უკრაინელი სამხედროები სლავიანსკს და კრამატორსკს აკონტროლებენ

mn

უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო უწყებამ სლავიანსკის და კრამატორსკის კონტროლი სრულად მოახერხა. ,,შესაბამის დასახლებულ პუნქტებში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით მიმდინარეობს დანგრეული ინფრასტრუქტურის შეკეთება, სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგება და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. არმიამ დროულად მოუსწრო რეგიონის მოსახლეობას. კიდევ რამოდენიმე დღე და რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგებოდა” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სამხედრო უწყების უკანასკნელი მონაცემებით, საზენიტო სარაკეტო ნაწილის მებრძოლებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს , რომელიც გაურკვეველი წარმოებისაა. კრამატორსკის და სლავიანსკის თავზე უკრაინული დროშები ფრიალებს. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, სლავიანსკის და კრამატორსკის მოსახლეობას გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანებული პენსიები დაურიგდებათ.