უცნობი მაესტრო – გია გაჩეჩილაძეს ერთი მილიონი ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა?

xcw

ძმები გაჩეჩილაძეების ფენომენზე საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ბევრი დაიწერება. მათი სახელი მეტწილად ორმაგ სტანდარტებსა და პოლიტიკურ ვაჭრობას უკავშირდება. მათ შეეძლოთ, დღისით მიტინგებზე ეყვირათ, _ მიშა, მოვდივართო! და საღამოს „ზარალასთან“ ერთად შავნაბადას გზას დასდგომოდნენ. 2008 წლის იანვარში იპოდრომზე შეკრებილი ხალხი ლევან გაჩეჩილაძეს და დავით უსუფაშვილს რუსთაველისკენ რომ დაეძრათ, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაიშლებოდა და მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი აღარ იქნებოდა!!!

ამჯერად, „მაესტრო“ და ისევ პოლიტიკური ვაჭრობა.

მართალია, „მოქალაქემ“ დააანონსა, რომ „რუსთავი 2“-ის მსგავსად, „მაესტროში“ კერძო დავა ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში მიდიოდა, მაგრამ, საბოლოოდ, გაირკვა, რომ ეს არც დამფუძნებლებს შორის დავაა და არც უხმაუროდ ჩაივლის.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო და სარეკლამო დრო ტელეკომპანია „იმედს“ მიჰყიდა, წესით, პროცესები უნდა დამშვიდებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, _ ასპარეზზე გია გაჩეჩილაძე გამოჩნდა და, პატარკაციშვილების ოჯახის არაფორმალური წარმომადგენლის მიერ ნასესხები ფულით, ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. „პა ბიზნესუ“ 55%-ის მფლობელი დირექტორსაც ნიშნავს. პატარა „გრეჩიხამ“ დირექტორად უფროსი ძმა, ლევანი აირჩია, თან მოქმედ პრემიერს გაუბაზრა, _ ჩემი ძმაკაცია და მერე რა, რომ კანცელარიაში შევხვდიო? „უცნობის“ აღიარებამ მოქმედი პრემიერი უხერხულ მდგომარეობაში და თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ყოფილმა პრემიერმა კი საკუთარი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი „მაესტროს“ თემას საბოლოოდ ჩამოაშორა. ამ უკანასკნელმა ძმები გაჩეჩილაძეები ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან გადაამისამართა. კალაძის მოგვარებულ არც ერთ საქმეს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ, ჯერ კიდევ, წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდა. იმ დროს „მაესტროს“ ეროსი კიწმარიშვილის „რუსთავის მართვის კომპანია“ მართავდა. ეროსის ამოცანა ფინანსების მობილიზება იყო, სარედაქციო პოლიტიკაში ის ვერ და არ ერეოდა. მოგვიანებით, ეროსი კიწმარიშვილმა ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, ჩემი კითხვის პასუხად,  დაადასტურა, რომ „რუსთავის მართვის კომპანიას“ ერთი მილიონი ლარი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ გადაურიცხა. ამდენად, ტელევიზიისადმი ამ ოჯახის ინტერესი უცხო ნამდვილად არ არის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილმა დაურეკა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში უკვე ჰქონდა დაფუძნებული მედიასახლი და „ქართულ ოცნებას“ საგარეო ფრონტზე დახმარებას ჰპირდებოდა. მან მომავალ პრემიერს „მაესტროს“ ყიდვა 12 მილიონად შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილის წინადადება ძალიან მოეწონა, მაგრამ მოგვიანებით საქმეში უკეთ ჩახედულმა მრჩევლებმა აუხსნეს, რომ ჩხარტიშვილი მას, უბრალოდ, ჰაერს სთავაზობდა _ „რუსთავის მართვის კომპანია“ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ვერ ერეოდა, ხოლო თუ „მაესტროს“ ინტერესი ჰქონდა, სჯობდა, მამუკა ღლონტს დალაპარაკებოდა. რამდენად მოისურვებენ ამ შეხვედრის დეტალებზე საუბარს ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ღლონტი, უცნობია, მაგრამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, _ მამუკა ღლონტმა ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობის განახლება და ხელფასების დაფინანსება მოითხოვა, მანვე თქვა, რომ პირადად ხელფასსაც კი არ აიღებდა, რადგან მთავარი სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება იყო (ის, რომ „მაესტროს“ ამ პერიოდში ივანიშვილი აფინანსებდა, ჩვვენთვის იმთავითვე ცხადი იყო, რადგან სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნით, ტელევიზიიდან გაუშვეს „ქრონიკა+“-ის ამჟამინდელი რედაქტორი, ნანა თვალაბეიშვილი, რომელიც, პარალელურად, „ალიაშიც“ მუშაობდა და მისი სტატიები გუბაზ სანიკიძეს, თურმე, ნერვებს უშლიდა. ბაჩო კიკაბიძემ კოალიციის ულტიმატუმი უსიტყვოდ შეასრულა). ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის წილების მდგომარეობითაც დაინტერესებულა. მამუკა ღლონტს მისთვის განუმარტავს, რომ 75% დანარჩენ დამფუძნებლებს ეკუთვნის, ხოლო 25% გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ ამ უკანასკნელს ტელევიზიას არ ვაკარებთო. იმის მიუხედავად, რომ გაჩეჩილაძეებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებს, მასზე დიდი წარმოდგენის მომავალი პრემიერი არასოდეს ყოფილა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და დეტალურად იცოდა ყველა იმ გარიგების შესახებ, რომელშიც ძმები გაჩეჩილაძეები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, ის სულ ამბობდა, რომ მათ მთელი პროცესი გაყიდეს _ ამიტომაც არ გაიკარა გვერდით 2012 წლის არჩევნების წინ არც ერთი ძმა.

გია გაჩეჩილაძის ხსენებაზე ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულა, შესაძლებელი იყო თუ არა მისი წილის ყიდვა, რომ ის დანარჩენი დამფუძნებლებისთვის გადაეცათ. ძმებთან მოლაპარაკება გოგა ხაინდრავასთვის დაუვალებიათ, გია და ლევან გაჩეჩილაძეებს 25%-იან წილში ორი მილიონი დოლარი („პარაშუტი“) მოუთხოვიათ, _ ერთი მილიონი და მოვრჩეთო, _ შეუთვლიათ ხაინდრავას პირით მათთვის. თანხმობის მიღების შემდეგ კი ფულის გადახდა ვანო ჩხარტიშვილისთვის დაუვალებიათ იმ პირობით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით მას ამ თანხას გაუსტუმრებდა. გადაიხადა თუ არა  ჩხარტიშვილის ვალი ივანიშვილმა, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ მინდობილობა გაფორმებულა და გია გაჩეჩილაძეს ვალდებულებაც აუღია, რომ მის კუთვნილ წილს დანარჩენ დამფუძნებლებს გაუფორმებდა. მერე იყო ეროსის ცნობილი ღობეზე გადახტომა, სასამართლო დავის დაწყება და წილების დაყადაღება, „მაესტროში“ გოგელია-ასათიანის წყვილის შემოსვლა. სწორედ ამ ცნობილი მოვლენების გამო „უცნობმა“ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ვაჭრობის ახალი სეზონი ამჯერად უკვე „პიქსელის“ შენობაში გაიხსნა. ექსპერტი გია ხუხაშვილი, მოქმედი პრემიერის დეიდაშვილთან ერთად, ბიზნესწილების გადანაწილების საქმეში აქტიურად მონაწილეობდა. სწორედ ამ დროს დავით კეზერაშვილის კომპანია „ჯორჯიან ტრანზიტი“, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებს აწარმოებდა, კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორმა დავით იაკობაშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა, პარალელურად, „პიქსელის“ შენობაში გამოჩნდა კოტე გოგელიაც, რომელმაც პინაზე „მაესტრო“ შემოდო და მეორე მხრივ კი რკინიგზის გადაზიდვების კომპანია მოითხოვა. უჩა მამაცაშვილმა გოგელიას მკაფიოდ აუხსნა, რომ „ახლა სხვა დროა, კეზერაშვილისთვის კომპანია იმიტომ არ ჩამოურთმევიათ, რომ სხვა კეზერაშვილით ჩაანაცვლონ“. რაც შეეხება „მაესტროს“, გოგელიას ასევე განუმარტეს, რომ ის მხოლოდ მაშინ გახდება განხილვის თემა, თუ ტექნიკურ აღჭურვილობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილ ფულს უკან  დააბრუნებდა (ცხადია, მოქმედ პრემიერს ხელფასები არ უხსენებია). იმ ეტაპზე „მაესტროს“ ვაჭრობის თემა ასე დაიხურა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სხვათა შორის, იგივე პასუხით გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა გია გაჩეჩილაძეც, _ ან გადახდილი ფული დააბრუნე უკან, ან შენი წილი დამფუძნებლებს გადაუფორმე, პირობა პირობაა და მე ამ პირობის დარღვევას არ ვაპირებო.

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი მუდმივად თავს იწონებდა, რომ ხელისუფლებას საკუთარი მედია არ გააჩნია. მან კუთვნილი „მეცხრე არხიც“ უაპელაციოდ, ახსნა-განმარტების გარეშე დახურა. ის არ ცდილობდა მედიაზე გავლენების მოპოვებას, მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა აქტიურ პიარს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საავტორო გადაცემის მომზადებაც სცადა, მაგრამ პროექტი 20/30 წარუმატებელი აღმოჩნდა. პარალელურად, ივანიშვილის მრჩევლებმა ცენზორის ფუნქციებიც იკისრეს _ განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა გოგა ხაინდრავა. „მაესტროდან“ მიყოლებით წავიდნენ წამყვანი სახეები, დაიხურა ინგა გრიგოლიას „რეაქცია“, ამავდროულად, ჰორიზონტზე გამოჩნდა პოლიტიკური ამბიციების ახალი მედიამაგნატი, ირაკლი რუხაძე. ის მართავს ტელეკომპანია „იმედს“, მისი დედა, ქ-ნი ნათელა სახოკია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრია. რუხაძე აპირებს, გაჩეჩილაძეების ხელით მართოს „მაესტრო“ და ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება პოლიტიკისკენ. ის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის იბრძვის და სასამართლოში უჩივის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს, არ გამოიყენონ გარდაცვლილი ბიზნესმენის სახელი.

მართალია, ჯერ „რუსთავი 2“-ის, მერე „მაესტროს“ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა, მაგრამ ხმაურის გარეშე არც „მაესტროს“ ამბავს ჩაუვლია და არც „რუსთავი 2“-ის დავა დასრულებულა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ. „მოქალაქე“ რეალურად მძიმე მდგომარეობაში და ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, ირაკლი რუხაძის უმართავი პოლიტიკური ფული და ორი ტელევიზია მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ამ რეალობიდან გამომდინარე, არც პროკურატურის განცხადება უნდა იყოს შემთხვევითი, _ „იბერიის“ საქმეში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიც მონაწილეობდაო. ამ განცხადებით ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა საინტერესო მესიჯი მიიღო. რამდენად დაინახავს ის შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს და შეწყვეტს თუ არა ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან პოლიტიკურ თამაშს, ეს ადრიან გაზაფხულზე გამოჩნდება. მანამდე „მოქალაქე“ წაუგებელ პარტიას თამაშობს _ მოქმედი პრემიერი და საკუთარი დეიდაშვილი „მაესტროს“ პროცესებს ჩამოაშორა, გოგელია-ასათიანის წყვილი და ძმები გაჩეჩილაძეები ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ რინგზე. სულაც არაა გამორიცხული, ირაკლი რუხაძეც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და გაპროცენტებული თანხის უკან დაბრუნებაც ვერ მოახერხოს. ევროპისათვის გასაოცარი დემოკრატიის გზაზე წინასაარჩევნო წელი დაიწყო!!!

 

                                                                                                                  ელისო კილაძე