ემუქრება თუ არა გამოცდების ეროვნულ ცენტრს გაუქმება?!

derttt

2014 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა ერთდღიანი საპროტესტო აქცია. მათი განაწყენება ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილების შეტანას უკავშირდებოდა. აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გამოცდის ძველ ფორმატში დაბრუნებას ითხოვდნენ, NAEC-ის განმარტება, რომ არავითარ სიახლეს ადგილი არ ჰქონია და საქმე შეეხებოდა მხოლოდ ტესტურ დავალებათა სპეციფიკას, დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. იმავე საღამოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შედგა ცენტრის ხელმძღვანელობისა და აბიტურიენტების შეხვედრა, რომელიც „ორმხრივი კომპრომისით“ დასრულდა. მოგვიანებით, გაჩნდა ვერსია, რომ აბიტურიენტების პროტესტს, ჯერჯერობით, დაუდგენელი „გარე ძალები“ აკონტროლებდნენ, რაც ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა კომენტარებმაც დაადასტურა.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობაში არსებული ხარვეზები მიმინოშვილის ოპონენტებს კარგ საფუძველს აძლევს იმისთვის, რომ ცენტრის გაუქმება, ან განათლების სამინისტროსთან შიდა სტრუქტურულ რგოლად შეერთება მოითხოვონ. რაც შეეხება „გარე ძალებს“, ერთ-ერთი ვერსიით, ცენტრის გაუქმებით შესაძლოა დაინტერესებული იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სააკაშვილის მიერ საუკეთესო რეფორმატორად შერაცხულ მაია მიმინოშვილს „ქართული ოცნების“ ბანაკში გადასვლა არ აპატია. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ბოლო დროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობით გოგა ხაჩიძის დაინტერესება.

მეორე ვერსიით, ცენტრის გაუქმებას ის სპეციალისტები ითხოვენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ NAEC-ი სახელმწიფოს კონტროლიდან გასული ორგანიზაციაა, ხოლო მისი დირექტორი უსაზღვრო და უკონტროლო ძალაუფლებით სარგებლობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობად აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და განმარტავს, რომ ყველა სიახლე, რომელიც 2014 წლის ეროვნულ გამოცდებს ახლავს, აბიტურიენტების ინტერესებითაა განპირობებული. მაია მიმინოშვილთან საუბარი ეროვნული გამოცდების დაწყების წინა დღეს განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციით დავიწყეთ.

მაია მიმინოშვილი:

_ ეს უფრო გაუგებრობა იყო, ვიდრე პროტესტი. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი ყველა აბიტურიენტისთვის ღიაა. ჩვენთან მთელი წლის განმავლობაში იმართება „ღია კარის“ დღეები, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ, ტესტების შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელ ადამიანებს შეხვდნენ და ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ. 25 ივნისს აბიტურიენტებთან შეხვედროს დროს მე სინანული გამოვთქვი იმის გამო, რომ მათ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, რაც, ბუნებრივია, ბევრ კითხვას მოხსნიდა. ყველა ის სიახლე, რაც აბიტურიენტებს 2014 წლის ეროვნულ გამოცდებზე შევთავაზეთ, მათივე ინტერესებიდან მომდინარეობდა: თუნდაც ბარიერის დადგენა ე. წ. გაიგივებული ქულის მეშვეობით. მოკლე ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ 8-ქულიანია. ეს მთლიანი, 100-ქულიანი ტესტის ძალიან მარტივი ნაწილია და დაგვეხმარება, უკეთ გამოვარჩიოთ მაღალი, საშუალო და დაბალი მოსწრების მოსწავლეები ერთმანეთისგან. როდესაც კონკურსზე და სასელექციო ტიპის გამოცდაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს მთავარი მიზანია. ვფიქრობ, რომ 2014 წლის გამოცდებზე აბიტურიენტებმა წინა წლებზე უკეთესი შედეგები უნდა აჩვენონ. ყოველ შემთხვევაში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირადად ვესაუბრე აბიტურიენტებს და იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა სამუშაოს თვალსაზრისით კომფორტული იყო, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა.

_ ბოლო დროს გახშირდა საუბრები გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლო გაუქმების შესახებ. თქვენ თუ გსმენიათ და რას უკავშირებთ ამას?

_ ჩემი აზრით, ცენტრის გაუქმებაზე ლაპარაკი ზედმეტია და ეს ასე არ არის. რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ჭორის აგორება, ამაზე შეიძლება მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები მქონდეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთან შეხვედრაზე მოსული ყველა აბიტურიენტი იყო თითით საჩვენებელი და საუკეთესო ბავშვი. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ და ძალიან ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, არ მოეწონა შეხვედრის ასეთი ფორმატი და რაღაც პროვოკაციები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ის არც აბიტურიენტი იყო და არც აბიტურიენტის მშობელი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად გაგვაცნო თავი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ბრძანდებოდა. როცა ასეთი ფაქტები სახეზეა, გარკვეული ეჭვები არსებობს, მაგრამ იმდენად დაკავებულები ვართ ჩვენი საქმით, რომ ცენტრის თანამშრომლებშიც კი არ გვისაუბრია იმაზე, თუ ვისგან შეიძლება ეს ყველაფერი მომდინარეობდეს?

_ არსებობს ვარაუდი, რომ თქვენი ცენტრის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ შურისძიების შემადგენელი ნაწილია. ამაზე რა აზრის ხართ?

_ რაღაც პროცენტით გეთანხმებით, რომ ეჭვის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს ეჭვი სადამდე მიგვიყვანს, არ ვიცი? ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც რაღაცებს არკვევს და, მართალი გითხრათ, ამის არც სურვილი მაქვს, არც ენერგია და განსაკუთრებით, დრო. შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის მინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გავცემ ზოგიერთ ადამიანს პასუხს სრულ გაუგებრობაზე. ზოგიერთ ოპონენტს ოპონენტსაც ვერ დავარქმევ და, საერთოდ, არ ვიცი, რა დავარქვა?..

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აუცილებლობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი – ნათელა სახოკია:

_ საქართველო ძალიან შორს არ არის იმ პერიოდისგან, როცა უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ქრთამითა და ჩაწყობით იყო შესაძლებელი, ამიტომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხე ისევ არსებობს. საგამოცდო სისტემას გაუქმება კი არა, რეფორმირება ესაჭიროება, რომ უმაღლეს სასწავლებლებს საკუთარი კონტინგენტის შერჩავაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.

თავის დროზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ამ დროს უმაღლესი განათლების სისტემაში ისეთი კორუფცია ყვაოდა, უნივერსიტეტის ბაღში რომ გეთქვა, ბავშვი მყავს მოსაწყობიო, ათი კაცი მოვიდოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებას შემოგთავაზებდა.

ეროვნული გამოცდების სისტემა დღემდე „დალატკულია“, იმიტომ რომ საკითხის სისტემურად გააზრება არ მოხდა – არავინ დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მზად იყო სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სისტემა მოკლე დროში ასეთი მასშტაბური ცვლილებისთვის? აბიტურიენტების პროტესტი, გამოცდების ხან სკოლაში გადატანა და ხან სკოლიდან გადმოტანა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევ-დაწევა და ა. შ. იმის ბრალია, რომ, თავის დროზე, ყველაფრის სისტემურად გააზრება არ მოხდა. საერთოდ, მომხრე ვარ, თუკი ეროვნული გამოცდების დღევანდელი სისტემა სხვანაირი სისტემით შეიცვლება, რადგან უმაღლესი სასწავლებელი მთლიანად გათიშულია გადაწყვეტილების მიღებისგან და არ განსაზღვრავს, ვინ უნდა მიიღოს და ვინ – არა. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტსაც უნდა ჰქონდეს კონტინგენტის შერჩევის საშუალება. ასე მას გაცილებით გაეზრდება პასუხისმგებლობა იმ პროდუქციაზე, ანუ სტუდენტზე, რომელიც  უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის არსებობას ანაქრონიზმად მიიჩნევს განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი:

_ ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა საატესტატო გამოცდის შედეგებით და ატესტატის ქულებით უნდა მოხდეს. ეროვნული გამოცდები არის იმაზე გაუმჭვირვალე სისტემა, ვიდრე ის „კორუმპირებული გამოცდები“ იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამდე ტარდებოდა. ეროვნულმა გამოცდებმა მთლიანად ჩამოაშორა გამოცდების სისტემას უმაღლესი სასწავლებლები და მე მაინტერესებს, ვინ ეკითხება მიმინოშვილის უწყებას, სამაგისტრო ან მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს რომ ატარებს? სასერტიფიკაციო გამოცდა უნდა ჩაატაროს უნივერსიტეტმა, სანამ ადამიანი პროფესიაში შევა. სწორედ ესაა უმაღლესი სასწავლებლის ფუნქცია და არა ის, რომ უვიცები გამოუშვას და მერე იმათ დატრენინგებაზე სახელმწიფომ ბიუჯეტის მილიონები ხარჯოს. კიდევ სხვა თემაა, რომ ეს ტრენინგები ფულის „გარეცხვის“ საშუალებაა და სხვა არაფერი. გამოცდების ეროვნული ცენტრი არის სახელმწიფოს კონტროლის სფეროდან გასული ორგანიზაცია, რომელიც ან კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ან უნდა გაუქმდეს. არ მესმის, როგორ უნდა ენდობოდეს სახელმწიფო ერთ კონკრეტულ ადამიანს _ მიმინოშვილი იქნება, ნიკოლაიშვილი თუ სიკინჭილაშვილი? თქვენი აზრით, ცენტრში მომუშავე და ტესტების შემდგენელი ადამიანები კერძო მოსწავლეებს არ ამეცადინებენ? და თუ ამეცადინებენ, თავიანთ მოსწავლეებს იმის მსგავს ტესტებზე არ ავარჯიშებენ? რა თქმა უნდა, ის მოსწავლეები მეგობრებს ეტყვიან, როგორი ტესტები უნდა მოვიდეს გამოცდებზე და მორჩა! როგორ საცავებშიც არ უნდა შეინახო ის ტესტები, ინფორმაციამ უკვე გაჟონა. პიროვნულად არაფერი მაქვს მაია მიმინოშვილის საწინააღმდეგო და როგორც გონიერ ქალს, ისე ვიცნობ. უწესიერესი ადამიანია კახა ჯამბურიაც, მაგრამ ანგელოზებიც რომ იყვნენ, არ შეიძლება, 14 წლის განმავლობაში ასეთი სტრუქტურის მართვა ერთსა და იმავე ადამიანებს ანდო და თან არ აკონტროლო.“

 

                                                                                                                 ნელი თორდია