენს დარღვევას და გეუბნება, შენ კონკრეტული ბრალის გამო კი არ დააპატიმრე ეს ადამიანი, არამედ სხვა საქმეებზე რომ მიგეღო ინფორმაციაო, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნაა. ევროსასამართლო კიდევ არ არის ის ორგანო, რომელიც პირდაპირ დებს დასკვნას _ ეს ადამიანი არის თუ არა პოლიტპატიმარი. ის კონკრეტულ სტატუსს არ ანიჭებს პირს.

ჩვენი ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. პრეზიდენტმა კარგად თქვა, _ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ და კანონიერებისა და სამართლიანობის ზღვარი ვერ დაიცვესო. ხელისუფლების ასეთ პოზაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიტუაცია მუდმივად გაგრძელდება. აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური ვითარება. კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ამა თუ იმ პიროვნებებზე აცხადებდნენ, რომ ისინი დამნაშავეები და კრიმინალები იყვნენ, მაგრამ დავინახეთ, რომ რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა შეიცვალა და ადამიანებმა ის სტატუსი მიიღეს, რაც ნამდვილად ეკუთვნოდათ _ პოლიტპატიმრობა. ისინი განთავისუფლდნენ პატიმრობიდან და მათი რეაბილიტაცია მოხდა. ამიტომ ცუდია, როცა ხელისუფლება არსებულ მდგომარეობას რეალურად არ აფასებს და ისეთ ცინიკურ განცხადებებს აკეთებს, როგორიც თეა წულუკიანმა ბრძანა. მან ასევე განაცხადა, ივანე მერაბიშვილის საქმე რიგითი პატიმრის რიგითი საქმეაო. ეს ასე არ არის და ევროპული სასამართლოც არ უყურებს ასე. თანაც, რიგით საქმეებს ევროსასამართლო დაჩქარებული წესებით არ იხილავს. იქ არის ძალიან ბევრი საქმე, რომელზედაც კომუნიკაცია დასრულებულია, მაგრამ დღემდე გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ, რაც ძალიან კარგად იცის თეა წულუკიანმა. ქვეყნის შს მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე ვერანაირად ვერ იქნება რიგითი. ეს არის რეალობა, მოსწონს თუ არა ის ვინმეს. მით უფრო, რომ ევროსაბჭოს დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების ბევრი მოქმედი ხელმძღვანელი „ნაცმოძრაობასა“ და ვანო მერაბიშვილზე ფიქრობენ, რომ მასზე  პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მათი განცხადებებიც, ცხადია,  ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე აისახება.

მოგეხსენებათ, ევროსასამართლო არის ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ორგანო და ევროსაბჭო თავად ირჩევს მის მოსამართლეებს. შესაბამისად, ევროსაბჭოს წევრებს რა დამოკიდებულებებიც აქვთ ამა თუ იმ პიროვნებაზე, ამას მათი სასამართლოსთვის აქვს მნიშვნელობა. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ: მერაბიშვილის საქმე არ არის რიგითი და ასეთი განცხადებები თავის მოტყუებაა. ასეთი ცინიზმი არაეფექტურია მაშინ, როცა უკვე გადაწყვეტილება გამოაქვს ევროსასამართლოს. იქიდან ამოკრებილი ციტატებით ხდება შეფასებები და ესეც არასწორია. უნდა დადონ მთელი გადაწყვეტილება, საზოგადოება წაიკითხავს, დასკვნებს გამოიტანს და თავადაც შეაფასებს, რა დარღვევებზეც არის საუბარი.

ის რაც ევროსასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით თქვა, არ არის გასაკვირი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში დანაშაულები ხდება და მათი გამოძიება არ მიმდინარეობს.

_ რას გულისხმობთ?

_ თავდაპირველად ვგულისხმობ ძველ საქმეებს, რომელზედაც ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია, სამართლიანობა არ აღუდგენია, თუმცა ახალ, დანაშაულებრივ საქმეებზეც იგივე ხდება. ადამიანებისთვის სამართლიანობა ხელმისაწვდომი სასამართლოს მხრიდანაც არ არის, რადგან მათ ხელი ეშლებათ სარჩელის სასამართლოში შეტანაზე, არ აქვთ ბაჟის გადახდის საშუალება და ა. შ. არადა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს. კონკრეტული ადამიანი სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად მიმართავს, მაგრამ ის ეუბნება, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეო. მხარე უსაბუთებს, ჩემი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ არ ვმუშაობ, არ მაქვს ბაჟის გადახდის საშუალება, გთხოვთ, გადამივადოთ, ან გამათავისუფლოთ სახელმწიფო ბაჟისგან, რათა ჩემ მიმართ კონვენციით და კონსტიტუციით გამყარებული უფლება იყოსო. მაგრამ სასამართლო პასუხობს, _ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებაო. თურმე, ამ მუხლში იგულისხმება ის, რომ ადამიანს მხოლოდ ფორმალურად აქვს უფლება, სასამართლოს განცხადებით მიმართოს, ანუ ის მოკლებულია მინიჭებულ უფლებებს, რაც რეალურად სასამართლომ ჩამოართვა. ეს არის მოსამართლეების არაგონივრულობის შედეგი, რადგან ისინი ძალიან ცუდად იგებენ ამ მუხლს. დღეის მდგომარეობით კი ევროსასამართლოს მიმართაც დაიკარგა საქართველოს მოსახლეობაში ნდობა. სააკაშვილის რეჟიმის დროსაც ეს სასამართლო ძალიან ეფექტიანი იყო და ავადმყოფი პატიმრების მკურნალობასთან დაკავშირებითაც სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ იქ, მაგრამ ეს ნდობა ახლა აღარ არსებობს.

_ ევროსასამართლოსადმი ნდობის დაკარგვას რაღას აბრალებთ?

_ ევროსასამართლოს რომ მიმართო, ჯერ ადგილობრივი რესურსი, ანუ აქაური სასამართლოები უნდა გაიარო. ევროსასამართლო არ არის საქმის დროულად დასრულების მხრივაც ეფექტიანი. შეიძლება მან 2-3 წელიწადშიც ვერ მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილება, ამიტომ ბოლო პერიოდში მას აღარ მიმართავენ. არის საქმეები, რომელზედაც კომუნიკაცია 8-10 წლის წინათ დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე მიუღებელია. რა თქმა უნდა, ამით საქართველოს მთავრობა სარგებლობს და ადამიანის უფლებებს წამდაუწუმ არღვევს. ევროსასამართლოსადმი მეტი ნდობა რომ იყოს და ის რამდენიმე თვეში, თუნდაც, 5 წელიწადში იღებდეს ობიექტურ გადაწყვეტილებას, იქ ასობით და ათასობით საჩივარი შევა, რადგან დღეს კვლავ ირღვევა ადამიანის უფლებები სასამართლოსა და ხელისუფლების მხრიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებასთან, განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გამოტანასთან, დასაბუთებებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით. დღეს ყველა სისტემაში ხდება დანაშაული ჩვეულებრივი, სამოქალაქო ურთიერთობების დროს, ასევე პოლიციაში, სასამართლოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში… 2013 წელს სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში დენის ყვარელაშვილი გარდაიცვალა. ამ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ შედეგი ნულია. ეს დანაშაული 4 წლის წინათ მოხდა და გამოძიების შედეგიც უცნობია. ეს მაშინ, როცა ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის თანახმადაც უტყუარად დადგენილია, რომ ყვარელაშვილმა გარდაცვალებამდე 3-4 დღით ადრე მიიღო დაზიანებები, რაც სხეულზეც აისახა, _ ის ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. ეს ადამიანი ავადმყოფი გახლდათ და მისი გადაყვანა არასამკურნალო დაწესებულებაში არ შეიძლებოდა. ის უნდა ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის კონკრეტული ექიმებისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის დანაშაული, რომლებმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს. ავადმყოფ ადამიანს მიყენებული აქვს სხეულის დაზიანება და დღემდე არ არის გამოძიებული, რატომ მოხვდა ეს კაცი არასამკურნალო დაწესებულებაში? რატომ მიიღო სხეულის დაზიანებები ბლაგვი საგნით? სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოებაზე ხელისუფლება აგებს პასუხს. საპატიმროში განთავსებულია ვიდეოკამერები, ადამიანი ბლაგვი საგნით კვდება და სიმართლე წლების მერეც დაუდგენელია. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულებს სჩადიან ხელისუფლების სტრუქტურები.

ძალიან ხშირია ფაქტი, როცა პოლიციელები გადამეტებულ ფიზიკურ ძალას იყენებენ და მოქალაქეებს არაადამიანურად და ღირსების შემლახველად ეპყრობიან; ამავდროულად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც სჩადიან დანაშაულებრივ ქმედებებს, როცა უფლებამოსილებას ამეტებენ და მოქალაქეებს დაუსაბუთებლად აჯარიმებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. იმ შეთხვევაში, თუ ეს მოქალაქეები პროტესტს განაცხადებენ, მათ მიმართ შესაბამის ოქმებს ადგენენ, თითქოს ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ და ეს ადამიანები სასამართლოშიც ვერ ახერხებენ სამართლიანობის აღდგენას. მოსამართლეების უმრავლესობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს იზიარებს და ადამიანები მსხვერპლნი არიან ჯერ პოლიციის, შემდგომ კი _ სასამართლოს უსამართლობის. კანონშიც არის ბევრი ხარვეზი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეს უკანონობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. სასამართლოში სარჩელის შეტანა კი თავგანწირვასთან და, ზოგჯერ, გმირობასთანაც არის ასოცირებული, ასევე თანხებთან, რადგან იმ მოქალაქეების 90%-ს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, ვერ შეაქვთ სასამართლოში საჩივარი.

ვთქვათ, მოქალაქეს საპატრულო ეკიპაჟი უკანონოდ, 100 ლარით აჯარიმებს და მას გასაჩივრება უნდა. მართალია, პატრულის მიერ გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება სასამართლოში უფასოა და ის ბაჟის გადახდას არ საჭიროებს, მაგრამ მან ადვოკატი უნდა იშოვოს, რომელიც  საჩივარს ჩამოუყალიბებს, რისთვისაც თანხაა საჭირო. შეიძლება, რომელიმე ადვოკატმა პატივი სცეს და საჩივარი დაუწეროს, მაგრამ ხშირად საქმე ერთი პროცესით არ მთავრდება და ის ჭიანურდება. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, შეეგუონ უკანონობას და სასამართლოში აღარ წავიდნენ. პატარა უკანონობებს კი დიდი დანაშაულებები მოსდევს და ადამიანები ეგუებიან ასეთ საქმეებს. ბევრს არ უნდა, ფინანსური რესურსი დახარჯოს და მორალურადაც განადგურდეს, რადგან სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ გააჩნია. იშვიათი გამონაკლისი და თითზე ჩამოსათვლელი მოსამართლეები არიან, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებენ. ხშირად ადვოკატებსაც აქვთ ხოლმე ასეთი განწყობა და ამბობენ, _ აზრი არ აქვს ბრძოლას, რადგან არაფერი შეიცვლებაო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი! პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანი სასამართლოს მიღებისთვის და არა ერთჯერადად.

_ ამჯერადაც ფაქტებით ვისაუბროთ…

_ ბუნებრივია, რომ ჩემი შეფასებების უკან კონკრეტული ფაქტები დგას: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის შემადგენლობაში სამი მოსამართლეა: გერონტი კახეთელიძე, კახა მაჭავარიანი და მაია თეთრაული. მაია თეთრაულის თავმჯდომარეობით კუკური ნოზაძის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. როცა სისხლის სამართლის საქმე განიხილება, სასამართლოს ოქმში და განაჩენში უნდა აისახოს, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს საქმეში, მაგრამ როცა მოსამართლემ ეს არ იცის, რაზე უნდა ვისაუბრო? ძალიან კურიოზული ამბავი უნდა მოგიყვეთ: კუკური ნოზაძის საქმეში ბოლომდე ვმონაწილეობდი, თუმცა განაჩენში ჩემი სახელი და გვარი საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. ეს არის საპროცესო ნორმების დარღვევა, უცოდინარობა და სერიოზული შეცდომა. ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მოსამართლეები განაჩენებს ჰარი-ჰარალეზე აწერენ ხელს. მას აწერინებენ მდივნებს, ან თანაშემწეებს და თავად ისე აწერენ ხელს, არც კითხულობენ. როცა ტიტულოვან ფურცელზე ასეთ შეცდომას დაუშვებ, წარმოიდგინე, განაჩენი როგორი იქნება?

ამის გამო სასამართლოს მივმართე და ავუხსენი, რომ შეცდომა დაუშვა და შესწორება გაეკეთებინა. შესწორების თაობაზე სასამართლომ განჩინება გამოიტანა და მეორე კურიოზული შეცდომა დაუშვა, _ ჩემთან ერთად ამ საქმეში მონაწილეობდა სხვა ადვოკატიც. უკვე შესწორებულ განჩინებაში მას გვარი და სახელი დაუმახინჯა და არასწორად დაწერა. მისი გვარი მთავრდებოდა ძეთი და დაწერა შვილი. როცა ადვოკატი განცხადებით შემოდის და გატყობინებს, შეცდომა გაქვს დაშვებული და შესწორება შეიტანეო, თუმცა შესწორებულ განჩინებაში უფრო მეტ შეცდომას უშვებს, აქ მის კომპეტენტურობაზე საუბარი უნდა დაასრულო!

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი