აზერბაიჯანული „ვეტო“ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს!

3w

„ქრონიკა+“-ის წინა ნომრებში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში სრულად მიმოვიხილეთ საქართველოს ხორცის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. კერძოდ, რომელ კომპანიებს შემოაქვთ დაავადებული და იმპორტისთვის უვარგისი საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი საქართველოში? კონკრეტულად რა დაავადებებზე მოწმდება და რაზე არ მოწმდება საზღვარზე პროდუქცია? რა დაპირისპირება არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის და რა სასამართლო დავები განიხილება ამასთან დაკავშირებით?

რა რეაგირებაც მოჰყვა, ამაზე დასაწყისში უკვე მოგახსენეთ (ზაზა დოლიძის კომენტარი თავის ახალ პოსტთან დაკავშირებით). „ქრონიკა+“ შეეხო ყველაფერს, რაც ხორცის იმპორტს უკავშირდებოდა. არ შეხებია მხოლოდ ხორცის ექსპორტს, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ. თანაც ვიწყებთ საკმაოდ ცხელ კვალზე.

სამი დღის წინათ ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფო აზერბაიჯანმა საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა აკრძალა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე, იოლჩუ ჰანველი, ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა ამის შესახებ. აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანს აკრძალვის მიზეზი არ დაუმალავს _ ეს საქართველოში მსხვილ და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია. რა ვირუსი? _ თემა იოლჩუ ჰანველიმ ღიად დატოვა.

თუ რა ვირუსზეა საუბარი, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა უნდა გასცეს, რომლის ადგილიც ვაკანტურია. ერთადერთი, რაც „ქრონიკა+“-მა შეძლო დაედგინა ის გახლავთ, რომ თუ დადასტურდა, რომ ეს დაავადება ნამდვილად საქართველოდანაა შესული, აზერბაიჯანული და სომხური ბაზარი ჩვენთვის ერთი წლის განმავლობაში ჩაიკეტება. სოფლის მეურნეობის სააგენტომ იმ ვირუსზე, რაზედაც აზერბაიჯანელებს ჰქონდათ ეჭვი (ლათ. სახელწ. „ბლუტანგი“),შესამოწმებლად ინგლისის ლაბორატორიაში გააგზავნა, საიდანაც უარყოფითი პასუხი მოვიდა. კიდევ ერთი დეტალი: ხსენებულ დავასთან დაკავშირებით საუბარია ცხვარზე, რომელიც აქამდე ქართულ ბაზარზე კი არა, აზერბაიჯანულ ბაზარზე იყიდებოდა.

თუ საერთო კავკასიური ბაზარი ქართული ცხვრისთვის ჩაიკეტა, დარტყმა, პირველ რიგში, მიადგება ქვეყნის ეკონომიკას. ეს სეგმენტი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ციფრებს დაუკვირდით: საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს სახორცე საქონლის ექსპორტმა საქართველოდან აზერბაიჯანში 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს შესაბამისი მაჩვენებელი 47 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2012 წელს _ 39 მლნ აშშ დოლარი. 2014 წლის მაჩვენებელზე ნაკლები ექსპორტი მხოლოდ 2011 წელს იყო _ 18,2 მილიონი აშშ დოლარი. 2015 წლის მაჩვენებლები ექსპორტის კიდევ 30 პროცენტით შემცირებას მოწმობს.

უკრაინაში განვითარებულმა დევალვაციურმა პროცესებმა, ცხადია, დადებითი ასახვა ჰპოვა საექსპორტო ხორცის ფასზე, შემცირების თვალსაზრისით. შესაბამისად, გასული წლის მხოლოდ ერთ თვეში _ იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში _ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი 66 ათასი ტონიდან 792 ათას ტონამდე გაიზარდა. ერთ წელიწადში, დაახლოებით, 30 პროცენტით იყო გაზრდილი რუსეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ხორცის რაოდენობაც.

ცხადია, აკრძალვა მარტო ამ ორ ქვეყანას არ შეხებია. ცხვრის საექსპორტო არეალი შემდეგ ქვეყნებს ეხება: ირანი, აზერბაიჯანი, ომანი, იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. აკრძალვამდე ორიოდე კვირით ადრე არაბი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ ქართული ცხვრის ხორცის სიიაფით და ტრანსპორტირების დაბალი ღირებულებით. არაბი ბიზნესმენები საქართველოში ცხვარს 60 დოლარად ყიდულობენ, საკუთარ ქვეყნებში კი 300 დოლარად ყიდიან. ფოთის პორტიდან არაბულ ქვეყნებში ცხვრის საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანას, დაახლოებით, 15-25 დოლარი სჭირდება.

დღესდღეობით, ქართული ცხვარი ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით აზერბაიჯანსა და ირანში გადის. ის, რომ ამ ვირუსის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების დეპარტამენტი და არა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. კიდევ უფრო ბევრ კითხვას სვამს ის ფაქტი, რომ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა აკრძალვამდე რამდენიმე ხნით ადრე დატოვა თავმჯდომარის პოსტი. დატოვა გაბრაზებულმა და მდუმარემ(?!).

მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთვაზებთ.

 

                                                                                                     თამარ როსტიაშვილი