ღვინის ქარხნების აფერა და გადაგდებული მევენახეები!

as1

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას მკვიდრი დიანა ქართლელიშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც კახეთში ღვინის ქარხნებისგან დაზარალებული მევენახეების საქმე გაახმაურა და სამართალდამცველ ორგანოებში იჩივლა. როგორც ქართლელიშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ღვინის ქარხნის მეპატრონეებს ერთი დაჯგუფება იცავს, რომლის წევრები პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები არიან, მფარველები კი ხელისუფლების ზედა ეშელონებში ჰყავთ.

რა სქემით მუშაობს გურჯაანში მდებარე ღვინის ქარხანა „ჰელიოს+“? რატომ იფარავენ ქარხნის მეპატრონეს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები? რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ირაკლი შოთაძეს, ლევან მურუსიძეს, ყოფილი პრემიერის სიმამრ თამაზაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს?

ამ და სხვა საკითხებზექრონიკა+“- დაზარალებული მევენახე დიანა ქართლელიშვილი ესაუბრება:

_ 2014 წლის სექტემბერში გურჯაანის ღვინის ქარხანა „ჰელიოს+“-ს საფერავის ჯიშის ყურძენი ჩავაბარე. ქარხნის დირექტორია როზმან რუსია. სოფლის საკრებულოდან თელავის ღვინის ქარხანაში ვიყავით გაწერილები. ღამის 10:00 საათზე ქარხანაში მისვლა მოგვიწია. გვითხრეს, რომ ცარიელი ჭურჭელი აღარ ჰქონდათ და მეორე დღეს მივსულიყავით. უკან დაბრუნებულებმა გურჯაანის ქარხანა „ჰელიოს+“-ში შევიარეთ. აღმოჩნდა, რომ მათ თავისუფალი ჭურჭელი ჰქონდათ, მაგრამ ყურძენს მხოლოდ ერთი პირობით ჩაიბარებდნენ: რადგან თელავის ღვინის ქარხანაში ჩასაბარებელი ცნობა გვქონდა, ყურძენს მათი თანამშრომლის სახელზე გაატარებდნენ, მეორე დღეს კი ფულს უპრობლემოდ ავიღებდით. მეორე დღეს, როდესაც ქარხანაში მივედით, ვერ გვითხრეს, ვის სახელზე იყო გატარებული ჩვენი ყურძენი. დავუკავშირდი ქარხნის დირექტორ როზმან რუსიას და შექმნილი ვითარება ავუხსენი, მაგრამ მითხრა, რომ ამის შესახებ მან და მისმა ბუღალტერმა მანანა ელიკაშვილმა არაფერი იცოდნენ. 3 თვე დამჭირდა, მე თვითონ მომეძიებინა, ვის სახელზე იყო ჩაბარებული ჩემი ყურძენი. როგორღაც მოვიკვლიე, ეს ადამიანი წარმოშობით ყვარლიდან იყო, სოსო ხუტიაშვილი. მისი ტელეფონის ნომერი გავიგე, დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. მას უნდა დაედასტურებინა, რომ ყურძენი ჩემი იყო და, შესაბამისად, თანხაც მე უნდა ამეღო. ეს ყურძენი ზონის გარეშე ჩაბარდა და გატარდა, როგორც გრემის ზონის ყურძენი, რომელიც უფრო მეტი ღირდა. ქარხნის ბუღალტერმა მანანა ელიკაშვილმა თბილისში, თავიანთ ოფისში დამიბარა. სოსო ხუტიაშვილი მოვიდა და ქვითრები მოიტანა, მან დაადასტურა, რომ ყურძენი ნამდვილად მე მეკუთვნოდა და 12 000 ლარი ავიღე. იქ აღმოვაჩინე: ხუტიაშვილსა და ამათ შორის კავშირი იყო, თუმცა ქარხნის დირექტორი და ბუღალტერი მანამდე მეუბნებოდნენ, რომ მას არ იცნობდნენ. ჩემ თვალწინ უთხრა სოსომ, _ თქვენ არ შემომთავაზეთ, რომ ვითანამშრომლოთო? როზმან რუსიამაც განაცხადა, რომ ხუტიაშვილს ქვითრების გარეშეც ვუხდი ფულსო. რა კავშირები ჰქონდა და რატომ უხდიდა, არ ვიცი, მაგრამ აღნიშნა. ამ 12 000 ლარის გარდა, 27 112 ლარი კიდევ დარჩა გადასახდელი, რომელიც ოფიციალურად ქვითრებში ფიქსირდებოდა. მაკლერს, იგივე სოსო ჩხუტიაშვილს, მოვთხოვე, რომ ამის დამადასტურებელი ქვითრებიც მოეტანა, ან ნოტარიუსში დაეწერა, რომ ჩემი ვალი ჰქონდათ. მითხრა, რა წუთშიც დამირეკავ, მოვალ და მოვიტანო. დამარწმუნა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, მთავარი იყო, ქარხანას ფული ჰქონოდა. რატომღაც, როზმან რუსია თანხის გადახდის პროცესს აყოვნებდა. მითხრა, რუსეთიდან თუ უკრაინიდან თანხა ასაღები მაქვს, 1-2 კვირა მადროვე და სრულად გაგისტუმრებო. ვადროვე, ამასობაში 2 თვე გავიდა. როცა რუსია მეტყოდა, გადაგიხდი, ოღონდ ქვითრები მოიტანეო, მაკლერი მემალებოდა; მაკლერი დამიკავშირდებოდა და დირექტორი მემალებოდა. ეს იყო ერთობლივად შემუშავებული სქემა, სადაც რუსიასაც აწყობდა, რომ ზონის გარეშე მოყვანილი ყურძენი შეეტანა მაკლერს და ქინძმარაულის ჯიშის ყურძნად გაესაღებინა, გაეტარებინა მაღალ ფასად და სხვა ქვეყნებში გაეტანა; ასევე აწყობდა მაკლერსაც, რადგან სარგებელი ჰქონდა როგორც ჩემგან, ასევე ქარხნის მეპატრონისგან. საბოლოოდ, ტელეფონი გამითიშეს. ქარხნის ადმინისტრაციაში  მითხრეს, რუსია საზღვარგარეთ წავიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდებაო. იძულებული გავხდი, რომ პოლიციაში განცხადება შემეტანა. აღიძრა საქმე დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობის მუხლით, დააკავეს სოსო ხუტიაშვილი და გრემის რწმუნებული, ვინც ყალბი ცნობა გასცა. პირველ კვირას ძალიან სწრაფი ტემპით წავიდა გამოძიება. როგორც კი საქმეში საგამოძიებოს უფროსი ჩაერთო, შევატყვე, რომ ეს პროცესი შენელდა. მოვითხოვე გადამოწმებულიყო, ნამდვილად ჰქონდა თუ არა გადაკვეთილი საზღვარი ქარხნის მეპატრონეს. ყოველდღიურად მივდიოდი პოლიციაში და ვითხოვდი, რომ ქარხნის მეპატრონე დაეკითხათ, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ, განცხადებას არ მატოვებინებდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ლევან მაისურაძე, ვისაც ჩემი საქმე ეწერა, არ ყოფილა საგამოძიებოს უფროსი. სინამდვილეში ის იყო უბნის ინსპექტორების უფროსი, რომელსაც ჩემი დაკითხვის უფლება არ ჰქონდა. რატომ აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რატომ მაგზავნიდა პროკურორი ლევან მაისურაძესთან, როცა სულ სხვა ადამიანი იყო საგამოძიებოს უფროსი და რატომ ჰქონდა აღებული ეს საკუთარ თავზე, მერე გაირკვა.

_ რას გულისხმობთ?

_ ვეუბნებოდი, ოფიციალურად შევიტანდი განცხადებას, რომ რუსია დაეკითხათ, ამაზე უარს ვიღებდი. იძულებული ვიყავი, პოლიციის უფროსთან შევსულიყავი, რომელმაც ნება დამრთო და ეს განცხადება დავტოვე. ერთი კვირის შემდეგ ჩემი საქმის პროკურორს, სანდრო გიორგაშვილს და ე. წ. საგამოძიებოს უფროს ლევან მაისურაძეს უკვე შევატყვე, რომ საქმის მსვლელობა შეანელეს. რუსიას საზღვარი რომ არ ჰქონდა გადაკვეთილი და საქართველოში იმალებოდა, დადგინდა. საქმე წინ არ მიდის, სასამართლო პროცესი ჩაატარეს და დაჭერილი მაკლერი გირაოთი გამოუშვეს. თაღლითობაში და საქმის გაყალბებაში ბრალდებული გამოუშვეს და ამით ყველაფერი გაჩერდა. პოლიციაში ჩემი საქმე გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილს ეწერა. მან დოკუმენტი მომცა, სადაც წერია, რომ მე პოლიციას განცხადებით მივმართე და საქმე აღძრულია. შემდეგ უკვე შემიძლია მივმართო სასამართლოს, სადაც მოვითხოვ ჩაბარებული ყურძნის თანხას და მისი დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. დრო გაიწელა, იანვარში გამოძიება ვერ დასრულდა, თებერვალი მიჰყვა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქარხნის მეპატრონე რუსია ლევან მაისურაძეს დაუკავშირდა. რა გარიგება მოხდა, არ ვიცი, მაგრამ როცა მაისურაძე ჩემი საქმის გამო პროკურორ გიორგაშვილს დაუკავშირდა, იმ წუთში მის კაბინეტში ვიმყოფებოდი. ტელეფონიდან ყველაფერი მესმოდა, მაისურაძემ გიორგაშვილს უთხრა, რომ მას რუსია დაუკავშირდა, რომელსაც არ აწყობდა ამ საქმის გახმაურება და იქნებ, მოგვარებულიყო. როგორ უნდა მოგვარებულიყო და რა უნდა მომხდარიყო, ძნელი მისახვედრი არ არის! ამ დროს პროკურორი ეკითხება, _ შენ რა უთხარიო? და ის პასუხობს, _ მე ავუხსენი, რომ განცხადება იყო შემოტანილი, არ ვიცი კიდევ რა, მაგრამ ეგ ხომ ჩვენი სტილიაო. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როზმან რუსია გურჯაანის რაიონში 3-ჯერ არის ნასამართლები და არაერთი განცხადებაა შეტანილი დღემდე ანალოგიურ საქმეებზე.

_ ამ ქარხანამ თქვენ მსგავსად სხვა მევენახეებიც დააზარალა?

_ უამრავი ადამიანია დაზარალებული, ნახევარი მილიონი ჰქონდა გასასტუმრებელი. იმ ხალხმა, ვისაც გასულ წელს საბუთები გაუყალბეს, ვერ დაამტკიცეს, მე ეს შევძელი, რადგან ბევრი დოკუმენტი მქონდა, რითაც დამტკიცდა, რომ ყურძენი ნამდვილად მე მეკუთვნოდა. ეს იყო სქემა, რომლითაც წლებია, მუშაობენ. რატომ ხდება ეს ყველაფერი, მაინცდამაინც, ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში? იმიტომ, რომ ამ რაიონებს ჰყავს ერთი და იგივე პროკურორები, რომლებიც გახლავან ლევან ღვედაშვილი და სანდრო გიორგაშვილი. გიორგაშვილი ჩემი საქმის პროკურორი იყო, ის ქრთამის აღების გამო არაერთხელ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ასევეა ლევან ღვედაშვილი, გადაჰყავთ და გადმოჰყავთ, ალბათ, ასეთი ადამიანი სჭრდებათ, ვიღაცამ ფული რომ აკეთოს! დიდი ხანია, გიორგაშვილს და გურჯაანის რაიონის ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ხალხს ვიცნობ, ძალიან არ მინდოდა, მას დაწეროდა ჩემი საქმე, ამას ვითხოვდი კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ნაცნობობა მაკავშირებდა. ეს ადამიანი იმდენჯერ გაათავისუფლეს ქრთამის აღების ფაქტზე, მაშინვე შემეპარა ეჭვი, რომ ჩემს საქმეზეც იგივეს გაიმეორებდა. თვითონ ყველანაირად შეეცადა, რომ ეს საქმე მას დასწეროდა. პროკურატურაში არ დასრულდა გამოძიება, როცა პოლიციის გამომძიებელმა ერთ კვირაში უკვე მაცნობა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა სამოქალაქო წესით. 3 თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დაზარალებულად არ ვიყავი ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგაშვილთან, ღვედაშვილთან და მის მოადგილესთან ინტენსიურად მქონდა ურთიერთობა, თან გამოძიებამ ერთ კვირაში დადო შედეგი, რომ ნამდვილად იყო დოკუმენტები გაყალბებული მანამდე, სანამ განცხადებას შევიტანდი. პირადი საუბრებიდან ღვედაშვილმაც იცოდა, რომ ვენახი მქონდა აღებული და ყურძნის ჩაბარებაში ასეთი პრობლემები შემექმნა, ეს გიორგაშვილთანაც არაერთხელ მომიყოლია. გამოძიებით დამტკიცდა, რომ დოკუმენტები გაყალბებული იყო, ითაღლითეს, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ქარხანა იყო დაზარალებული.

_ . . მაკლერს დაბრალდა ყველაფერი, რომ მან ქარხანა აზარალა?..

_ ამ დროს ქარხნიდან ფული არ იყო გამოტანილი. ისმის კითხვა: მე, ან მაკლერმა, რით ვაზარალეთ ქარხანა?! პირიქით, ყურძენი შევიდა, თანხა არ მოუციათ! 3 თვის განმავლობაში არავინ გამომიჩინა, რომ მე არ ვიყავი ცნობილი დაზარალებულად. ვიყავი ჩვეულებრივი მოწმე, რომელსაც არაფრის უფლება არ გამაჩნდა, არანაირ დოკუმენტაციაზე არ მიმიწვდებოდა ხელი, ვერ ვმონაწილეობდი სასამართლო პროცესებში, რომ თუნდაც მასალა გამომეთხოვა, ასე ხელ-ფეხ შეკრული დამტოვეს. ამ 3 თვის შემდეგ პროკურორმა გიორგაშვილმა საერთოდ გაწყვიტა ჩემთან კავშირი, ტელეფონზე არ მპასუხობდა, დამალვა დაიწყო. თუ როგორღაც შეხვედრას მოვახერხებდი, ვატყობდი, იბნეოდა და გადატანითი მნიშვნელობით მელაპარაკებოდა. ზემოთაც გითხარით, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია მქონდა გურჯაანის პროკურატურის კორუფციული საქმიანობის შესახებ, თავიდანვე ვეჭვობდი, რომ ჩემს საქმეზეც ასე გააკეთებდნენ, მაგრამ დამალვა რომ დაიწყეს, უკვე დავრწმუნდი. ისეთი სიტუაცია უნდოდათ შეექმნათ, რომ ეს საქმე არ მტკიცდებოდა და ყურძენი ჩემი არ იყო, მაგრამ დამტკიცდა! ყველანაირი დოკუმენტაცია დაემთხვა, მძღოლებმა და სოფლის რწმუნებულმა დაადასტურეს, ჩანაწერების მთლიანი წიგნი წავიღეთ პროკურატურაში, თარიღი, როდის იყო გატარებული და ა. შ. აბსოლუტურად ყველაფერი დაემთხვა. რადგან მასალები დაიდო, რომ ყურძენი ჩემი იყო, იმის იქით ვერ წავიდნენ. ერთადერთი, რაც რუსიას დასახმარებლად შეიძლებოდა გაკეთებულიყო ის იყო, რომ ქარხანა დაზარალებულად ეცნოთ. თებერვალში სასამართლოს განცხადებით მივმართე, დაზარალებულის ცნობა მინდოდა, ეჭვი გამიჩნდა, რადგან არანაირ დოკუმენტაციაში არ მახედებდნენ. პროკურატურამ არ იცოდა, რომ გამომძიებელს დოკუმენტი გაეპარა, რომელიც დეკემბერში მომცა. ამ დოკუმენტს ჩავეჭიდე.

_ რა წერია ამ დოკუმენტში?

_ პოლიციის გამომძიებელი მეუბნებოდა, ხვალ მოდი, რადგან დაზარალებულად უნდა გცნოო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მომცა. ეს მოხდა დეკემბრის ბოლოს, მაგრამ გავიდა დრო და გამომძიებელი აღარ მეხმაურება, რა ხდება, ვერ ვიგებ. სინამდვილეში, პროკურორმა გააჩუმა, _ ეგ კი არ უნდა ცნო დაზარალებულად, არამედ, ქარხანაო. და ეს გამომძიებელი შვებულებაში გაუშვეს. მითხრეს, ავად გახდაო. სინამდვილეში, საქმე რომ შეფერხებულიყო, ასეთი გეგმა შეიმუშავეს. მარინა ფოცხვერაშვილი ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა შვებულებიდან, მერე ხმებს ავრცელებდნენ, ეს გამომძიებელი ნელა მუშაობს და საქმე სხვას უნდა გადაეწეროსო. მთელი თებერვალი გაწელეს, ბოლოს ისევ ფოცხვერაშვილმა დაასრულა ეს საქმე. როგორ იქნა, საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. მოსამართლე მიტო ხინაშვილმა მომწერა, თქვენ არ ხართ დაზარალებულიო. მან არ იცოდა, რომ ეს იმალებოდა. ამ დროს პროკურორი ყოველდღე მეუბნებოდა, _ ერთ კვირაში შენს თანხას აიღებ, ამას რად უნდოდა სასამართლოო?! დადასტურებულად ვიცი, რომ ქარხნის დირექტორმა ფული ჩამოიტანა, მაგრამ ღვედაშვილმა, გიორგაშვილმა და სასამართლოს თავმჯდომარემ გაიყვეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე მოხდა! საიდან გავიგე, ამ ეტაპზე არ დავასახელებ, რადგან ჯერ იუსტიციის საბჭოს მდივნის რეაგირებას ველოდები! გავიგე, რომ როზმან რუსია გარიგებაში შევიდა ლევან მაისურაძესთან და სანდრო გიორგაშვილთან. თანხის გადახდას ვგულისხმობ, რის სანაცვლოდაც ცნეს დაზარალებულად. თავად რუსიამ გაავრცელა ხმები, სასამართლო პროცესი 1-2 წელი არ დამთავრდებაო, ეს ჩემთვის პირად საუბრებშიც აქვს ნათქვამი. როდესაც ტელეფონზე დავუკავშირდი, მითხრა, _ თუ არ გაჩრდები, შენი სასამართლო პროცესი არ დასრულდება, თანამდებობის პირები მყავს მფარველები, რომლებიც ამ საქმეს მიხედავენო. ამჯერად ამ მფარველებს არ დავასახელებ! სენაკელ როზმან რუსიას ვისი იმედი ჰქონდა, ვინ უნდა ჰყოლოდა სენაკელი თანამდებობის პირი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავდა და პასუხისგებაში არ მიაცემინებდა, ისედაც ადვილი გამოსაცნობია! ცნობილი ფაქტია, რუსია ნარკოტიკის მომხმარებელია, 3-ჯერ ნასამართლები და ყოველ წელს მის ირგვლივ თაღლითობის ასეთი ფაქტები ხდება, ფაქტობრივად, ხალხს აგდებს! როდესაც რუსიამ ჩემთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, ლევან მაისურაძესთან მივედი, ვზივარ მის კაბინეტში და ვურეკავთ მის მძღოლს. როდესაც 12 000 ლარი ავიღე, ამ ადამიანის ხელით გადმომეცა, ქარხნის ბუღალტერთან ერთად. მაისურაძემ მითხრა, რომ დამერეკა და მომესმენინებინა, რა პასუხს გამცემდა. მან მითხრა, _ თუ არ გაჩერდები, მაგ ფულს დაკარგავო. რუსია საქართველოში არ არის, საზღვარგარეთაა წასული და არავინ იცის, როდის დაბრუნდებაო. ამ დროს, უკვე, გადამოწმებულია, რომ რუსია საქართველოშია. ამას ისმენს მაისურაძე და არანაირი რეაგირება არ აქვს მის მუქარაზე. იძულებული გავხდი, პროკურორ ლევან ღვედაშვილთან მივსულიყავი, რომელსაც ვუთხარი, რომ ინფორმაცია მქონდა რუსიასთან გარიგების შესახებ. ჩემი საქმის პროკურორი ისე გააკეთებდა რამეს, ღვედაშვილს არ სცოდნოდა? ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცოდა, მე ხომ ვუთხარი, ამას ღვედაშვილი ვერ უარყოფს! მითხრა, რომ არაფერი იცოდა, თუმცა, შევატყვე, ყველაფრის საქმის კურსში იყო. იმიტომ კი არ მივედი, რომ მისი პატიოსნების მჯეროდა, ეტაპობრივად დავიწყე, შემდეგ რომ არ ჰქონოდა პრეტენზია, რატომ წახვედი საოლქო ან მთავარ პროკურატურაში, ჯერ ჩემთან მოსულიყავი, იქნებ, ვაგვარებდი ამ საქმესო. დიდი იმედებით გამომისტუმრა, მაგრამ ის გიორგაშვილზე უარესია, ერთნაირები არიან, ერთი სქემაა და ერთად მუშაობენ! ვერ გაიგებთ, გიორგაშვილი ყვარლის პროკურორია, ლაგოდეხის თუ გურჯაანის, ყველგან შეგხვდებათ. ეს სამი რაიონი გაერთიანებულია, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც კონკრეტულ რაიონზეა მიმაგრებული?! ეს არის დაჯგუფება, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე, ღვედაშვილი და გიორგაშვილი ერთად არიან, სხვა პროკურორები და მოსამართლეები რომ არ ჩარიონ, ერთი და იგივე ხალხის ხელში ხვდება ასეთი საქმეები. ღვედაშვილთან შეხვედრას რეაგირება რომ არ მოჰყვა, ოლქის პროკურატურაში წავედი, ვაჟა მაღრაძეს შევხვდი, რომელიც ამ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს აკონტროლებს. ამ ადამიანმა ნამდვილად არაფერი იცოდა, ძალიან შეწუხდა, მაგრამ რასაც არ ეშველებოდა, რას იზამდა?! დაზარალებულად იყო უკვე ცნობილი ქარხანა და საქმე სასამართლოში იყო გადატანილი.

_ ბოლოს სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოიტანა?

_ სასამართლო ჩატარდა?! ოლქის პროკურორ ვაჟა ფანოზიშვილისგან რეაგირებას ვითხოვდი, ღვედაშვილი და გიორგიშვილი მოსამართლეს სასამართლო პროცესებს არ ატარებინებდნენ. მეორე მხარე არავინ იყო, მაკლერ ხუტიაშვილს დაატარებდნენ, 6-7 სასამართლო პროცესი გადაიდო ისე, რომ საქმის განხილვა არ დაიწყო. მოსამართლე ხინაშვილს სასამართლოს თავმჯდომარე ნარიმანიშვილი ეუბნებოდა, რომ გადადებულიყო და საქმის განხილვა არ დაეწყო. ეს იყო სასამართლოს თავმჯდომარის და პროკურორის შეთანხმება. ოლქის პროკურორს სწორედ ამას ვთხოვდი, პროკურატურა ნუ აიძულებდა მოსამართლეს, რომ საქმის განხილვა არ დაწყებულიყო. ვერ გავაჩერეთ! გურჯაანის პროკურატურა ოლქის პროკურორებმა ვაჟა ფანოზიშვილმა და ვაჟა მაღრაძემ ვერანაირად ვერ შეაჩერეს, ან როგორ შეაჩერებდნენ, თუ სასამართლო პროცესი დროულად ჩატარდებოდა და დადასტურდებოდა ეს საქმე, თანხას ვედავებოდი ქარხანას და არა მაკლერს, რუსიას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა და ორჯერ გადაიხდიდა? ამიტომ ღვედაშვილს და გიორგაშვილს ყველა ღონე უნდა ეხმარათ, რომ სასამართლო არ დასრულებულიყო, რაც როზმან რუსიამ თავიდანვე დააანონსა. იძულებული გავხდი, მთავარი პროკურორისთვის, ბადაშვილისთვის მიმემართა, გენინსპექციაშიც ვიჩივლე. მაშინ შოთაძე ბადაშვილის მოადგილე იყო და განაჩენი რომ დადგა, სწორედ მისი დამსახურებაა. განაჩენი გამოვიდა ჩემ სასარგებლოდ, სადაც მაკლერი აღიარებს, რომ დოკუმენტები გაყალბდა, ყურძენი კი ქარხანას ნამდვილად ჩაჰბარდა. შოთაძემ ჩემი საქმე ზეპირად იცის. გენინსპექციამაც ძალიან კარგად იმუშავა, ზურაბ ბენდელიანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ეს საქმე. მართალია, დროში გაიწელა, მაგრამ თავიდან გაფუჭებული საქმის გამოსწორება მოუხდათ. იურისტი არ სჭირდება, განაჩენი რომ ნახოთ, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, როგორ არის გამოტანილი, რა მუხლებია მიყენებული, როგორ განთავისუფლდნენ, თუნდაც საპროცესოთი, როცა ამ მუხლებით სხვებს იჭერენ. რატომ ხუტიაშვილი? იმიტომ, რომ მან რუსიაზე ძალინ ბევრი რამე იცის. თუ ის დაადებდა ხელს ქარხნის დირექტორს, შეიძლებოდა დღეს ციხეში ყოფილიყო, ამიტომ იძულებული გახდა, თანხა გადაეხადა, რომ პროკურატურას ხუტიაშვილიც დაეცვა. მივმართე ასევე იუსტიციის საბჭოს მდივანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც მომწერა, რომ ვერ ჩაერეოდა. შეიძლება მოსამართლე დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც პროცესი დაუსრულებლად გრძელდება, ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა მოითხოვოს?! სხვათა შორის, იუსტიციის საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს, ჩემი არც ერთი შეხვედრა თუ განცხადება არ დაუტოვებია უყურადღებოდ და ყოველთვის მიუთითებდა, რომ პროცესები არ გაჭიანურებულიყო. აგვისტოში დადგა განაჩენი, რომელსაც აღარ მაძლევდნენ, რომ სამოქალაქო წესით არ მედავა. ახლა ეს პროცესი გაიწელა. სასამართლო მეუბნებოდა, განაჩენს ვერ მოგცემთ იმიტომ, რომ მხარე არ ხარო, პროკურატურაც უარს მეუბნებოდა. იძულებული გავხდი, ისევ მთავარი პროკურატურისთვის მიმემართა და მათი მეშვეობით მოვახერხე, რომ სანდრო გიორგაშვილმა ფოსტით გამომიგზავნა ეს განაჩენი. განაჩენის მიხედვით ხუტიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ამ შემთხვევაში რუსია არაფერ შუაშია, სადაც ის აღიარებს დანაშაულს, რომ ნამდვილად გაყალბდა ჩემი ყურძნის საბუთები და ნამდვილად მე მეკუთვნოდა. დავიწყე დავა სამოქალაქო წესით. ახლა წარმოებაში არ იღებდნენ, ისევ გაწელვის პოლიტიკა დაიწყო, ხან ხარვეზები დაადგინეს, ხან რა… ამაზეც არაერთხელ შევაწუხე მურუსიძე. როგორც იქნა, იქამდე მივედით, რომ საქმე წარმოებაში მიიღეს და განხილვა დაიწყო. რუსიას და ხუტიაშვილს გადაწყვეტილება რომ გავუგზავნეთ, იმალებოდნენ, რომ არ ჩაჰბარებოდათ და ხელი არ მოეწერათ. მანამდე ყველა დოკუმენტაცია გურჯაანის ქარხანას ადმინისტრაციულ შენობაში ჰბარდებოდა. იბარებდა დაცვის თანამშრომელი, რადგან დირექტორი არასოდეს არ არის ადგილზე, არ ჩნდება ხალხში, რადგან ძალიან ბევრ საქმეშია ბრალდებული, არ ჩამოდის გურჯაანში. ახლა იძულებული გახდნენ, ეს თამაში დაეწყოთ _ არ იბარებს არც ბუღალტერი, არც დაცვის თანამშრომელი, უნდა ჩაიბაროს კონკრეტულად როზმან რუსიამ, ისიც სენაკშიო. სარჩელი მაკლერისა და ქარხნის დირექტორის სახელზე გავაგზავნე, სადაც ანაზღაურებას ვითხოვდი, ჩაიბარა მაკლერის რძალმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს. ქარხნის ბუღალტერმა არ იცოდა, რომ ეს სარჩელი იყო, უთხრეს, რომ სადაზღვევო კომპანიიდან იყვნენ, მოტყუვდნენ და ჩაიბარეს. ეს ფოსტაშიც არის დიფიქსირებული და რუსიამ სარჩელი მიიღო. გასაჩივრების ვადა რომ ამოიწურა, მოსამართლე იძულებული გახდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოეტანა, რის მიხედვითაც 38 225 ლარის გადახდა დაეკისრა ქარხანასაც და მაკლერსაც. 10 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადათ ეს თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებოს მეშვეობით მოხდებოდა ქონების იძულებითი რეალიზაცია. ეს გადაწყვეტილება ხუტიაშვილს სასამართლოში ხელზე ჩააბარეს, მაგრამ ახლა რუსიას ბუღალტერი აღარ მოტყუვდება, რომ სადაზღვევო კომპანიიდან მოუვიდა წერილი და არაფერს ჩაიბარებს, დაცვა გაფრთხილებულია, რუსია არასოდეს გამოჩნდება ამ ქარხანაში და რა გავაკეთო?! სენაკშიც არავინ იბარებს, ადმინისტრაციის თანამშრომლები ჰყავს გაფრთხილებული, ვითომ საზღვარგარეთ არის წასული, ძალაში რომ არ შევიდეს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი არ ავიღო. ოფიციალურად მოვითხოვე, რომ გურჯაანის ღვინის ქარხანას, ან სენაკს ჩაბარდეს და საჯარო შეტყობინება გაკეთდეს. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მაკლერს სასამართლოში შეატანინეს სარჩელი, რომ ცარიელი კონვერტი ჩამბარდაო. სადავო გახდებოდა, რომ ეთქვა, სარჩელი სულ არ ჩამბარებიაო, მაგრამ არ ვიცი, ასეთი აბსურდი რამ მოაფიქრებინათ სანდრო გიორგაშვილს, მოსამართლე ნანა ჩალათაშვილს, ან სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილს, ასე როგორ იმასხარავებენ თავს?! ჩემს ინტერესში შედიოდა, თუ ფოსტის, რომ სარჩელი არ ჩაბარებოდა?! ახლა მოსამართლემ უნდა დაიწყოს იმის განხილვა, იდო თუ არა კონვერტში სარჩელი. როდის აქეთ გახდა ნანა ჩალათაშვილი გამომძიებელი?! ნოემბერში ჩაბარდა სარჩელი მაკლერის რძალს, სად იყო იანვრამდე?! ეს გააკეთეს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა და სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა, რომლებმაც ხელი დააფარეს როზმან რუსიას. მაკლერს იყენებენ, რადგან რაც მას სასამართლომ დააკისრა, მისი გადახდის საშუალება არ გააჩნია. მის მიმართ სხვა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს, ადრეც ნასამართლებია და ამიტომ იყენებენ, რომ რუსიას ხელი დააფარონ. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ რუსიამ თანხა იმაში გადაიხადა, ჩემთვის აღარ გადაეხადა, მაგრამ საქმეში ჩაერთო შოთაძე, ბადაშვილი, გენინსპექცია, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზეც გავაგზავნე არაერთი განცხადება, თუ ვინმეს რამე ევალებოდა, არავინ დამრჩენია, ამ საქმეში ყველა ჩახედილია: პარლამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის საბჭო. ვინაიდან ეს საქმე შოთაძის კონტროლის ქვეშ იყო, ჩემ საწინააღმდეგოდ ვერ დაასრულეს! ლევან ღვედაშვილი და სანდრო გიორგაშვილი, რომლებმაც მოლაპარაკებები თავიდანვე დაიწყეს, ქრთამებში გაერივნენ და რუსიას ხელშეუხებლობის პირობა მისცეს, ახლა ის დააჭერს ამათ ფეხს, _ რისთვის გადაგიხადეთ თანხა, თუ ეს ვალი ისევ მე უნდა გავისტუმროო?! ამდენი წლის მანძილზე ათქვეფილები რომ არიან ერთმანეთში და ასეთი გარიგებები ხდება, რუსია ამ ყველაფერს იტყვის.

_ ამბობთ, მთავარმა პროკურორმა ეს ამბავი იცის. საინტერესოა, რატომ აჩერებს ასეთ თანამშრომლებს?

_ ეს მეც მაინტერესებს! როცა მთავარი პროკურატურაში საჩივარი პირველად შევიტანე, მაყვალა ცაავას დაეწერა, რომელიც კახეთის რეგიონის მაკონტროლებელი პორკურორია. ამ ქალბატონმა შეხვედრაზე მითხრა, _ შენ ხარ პირველი, ვინც ეს საქმე გაახმაურე და როგორ გაბედეო?! ისიც მითხრა, _ როზმან რუსიას ვინ არ იცნობს, მთელი სამეგრელო გადაგდებული ჰყავსო. ეს მე არაერთ განცხადებაში ჩავწერე. რა იცოდა მაყვალა ცაავამ, რომ როზმან რუსია მეგრელებსა და კახელებს წლების განმავლობაში აგდებდა?! თუ იცის, რატომ არ არის მიღებული შესაბამისი ზომები?! მთავარ პროკურატურაში რუსიას დაკითხვას ვითხოვდი, მაგრამ ვინ ჩადგა შუაში, საინტერესოა?! ვისთან აქვს რუსიას კავშირი, ვინ არის სენაკელი?! მაინტერესებს, რას ელოდება შოთაძე, რატომ არიან ისევ თავიანთ ადგილებზე ღვედაშვილი და გიორგაშვილი?! ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვებაო, როდისთვის ველოდოთ?! რომელი სამართლიანობა უნდა აღადგინოს შოთაძემ, როცა მისი თანამშრომლები კორუფციაში არიან ჩაფლულები?! კახეთში არავის აქვს სასამართლოსა და პროკურატურის ნდობა, მე პირველი კი არ ვარ?! ერთადერთი ადამიანი ვარ კახეთიდან, ვინც შეძლო და ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვა. ვინც მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება და პასუხსაც არ სცემენ, იმ ხალხმა რა ქნას?! მე თვითონ მყავს ნანახი სასამართლოში მოხუცებულები, რომლებიც ასეთი აფერის მსხვერპლნი გახდნენ და წლების მანძილზე მათი სასამართლო პროცესები არ ტარდება.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, კახელი მევენახეები მხოლოდ ამ ქარხნისგან დაზარალდნენ, თუ სხვაგანაც მოხდა ანალოგიური შემთხვევა?

_ ლაგოდეხში მოხდა ანალოგიური შემთხვევა, ის ხალხი თვითონ მიკავშირდებოდა. ღარიბაშვილის დროს კანცელარიის წინ აქციაც ჩაატარეს და კახელი კაცი ამაზე რეაგირებას რომ არ მოახდენს, რა უნდა თქვა?! მე თვითონ ღარიბაშვილს წერილი მივწერე, სადაც მის სიმამრს, თამაზაშვილს ვადანაშაულებდი. ინფორმაცია მქონდა, რომ ამ თაღლითებს ის იფარავდა და წილშიც იჯდა. არ ვამბობ, რომ თამაზაშვილი დაბალ რგოლებს დასდევდა, ის საოლქოს პროკურორს მფარველობდა, რომელსაც დანიშნული ჰყავს ღვედაშვილი, გიორგაშვილი და მისთანები, ერთმანეთში არიან ათქვეფილები და წილი მიდის იმასთან. თამაზაშვილია თუ ფანოზიშვილი, იმათ ჩემი ჯავრი კი არ სჭირთ, როცა იმის უფლება გაქვს, რომ ქრთამი აიღო და ეს დაფარო, იქ მეც მოვხვდები და სხვა ნებისმიერი რიგითი მოქალაქეც! ამ საქმეში სხვებთან ერთად ასე მოვხვდი, ქრთამის აღების ხელსაყრელი მომენტი ჩავარდა, მხოლოდ მე კი არ ვიყავი რუსიასგან დაზარალებული, უბრალოდ, იმ ხალხმა ვერ დაამტკიცა, რომ ყურძენი მათ ეკუთვნოდა!

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი