სანდრო ჭაჭია: ,,ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს ფრანგული კროასანები, მაგრამ…“

za

ამზადებს თუ არა რუსეთი საქართველოში მორიგ პროვოკაციას? რა სეპარატისტული განცხადებები კეთდება სამეგრელოს რეგიონში? ვინ თარგმნა მეგრულ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“ და ვინ აგროვებს რუსეთში ყოფილ პარტიზანებს?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ალექსანდრე ჭაჭიას ვაჟი, სანდრო ჭაჭია ესაუბრება:

_ სანდრო, ჩვენს ინტერვიუებში არაერთგზის გავაჟღერეთ, რომ საქართველოში პრორუსული ძალები რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურდნენ… რა ხდება ახალი ამ ფრონტზე?

_ 2016 წლის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ისტორიულ არჩევანს _ ან მივდივართ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ან შავბნელი წარსულისკენ, რუსეთისკენ და ევრაზიული კავშირისკენ. ცხადია, ამ არჩევნებისთვის რუსული ძალები ემზადებიან. პუტინს ესმის, რომ მისი ამომრჩეველი, ძირითადად, არის უფროსი თაობის ადამიანები. არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი რიცხვი მცირდება. ახალგაზრდობის 80% მაინც პროდასავლური განწყობისაა. პუტინისთვის ეს არჩევნები სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია. მას მიზანი აქვს დასახული, შექმნას საბჭოთა კავშირისნაირი მძლავრი იმპერია: ახლო აღმოსავლეთში შევიდა და გამოსვლას არც აპირებს, ყირიმის ანექსია მოახდინა, აფხაზეთი და ოსეთი აღიარა და იქ სამხედრო ბაზების განალაგა. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის, მით უმეტეს, ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. ის ქართველები, რომლებიც რუსეთში სხედან და პრორუსულ ძალებს კურირებენ, ახლა ამ მზადებაში არიან ჩაბმული, ფული იხარჯება, ვიზიტები გახშირდა.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო სამეგრელოს რეგიონში  მიმდინარე პროცესებზე: 1993 წელს რუსეთმა სამეგრელოში მეგრული კარტი უკვე გაათამაშა, როდესაც გამსახურდიას გარემოცვაში შეგდებული  სპეცსამსახურების აგენტები ზვიადს არწმუნებენ, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, მას აქ ხვდება ქობალიას შეიარაღებული რაზმები, მიდიან თბილისისაკენ. ქუთაისამდე, ფაქტობრივად,   გასროლის გარეშე ჩამოვიდნენ. ამით შევარდნაძეს დაანახვეს, რომ მისი დღეები დათვლილია. უთხრეს, თუ გინდა, დაგეხმაროთ, მაშინ რაღაცები უნდა დათმოო. მერე იყო ბალტინის ფლოტი, მერე იყო რუსული იარაღი, გამსახურდია გაიქცა და სამეგრელოს ტყეებს შეაფარა თავი, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. რუსეთმა შევარდნაძისგან მიიღო ის, რაც უნდოდა. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ვარიანტი მზადდება ახლა სამეგრელოში.

_ რას გულისხმობ?

_ სამეგრელოს რეგიონში გამოდის გაზეთი „ილორი“, რომელსაც სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“ გამოსცემს. ამ მოძრაობის დამფუძნებელია ალექსანდრე   ჭაჭია. როცა ამ მოძრაობის დამფუძნებლის ინიციატივით ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა, გამეცინა და ვუთხარი, _ ალბათ, ზვიადი საფლავში ტრიალებს, როცა საქართველოში მისი პირველი ბიუსტი პრორუსულმა ადამიანებმა დადგეს-მეთქი… მაშინ, როცა გამსახურდია მთელი ცხოვრება რუსებს ებრძოდა. მე მესმის, რა იყო ალექსანდრე ჭაჭიას მიზანი, მას სურდა გამსახურდიას მომხრეების გულის მოგება. ამან თავისი შედეგი გამოიღო, სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ რიგებში ბევრი ზვიადისტია გაერთიანებული. გაზეთი „ილორი“, რომელსაც ისეთი ნაციონალისტი გამოსცემს, როგორიცაა როლანდ ჯალაღონია, ყველა ნომერში ლავრენტი ბერიას აქტიურ პროპაგანდას ეწევა. ადამიანს, რომელმაც საქართველოს ინტელექტუალური რესურსი მოსპო, ათასობით ოჯახი გაასახლა და ამოწყვიტა, ადარებენ გიორგი ჭყონდიდელს, წუხან, რომ საქართველოში ჯერ არ აღმართულა ბერიას ძეგლი, ითხოვენ, რომ სამეგრელოს მოსახლეობამ მოითხოვოს ბერიას რეაბილიტაცია. გესმით, თქვენ, რა ხდება?!

გარდა ამისა, სერიოზულად მსჯელობენ, თუ როგორ ავიწროებს თბილისი სამეგრელოს, ქართული ენა როგორ ებრძვის მეგრულ ენას და როგორ ებრძვის თბილისი მეგრულ კულტურას. სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ზუგდიდის განყოფილების უფროსი გახლავთ ზურაბ კვარაცხელია, ეს უკანასკნელი, ცხადია, მოსკოვის ფინანსებით ძალიან ხშირად აწყობს კონფერენციებს, რუსეთიდან ხალხი ჩამოჰყავს და სრული სერიოზულობით განიხილავენ თემას, როგორ გადაარჩინონ სამეგრელო თბილისური სეპარატიზმისგან. მსჯელობენ იმაზე, რომ ქართულის გარდა სახელმწიფო ენა უნდა იყოს მეგრული, ბავშვს არჩევანი უნდა ჰქონდეს, მეგრულად ისწავლოს თუ ქართულად, იჩაგრება მეგრული კულტურა და ა. შ. დაბეჭდეს „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად, ოჯახებში უფასოდ არიგებენ, ბევრ ქვეყანაში ხალხი ქართულს იმიტომ სწავლობს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხოს ქართულად და ესენი მეგრულად თარგმნიან და ბავშვებს ურიგებენ. ამაზე დიდი სეპარატიზმი რაღა უნდა იყოს?! აფხაზეთშიც, როცა 1989 წელს აფხაზები ქუჩაში გამოვიდნენ, მათ ორი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ აფხაზურ ენას და აფხაზურ კულტურას ქართული ენა და ქართული კულტურა ავიწროებს. ზუსტად იგივე ხდება დღეს სამეგრელოში!!!

_ სანდრო, რას ფიქრობ, სეპარატიზმი სპეციალურად ღვივდება იმიტომ, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა დაიწყოს?

_ მეტსაც გეტყვით: საუბარია იმაზე, რომ ფოთი და არა ზუგდიდი, აღიარონ სამეგრელოს მთავარ ქალაქად. ამ კონფერენციებზე ითხოვენ სამეგრელოს ავტონომიას, რომ მეგრული უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენად, რომ ფოთის პორტს რეალურად შეუძლია ამ ავტონომიის ფინანსური უზრუნველყოფა, ასევე მოითხოვენ, რომ საქართველოს სკოლებში ყველგან იყოს მეგრული ენის სწავლება. მეგრული ენა ძალიან ლამაზი ენაა, მაგრამ ქართული კულტურის ნაწილია. ამას ორი-სამი კაცი რომ ამბობდეს, კიდევ მესმის, მაგრამ ამ თემებზე კონფერენციები იმართება, ლიტერატურა იბეჭდება, მივლინებებით აგზავნიან ხალხს მოსკოვში, იქაურ მეგრელობას ხვდებიან, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ არიან მეგრელები და არა ქართველები. სხვათა შორის, ეს ადამიანები აფხაზებს უფრო ახლობელ ხალხად მიიჩნევენ, ვიდრე ჩვენ. მათ უმრავლესობას საერთო ბიზნესი აქვს აფხაზებთან და ხშირად სტუმრობენ აფხაზეთს სხვადასხვა წვეულებაზე საქეიფოდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება რუსეთში მცხოვრები ზვიად გამსახურდიას მომხრეების მობილიზაცია, რომ საჭირო დროს აფხაზეთის გავლით აღმოჩნდნენ სამეგრელოში. ნახეთ, რა ხდება? ძალიან ბევრს მოუგვარეს პასპორტების პრობლემები, რადგან ამ პროცესს „ფსბ“ კურირებს. გარდა ამისა, ალბათ, გახსოვთ პარტიზანული მოძრაობა „თეთრი ლეგიონი“, რომლის  თავმჯდომარეც გახლდათ ზურაბ სამუშია. მისი ვაჟი ზაზა სამუშია ათ წელზე მეტია, ალექსანდრე ჭაჭიას დაცვის წევრია, საერთოდ გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად. მან რუსეთში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ყოფილი პარტიზანების შეკრება და მობილიზაცია დაიწყო.

_ სანდრო, პარტიზანებთან დაკავშირებით მეც მაქვს ერთი ინფორმაცია: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ცდილობს პარტიზანების კიდევ ერთი ხელმძღვანელის, დათო შენგელიას რეაბილიტაციას, თითქოს მას წინა ხელისუფლება სდევნიდა და იარაღთან და ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია.

_ „თეთრი ლეგიონისა“ და შენგელიას „ტყის ძმების“ წევრები ადამიანებს იტაცებდნენ, შემდეგ აფხაზებთან ერთად იყოფდნენ ფულს. იყო თხილის ბიზნესი, იყო იარაღის ბიზნესი, იყო ნარკოტიკები. რეალურად, პარტიზანულ მოძრაობასთან მინიმალური შეხება ჰქონდათ, ეს ხალხი აკეთებდა ფულს. დათო შენგელია დაიჭირეს და ღირსი იყო, რომ დაიჭირეს, სხვებიც უნდა დაეჭირათ. დღეს, როცა რუსეთიდან ჩამოდიან, სამეგრელოში ყოფილ პარტიზანებს ხვდებიან, ასევე ხვდებიან ქობალიას ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებიც მაშინ 20-25 წლის ბიჭები იყვნენ. ამ ადამიანებს აღრიცხავენ, შეიქმნა სიებიც. ეს არის ათასობით ადამიანი. ისინი მზად არიან, საჭირო შემთხვევაში სამეგრელოში აღმოჩნდნენ. ამ ხალხმა იცის სროლა, ბრძოლა, ისინი არიან „ბოევიკები“, ნაწილი _ პარტიზანული მოძრაობის წევრი. ვისაც მატერიალური პრობლემა ჰქონდა, ყველას მოუგვარეს _ ხელფასებს უხდიან. ფაქტობრივად, ეს ხალხი იყიდეს. იარაღიც არ არის პრობლემა, აფხაზეთიდან იმდენი შემოვა, რამდენიც საჭიროა.

გამსახურდიას მომხრეების დიდი ნაწილი, თავის დროზე, ანტირუსულად განწყობილი იყო. ეს ლოგიკურიც გახლდათ, ზვიად გამსახურდიამ რუსეთთან ბრძოლას შეალია სიცოცხლე. დღეს ამ ხალხის შეხედულებები შეიცვალა. კვარაცხელიას ოფისში გვერდიგვერდ უდევს ალექსანდრე ჭაჭიას, ვლადიმირ პუტინისა და ზვიად გამსახურდიას სურათები. პუტინი-ჭაჭია მესმის, მაგრამ ზვიად გამსახურდია მათთან რა კავშირშია?!  ამაზე მარაზმი რა უნდა იყოს?! ზვიად გამსახურდიას სახელს ამოფარებულებმა, სამწუხაროდ, რუსებს სული მიჰყიდეს. ბევრმა მათგანმა 1993 წელს გამსახურდია მიატოვა და კურდღლებივით გაიქცა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი რამდენიმე კაცის ამარა დარჩა.

_ ხდება თუ არა კოორდინაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგალითად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აქტიურადაა დაკავებული ზვიადისტთა წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნით. გსმენიათ რამე მასზე?

_ თქვენ წარმოგედგინათ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთიდან ადამიანები ჩამოვიდოდნენ და აქ რუსულ პროპაგანდას დააფინანსებდნენ? 2008 წლის აგვისტოს ომის მერე წარმოგედგინათ, რომ თბილისში რესტორანში ვინმე გაბედავდა პუტინის სადღეგრძელოს დალევას? რატომ გიკვირთ, რომ თუნდაც სანდრო ბრეგაძე ამ საქმეშია ჩართული? ვინ მართავს დღეს ქართულ სპეცსამსახურს? _ არაპროფესიონალთა დიდი ჯგუფი. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია, მან მოატყუა ქართველი ხალხი, ქვეყანა გაპარტახების პირას მიიყვანა, ხალხი გაღატაკებულია. რუსეთის დახმარების გარეშე მას ხელისუფლების შენარჩუნება არ შეუძლია, ქართული სპეცსამსახურები  მთლიანად ემორჩილებიან რუსულ სპეცსამსახურებს. სანდრო ბრეგაძის შემთხვევაში, როგორც ბევრ სხვას, მას სურს, ჯიბეში ფული ჩაიდოს და ამასთან, იმ ხალხზე აქვს სწორება, რომელიც რუსეთიდან აგზავნის ფინანსებს. სოკოებივით გაჩნდა აქ ორგანიზაციები. ცხადია, ნაწილს მოტეხავენ, ნაწილს რუსულ საქმეს მოახმარენ. სამწუხაროდ, სანდრო ბრეგაძისნაირი ადამიანები ამ ქვეყანაში მრავალია. ისინი მზად არიან, სული, გული, ყველაფერი მიჰყიდონ რუსეთის ფულს. კონკრეტულად სამეგრელოში ათასობით ადამიანი ჰყავთ სიაში. ისინი მზად არიან, იარაღით ხელში გამოვიდნენ ქუჩაში. ეს არის გამოკვეთილი პოზიცია.

_ სანდრო, რამდენად იციან ამ გეგმის შესახებ იმ პრორუსულმა ძალებმა, რომლებიც თბილისში მოღვაწეობენ?

_ საქართველოში მოღვაწე პრორუსულ ძალებს შორის დაძაბული სიტუაციაა. არც იმათ ამოსდით მზე და მთვარე ერთმანეთზე, რომლებიც რუსეთში ამ ძალების კურატორები არიან, მაგრამ ყველა მათგანი ემსახურება მხოლოდ ერთ კაცს, _ ვლადიმირ პუტინს. ემსახურება ერთ იდეას, _ როდესაც საჭირო გახდება, ისინი შეთანხმებულად იმოქმედებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულის გარეშე დარჩებიან. დასტვენის შემთხვევაში ათასობით ადამიანი შეგროვდება იმავე ლოზუნგებით, რა ლოზუნგებითაც 1989 წელს აფხაზები გამოვიდნენ ქუჩაში.

_ სანდრო, ვინ არის დაწინაურებული ახლა პუტინის კარზე?

_ მიშა ხუბუტიას ბიზნესში ფინანსური პრობლემები შეექმნა. მართალია, ის აქ თავის მომხრეებში აცხადებდა, რომ პუტინის ახლო მეგობარია, მაგრამ ეს ასე არ არის. ის, რეალურად, „შესტიორკაა“, თავის საქმეს აკეთებს. დღეს ყველაზე ახლოს პუტინთან არის ალექსანდრე ჭაჭია, იმიტომ რომ პუტინი მას უჯერებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის საკითხებში და, პრინციპში, ობიექტურად, ის სხვა ადამიანებისგან ინტელექტუალურადაც გამოირჩევა. ძალიან ჭკვიანი ადამიანია და საქართველოში ყველაზე ძლიერი ორგანიზაციები აქვს.

პუტინისთვის მთავარია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ყურმოჭრილი მონაა. ხედავთ, რა ხდება „გაზპრომის“ გარშემო? რეალურად, „გაზპრომზე“ ჩამოკიდება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას. ივანიშვილის მიზანია, პარლამენტში მოხვდეს მმართველი ძალა „ქართული ოცნება“ და პრორუსული ოპოზიცია. ამ გეგმის განხორციელებას ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის დაბალი რეიტინგი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ფინანსები და უძრავი ქონება დასავლეთში, მასაც უყვარს ფრანგული კროასანები, ივანიშვილს მშვენივრად ესმის, რომ მისი კარგად ყოფნა დამოკიდებულია პუტინზე, _ თუ მან ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა, მისი მომავალი გაურკვეველია. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ პუტინის დახმარებით ძალაუფლება შეინარჩუნოს, მათ შორის, თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირების გზით.

გამოსავალი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი: დროზე გაერთიანდეს პროდასავლური ძალები, მხოლოდ ტელეშოუებში გამოსვლა არ კმარა, ხალხმა მკაფიოდ უნდა დაინახოს, ვის მისცეს ხმა.

 

                                                                                                              ელისო კილაძე