ივანიშვილმა კიდევ 30 ხეს დაადგა თვალი?!

12822173_10207985986542907_2086215334_n

სოფელ ციხისძირში ხეების  გადარგვასთან დაკავშირებით ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის შესაფასებლად ღრმად სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. „მეოთხე საუკეთესო წელს“ ქვეყნის არაფორმალური მმართველი იბრძვის არა იმისთვის, რომ გაღატაკებულ სამწყსოში პენსია-სოციალური დახმარება გაიზარდოს, იპოთეკარებს დაეხმაროს, საბანკო პროცენტები შემცირდეს (მაშ, ის უპროცენტო ფულზე საუბარი რაღა იყო, ჰა?!) და ა. შ., არამედ იმისთვის, რომ მრავალწლოვანი ხეები საკუთარ ადგილ-მამულში გადარგოს. ოპონენტების კითხვაზე, თუ სად არის ამ გადანერგვის კანონიერი საფუძველი, ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთოდ არ არის ვალდებული, მათ კითხვებზე პასუხი გასცეს.

ოთხი წელი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ყოველი წინასაარჩევნო გამოსვლა (გულუხვი დაპირებები) ხალხისადმი „ღრმა სიყვარულის გამოხატვით“ იწყებოდა და სრულდებოდა. ათწლეულები გადის და ამ ქვეყანაში ძირმომპალი ე. წ. პოლიტტექნოლოგიები დავიწყებას ვერ ეძლევა, რასაც, უპირველესად, საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კვებავს.

მოძრაობა „პარტიზანი მებაღეობის“ ლიდერი, ნატა ფერაძე, ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ 30 ხეს დაადგა თვალი. როგორც ფერაძე აღნიშნავს, ტიტას ხე უკვე დაღუპულია, თუმცა ევროპელი სპეციალისტების დახმარებით, ის ეცდება, სხვა ხეების გადარგვა აღარ განხორციელდეს. მისივე თქმით, გერმანელი სპეციალისტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ხის გახარების მხოლოდ 5%-იანი შანსი არსებობს.

 

„ქრონიკა+“ „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერს, ნატა ფერაძეს ესაუბრება:

_ ამ 30 ხესთან დაკავშირებით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ოფიციალურად გაყიდული არ არის, თუმცა კომპანია “ზიმო 7-ის” წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ხეების გადარგვას აწარმოებენ, თქვეს, რომ კერძო პირების ნაკვეთებზე კიდევ რამდენიმე ხეა და იმის გადარგვასაც აპირებენ.

ამის საბუთი არ გვაქვს და, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა. ვიცით, რომ ხეები არის შერჩეული, მოეწონათ, მაგრამ ამის დასაბუთება არ გვაქვს.

რეალურად, დღეს გაყიდულია სამი ხე. ერთი ეს არის ლილიოდენდრონი და ორი ჭაობის კვიპაროსი. ჯერჯერობით ლილიოდენდრონის შემზადება მოახერხეს გადასარგავად და ის ორი კვიპაროსი ლენტით არის შემოსაზღვრული. დანარჩენი წინასწარი მოკვლევის შედეგებია, რაც ხელთ გვაქვს.

_ გადარგვის პროცესი რა ეტაპამდე არის მისული?

_ იმით დავიწყოთ, რომ ლილიოდენდრონი 135 წლისაა. ამდენი ხნის წინათ ფრანგმა მეცნიერმა დალფონსმა ბოტანიკურ ბაღში ჩამოიტანა და დარგო. ეს არის უზარმაზარი ხე, რომელსაც ოთხი ადამიანი სჭირდება, რომ შემოეხვიოს. მისი შემზადება დაწყებულია გადასარგავად და ეს პროცესი კარგა ხანია, გრძელდება.

მძიმე ტექნიკით თხრიან ხეს. ყველა ნორმა დარღვეულია, რაც კი არსებობს _ რომ დიდ ხეს გადასარგავად სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნდეს.

იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ მთელ მსოფლიოში ხდება დიდი ხეების გადარგვა და აქ რატომ ვერ მოახერხებენ მისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასო?

თუნდაც ინტერნეტი გვაძლევს ყველაზე მარტივად იმის საშუალებას ვნახოთ, თუ რა მეთოდებით და თანმიმდევრობით უნდა გადაირგოს აქ დიდი ხეები. ამისთვის სპეციალური შესამზადებელი სამუშაოები არის ჩასატარებელი, რომელსაც წლები სჭირდება. ანუ წინასწარ უნდა გაუთავისუფლდეს რაღაც რადიუსზე ფესვთა სისტემა, იმ ფესვებმა ახალი წამონაზარდები უნდა წამოიღონ, ეს უნდა ჩაუჭრან მკაცრად ვერტიკალურად, ძალიან ბასრად, რომ ფესვი არ დაიჟეჟოს და ა. შ.

მერე ეს ხე ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა გადაინერგოს. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეიძლება მისი იქიდან გადარგვა და ა. შ. აქ კი მიადგნენ და პირდაპირ ჟეჟავენ ესკალატორის საშუალებით.

ანუ არასოდეს არ ვიცით 100%-ით, თუ რა პერსპექტივა იქნება, მაგრამ 95%-ით ნებისმიერი მეცნიერი და პროფესიონალი გვეუბნება, რომ ხეს გადარჩენის შანსი არ გააჩნია. მაქსიმუმ 2-5%-ია, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება, რატომღაც, უცებ გაიხაროსო, თუმცა ამის ძალიან პატარა ალბათობაა.

_ დარგის მეცნიერები აკეთებენ მსგავს პროგნოზს?

_ მთელი უბედურება სწორედ აქ გვაქვს. დარგის მეცნიერები აკეთებენ მსგავს პროგნოზს, ოღონდ ამას მხოლოდ სიტყვიერად ამბობენ და არც ერთმა ეს დასკვნა დოკუმენტურად არ დაგვიწერა. კამერების წინ კი მათი უმეტესობა გაცილებით ოპტიმისტურ პროგნოზს იძლევა ამ ხეებზე.

თუმცა ჩვენ ევროპაში არაქართველ ექსპერტებს მივმართეთ. იქიდან  ჩამოსული დასკვნებით, რასაკვირველია, აქ ყველა ნორმა დარღვეულია და ამ ხის გახარების შანსი მინიმალურზე მინიმალურია.

_ შეგიძლიათ, ადგილობრივი სამეცნიერო მუშაკები დაასახელოთ, რობლებიც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ?

_ ეს არის ბათუმის ბოტანიკური ბაღის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი და თბილისშიც არც ერთი არ დაგვთანხმდა დასკვნის დაწერაზე. ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან თანამშრომლების სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ იქიდან დიდი კომისია იყო ჩამოსული და არც ერთმა ის დასკვნაც არ დაგვიწერა, რომ ეს ხე გაიხარებს.

_ რით ხსნით მათი მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას?

_ რასაკვირველია, შიშითა და მორჩილებით. იცით, რა, მე უკვე იმასაც ვუშვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ თანხას იხდის იმისთვის, რომ ეს ხე გადაიტანოს. პრინციპში, ეს დაშვება კი არა, რეალური ფაქტია. სავარაუდოდ, მან რაღაც კონსულტაცია გაიარა. რადგან ამხელა თანხის გადაყრა იმაში, რომ მერე იქ ხმელი ხე გედგას, ალბათ, საღად მოაზროვნე ადამიანს არც უნდა გაწყობდეს.

დიდი ვარაუდით, თავიანთი არაკომპეტენტურობით უთხრეს, რომ, რასაკვირველია, გაიხარებსო. მაგრამ გაყიდვის პროცესში არც დევს ის პირობა, რომ ხემ უნდა გაიხაროს.

მცენარე გაყიდულია, როგორც მოძრავი ქონება, როგორც ნივთი, რომელიც მას შეუძლია კანონიერად დაჩეხოს, დაჭრას და ა. შ. ანუ იქ გახარებაზე რეალურად არც არის საუბარი. მოკლედ, არც ერთი მეცნიერი, ჯერჯერობით, არც იმას წერს, რომ გაიხარებს და არც იმას, რომ გახმება.

ჩვენ ასეთ რადიკალურ დასკვნას არც ვითხოვთ, _ მეცნიერულ მოსაზრებას, ვთქვათ, რამდენი პროცენტია გახარების და სხვ. ამის დოკუმენტურ ვარაუდსაც კი არ გვაძლევენ.

ეს დიდწილად გამოწვეულია შიშით ძალაუფლების მიმართ და მეორე მხრივ, ელემენტარული არცოდნით. ამხელა ხის გადატანა საქართველოში პირველად ხდება და ქართველ მეცნირებს ამის პრაქტიკა არ გააჩნიათ. მსგავსი რამ აქამდე, უბრალოდ, არ მომხდარა. და ასეთი ვარაუდები მხოლოდ თეორიული ცოდნაა, არანაირ პრაქტიკაზე დამყარებული არ არის.

მათზე უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგვცემენ ევროპელი მეცნიერები, რომლებიც ამ დიდი ხეების გადარგვაზე მუშაობენ.

ახლა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩილიდან ჩამოაქვს ამაზე დიდი ხე. თუ ეს სწორი აგროტექნიკური მეთოდებით არის ამოღებული, ის გაიხარებს კიდეც, მაგრამ ჩვენ, აქ, ციხისძირში, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობთ, როცა მცენარის გახარების ყველანაირი აგროტექნიკა დარღვეულია.

ვიყავით ციხისძირში, მერე ჩავედით ბათუმში და იქ დელფინარიუმის წარმომადგენელს, სპეციალისტს ვესაუბრეთ. ჩვენ გვაინტერესებდა, ამ ყურეში გემის შესვლა დელფინს რამეს ხომ არ ავნებდა? ეს ადამიანი, რეალურად დელფინების სპეციალისტი, სრული კომპეტენტური გამომეტყველებით გვიმტკიცებდა, რომ ეს ხე გაიხარებსო. ეს არ არის მისი სპეციალობა და არ აქვს იმდენი ცოდნა-კვალიფიკაცია, რომ დიდი ხის გადარგვის ტექნოლოგიაზე ისაუბროს. ცალკე დარგია დიდი ხეების გადარგვა, რასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. ანუ მიმდინარეობს ერთხმად ხოტბის შესხმა ამ იდეის „გასაპრავებლად“.

_ ევროპელების დასკვნები უკვე გაქვთ თუ ელოდებით?

_ ორი ადამიანის წინასწარი დასკვნა გვაქვს, რომ აგროტექნიკა დარღვეულია. ეს წერილობით მეილზე გვაქვს მიღებული.

მარტის ბოლოს ველოდებით სპეციალისტს და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ის, რომ ეს ხე არ გაიხარებს, ერთი პრობლემაა. არის მეორე პრობლემა, რაზედაც ქართველი სპეციალისტები მოსაზრებებს ისევ არ იძლევიან და აქაც ევროპელი გვინდა. საჭიროა გაირკვეს, თვითონ ადგილზე ციხისძირს რამხელა ზარალი ადგება ამხელა ხეების ამოღებით და როგორ დაირღვევა იქ არსებული მიკროკლიმატი, რომელიც ადგილზე მთელი ასი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ამისთვის უკვე ადგილზე ჩავიყვანთ ევროპელ სპეციალისტს. ეს მასალა ხელში რომ გვეჭირება, მერე უკვე შევძლებთ, სასამართლოში საქმე აღვძრათ გარემოზე მიყენებულ ზიანზე, რის უფლებასაც ორფუსის კონვენცია გვაძლევს.

_ ამ უარყოფითი პროგნოზის პირობებში, ივანიშვილის დამოკიდებულებას რას უკავშირებთ, არ იღებს ალტერნატიული წყაროებიდან ინფორმაციას?

_ ეს მართლა ძალიან გასაკვირია, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. შეუძლია, ვთქვათ, მოიწვიოს ევროპელი სპეციალისტები. რამდენადაც მისი დახასიათიდან ვიცით, არ არის ადამიანი, ვისაც ასე ადვილად მოატყუებ და ყველაფერს აქამდე კარგად გაეცნობოდა.

ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომელმა სპეციალისტებმა ურჩიეს ამის გაკეთება? ეს ნამდვილად გაუგებარია. საუბარია ამხელა თანხის გადახდაზე, როცა იგივე ჩილიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან შეიძლება გაცილებით დიდების თუ არა, იგივე ზომის ხეების ჩამოტანა ყოველგვარი რისკისა და ბუნებაზე მიყენებული ზარალის გარეშე. ამიტომ საკითხავია, ვინ ურჩია ეს ყველაფერი?!

ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას ვერ ნახავთ ვერც ერთ სპეციალისტს, ვინც მათ თავზე ადგას. ადგილზე არის კომპანია „ზიმო“, რომელიც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს; ასევე იქ ჩვეულებრივი „პრარაბია“, რომელმაც იცის, როგორ მოიყვანოს ადგილზე ტრაქტორი და მისთანები. სწორედ ის ადგას თავზე აღნიშნულ სამუშაოებსაც.

_ ხომ არ გაქვთ იფორმაცია, რა თანხა ჯდება მთელი ეს გადატანის ოპერაცია?

_ არ მაქვს ეს ინფორმაცია. შეიძლება ბათუმის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჰქონდეს. ჩვენ უფრო სხვა კუთხით ვმუშაობთ ამ პრობლემაზე.

_ სასამართლოსთან დაკავშირებით რას ელით?

_ ვერ გეტყვით, რომ ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება გვაქვს. თუ სპეციალისტების შესაბამისი დასკვნები გვექნება, შემდეგ უკვე ვნახოთ. ბათუმის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეგვპირდა, რომ საქმის აღძვრაში დაგვეხმარება.

ჩვენ ბოლომდე უნდა ვეცადოთ. ამ ერთი ხის გადარჩენაზე ილუზია უკვე აღარ გვაქვს, მაგრამ ამ ერთი ხის შეწირვა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ დანარჩენი ხეები არ შეეწიროს იგივე ხუშტურს.

ვიმეორებ: ეს დიდი ხის პირველი გადარგვაა საქართველოში და არც კანონმდებობა არსებობს ხის გადარგვასთან დაკავშირებით. მთელ ამ სამუშაოზე, რაზედაც 15-ზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩარეული, ლიანდაგები უნდა გადაიხუროს, იქ არმატურები მოქვთ და სხვა. ანუ ეს სამშენებლო სამუშაოდ არ ითვლება. კანონში არც კი წერია, ამ დროს რა და როგორ უნდა იყოს დაცული.

ამიტომ პარალელურად ამაზეც უნდა ვიმუშაოთ. რახან ეს პრაქტიკა დაიწყო, კანონით უნდა დავიცვათ, პროცესი რომ ელემენტარული წესებით წარიმართოს.

_ განაცხადეთ, რომ „თბილისი პანორამასთან“ დაკავშირებით გამოსავალი აქციებია…

_ ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებით მოვითხოვთ, რომ შეგვხვდეს პრემიერ-მინისტრი და მანამდე გაჩერდეს პანორამაზე ყველანაირი სამუშაოები. ამ პროექტის განხილვა დავიწყოთ, რაც აქამდე არ მომხდარა.

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ კარვები აიღო და გზის მიმდებარედ გადაიტანა, რასაც პოლიციასა და პარტიის წევრებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოყვა. ოპოზიციის წევრების თქმით, პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა „პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა“ და ეს დავალება მათ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

„იქ, სადაც კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ვახორციელებდით მშვიდობიან აქციას და გამოვხატავდით აზრს, მოვიდა ძალიან ბევრი პოლიციელი და ძალის გამოყენებით დაშალა ჩვენი საპროტესტო აქცია. ეს მოხდა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში. იყო გაწევ-გამოწევა და ფიზიკური ძალადობა პოლიციის მხრიდან. ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშილის დავალება. მისი ინტერესია ხის გადარგვაც“, _ აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

                                                                                                            გელა მამულაშვილი