„გადავწყვიტე, გამოძიებას სრული სიმართლე მოვახსენო“
1991 წლის მიწურულს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ომის დროს, ლესია უკრაინკის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლმა სარდაფში მოთავსებულ საარქივო საცავშიც შეაღწია და იქ არსებული უნიკალური მასალების, დაახლოებით, 70% გაანადგურა. დაიწვა უამრავი სისხლის სამართლის საქმე. პრაქტიკულად, მთლიანად დაიფერფლა 1937 წლის არქივი. ბუდუ მდივნის საქმე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ხანძარს გადაურჩა. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დოკუმენტურად აღვადგინოთ იმ პერიოდის მოვლენები და შინსახკომის მიერ გამოყენებული ძიების მეთოდები.
ბუდუ მდივნის საქმე საკმაოდ მოცულობითია და იგი ცხრა ტომისგან შედგება. საქმის ნომერია 7982. ბუდუ გურგენის ძე მდივანი. მცხოვრები ქ. თბილისში, ათარბეგოვის ქუჩა #43. საქმე მიღებულია წარმოებაში 1936 წელს.
ბუდუს დაპატიმრების ორდერი 1936 წლის 17 ოქტომბერს გაიცა. ციხეში მიყვანისას მას ჩამოართვეს: 400 მანეთი, სამი გასაღები, პასპორტი, აჭიმები, ფეხსაცმლის ზონრები, ხელჯოხი (ბუდუს ფეხი აწუხებდა, ამიტომ სიარული უჭირდა). აქვეა მოცემული მდივნის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელიც 1936 წლის 23 ნოემბერს ჩატარდა. სახლიდან ამოიღეს: მაუზერის სისტემის რევოლვერი, მაუზერის ტყვიები, მაუზერის სისტემის კარაბინი, მონადირის თოფი, კავკასიური ხმალი, ავსტრიული წარმოების თოფი და ა. შ. დაპატიმრებისას მდივნის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ შინსახკომის თანამშრომლები: ბერიშვილი, მუღალაშვილი, ოვანესიანი. ჩხრეკას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები.
შემდეგ მოდის პატიმრის დეტალური ანკეტა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი 1877 წელს დაიბადა, სოციალური წარმოშობით თავადების ფენას ეკუთვნოდა, ჰქონდა არასრული უმაღლესი განათლება და იყო პროფესიონალი რევოლუციონერი. დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ეკავა საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
ანკეტაშივე წერია, რომ 1929 წელს ტროცკისტულ ოპოზიციაში მონაწილეობისთვის 18 თვე იყო დაპატიმრებული. ჰყავს მეუღლე მარია და 5 შვილი.
მოყვანილია ციხის სამედიცინო კომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ მდივანს აღენიშნება ათეროსკლეროზი, აორტის გაფართოება და აწუხებს გასტრიტი.
მდივნის საქმეში პირველი დოკუმენტი საქართველოს ცეკასთან არსებული პარტკოლეგიის დადგენილებაა, რომელიც 1936 წლის 2 ოქტომბრით თარიღდება. პარტკოლეგია ბუდუ მდივნისა და მალაქია ტოროშელიძის (იმ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) საკითხს კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული საქმიანობის ბრალდებით იხილავდა. პარტკოლეგიის დასკვნით, ბუდუ მდივანი პარტიას ატყუებდა, ეწეოდა აქტიურ ტროცკისტულ საქმიანობას და ამიტომ იგი პარტიის რიგებიდან გარიცხვას იმსახურებდა. ამ დადგენილებას ხელს აწერს პარტკოლეგიის ხელმძღვანელი კვარაცხელია.
ბუდუ მდივნის საარქივო საქმეზე მუშაობისას საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის (ლავრენტი ბერიას მოადგილე), ვალერიან ბაქრაძის ჩვენება აღმოვაჩინეთ, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ გარიცხეს პარტიის რიგებიდან მდივანი: `1936 წელს საქართველოს ცკ-ს ბიუროს სხდომაზე მდივანი და ტოროშელიძე გამოიძახეს, სადაც მათი ტროცკისტული მოღვაწეობა განიხილებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს ინფორმაცია ცკ-ს მდივანმა ბერიამ მიაწოდა. ბერიას წინადადებით, პარტკონტროლის კომისიას მდივნისა და ტოროშელიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება დაევალა. კომისიაში შევიდნენ პარტკონტროლის თავმჯდომარე გორიაჩოვი, მე და პარტკოლეგიის მდივანი მოსე კვარაცხელია. კომისიამ გამოძიება დაასრულა და შემდეგ, რადგან ჩვენ ამის კომპეტენცია არ გაგვაჩნდა, უფრო დეტალური გამოძიებისთვის მასალები შინსახკომში გადავაგზავნეთ.
ცკ-ს ბიუროს სხდომის შემდეგ, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, მდივანი თანამდებობიდან განთავისუფლდა, გამოძიების დასრულების შემდეგ კი იგი პარტიიდან გაირიცხა. გორიაჩევმა მას პარტბილეთი პარტკონტროლის კომისიის სხდომაზევე ჩამოართვა~.
მდივანი დაკითხვაზე პირველად 1936 წლის 20 ოქტომბერს გაიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ მზად არის, გულწრფელი იყოს გამოძიებასთან და სურს იცოდეს, თუ რაში სდებენ მას ბრალს. რა თქმა უნდა, ბუდუ აცნობიერებდა, რომ პარტიიდან გარიცხვისა და პარტკოლეგიის დასკვნის შემდეგ მას ტროცკისტულ საქმიანობაში დაადანაშაულებდნენ. ამისთვის ის მზად იყო. საკანში ყოფნისას თავის დასაცავ არგუმენტებსაც დიდხანს ამზადებდა, მაგრამ გამომძიებლის პასუხმა მის მიერ მოფიქრებული არგუმენტები თავდაყირა დააყენა _ მას ბრალად უყენებდნენ ხელისუფლების ინტერვენციის გზით შეცვლის სურვილს. გამომძიებლის მტკიცებით, უშიშროების სამსახურს ყველა სამხილი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მდივანს საქართველოში შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციის მეშვეობით ტერორისტული აქტები განეხორციელებინა სტალინსა და ბერიაზე.
სავარაუდოდ, შინსახკომის მხრიდან ბუდუ მდივნის ტერორიზმში დადანაშაულება წმინდა ფსიქოლოგიური გათვლა გახლდათ. გამომძიებლის აზრით, ასეთი მძიმე ბრალდების ფონზე ბუდუ მალე გატყდებოდა და შედარებით უფრო მსუბუქ ბრალს – ტროცკისტობას აღიარებდა, შემდეგ კი ამ ბრალდებას ტერორისტობასაც იოლად მიაბამდნენ.
ბუდუ მდივნის საქმიდან:
`კითხვა: თქვენ ხართ კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ტერორისტული, დივერსიულ-ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ამზადებდა ტერაქტებს სტალინის, პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ. აღიარებთ ამას?
პასუხი: კატეგორიულად უარვყოფ. რამდენჯერ ვყოფილვარ ბელადის სახლში. პირისპირ გვისაუბრია, ერთ ოთახშიც გვეძინა. სადილობისას ბევრჯერ მარტოც ვყოფილვართ. მე რომ ტერორისტი ვიყო, ერთხელ მაინც არ გამოვიყენებდი ასეთ შესაძლებლობას?~
მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად, გამოძიებას ბუდუ მდივნისგან აღიარებითი ჩვენება მოკლე დროში უნდა მიეღო _ ბუდუ იმ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა, რომლის გატეხვაც შინსახკომს საქართველოში ტოტალური წმენდის ჩატარებისთვის საჭირო წინაპირობას შეუქმნიდა. მაგრამ ძველი ბოლშევიკი, რომელიც მეფის რუსეთის დროს გადასახლებასა და საპყრობილეებს შეჩვეული იყო, შინსახკომს სასურველ ჩვენებას არ აძლევდა.
ბუდუ თავის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და სწამდა, რომ ციხეში პარტიული ინტრიგებისა და შინსახკომის თვითნებობის შედეგად მოხვდა. იგი იმდენად მიამიტი გამოდგა, რომ სტალინს დახმარებისთვისაც კი მიმართა:
ბუდუ მდივნის საქმიდან (1936 წლის 17 დეკემბერი): `გარწმუნებთ, რომ არ ვარ პარტიის მტერი! მე უკიდეგანოდ ვაფასებ იმ ნდობას, რომლითაც ვსარგებლობდი პარტიაში. როგორ შემეძლო გამეცვალა ეს ნდობა საზიზღარი ტროცკისტი მკვლელების სასარგებლოდ. მე ვაკეთებდი მოხსენებებს და ღიად გამოვდიოდი ტროცკისტების წინააღმდეგ. ჩემი ასეთი მკაფიო პოზიცია საქართველოს სახალხო კომისართა პარტორგანიზაციის კრებამაც აღნიშნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ პირდაპირ თქვა: `ამხანაგი ბუდუ მდივანი არა მხოლოდ სიტყვით გამოდის ტროცკისტების წინააღმდეგ, არამედ ფარული ტროცკისტების გამოაშკარავებაშიც აქტიურად მონაწილეობს~. ეს სულ ახლახან, 1936 წლის 11 სექტემბერს იყო~.
ბუდუ მხოლოდ სტალინით არ შემოიფარგლა და რამდენიმე დღეში საკუთარი გასაჭირი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიასაც შესჩივლა:
ბუდუ მდივნის საქმიდან (1936 წლის 20 დეკემბერი): `გთხოვთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ყურადღება მიაქციოთ ჩემს საქმეს. თქვენი უდიდესი გამოცდილება გიკარნახებთ, რომ უდანაშაულო ვარ. მე ხშირად დაუფიქრებლად ვლაპარაკობ, ვღიზიანდები, ბუნებით ფიცხი და უტაქტო ვარ. ამ ნაკლის გამო შეიძლება ჩემი ნათქვამი ვინმემ არასწორად გაიგო. გთხოვთ, მაპატიოთ გაუმართავი ტექსტი _ თავს ცუდად ვგრძნობ და ფიქრების დალაგება მიჭირს. მრავალი უსიამოვნება გადავიტანე და გამოვიფიტე~.
მდივანს ვერც კი წარმოედგინა, რომ მის საქმეს პირადად სტალინი კურირებდა და თავად ბელადი იყო მდივნის დაპატიმრების ინიციატორი.
შინსახკომის ციხის ადმინისტრაცია ურჩ ბუდუ მდივანს განსაკუთრებულ რეჟიმზე ამყოფებდა: ციხის მაღაზიაში აეკრძალა პროდუქტების შეძენა, შეწყდა ამანათების მიღება, აღარ გაჰყავდათ აბანოში. მისი რაციონი ციხის სტანდარტული ნორმა იყო: საუზმეზე ქერის უშაქრო ყავა და შავი პურის ნაჭერი, სადილად _ ბალანდა, ვახშამზე _ ცხელი წყალი და ისევ პურის პატარა ნაჭერი. საპირფარეშოში გასვლა მხოლოდ დილით _ დღის დანარჩენ მონაკვეთში ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პატიმრებს საკნის კარს არავინ უღებდა.
მდივანი თავს ცუდად გრძნობდა. პატიმრობით გამოწვეული დათრგუნვილი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარდა მასზე უძილობაც ახდენდა გავლენას _ ციხეში დაკითხვები ყოველთვის ღამე მიმდინარეობდა და საკანში პატიმრებს ხშირად დილის 4-5 საათისთვის აბრუნებდნენ, ციხის რეჟიმიდან გამომდინარე კი 6 საათზე პატიმარს საწოლი უკვე გასწორებული უნდა ჰქონოდა. დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგაც ბუდუ კვლავ ილუზიების ტყვეობაში იმყოფებოდა. იგი თავის მდგომარეობას აპროტესტებდა და გამომძიებლისგან მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას მოითხოვდა:
ბუდუ მდივნის საქმიდან (1936 წლის 19 დეკემბერი): `უკვე მესამე დღეა, არ მაძლევენ მაღაზიიდან პროდუქტების ყიდვის საშუალებას. ამით შიმშილზე მწირავთ. კუჭის დაავადების გამო იზოლატორის საჭმელი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით კი პური. მე მხოლოდ ნაყიდი პროდუქტებით ვიკვებებოდი. თქვენ შემპირდით, რომ ზომებს მიიღებდით, მაგრამ მდგომარეობა ისევ უცვლელია~.
ბუდუს მოთხოვნებს ციხეში საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. მის საქმეს შინსახკომის მე-4 საიდუმლო პოლიტიკური განყოფილება იძიებდა, მდივნის დაკითხვას კი სახელმწიფო უშიშროების ეკონომიკური სამმართველოს ხელმძღვანელი, ბოგდან ქობულოვი პირადად აწარმოებდა. ბუდუს საქმის მიმართ სტალინის პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს შინსახკომის ხელმძღვანელის, სერგო გოგლიძის სახელზე, ქობულოვი თითქმის ყოველდღე მოხსენებით ბარათს ადგენდა:
ბუდუ მდივნის საქმიდან. (1936 წლის 19 დეკემბერი). ქობულოვის მოხსენებითი ბარათი გოგლიძის სახელზე: `მდივანი საკანში ხმაურობს და ციხის რეჟიმს არღვევს. 18 დეკემბერს საკნიდან ექიმი გააგდო. დაინტერესდა, თუ ვინ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მას ციხის მაღაზიიდან პროდუქტების შესყიდვა აეკრძალა? ვუპასუხე, რომ ასეთი განკარგულება მე გავეცი და განვუმარტე, რომ სანამ გამოძიებას სრულ აღიარებით ჩვენებას არ მისცემს, ეს აკრძალვა ძალაში დარჩება. ამაზე მან აგრესიულად განმიცხადა: `თქვენ ჩემ წინააღმდეგ სამხილი საერთოდ არ გაგაჩნიათ. თქვენ გინდათ, ჩემი დაპატიმრება ვიღაცის წინაშე გაამართლოთ და ცდილობთ, ბრმად მომაწერინოთ ხელი იმ დანაშაულზე, რომელიც არ ჩამიდენია. მე ვიცი, რომ თქვენს სისტემაში ასეთ მეთოდებს იყენებთ~. მდივანმა გამოძიების მეთოდები ინკვიზიის მეთოდებს შეადარა. მისი თქმით, ჩვენ სპეციალურად ვუქმნით მძიმე პირობებს, რათა იგი ფიზიკურად გავანადგუროთ. მდივანმა უარი განაცხადა ჩვენებაზე, რის შემდეგაც იგი საკანში დავაბრუნეთ~.
ორი თვის მანძილზე გამოძიება ყოფილ ტროცკისტებთან ბუდუ მდივნის კავშირებს იკვლევდა. იგი დააპირისპირეს ლიდია გასვიანსა და ლეილა ალავერდოვას, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბუდუ ტროცკისტებს ხვდებოდა და მათთან ანტისაბჭოთა საუბრებს აწარმოებდა, სვამდა ტროცკის სადღეგრძელოს. წაუკითხეს ჩვენება, სადაც ბრალი ედებოდა ბერიაზე ცილისმწამებლური, ანტისახელმწიფოებრივი ჭორების გავრცელებაში. ბუდუზე ვერც ხუთიდან სამი შვილის დაპატიმრებამ მოახდინა ზეგავლენა. იგი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა.
აღიარებითი ჩვენების გარეშე, მხოლოდ მოწმეების დაპირისპირებით, მდივნის წინააღმდეგ შექმნილი საქმე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მთავარი კი ის იყო, რომ საქართველოს შინსახკომს მოსკოვიდან აჩქარებდნენ. ბელადი უკვე გაღიზიანებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ თბილისში გამოძიებამ ბუდუსთან შედეგს ვერ მიაღწია. სამხილების უკმარისობის მიუხედავად, მდივნის განთავისუფლება, რასაკვირველია, არავის უფიქრია. მდივნის წინააღმდეგ გამოძიებამ, უბრალოდ, მიდგომა შეცვალა და საქმეში უკვე მოსკოვი ჩაერთო.
1936 წლის ზაფხულში სტალინმა პარტიული ოპოზიციის განადგურება დაიწყო და, პირველ რიგში, ტროცკისტული მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები გაასამართლა. ღია პროცესის შემდეგ დახვრიტეს ბოლშევიკური ძველი გვარდიის წარმომადგენლები _ კამენევი და ზინოვიევი. თუმცა ეს მხოლოდ პირველი, ლოკალური ეტაპი იყო. ბელადს უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები და ყველა ყოფილი ოპოზიციონერის განადგურება სჭირდებოდა. იმავე წლის ბოლოს სტალინმა მეორე ღია სასამართლო პროცესისთვის დაიწყო მზადება.
ბელადის მოთხოვნით შინსახკომმა საბჭოთა კავშირში კიდევ ერთი არალეგალური ცენტრი აღმოაჩინა, რომელიც მავნებლობის დირექტივებს საზღვარგარეთ მყოფი ტროცკისგან იღებდა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად სტალინმა სერგო ორჯონიკიძის (საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი) მოადგილე, ძველი ტროცკისტი – იური პიატაკოვი შეარჩია, რომელიც 1936 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.
პიატაკოვს უნდა ეღიარებინა, რომ არალეგალური ორგანიზაციის მეშვეობით საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობაში მავნებლობას და საბოტაჟს ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ სხვადასხვა რესპუბლიკაში ის პირებიც შეარჩია, რომლებიც პიატაკოვს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ეხმარებოდნენ. სტალინის სქემით, მოსკოვში მოქმედ ტროცკისტულ ცენტრს პერიფერიებში ფილიალები ჰქონდა.
მდივანი სამსახურებრივად პიატაკოვთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. ბუდუ საქართველოში ხელმძღვანელობდა მძიმე და მსუბუქ მრეწველობას, რეწვას, საწვავის კომიტეტს, საგზაო მეურნეობას და ტრანსპორტს, საგარეო ვაჭრობას, სამოქალაქო ავიაციას. იგი ხშირად ჩადიოდა მოსკოვში და მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა. გამოძიებამ სწორედ ეს გარემოება გამოიყენა. 1936 წლის დეკემბერში მოსკოვის უშიშროებაში პიატაკოვს ბუდუს საწინააღმდეგო ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. იმ პერიოდისთვის პიატაკოვი ციხეში უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ წამების სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. პიატაკოვს წინააღმდეგობის უნარი საერთოდ დაკარგული ჰქონდა და გამოძიების ხელში იგი მორჩილი მარიონეტის როლს ასრულებდა.
პიატაკოვი: `1933 წელს მე პირადად გავაცანი მდივანს საზღვარგარეთ მყოფი ტროცკისგან მიღებული ტერორის დირექტივა. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, რომ ამ დირექტივის შესაბამისად საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მოქმედებს ტერორისტული ცენტრი, რომელიც პარტიის ხელმძღვანელების ლიკვიდაციაზე მუშაობს. მდივანი მთლიანად იზიარებდა ამ პოზიციას~.
მაგრამ პიატაკოვის `აღიარებამ~ ბუდუ ვერ გატეხა. იგი გამოძიებისთვის საჭირო ჩვენებაზე კვლავ ჯიუტად უარს ამბობდა. 1937 წლის 10 იანვარს, საკავშირო შინსახკომის მოთხოვნით, ბუდუ მდივანი და, მასთან ერთად, ლიდია გასვიანი სპეციალური ეტაპით მოსკოვში გადაიყვანეს. საკავშირო უწყებამ გამოძიება საკუთარ ხელში აიღო.
მოსკოვში აღიარებითი ჩვენების მოპოვების თავისი მეთოდი ჰქონდათ. თუ თბილისში პატიმრების მიმართ ფიზიკურ ზემოქმედებას იშვიათად იყენებდნენ, მოსკოვში წამების პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული.
პირველსავე დაკითხვაზე, რომელსაც გამომძიებელი მიხაილ სერბინოვი აწარმოებდა, მდივანი გონის დაკარგვამდე სცემეს. როდესაც იგი მოსულიერდა, გამომძიებელმა პატიმარი კართან მიათრია და კარის ღრიჭოში ხელის თითები მოაყოლა. ბუდუს კვლავ გული წაუვიდა. მეორე დღეს იგივე განმეორდა.
19 იანვარს მდივანი პიატაკოვს დააპირისპირეს. პიატაკოვმა დაადასტურა, რომ მდივანი საქართველოს ტროცკისტულ-ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იყო და მასთან ორგანიზაციული კავშირი ჰქონდა.
ბუდუ მდივნის საქმიდან:
`პიატაკოვი: მე მდივანს მოვუყევი ტროცკის მითითებების შესახებ. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორის, მავნებლობისა და დივერსიის მეთოდები უნდა გამოვიყენოთ.
მდივანი: ეს საუბარი არ მახსოვს და იგი არ ყოფილა!
პიატაკოვი: დასანანია, რომ არ გახსოვთ. თავის დროზე მეც არ მახსოვდა. დაფიქრდით. უმჯობესია, გამოძიებას ყველაფერი მოუყვეთ~.
21 იანვარს ღამით ბუდუ კვლავ დაკითხვაზე გამოიძახეს. სერბინოვის დანახვაზე ბუდუ მიხვდა, რომ წამებას ვეღარ გაუძლებდა:
`სერბინოვი: გამოძიების ხელთ არსებული მასალებით ირკვევა, რომ თქვენ ხართ საკავშირო ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი და ხელმძღვანელობდით ამ ცენტრის ამიერკავკასიის ორგანიზაციას. აღიარებთ თუ არა ამას?
მდივანი: ვაღიარებ, რომ ვიყავი ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი და ვმეთაურობდი ამიერკავკასიის ტროცკისტულ ცენტრს~.
მოსკოვში დამუშავების შემდეგ, 1937 წლის მარტში, მდივანი კვლავ თბილისში გადმოიყვანეს. საქართველოს შინსახკომს უკვე გატეხილი პატიმრისგან დეტალების დაზუსტება რჩებოდა, მაგრამ გამოძიება მოულოდნელად წინააღმდეგობას წააწყდა: ბუდუ მდივანი, რომელსაც, სცენარის მიხედვით, ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელის როლი ჰქონდა, მოსკოვში მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებდა.
ქობულოვი მდივანს პირადად სცემდა, მაგრამ ეს მეთოდი პატიმარზე გავლენას აღარ ახდენდა. ამის შემდეგ ბუდუ სპეცსისტემით დაკითხვაზე გადაიყვანეს. მდივანს სამი დღის განმავლობაში უწყვეტად ჰკითხავდნენ. ამას კონვეიერის მეთოდი ეწოდებოდა _ პატიმარს დასვენების საშუალებას არ აძლევდნენ, გამომძიებლები კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. უძილობისგან მდივანს თვალის გუგები უშრებოდა, ენა გაუსივდა. ყოველ ჩათვლემაზე გამომძიებელი გამეტებით ურტყამდა და კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა. სამი დღის შემდეგ მდივნის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა _ იგი ცხელ საკანში გადაიყვანეს.
საკანი სარდაფში მდებარეობდა და მისი ფართობი სულ 2 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. კედელზე რამდენიმე რიგად რკინის მილები გადიოდა, რომლებშიც ცხელი წყალი ცირკულირებდა. ტემპერატურა 60 გრადუსს აჭარბებდა. ერთი მეტრის სიმაღლეზე ცხელი ორთქლის ბუღი იდგა, რომელიც კანს წვავდა. ცხელ საკანში პატიმარს დღე-ღამეში მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი და 300 გრამი პური ეკუთვნოდა. მდივანი ამ ღუმელში სამი დღით შეაგდეს. დილით იგი ბეტონის იატაკზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
თამარა ტესტოვა (შინსახკომის შიდა ციხის ექთანი): `ჩემთან სულწასული ბუდუ მდივანი მოიყვანეს. პულსი თითქმის არ ჰქონდა. იძულებული გავხდი, მისთვის ნემსი გამეკეთებინა, რომ გონზე მოსულიყო. როგორც კი პატიმარმა თვალები გაახილა, იგი ისევ ცხელი საკნისკენ გაათრიეს~.
მდივანს სიარული აღარ შეეძლო, ვეღარ მეტყველებდა. თითქმის სულ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1937 წლის 17 აპრილს საქართველოს შინსახკომის ხელმძღვანელმა, სერგო გოგლიძემ, ბუდუზე ზეწოლის მიზნით, მისი მეოთხე ბიჭის _ არჩილის დაპატიმრების ბრძანებაც გასცა.
არჩილი ჩოგბურთში სპორტის ოსტატი და წყვილთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. 26 წლის ახალგაზრდა ქვეყნის ჩოგბურთელთა უძლიერეს ათეულში შედიოდა. მამისა და სამი ძმის დაპატიმრების მიუხედავად, არჩილმა ჩოგბურთს თავი მაინც არ დაანება. 1937 წლის 20 აპრილს მოსკოვში საკავშირო ჩემპიონატი იწყებოდა. იგი რუს ჩოგბურთელ კუდრიავცევს უნდა შეხვედროდა. 17 აპრილს არჩილი მოსკოვში დააპატიმრეს და თბილისში ბადრაგის თანხლებით გამოუშვეს.
ევტიხი სურმავა (შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი): `დაკითხვებზე სასტიკად აწამებდნენ ბუდუ მდივნის უმცროს ბიჭს არჩილს. მას ისე სცემდნენ, რომ თავად სიარული აღარ შეეძლო და საკანში ხელით გადაგვყავდა. იგი ტიროდა და ამბობდა, რომ მას უმიზეზოდ აწამებენ. იმასაც ამბობდა, რომ თუ მამა დააპატიმრეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა მოკლან~.
მძიმე რეპრესიების შემდეგ ჩოგბურთელმა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში მამასთან კავშირი აღიარა. გარდა ამისა, არჩილმა დაადასტურა, რომ იგი ლავრენტი ბერიაზე ტერაქტს ამზადებდა. 1937 წლის აპრილში შინსახკომის ციხეში უკვე ხუთი მდივანი იმყოფებოდა _ ბუდუ და მისი ოთხი ვაჟი.
ბუდუს საკანში მუდმივად დამსმენი ჰყავდა მიჩენილი, რომელიც მის ყველა სიტყვას გამომძიებელს გადასცემდა. ერთხელ დამსმენმა გამომძიებელს ბუდუსთან საუბრის შინაარსი გადასცა. ბუდუს თქმით, იგი რომ ქვეყნის ხელმძღვანელი ყოფილიყო, საქართველოსთვის უფრო მეტს გააკეთებდა, ვიდრე გიორგი სააკაძემ გააკეთა. ამ ინფორმაციაზე გაუნათლებელმა ჩეკისტმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა _ თანაშემწეს გიორგი სააკაძის ადგილსამყოფელის დადგენა, მისი დაპატიმრება და დაკითხვა დაავალა.
1937 წლის აპრილის ბოლოს მუდმივი წამებისგან დაოსებული ბუდუ გატყდა და გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.
ბუდუ მდივნის საქმიდან: `მე გადავწყვიტე, გამოძიებას სრული სიმართლე მოვახსენო. მტრების ბანაკში ჩემს გადაბარგებას თავისი ისტორია აქვს და რახან ტყუილის თქმას აღარ ვაპირებ, ჩვენებას სულ თავიდან დავიწყებ~.
მდივნის აღიარებით, საქართველოს ტროცკისტული ცენტრი 1934 წლის ბოლოს ჩამოაყალიბა, მან გამოძიებას ასევე აუწყა, რომ ორგანიზაციამ ანტისაბჭოთა გამოსვლების მოსაწყობად კავშირი დაამყარა სომეხ დაშნაკებთან და აზერბაიჯანელ მუსავატებთან. აგრეთვე შექმნა ტერორისტული ჯგუფი სტალინის მოსაკლავად, იმ შემთხვევაში, თუ ბელადი საქართველოში ჩამოვიდოდა. ეს ჯგუფი მზად უნდა ყოფილიყო სოჭში ჩასასვლელადაც, სადაც სტალინი ხშირად ისვენებდა. მდივნის ინიციატივით ტერაქტი ლავრენტი ბერიაზეც მზადდებოდა.
ტერორისტული საქმიანობის გარდა ტროცკისტულ ცენტრს უნდა განეხორციელებინა მავნებლობა ელექტროსადგურებსა და ახალმშენებარე ობიექტებზე.
საბჭოთა კავშირში კაპიტალისტური ქვეყნების ინტერვენციის შემთხვევაში კი ტროცკისტული ცენტრი შეეცდებოდა შეიარაღებული აჯანყების მოწყობას და საბჭოეთიდან საქართველოს ჩამოშორებას. ამ მიზნით იგი კავშირს ამყარებდა ქართველ სამხედროებთან.
მდივნის აღიარებით, ტროცკისტულ ორგანიზაციას საკუთარი წევრები ყველა დარგში ჰყავდა. მწერლებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან კავშირს ლიდია გასვიანის საშუალებით ახორციელებდა. დაასახელა მწერალთა გვარებიც: კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი და ა. შ.
დივერსია და მავნებლობა იგეგმებოდა კვების მრეწველობაში. მშრომელთა მასებში ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობების შესაქმნელად გათვალისწინებული იყო მოწამლული კონსერვების გამოშვება და მდინარე მტკვრის მოწამვლაც კი. ამ საქმეში ტროცკისტებს მეცნიერი გოგი ელიავა დაეხმარებოდა. ტერორისტებს თანაუგრძნობდნენ აგრარულ სექტორში დასაქმებული ტროცკისტი მავნებლები, მეცნიერები, მსახიობები, პარტიული ჩინოვნიკები, ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები, მუშები, გლეხები და თავად შინსახკომის ზოგიერთი თანამშრომელიც კი.
ბუდუ მდივნის აბსურდული აღიარება იმდენად მასშტაბური იყო, რომ შინსახკომს ნებისმიერი მოქალაქის დაპატიმრების საშუალებას აძლევდა. საერთო ჯამში, მდივანმა გამომძიებლებს 500-ზე მეტი თანამდებობის პირი დაუსახელა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბუდუ მდივნის გარდა ანალოგიურ ჩვენებას იძლეოდა ციხეში მოხვედრილი ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც რეპრესიების საწყის ეტაპზე ბუდუ მდივნის მსგავსად დააპატიმრეს, მაგრამ ტერორის დეტონაცია სწორედ ბუდუს აღიარებამ მოახდინა.
1937 წლის ივნისის ბოლოს საქართველოს ტროცკისტული ცენტრის გამოძიება დასრულდა. 9 ივლისს სასამართლომ ქართული ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელთა საქმე განიხილა. სულ 7 კაცის საქმე. მათ შორის იყო ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა (ბულატ ოკუჯავას ბიძა), მალაქია ტოროშელიძე. პროცესზე ადვოკატი არ ყოფილა. ბრალდებულები შინსახკომის შენობაში მოწყობილ სასამართლო დარბაზში რიგ-რიგობით შეჰყავდათ. მოსამართლე ისაკაძე თითოეულს სულ 15 წუთს უთმობდა.
უკანასკნელ სიტყვაში ბუდუ მდივანმა სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა: `შინსახკომის ციხეში 8 თვე ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. თუ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, ყველა შეცდომას გამოვისყიდი~.
ყველა ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბუდუ მდივანი 9 ივლისის ღამეს სოღანლუღის სიახლოვეს, ტრიალ მინდორში დახვრიტეს. 1937 წელს მასობრივი რეპრესიების დროს სწორედ სოღანლუღში ხვრეტდნენ სიკვდილმისჯილებს. მამაზე ადრე, 27 ივნისს, მდივნის უფროსი ვაჟი, ივანე დახვრიტეს, ორი დღის შემდეგ მისი ბედი გიორგი მდივანმაც გაიზიარა. აქვე მოკლეს ლიდია გასვიანი და ლეილა ალავერდოვა. ბუდუს დახვრეტიდან ორ დღის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს მისი შუათანა ვაჟი დავითიც. 13 სექტემბერს მოკლეს ბუდუ მდივნის უკანასკნელი ვაჟი, ჩოგბურთელი არჩილ მდივანი. მდივნის ქალიშვილი მერი და მეუღლე მარია ციმბირში გადაასახლეს. ბანაკიდან ცოცხალი არც ერთი აღარ დაბრუნებულა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
მიხეილ ბასილაძე