სად აღმოაჩინა „ქრონიკა+“-მა გელა ღურწკაიას ტელეფონი?

6tfc

პირი, რომელმაც „ქრონიკა+“-ის ოფისში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი მოიტანა, დაკავებულია. მოქმედებდა თუ არა მარტო გელა ღურწკაია და ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, ეს დეტალები, ცხადია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტი კი ერთია, _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გვითხრეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები განადგურდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, განადგურებული ფირების ასლები კერძო პირების ხელშიც ხვდება. ამჯერად, ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის ხელში აღმოჩნდა.

პროვოკაცია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ჩაიშალა. ჩვენ არ დავიტოვეთ პირადი ცხოვრების ფირი და დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურატურასაც მივმართეთ.

„ქრონიკა+“ ემიჯნება მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ და არ ვაპირებთ აკრძალული მეთოდების გამოყენებას. ჩვენი ამოცანაა, ვწეროთ მხოლოდ ფაქტებზე და ეს ფაქტები იყოს, ერთი მხრივ, გადამოწმებული, მეორე მხრივ, დოკუმენტურად დასაბუთებული.

ამასთან, ჩვენ არ მივიღებთ გამოძიების ვერსიას იმის თაობაზე, რომ გელა ღურწკაია მოქმედებდა მარტო _ მიგვაჩნია, რომ ის მხოლოდ კურიერი იყო და საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს მიმართავს. ჩვენ მიერ დასახელებულ პირთაგან ერთმა, სანდრო ბრეგაძემ, უკვე დატოვა დიასპორას სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა; მეორე _ იოსებ გოგაშვილი _ ჯერჯერობით, ისევ ინარჩუნებს უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტს, მაგრამ, ჩვენი მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ თებერვლის ბოლოს დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების დროს ის ამ პოსტს დაემშვიდობება. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშეა და საპარლამენტო არჩევნების წელს არა ინტრიგებისა და რუსული თამაშების, არამედ საქმის კეთების დროა.

რაც შეეხება გელა ღურწკაიას საქმეს, „ქრონიკა+“, თავის მხრივ, ცდილობს, აღნიშნული პიროვნებისა და მისი კავშირების ირგვლივ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს.

სწორედ ამ პროცესში მივაგენით კოლმეურნეობის მოედანზე, ტელეფონის ხელოსანთან, გელა ღურწკაიას მიერ შესაკეთებლად დატოვებულ ტელეფონს. როგორც პირველადი მონაცემებით ჩანს, „ნოკიას“ ფირმის იაფფასიან ტელეფონში „მაგთიკომის“ გაუფორმებელი ნომერი დევს. ტელეფონზე, დღეის მდგომარეობით, ორი სატელეფონო ზარი ფიქსირდება. ტელეფონების შემკეთებელმა ხვიჩა მენიკულოვმა „რუსთავი 2“-ის „კვირის P. შ.“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ ჩვენთვის ხმის მოწვდენა საერთო ნაცნობის მეშვეობით მოახერხა და მასვე მისცა საშუალება, გელა ღურწკაიას მიერ დატოვებული ტელეფონი და მასში არსებული სატელეფონო ზარები გადაეღო.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ პირადად შევხვდი ხვიჩა მენიკულოვს. მან დაადასტურა, რომ ტელეფონი შესაკეთებლად ნამდვილად გელა ღურწკაიამ დაუტოვა, მაგრამ მერე წასაღებად აღარ მოსულა.

გთავაზობთ ხვიჩა მენიკულოვთან საუბრის ძირითად ფრაგმენტებს. თავიდან ის ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ დაახლოებით ათწუთიანი საუბრის შემდეგ დეტალურად მოგვიყვა ყველაფერს. ჩვენ კვირის ბოლოს შეხვედრაზე შევთანხმდით, რათა გადაგვეწყვიტა, აღნიშნულ ინფორმაციას რა ფორმით მივაწოდებდით ქ. თბილისის პროკურატურას. სამწუხაროდ, მოგვიანებით მან ჩემთან შეხვედრა გადაიფიქრა და იგივე წყაროს მეშვეობით შემომითვალა, რომ პარასკევს მასთან აღარ მივსულიყავი. ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, თუ რატომ ჩაიშალა შეხვედრა, მაგრამ, ვფიქრობ, არც ამ ფაქტების დამალვაა მიზანშეწონილი. შესაძლოა, გელა ღურწკაიას მიერ ხელოსანთან დატოვებული ტელეფონი და მასში დაფიქსირებული სატელეფონო ზარები გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას შეიცავდეს, ამიტომაც მივიღეთ დეტალების გასაჯაროების გადაწყვეტილება:

ჩვენი საუბრის შინაარსი კი ასეთია:

 

ხვიჩა მენიკულოვი _ ელისო კილაძე:

ხ.მ.: ჩემგან რა გინდათ?

ე.კ.: ღურწკაიამ ტელეფონი ნამდვილად დატოვა? მე მინდა, რომ ამაზე ვილაპარაკო და არ მინდა, რომ უთქვენოდ ვილაპარაკო. ეგ ისეთი რამეა, შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება არაფერიც არ იყოს. ხომ ნამდვილად დატოვა ღურწკაიამ ტელეფონი? ნამდვილად მისი ტელეფონია? და როდის დატოვა?

ხ.მ.: მე სიუჟეტს ვუყურე და იქიდან გავიგე ღურწკაიას ამბავი.

ე.კ.: როდის დატოვა ტელეფონი, დეკემბერში თუ იანვარში?

ხ.მ.: არა, უფრო აქეთ, იანვარში.

ე.კ.: რატომ დაგიტოვა? გასაკეთებელი იყო?

ხ.მ.: არა, ელემენტი იყო შესაცვლელი. ჩავდე ელემენტი, ჩავურთე ტელეფონი, საღამოს მოვალ და წავიღებო. აღარ გამოჩენილა, სადღაც, ახალი წლის მერე.

ე.კ.: მე ხომ უნდა ვთქვა ამ ტელეფონის ამბავი, როგორ უნდა მოვიქცე?

ხ.მ.: ჩემგან რა გინდათ, ქალბატონო ელისო?

ე.კ.: თქვენგან არაფერი არ მინდა.

ხ.მ.: შარში რატომ მხვევთ?

ე.კ.: თქვენ რა შუაში ხართ, საერთოდ? მე როგორ ვიტყვი, რომ მე მივაგენი ტელეფონს?

ხ.მ.: როგორ მიაგენით?

ე.კ.: როგორც იყო. ისე, მილიონი წყარო გვყავს ისეთი, ამას თქვენთვის არაფერი ცუდი შედეგი არ მოჰყვება. მოჰყვება მხოლოდ ის, რომ მოვა პროკურატურა, ტელეფონს ამოიღებს, დალუქავს და წაიღებს. არ მინდა, ადამიანი დარტყმის ქვეშ დავაყენო, რომ წინასწარ არაფერი იცოდეს, ამიტომაც მოვედი. ვისაც დააბარეთ, იმ ბიჭებმა მითხრეს ამბავი, თქვენ არ ხართ ჩემი წყარო.

ხ.მ.: კი ბატონო, მოვიდეს, ამოიღოს და წაიღოს, მაგრამ მე რა შუაში ვარ?

ე.კ.: თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, თქვენ ხართ ხელოსანი, რომელსაც მოუტანეს ტელეფონი გასაკეთებლად. შეიძლება, რამე მნიშვნელოვანია, შეიძლება _ არა.

ხ.მ.: თხუთმეტი წელი ვიმუშავე ამ უბანში, არ მინდა, რომ რამეში გავება. ჩემი სახელი და გვარი უნდა გაამხილოთ, არა?

ე.კ.: აბა, სახელის და გვარის გარეშე როგორ გამოვა?

ხ.მ.: აბა, მე რა შუაში ვარ?

ე.კ.: ხელოსანი თქვენ ხართ და რა ვქნა?

ხ.მ.: აბა, მე რა შუაში ვარ? მე რომ არ მეთქვა თორნიკესთვის, ეს ხომ დარჩებოდა და დარჩებოდა, არა?

ე.კ.: შეიძლება… მაინც მიაგნებდნენ ამ ტელეფონს. მაინც მიაგნებდნენ, ეს საქმე იმდენად გახმაურებულია, არაფერი დაიმალება, ნუ გამორიცხავთ, რომ ჩვენებაც კი მისცეს, ტელეფონი ხელოსანთან მაქვს დატოვებულიო.

ხ.მ.: აქამდე რატომ არ მისცა?

ე.კ.: ახლა დაიწყო გამოძიება და იმიტომ. ჩვენება, შეიძლება, სულ არ აქვს მიცემული.

ხ.მ.: ეს შარი მინდოდა ახლა მე?

ე.კ.: რატოა შარი? ტელეფონი გასაკეთებლად მოგიტანათ, ხელოსანი ხართ.

ხ.მ.: მაშინ უნდა ავიკრა გუდა-ნაბადი და გადავიდე სხვაგან.

ე.კ.: რატომ უნდა აიკრათ გუდა-ნაბადი, თქვენი რა ბრალია, რომ ღურწკაიამ ტელეფონი მოგიტანათ გასაკეთებლად?

ხ.მ.: მე დამაინტერესა გუშინ და ამ ტელეფონით 444-ზე დავრეკე. მიაკითხეთ „მაგთისო“.

ე.კ.: ანუ დაბლოკილია? გაუფორმებელ ნომერზე, რაღაცა პერიოდის მერე, ზარები რომ ფიქსირდება, „მაგთი“ გიგზავნის შეტყობინებას, რომ დემოგრაფიული მონაცემები არ ფიქსირდებაო. ახლა იმასაც ვფიქრობ, ხომ არ შემოგაჩეჩათ ტელეფონი, ნამდვილად გასაკეთებელი იყო?

ხ.მ.: ელემენტის პრობლემა ჰქონდა, ამოვიღე ელემენტი, სხვა ელემენტი ჩავდე, ჩაირთო. დამიტენეო, მოვალ და საღამოთი წავიღებო. ფულიც ჯიბეზე არა მაქვსო. ისიც კი ვიფიქრე, მე თავად ჩამეტანა პროკურატურაში.

ე.კ.: არ გირჩევნიათ, ასე მოიქცეთ? მოიფიქრეთ, როგორც გინდათ და მითხარით. მე მინდა, დაცული იყოთ ამ სიტუაციაში. ღურწკაია ისეთ რამეზე წავიდა, მარტოც არ იყო, მანქანით მოიყვანეს ჩემთან ოფისში, ურეკავდნენ, ზემელზე გელოდებითო.

ხ.მ.: სიმართლე გითხრათ, ჩემთანაც მარტო არ ყოფილა, მეორე კაცი ახლდა. ბომჟივით იყო, ხშირად ვხედავ ამ ბაღში. მაგარი სულელი ყოფილა, რატომ დატოვა ნომრები და არ წაშალა? როგორ მოვიქცე? თქვენ მეორე დღესვე განაცხადეთ, ხომ?

ე.კ.: იმ დღესვე, როგორც კი წავიდა, ეჭვები უფრო ადრე გამიჩნდა. ძალიან დაჟინებით ითხოვდა ჩემთან შეხვედრას, ღია ტელეფონზე მელაპარაკებოდა, თან ბესელია, თან პოლიტპატიმრები. მერე ასეთი რამ აღმოჩნდა. მე რომ არ გამეცხადებინა, დანაშაულის დაფარვა იქნებოდა. რეალურად, გამეტებული ვიყავი.

ხ.მ.: მე ნამდვილად არ მინდა ეს ტელეფონი, რაში მჭირდება? კაცს შუბლზე ხომ არ აწერია, ვინ ვისი აგენტია? ერთი კარგი თვისება მაქვს, _ ადამიანს ტელეფონი რომ მოაქვს, ვიწერ იმეი-კოდს, ვაფიქსირებ საიდენტიფიკაციო კოდს. თქვენც უნდა იცოდეთ, იდენტურად, ერთნაირი ტელეფონი რომ აიღოთ, ყველას სხვადასხვა კოდი აქვს,

ე.კ.: ხვიჩა, ერთ რამეზე ჩამოვყალიბდეთ და პარასკევს შევთანხმდეთ _ ან მე გამოვაქვეყნებ ამ ამბავს და მერე მოგიწევთ დაკითხვაზე მისვლა, ან პირდაპირ დავურეკოთ გამომძიებელს და პირდაპირ ჩავაბაროთ ტელეფონი.

ხ.მ.: არის ერთი ასეთი კარგი ვარიანტი, მე რომ ვნახე ეს სიუჟეტი, თავის დაზღვევის მიზნით დავუკავშირდი თორნიკეს და მოგაწვდინეთ ხმა თქვენ.

ე.კ.: ამის გასაჯაროების მერე თქვენ დაგკითხავენ და თქვენი ფუნქცია ამით ამოიწურება. გამოძიებას ბევრი საქმე ექნება. პარასკევს მოვალ და თქვენი გადაწყვეტილება მითხარით.

ხ.მ. მე არ მინდა ეს ტელეფონი, რა ჯანდაბად მინდა, ზედმეტად არ მინდა ეს დაკითხვები.

ე.კ.: ერთხელ დაკითხვა აუცილებლად მოგიწევთ, ასეც და ისეც. ტელეფონს ჩააბარებთ და მშვიდად იქნებით.

 

ოთხშაბათს ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. სამწუხაროდ, ხუთშაბათს საღამოს ხვიჩა მენიკულოვმა იგივე წყაროს პირით შემომითვალა, რომ პარასკევს ჩემთან შეხვედრა აღარ უნდა. გამომდინარე აქედან, ჩემთვის უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან და აპირებს თუ არა, ჩვენგან დამოუკიდებლად მიმართოს პროკურატურას, როგორც ამას წინა დღეებში აპირებდა.

იმედი მაქვს, ამ მასალისა და ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურა გელა ღურწკაიას მიერ ხელოსანთან დატოვებული ტელეფონით და მასში დაფიქსირებული სატელეფონო ზარებით დაინტერესდება.

 

                                                                                                                    ელისო კილაძე