სკანდალი რაგბის კავშირში

55

ფეხბურთის ფედერაციის შემდეგ რაგბის კავშირი

ხელისუფლება ამჯერად უკვე რაგბის კავშირში გეგმავს საკუთარი ინტერესების გატარებას.

მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებს უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი აკონტროლებდა. ხელისუფლებას ყველა ბერკეტის გამოყენება დასჭირდა, დელეგატების დაშინებისა და დაკავების ჩათვლით, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ მისთვის სასურველი პირი გაეყვანა.

საქმე ფინანსებშია და არა სპორტის რომელიმე სახეობის აღორძნების მცდელობაში, რადგან ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ მხოლოდ თანამდებობის პირები შეიცვალნენ და ქართულ ფეხბურთს არაფერი დასტყობია.

ამჯერად, საქმე ეხება რაგბის კავშირს და კავშირის თავმჯდომარედ სასურველი კანდიდატურის გაყვანას.

მთავარი ფიგურანტი, როგორც პირველ შემთხვევაში, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა რაგბის კავშირის თავმჯდომარეს, გია ნიჟარაძეს, უკვე “მეგობრულად“ ურჩია, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს, რადგან ის ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი არ არის.

გია ნიჟარაძე რაგბის კავშირის თავმჯდომარედ 2012 წლის იანვარში აირჩიეს, გამგეობაში 13 წევრი შევიდა, მათ შორის, გამგეობის წევრები იყვნენ რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ყოფილი პრემიერი რაგბის განვითარებაში საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებდა. რაგბის კავშირთან არანაირი პრეტენზია ამ დრომდე არავის ჰქონია, მეტიც, ეს ფინანსები რაგბის კავშირის განვითარებისათვის იმდენად მიზნობრივად იხარჯებოდა, რომ სპორტის ეს სახეობა ნამდვილად საამაყო გახდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების„ მოსვლის შემდეგ რაგბისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გაიზარდა, სპორტის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, რაგბის განვითარებისთვის  დამატებითი ინვესტიცია _ 3 600 000 ლარი გამოყო. 2014 წელს გადაწყდა, რომ დიღომში 30-ათასიანი სარაგბო არენა უნდა აშენდეს, არენამ 25 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, პროექტი რაგბის კავშირის, ფონდი „ქართუს“ და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს. ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის მიღებაც, რომლის მასპინძლადაც საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანა. ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე უნდა გაირკვეს. ამ დაწყებული პროექტებისა და არარსებული პრეტენზიების ფონზე ენერგეტიკის მინისტრის მოთხოვნა, რომ გია ნიჟარაძემ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, სრულიად გაუგებარია. ასევე კულუარული ინფორმაციით, კალაძეს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს _ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატია ქ. თბილისის საკრებულოში.

2015 წლის 13 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, კავშირის შიდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლასა და სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობენ.

„საქართველოს რაგბის კავშირის წესდების „თ“ პუნქტის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს იმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზედაც რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები უნდა აირჩიონ _ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს კრება არის საარჩევნო კრება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი „თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის“ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს სცილდება და სახიფათო პრეცედენტს ქმნის პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

„რაგბი ჩვენი თამაშია“, _ ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, თანადგომას უცხადებს და პასუხისმგებლობას იღებს, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის, თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება საჯაროდ მხილებული.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ გახლავთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია, იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირისა და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში: რაგბი ჩვენი თამაშია“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

 

ელისო კილაძე