კავკასიის მომავალი

kaka

დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლები განახლდა. ჯერჯერობით, კონფლიქტი დაბალი ინტენსიობით გამოირჩევა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს.

1993 წელს ყარაბაღის დაკარგვას აზერბაიჯანის მთავრობა არასდროს შეგუებია. ამავე დროს, სომხეთის მთავრობასაც და სომეხ საზოგადოებასაც ეს რეგიონი უკვე დიდი ხანია, სომხეთის შემადგენელ ნაწილად მიაჩნია. დე ფაქტო მდგომარეობით ყარაბაღი სომხეთის შემადგენლობაშია. თავის მხრივ, ნავთობის დოლარებით გამდიდრებულმა და არმიამომძლავრებულმა აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა უკვე დაიწყო. როდის გადავა დაბალი ინტენსიობის კონფლიქტი უფრო ცხელ ომში, ძნელი სათქმელია. მსოფლიო საზოგადოებრიობა, ცხადია, ცდილობს, როგორმე შეაკავოს კონფლიქტში ჩაბმული მხარეები, მაგრამ როგორც აზერბაიჯანის, ისევე სომხეთის მთავრობას საკუთარი ელექტორატი ჰყავს. ორივე ქვეყანაში არსებობს `ქორების~ საკმაოდ ძლიერი ჯგუფები, რომელთაც გავლენიანი პოზიციები უკავიათ. ასე რომ, კავკასიაში ახალი ომის რისკი საკმაოდ მაღალია.

ცხადია, ეს პრობლემა ქართველებისთვისაც არ არის უცხო. 1990-იან წლებში ჯერ `სამხრეთ ოსეთისა~ და შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტებმა საქართველოც მუდმივი ომის მდგომარეობაში ჩააგდო. აქაც გამოსავალი ძალიან რთულად მოსანახია. საქართველო ნატოს წევრობისთვის იბრძვის _ აფხაზები და ოსები ამ ფაქტს შიშით უყურებენ, რუსეთი კი პირდაპირ აგრესიას ავლენს ამ სწრაფვის მიმართ. აქაც მდგომარეობა ჩიხური და ფეთქებადსაშიშია.

მე მომხრე ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები ერთ კონტექსტში განვიხილოთ და ისინი ცალკე ჯგუფებად არ დავანაწილოთ. ყველა ამ კონფლიქტს საფუძვლად დაედო ეთნიკური ნაციონალიზმის პარადიგმა, რომელიც ჩვენში ცივი ომის დასასრულის შემდგომ შემოვიდა.  საბჭოთა იმპერიის ახლად განთავისუფლებულმა ერებმა ნაციონალიზმის გამოვლინება სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ პრინციპად გამოაცხადეს და ავტომატურად სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ლინგვისტურ დონეზე მაინც მეორეხარისხოვნების საფრთხე დაემუქრათ. ამას დაემატა რუსეთის, დასავლეთისა და აგრეთვე რიგ სხვა სახელმწიფოთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი იმპერიული პოლიტიკა და კავკასია უცბად დაუბრუნდა `დიდი თამაშის~ მდგომარეობას. მართლაც, ბაქოში ნავთობის ხელშეკრულების დადების შემდეგ `ბრიტიშ პეტროლეუმმა~ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიდგინეს დომინირება ამ ინდუსტრიაში. ცხადია, ამან რუსეთის მწვავე პროტესტი და შემდეგ უკვე პირდაპირი აგრესია გამოიწვია. კავკასია მაშინვე ორ ბლოკად დაიყო: 1. დასავლეთის ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებული ქვეყნები საქართველო და აზერბაიჯანი და 2. რუსეთთან შედარებით დაახლოებული სომხეთი და მასთან ერთად სამივე სეპარატისტული რეგიონი, მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახით. ცხადია, სურათი არც მთლად მარტივია, რადგანაც იგივე სომხეთს დასავლეთში ძალიან სერიოზული ლობი ჰყავს, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. აგრეთვე, სომხეთის ოპოზიციურ წრეებში სულ უფრო და უფრო იზრდება დასავლური განწყობები და აგერ უკვე თურქეთთან პირდაპირი დიალოგიც დაიწყო სახალხო თუ სამთავრობო დიპლომატიის დონეზე. ამავე დროს, საქართველოში და აზერბაიჯანშიც არ არის ყველა რუსეთის მტერი და დასავლეთის მოყვარული. თუმცა პირობითად და უხეშად ასეთი დაყოფა მაინც, მეტ-ნაკლებად აღწერს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს.

ჩიხურ სიტუაციას სწორედ ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ პოზიციას შორის ოქროს შუალედის მოძებნა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. ანუ არ არსებობს კავკასიური მშვიდობის კავკასიური ხედვა _ არსებობს მხოლოდ დასავლური და რუსული ხედვები. ამ შემთხვევაში თურქეთი, ცხადია, უფრო დასავლეთის ბანაკში მოიაზრება და ირანი ფორმალურად მაინც რუსეთთან უფრო ადვილად პოულობს შეხების წერტილებს. ამ ორი მსოფლმხედველობის შეტაკების შემთხვევაში ადგილობრივი კონფლიქტები ბუნებრივად ნულოვანი ჯამის შედეგისაკენ იხრება _ ანუ ერთი მხარე იმარჯვებს მეორე მხარის განადგურებისა და კაპიტულაციის ხარჯზე. ასეთი შედეგი კი, თავისთავად, არავისთვისაა კარგი. ამიტომაც მხარეები მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტისათვის პოზიციონირებას დიდი გულისხმიერებით ეწევიან, რაც თავისთავად ტემპერატურას და უნდობლობის ფაქტორს კიდევ უფრო ზემოთ სწევს. ასეთი დიქოტომიური დოქტრინები, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს, რისი ლოგიკური დაბოლოებაც ყველა შემთხვევაში ომია. ერთადერთი ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, მხარეები ერთმანეთს დააშორიშოროს. თუმცა ეს მხოლოდ ნეგატიური მშვიდობაა, სოციალური მეცნიერებების ენაზე რომ ვთქვათ. პოზიტიური, ანუ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც მხარეები საერთო ინტერესებს გამოიმუშავებენ და ერთად დაიწყებენ ამ ინტერესების დაკმაყოფილებისათვის მუშაობას. გერმანიამ და საფრანგეთმა საუკუნეების განმავლობაში უამრავი მართლაც ბარბაროსული ომის შემდეგ გადაწყვიტეს, ეკონომიკური თანამშრომლობა დაეწყოთ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ამ ეკონომიკურ თანამშრომლობას ნელ-ნელა პოლიტიკური ურთიერთობების დათბობაც მოჰყვა და ბოლოს შედეგად მივიღეთ ევროკავშირი, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ზონა. ევროკავშირის მშვიდობიანი პოლიტიკის წარმატების პირველი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ეს თანაცხოვრების და თანაარსებობის სწორედაც რომ ევროპული ხედვა გახლდათ _ არც ამერიკული და არც რუსული. კარგად ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია რუსეთსა და ამერიკას, პრაქტიკულად, გადანაწილებული ჰქონდათ. სწორედ ამ მძიმე სიტუაციაში მოახერხეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა თავის ფრანგ კოლეგებთან ერთად ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელმაც დღეს მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყანა ევროპის წამყვან ეკონომიკურ ქვეყნად აქცია.

როგორც ლიბერალურ, ასევე კონსერვატიულ წრეებში არსებობს არგუმენტი, რომ კავკასიელები, ევროპელებთან შედარებით, `ბარბაროსები~ ვართ და ვერასდროს შევძლებთ ევროპისმაგვარ მშვიდობიან ცხოვრებას. ასეთი შეხედულება ძირშივე არასწორია და მეტიც _ რასისტულია. სულ რაღაც 1940-იან წლებში შუაგულ ევროპაში ხდებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბარბაროსული ძალადობის აქტები, ჰოლოკოსტიდან დაწყებული, გერნიკისა და დრეზდენის მიწასთან გასწორებით დამთავრებული! თავისთავად და გენეტიკურად არც ერთი ერის წარმომადგენელი `ბარბაროსი~ და `სისხლისმსმელი~ არ ხდება _ ამ ყველაფერს განაპირობებს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკურ-კულტურული მდგომარეობა და დეპრივაციის ხარისხი. ძალადობრივი კონფლიქტების მომწიფების მთავარი წინაპირობაა ადამიანების დიდი ნაწილის მიერ უსამართლობის განცდა _ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით.    ბევრი სოოციალური მეცნიერის აზრით მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად ვერსალის ხელშეკრულების უსამართლო პირობები მიიჩნევა, რამაც გერმანელ ხალხში ჩაგრულობის გრძნობა გაამწვავა და ექსტრემისტ პოლიტიკოსებს ამ ფაქტზე კაპიტალიზაციის საშუალება მისცა. საერთო სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გამონახვამ და ინტეგრაციული პროცესების დაწყებამ კი მსოფლიოში არნახული კეთილდღეობის სახელმწიფოების ჩამოყალიბება და მათი გაერთიანება მოიტანა. ცხადია, დღეს ევროპას ბევრი მწვავე პრობლემა უდგას, რომელთა დიდი ნაწილი მზარდ იმიგრაციას და `ჩრდილოეთ-სამხრეთის~ დიქოტომიას უკავშირდება, მაგრამ ევროკავშირის მაგალითი ჩვენნაირი კონფლიქტური რეგიონისთვის ნამდვილად მისაბაძია.

დღეს სამხრეთ კავკასიაში შეუძლებელია ვიფიქროთ ყარაბაღის, აფხაზეთისა თუ `სამხრეთ ოსეთის~ პრობლემის ძალოვან მოგვარებაზე. ეს იმხელა კატაკლიზმას გამოიწვევს რეგიონში, რომ ამას მთლიანად კავკასია შეეწირება. სამაგიეროდ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს შორის საერთო ინტერესების გამონახვა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების დაწყება არსებული იარების მოშუშების პროცესს დააჩქარებს და მხარეებს შორის ღია დიალოგის გზას გააჩენს. რუსული და ნებისმიერი სხვა იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება სწორედაც რომ მშვიდობიანი დიპლომატიაა, რომლის მიზანიც ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური პროექტების წამოწყება და განხორციელება იქნება. შეიარაღებული ძალებიდან ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირის შეცვლა ყველა კავკასიური ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ამავე დროს, აუცილებელია დასავლური და რუსული ინტერესების გათვალისწინება და მათი კავკასიური ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებაც. არც დასავლეთის და არც რუსეთის სრული დემონიზაცია არ არის კონსტრუქციული გამოსავალი. კონფრონტაციის გზას ანგაჟირების გზა აჯობებს. მაგალითად, საინტერესო იქნება, თუ გამოინახება დასავლეთისა და რუსეთისთვის ურთიერთსასარგებლო კავკასიური უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც ორივე მათგანის კეთილგონიერ გავლენას შეინარჩუნებს, მაგრამ არა კავკასიელი ხალხების დომინაციის ხარჯზე.

2009 წელს იტალიის ქალაქ რონდინეში გამართულ სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელსაც კავკასიის ერების, რუსეთის, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კავკასიის მშვიდობიანი განვითარების კონცეფცია თავიდან ქართველებმა წარმოადგინეს. თუმცა ამის მერე ამ კონცეფციას მხარი დაუჭირა ჯერ სომხეთის, შემდეგ კი აფხაზეთის წარმომადგენლებმა. ცხადია, რუსეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, რომელიც აგრეთვე ამ კონფერენციას ესწრებოდა, საშინელი პროტესტი გამოხატა და ლამის, ამ წინადადების ავტორებს ამერიკის დაზვერვაში მუშაობა დააბრალა.  თუმცა ევროკავშირისა და ამერიკელი მონაწილეების პოზიციების გარკვევის მერე შესაძლებელი გახდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც მოუწოდებდა ეკონომიკური კონტაქტების აღდგენისაკენ და განიარაღების პროცესის დაწყებისაკენ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ წინადადებას ჩერქეზებისა და ზოგიერთი სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი და რუსული მხარეც იძულებული გახდა, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.

ორი აზრი არ არის, რომ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების მრავალმხრივი მოლაპარაკების წარმოება და წარმატებულად დამთავრება უკიდურესად რთული საქმეა. უპირველესად სხვადასხვა იმპერიული ინტერესის გათვალისწინებით და მეორეც თვითონ ჩვენში, კავკასიელებში დაბუდებული ეთნიკური ნაციონალიზმის გადაძლევის სირთულით. 1990-იანი წლებიდან ეთნო-ლინგვისტურ, ენობრივ-გენეტიკურ ნაციონალიზმს კავკასიაში რელიგიური ელემენტიც შეერწყა, რადგან სამივე ქვეყანას განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობა აქვს და რელიგია ეთნიკურ ფენომენთან ასოცირებულიც გახდა. თუმცა ამ პრობლემის გადაძლევაც არ არის შეუძლებელი. მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება.

კავკასიის მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი ჯანმრთელი პერსპექტივა ინტეგრაციულ პროცესებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ინტეგრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში _ საჭიროა საერთო-კავკასიური ინტეგრაციული პროცესები. დღეს, სამწუხაროდ, ასეთ ხედვას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სერიოზულად არც განიხილავენ არსებული დაპირისპირებების ფონზე, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ახლაა საჭირო ამ ერთიანობაზე ინტესიური ფიქრი და მუშაობის დაწყება. ეს არის მშვიდობიანი მომავლის ერთადერთი რეალისტური გეგმა.

 

                                                                                                              ირაკლი კაკაბაძე