ვალდებულება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გაურბის?!

333

დედაქალაქის მკვიდრი, ბესარიონ საღარაძე, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, ათასობით მოქალაქესთან ერთად, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალდა, ფინანსთა სამინისტროს აღებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მან ამ მიზნით სასამართლოსაც მიმართა.
სახელმწიფოს შიდა ვალების გასტუმრების ის წესი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინათ ფინანსთა სამინისტროს უნდა შეემუშავებინა და დღემდე არაფერი გაუკეთებია, საღარაძემ მაშინ დაწერა, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა და თემატური ჯგუფები ქვეყნის პრობლემებს სწავლობდა. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მან ამის შესახებ პირადად ჯერ ბიძინა ივანიშვილს აცნობა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი უკვე გამინისტრებულ ნოდარ ხადურს.
რატომ არ ასრულებს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დაპირებას? რატომ ცრუობს დედაქალაქის მერია? რატომ არ წაიკითხა 3 წლის მანძილზე ნოდარ ხადურმა ხელიდან ხელში გადაცემული დოკუმენტი?
„ქრონიკა+“-ს ბესარიონ საღარაძე ესაუბრება:
_ ეს საკითხი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ჯერ ისტორია უნდა გავიხსენოთ: სსრ კავშირის დროს საბინაო ფონდი რამდენიმე სახისაგან შედგებოდა. პირველი _ სახელმწიფო საბინაო ფონდი. სახელმწიფო სახსრებით შენდებოდა საცხოვრებელი ბინები ქალაქებში და ქალაქის ტიპის დასახლებებში და ამ ბინებს მოქალაქეებს უფასოდ აძლევდნენ; მეორე ფონდი იყო ინდივიდუალური ბინები, რომელიც იყო ფიზიკური პირების კერძო საკუთრება; არსებობდა კიდევ მესამე სახის, რომელსაც კოოპერატიული ბინათმშენებლობა ერქვა. ქალაქებში შენდებოდა კორპუსები, რომლის მშენებლობას საკუთარ თავზე იღებდა ფიზიკური პირი. საპაიო შენატანებით გროვდებოდა თანხა, რომელიც ამ კორპუსის მშენებლობას სჭირდებოდა, სამშენებლო ტრესტებთან ხელშეკრულება ფორმდებოდა და ამ ბინას აშენებდა. აშენებული ბინა მფლობელის საკუთრება იყო, ხოლო დანარჩენი _ კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთი და ა. შ. _ კოოპერატივის წევრების საერთო საკუთრება. უნდა შეგვეტანა ბინის ღირებულების ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი ფინანსდებოდა საკავშირო ცენტრალური მთავრობიდან და გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი იხსნებოდა. საკრედიტო განაკვეთი იყო წელიწადში 0,75%, როგორც კი ამ ვალს დაფარავდი, ბინა შენი პირადი საკუთრება ხდებოდა. მაშინდელი და ახლანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც კოოპერატიული კორპუსი უნდა აშენებულიყო, ან უკვე აშენებული შენობა დგას, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ამ ნაგებობის განუყოფელ ნაწილს. 1991 წელს, როცა სსრ კავშირი დაინგრა, საკრედიტო წყარო მოისპო და მთელი სსრ კავშირის მასშტაბით კოოპერატიული ბინათმშენებლობა გაჩერდა. 1991 წელს ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად  თენგიზ სიგუა პრემიერ-მინისტრი გახდა. სსრ კავშირი უკვე დანგრეული იყო და მოხდა ასეთი რამ: რუსეთიდან ცენტრალურმა ბანკმა შეწყვიტა ფულადი ნიშნების მოწოდება, რომლითაც ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო. საქართველოში ფულადი ნიშნების დეფიციტი იყო. 1992 წელს სიგუამ გამოსცა დადგენილება, სადაც ეწერა, რომ ხალხს თუ რამე დანაზოგი ჰქონდა, ბანკებში შეეტანა და ამ თანხას გაუორმაგებდნენ. ამ დადგენილების მეორე პუნქტი კოოპერატიულ ბინათმშენებლობას ეხებოდა: თუკი 1990 წელს მოქმედი ხარჯთაღრიცხვით მთლიანად შეავსებთ თქვენი ბინათმშენებლობის ხარჯებს, ერთ წელიწადში აგიშენებთ სახლებსო. კოოპერატივის 110 კორპუსი უნდა აშენებულიყო და 98-მა მთლიანად დაფარა ეს თანხა. ბევრი რომ არ ვილაპარკოთ, არაფერი გაუკეთებიათ, 2-3 კორპუსს ცოტა რაღაც მიამატეს. დაიწყო ჰიპერინფლაციური პროცესები, ჯერ კუპონი შემოვიდა, მერე ლარი და ჩვენ რომ გვქონდა 3 მილიონი მანეთი შეტანილი, ჯერ იქცა 3 მილიონ კუპონად და 3 მილიონი კუპონი ბოლოს 3 ლარი გახდა. თუ ამის გადაანგარიშებას ამ წესით მივყვებით, მინდა გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტრო დღესაც ასე ითვლის, 3 ლარად 130-ბინიან 9-სართულიან კორპუსს კაციშვილი არ ააშენებს. საერთაშორისო სამართლით, რუსეთი სსრ კავშირის უფლებამონაცვლეა და, შესაბამისად, რუსეთმა გადაიბარა სსრ კავშირის აქტივები და პასივები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს უფრო მეტი ვალი ჰქონდა რუსეთის, ვიდრე იქიდან გვეკუთვნოდა. ადგა ჩვენი მთავრობა და ჩვენ გარეშე, ვალი, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის ჰქონდა რუსეთს საქართველოსთან, სახელმწიფო ვალში გამოქვითა, ანუ 1997 წელს, საქართველოს მთავრობამ, რუსეთის ფედერაციის წინაშე არსებული ვალი ჩვენი ფულით გაისტუმრა ისე, რომ ჩვენ არც კი შეგვეკითხა. ამის დოკუმენტები არსებობს და დღევანდელი ფინანსთა სამინისტროს საიტზეც დევს.
_ 1998 წელს შიდა ვალად ამის აღიარება როგორ მოხდა?
_ ჩვენი ფულით გაისტუმრა ვალი და შესაბამისად, რაღაც ხომ უნდა მოეცათ? მიიღეს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, სადაც ჩაწერეს, რომ თქვენ მიმართ მე მაქვს ვალი, მე უნდა გაგისტუმროთ და არა რუსეთის ფედერაციამო. ვალის გადაბარება მოხდა. ეს იყო იურიდიული საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო კანონში დაფიქსირდა შიდა სახელმწიფო ვალად კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალი. თორემ, სხვანაირად, არანაირ ყურადღებას არ მოგვაქცევდნენ. ამის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები სერიოზულად ჩაერივნენ  და შევარდნაძის მთავრობა იძულებული გახდა, ეს ვალი ეღიარებინა. ეს ერთ-ერთი პუნქტია, თორემ მთლიანობაში 10 პუნქტია და სხვადასხვა სახის შიდა ვალზეა საუბარი. ეს იყო ვალდებულების აღიარება, მაგრამ კანონს მერე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა მოჰყვეს, რომელიც ამ ვალის გასტუმრების წესს და რიგს დაადგენს. იმავე კანონში წერია, რომ ამ ვალის გასტუმრების წესი უნდა შეიმუშაოს ფინანსთა სამინისტრომ და 1998 წლის პირველ სექტემბრამდე შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. მსგავსი არაფერი მომხდარა და დღემდე ეს წესი შემუშავებული არ არის. ამას რომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან, კაციშვილი არ ამბობს, ვალი არ გვაქვსო, მაგრამ რომ ვეუბნები, _ თუ ვალი გაქვს, გამისტუმრე-მეთქი, მეუბნებიან, _ გაგისტუმრებდით, მაგრამ არ ვიცით, როგორ გაგისტუმროთო. ამ ბოლო დროს ასეთი ლაპარაკი დაიწყეს, ისიც კი არ ვიცით, რამდენი გვაქვს თქვენი ვალი, ჯერ უნდა დავითვალოთო. ამის დოკუმენტები არსებობს, ოფიციალურად მწერს, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული ფინანსთა მინისტრით და თბილისის მერით. თბილისის მერი პირდაპირ მეტყვის, რომ მე შენი ვალი არ მაქვსო. ვალი აღიარა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თბილისის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობა. ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ჩვენი ვალი და არა ადგილობრივს.
_ აბა, რატომ ჩაატარა მერიამ ინვენტარიზაცია? მიწის ნაკვეთების გამოყოფაზეა საუბარი, დაწყებული კორპუსების მშენებლობას ამთავრებს?..
_ ტყუილია ეს ყველაფერი! მიჩვენეთ ერთი კორპუსი, რომელიც მერიამ საკუთარი ასიგნებებითა და საკუთარი ფულით გააკეთა…
_ როდესაც ამ თემაზე მასალას ვამზადებდი, მერიაში ოფიციალურად მითხრეს, რომ მაგალითად, მარჯანიშვილის 16-ში დაწყებული ბინის მშენებლობა სრულდება.
_ ეგ კორპუსი კოოპერატიული ბინათმშენებლობის არ არის. მაგ კორპუსს, თავის დროზე, ქალაქის საბჭო აშენებდა და ვერ დაამთავრა.
_ ასეთივე ინფორმაცია მომაწოდა ასოციაციამ, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა უფლებებს იცავს, ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა მოადგილე, ქალბატონი წიქარიშვილი იმ ურთიერთობებზე მესაუბრა, რომელიც ასოციაციას და მერიას აქვთ. მითხრეს, რომ პირველ თებერვლამდე წესი უნდა დაიდოს, უნდა დამთავრდეს დაწყებული ბინების მშენებლობა; იმ ბინების მესაკუთრეებს, რომლის მშენებლობა არ დაწყებულა, მიწები უნდა გადასცენ… ეს ორგანიზაცია ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგა, სახლები აღირიცხა, ჩატარდა ინვენტარიზაცია და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გამოყოფილი…
_ საქმე ის არის, რომ პირველ თებერვლამდე უნდა დაიდოს წესი, მაგრამ წესი ვალის გასტუმრების სანაცვლოდ, უძრავი ქონების გადაცემის, მეტი არაფერი. ტყულია ეს ყველაფერი, ინვენტარიზაცია 2004 წელს ჩატარდა. მაჩვენონ, ასიგნებებში სად არის ეგ მილიონ 700 000, ტყუილია! 325 000 ლარი იყო გამოყოფილი!
_ აბა, ეს რას ნიშნავს, მერიაც ტყუილს ამბობს და ასოციაციაც?
_ ასოციაციას მერია რასაც ეუბნება, იმას იმეორებს. ვინ რას ამბობს, არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რაც დოკუმენტურად ვიცი. ეს დოკუმენტები მე კი არ შევადგინე, მერიის, საკრებულოსა და მთავრობის ოფიციალურ საიტებზე დევს. აი, რა ხდება: 2004 წელს მთავრობამ დადგენილება გამოსცა და შიდა სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია შექმნა, ათივე ვალს ეხება. ამ კომისიის შექმნის დადგენილებაში, მთავრობამ ჩაწერა, რომ კომისია იკრიბება მინიმუმ თვეში ერთხელ. ამ დადგენილებას მოაყოლა კომისიის დებულება, სადაც გაწერილია კომისიის მუშაობის წესი და უფლებამოსილებები. ეს არის მხოლოდ სათათბირო ორგანო, რომელმაც გარკვეული რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს და მთავრობას წარუდგინოს. ამ სათათბიროს რეკომენდაციას მთავრობა ან გაითვალისწინებს, ან _ არა. 2005 წლის დასაწყისში ამ კომისიამ სამუშაო ჯგუფები შექმნა, რომელთაც კოოპერატიული ბინათმშნებლობით გამოწვეული შიდა სახელმწიფოებრივი ვალის ინვენტარიზაცია უნდა გაეკეთებინათ, რაც გულისხმობდა აშენებულ, დაუმთავრებელ, ან მშენებლობა დაუწყებელ კორპუსებს და ა. შ. ამ სამუშაო ჯგუფმა ეს ინვენტარიზაცია თავიდან ბოლომდე გააკეთა და სრული მონაცემები დადო. კომისიამ 12 000 დაზარალებული აღრიცხა. ამის შემდეგ გაჩერდნენ, გაჭიმეს და გაჭიმეს დრო. 2008 წელს ფინანსთა სამინისტროს მივმართე, _ ჩემი ვალი რომ გაქვთ, გამისტუმრეთ-მეთქი. მაშინაც მითხრეს, _ კი გვაქვს შენი ვალი, მაგრამ სანამ კომისია რეკომენდაციებს არ შეიმუშავებს და მთავრობას დასამტკიცებლად არ წარუდგენს, მანადე ვერაფერს გადაგიხდითო. ვუთხარი, _ დალოცვილებო, მე გთხოვთ ვალს, სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის თანახმად, კომისია რა შუაშია-მეთქი? ამით იმის თქმა მინდა, რომ კომისია არის ლეღვის ფოთოლი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იფარებდა, რომ ეს ვალი არ გაესტუმრებინათ. 2008 წელს დავიწყე დავა, მაგრამ ფიზიკოსი ვარ და იურიდიულად რაღაცები სწორად ვერ განვსაზღვრე. 2008-2010 წლებში ჩემ გარდა სხვებმაც დაიწყეს დავა და ვალს ვითხოვდით. მათ ყველა სასამართლო ინსტანცია გაიარეს და ყველგან წააგეს. მეც გავიარე ეს ყველაფერი და უზენაესამდე ავედი. დანარჩენმა სტრასბურგში იჩივლა. 2012 წელს ევროპულმა სასამართლომ 170 ჩვენი მოქალაქის სარჩელი განიხილა და დაუშვებლად ცნო. ასეთი რამე დაწერა: თქვენ მიმართ უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს, ვალი აღიარებულია და მთავრობა თუ გასტუმრების წესს არ აკეთებს, ჩემთან რა გინდათ, პირდაპირ მთავრობას მიმართეთო. შეცდომა დაუშვეს, მუხლი სწორად არ მიუთითეს, რომ ევროსასამართლოს ეს საკითხი განეხილა. წააგეს, შეიქმნა პრეცედენტი და ევროსასამართლოში გზა გადაიკეტა. ამიტომ მე დავა სხვანაირად დავიწყე: ჯერ მივმართე ფინანსთა სამინისტროს: 1998 წელს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში რომ ჩაგიწერეს, პირველ სექტემბრამდე შეიმუშავეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით გამოწვეული სახელმწიფო ვალის ანაზღაურების წესი, გააკეთეთ-მეთქი. ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე, ავდექი და სასამართლოს მივმართე.
2011 წელი იყო, ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და პოლიტიკური განცხადი გააკეთა „ნაციონალების“ გადაგდების შესახებ. ფილარმონიაში „ოცნების“ დიდი შეკრება გაიმართა, მივედი, რამდენიმე დღის შემდეგ კი შევიტყვე, რომ „ოცნება“თემატურ სამუშაო ჯგუფებს ქმნიდა, რომლებიც პრობლემურ საკითხებს შეისწავლიდნენ. ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვა იყო, რომლის ხელმძღვანელიც მინდია უგრეხელიძე გახლდათ. მაშინვე დავუკავშირდი ბატონ მინდიას და ამ მიმართულებაში ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი გავხდი. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა სოსო ბარათაშვილი, ცნობილი იურისტი. ერთადერთი მე გახლდით ამ ჯგუფში ფიზიკოსი, დანარჩენი ყველა უმაღლესი კვალიფიკაციისა და პრაქტიკის მქონე იურისტი იყო: მარიამ ცაცანაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და სხვები. ამ ჯგუფში ერთადერთი მიზნით ვიყავი მისული, „ქართულ ოცნებაში“ გამეხმაურებინა, რომ ჩვენი უფლებებიც ირღვეოდა. მე გავახმაურე ამ პრობლემის შესახებ, იქ არც ასოციაცია მოსულა და არც არავინ… ჩემი ინიციატივით გავაკეთე პროგრამა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა უფლებების დარღვევის თაობაზე. პროგრამა მოცულობითი გამოვიდა, რადგან ბევრი დოკუმენტი დავურთე. ასევე გავაკეთე პროგრამა მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც სიტყვა-სიტყვით შევიდა „ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, მაგრამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. როგორც კი გავიგე, რომ ეს ნაწილი წინასაარჩევნო პროგრამაში არ შედიოდა, ნოდარ ხადურს შევხვდი, რომელიც ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი გახლდათ „ოცნებაში“ და საათნახევარი ვკამათობდით. მოკლედ რომ ვთქვათ, პასუხი ვერ მივიღე. 2012 წლის იანვარში სოსო ბარათაშვილმა დაგვიძახა და გვითხრა, 2 კვირაში მობრძანდება ბატონი ბიძინა და თქვენი პროგრამები მოკლე მესიჯებად წარუდგინეთო. ვუთხარი, მესიჯებს კი არა, ქმედებას გთავაზობთ-მეთქი. ახლა ამის დაკონკრეტება შორს წაგვიყვანს, იქ ბევრი ნიუანსია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ჩემი წინადადება მოკლედ, 2 გვერდზე დავწერე და ჩემი ტელეფონის ნომერიც მივუთითე. 2012 წლის თებერვალში იყო ეს შეხვედრა, ავტოკატასტროფაში ვარ მოყოლილი და 2007 წლის შემდეგ მხოლოდ ინვალიდის ეტლით გადავაადგილდები, სხდომის დამთავრების შემდეგ, როგორც იყო, მივგორდი ბატონ ბიძინასთან და ხელიდან ხელში გადავეცი ეს წერილი. დახედა, მითხრა, _ გავეცნობი და, მაქსიმუმ, ერთ კვირაში დაგიკავშირდებით, შეგხვდებით, პრობლემაზეც ვილაპარაკოთ და გადაჭრის გზებზეცო, მაგრამ არავინ დამკავშირებია. 2-3 თვის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა მოეწყო, მე საერთოდ არ გამაგებინეს, ბიძინა ივანიშვილი კოოპერატიული ბინათნმშენებლობით დაზარალებულებს შეხვდა. მან იქ ასეთი რამე თქვა: როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ იქვე დაამატა, არ ვიცი, როგორ და რა ფორმით მოხდება, რადგან არ ვიცი, რანაირი ბიუჯეტი დაგვხვდებაო. ჩატარდა არჩევნები, მოიგეს და 2012 წლის დეკემბერში უკვე „ქართული ოცნება“ ზის, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია. ქუთაისში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჩაატარა. წავედით მე და ჩემი 2 მეგობარი კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად. პირდაპირ ვკითხე ხადურს, _ რას აპირებთ-მეთქი? განაცხადა, _ შევქმნით სამუშაო ჯგუფებს, ამაზე კომისიაც არის, ჯგუფების მუშაობაში ჩაგრთავთ და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ მოვლენების შესახებო. 2012 წლის დეკემბერს ნოდარ ხადური ავტომატურად გახდა ამ სახელმწიფო ვალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. მთავრობის დადგენილებაში, 2004 წელს რომ იყო მიღებული, იქვე წერია, რომ კომისიის თავმჯდომარე, ამავდროულად, ფინანსთა მინისტრია. 2012 წელშივე, მე პირადად, ბატონ ნოდარს, ხელიდან ხელში გადავეცი პროექტი კოოპერატიული ბინათმშნებლობით გამოწვეული სახელმწიფო ვალის გასტუმრების წესის შესახებ. ამ პროექტს თან ახლდა რეკომენდაციები ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერებისგან და ეკონომისტებისგან.
_ რა წერია ამ პროექტში?
_ სწავლული ეკონომისტები ამბობენ: ამ ვალის დათვლა შეუძლებელია, ფულით რომ გამოხატო, რადგან კურსი და ფასები ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ უნდა დაფიქსირდეს, რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოსო. მაგალითად, ჩემ მიმართ სახელმწიფოს ვალდებუელბა აქვს 4-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 87 კვმ-ს, მაშინდელი კანონმდებლობით საცხოვრებელ ფართად ითვლებოდა მხოლოდ ოთახები, ჩემი ბინის პერიმეტრზე ფართი იყო, დაახლოებით, 120 კვ.მ. ადეკვატური ანაზღაურება ხომ უნდა გამიკეთოს? ჯანდაბას, 87 კვ.მ. იყოს. ამ ვალის გასტუმრების 3 მეთოდიკა შევთავაზეთ: პირველი _ ფულით, დღეს რაც ღირს 87 კვ.მ. ფართის ბინა, იმდენი უნდა მომცე, მაგრამ აღიარება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში. წესში იქვე ჩავწერეთ, რომ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ მოხდეს ამ ვალის გადაანგარიშება იმ დროსათვის მოქმედი კურსის მიხედვით. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ფინანსთა სამინისტრომ, რადგან მისი კანონიერი ვალდებულებაა. იქვე დავწერეთ, ამ ფინანსური აქტივით, უფლება მიეცეს მოქალაქეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ქონების აუქციონებში. ქონებას მე თვითონ ვეძებ, აქტივი მაქვს და ვყიდულობ, რაც მინდა; მესამე ვარიანტი _ საშუალო ვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით. ეს ძალიან საინტერესო ვარიანტია, რადგან საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაჩნდებოდა, რომელიც დღეს არ არსებობს. დღემდე წაკითხულიც არ აქვთ ეს წესი. დღეს მეუბნება, რომ 2016 წლის პირველ თებერვლამდე წესს მერია შეიმუშავებსო. ამას რა ჰქვია, ხელიდან ხელში გადავეცი! გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროშიც ვიყავით მისულები და მინისტრის პირველ მოადგილესაც მივეცი ხელიდან ხელში. ჯანდაბას ეს ყველაფერი, ამის შემდეგ ვეკითხები, – 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ხომ შევიდა განსახილველად, გუშინწინ კორექტირებული ვარიანტი მიიტანეს, პირველივე პროექტი როგორც შევიდა, მაშინვე შეკიხვით მივმართე ფინანსთა სამინისტროს _ 2015 წლის ბიუჯეტის მოქმედ კანონში, მე-13 მუხლში არის ვალების საპროგნოზო მოცულობა. იქ წერია, რომ შიდა საპროგნოზო ვალის მოცულობა მილიარდზე მეტია, რომელშიც შედის ამასთანავე ისტორიული ვალები, რომლის შემადგენელი ნაწილია კოოპერატიული ბინათმშენებლობა. ვეკითხები, _ ამ ისტორიულ ვალებში გიწერიათ საპროგნოზო 672 მილიონი ლარი, როგორც ცნობილია, ამ ვალის ნაწილია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული ვალი და რამდენია ამის მოცულობა-მეთქი? მომწერეს პასუხი, _ შენ რასაც ითხოვ, იმხელა სამუშაოა, მონაცემები უნდა მოვიძიოთ და მერე გეტყვითო. ვეკითხები ბიუჯეტის შემდგენელ ორგანოს _ ფინანსთა სამინისტროს, რომელსაც ეს მონაცემი უნდა ჰქონდეს, რად უნდა 10-დღიანი ვადა?! ეს ვადაც რომ გავიდა და პასუხი ვერ მივიღე, მაგათი ტერორი დავიწყე ტელეფონით და 2 დღეში მიპასუხეს, სადაც ძალიან საინტერესო რამე წერია. ეს განცხადება პარალელურად პარლამენტსაც მივწერე, იქ კომიტეტში მიპასუხეს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და თქვენი წერილი სამინისტროში გავაგზავნეთო. ფინანსთა სამინისტრო კი მპასუხობს: „სახელმწიფო საშინაო ვალის ე. წ. ისტორიული ნაწილი საქართველოს კანონით „სახელმწიფო ვალის შესახებ“ შედგება 10 სხვადასხვა კატეგორიისგან. „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით“ მათი მოცულობა ჯამურად 672,3 მლნ ლარით არის განსაზღვრული, თუმცა ეს ციფრი არ ასახავს ვალის რეალურ სიდიდეს, რადგან უმეტესი კატეგორიის გაანგარიშების მექანიზმი არ არსებობს. სავალო კატეგორიების მოცულობა საორიენტაციოდ იყო აღებული, შემდგომში მისი დაზუსტების მიზნით. წლების მანძილზე ამ ციფრმა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება განიცადა და კვლავ საორიენტაციო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების მოცულობა დაუზუსტებელია“.
ორი წელიწადია, ამ კომისიას სხდომა არ ჩაუტარებია, რას სწავლობენ ამდენს?! საიდან მოიტანეს, აბა, ის რიცხვი, 672 მილიონი?! თუ ამ ვალის გასტუმრება უნდათ, სასამართლოში უარს რატომ მეუბნებიან? იქ მეტს კი არაფერს ვითხოვ, წესი შეიმუშავეთ-მეთქი. ამ დროს იქ მოპასუხეებად არიან: საქართველოს მთავრობა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ფინანსთა სამინისტრო და კომისია, 4 მოპასუხე მყავს. ფინანსთა სამინისტროში ლამის ყოველდღე მაქვს სატელეფონო კავშირი და ვეკითხები: წესს რატომ არ წერთ-მეთქი? და მპასუხობენ, _ წესი რომ დავწეროთ, მაშინ ფულიც ხომ უნდა გაგისტუმროთო.
_ ქვეყნის ბიუჯეტს შეუძლია ამ ვალის გასტუმრება?
_ როგორ არ შეუძლია, შეკვეცონ ადმინისტრაციული ხარჯები და შეძლებენ! რა თქმა უნდა, ამ ვალის გასტუმრება შესაძლებელია. მე არ ვამბობ, მაინცდამაინც წელს, რამდენიმე მეთოდით შეიძლება, მაგრამ წესი უნდა შემუშავდეს, ამის დაწერა კი არაფრით არ უნდათ!
„ქრონიკა+“ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
„- გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის სხდომები გაიმართა 2015 წლის 28 აპრილსა და 2014 წლის 18 იანვარს. ამასთან გაცნობებთ, რომ საშინაო ვალის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით, მოქალაქეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს/ პოზიციას როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით (სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული წესის შემუშავება სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებაა. დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომისიის მიერ  2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №7) მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: „გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 18 იანვრის სხდომაზე მიღებული N1 გადაწყვეტილების (ოქმი №6) შესაბამისად, წარმოსადგენი ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმრავლესობის მიერ არასრულყოფილად ან საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი, ეთხოვათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (გარდა ქ. თბილისისა) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების უშუალო ჩართულობით, დამატებით შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:
•   მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობაც დაიწყო და არ დასრულებულა კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფარგლებში;
•  მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობა ჯერ არ დაწყებულა;
•  ზემოაღნიშნული ქონების (მიწის/შენობა-ნაგებობის), როგორც კანონიერი მესაკუთრეების შესახებ, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებსაც აღნიშნული ქონება არ აქვთ საკუთრებაში თუმცა თვითნებურად ფლობენ მას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა განახორციელონ აღნიშნული ქონების (მიწა/შენობა-ნაგებობა) შეფასება/ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასება. ეთხოვა ქალაქ თბილისის მერიას, იმსჯელოს ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალურ საკუთრებად და კოოპერატიული ბინათმშენებლობის მიზნისთვის იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე მათ მიერ სახელმწიფო საშინაო ვალზე მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ეთხოვა ქალაქ თბილისის მერიას და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  2016 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის მათ მიმართ არსებული სახელმწიფო საშინაო ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ მუნიციპალურ საკუთრებად და კოოპერატიული ბინათმშენებლობის მიზნისთვის იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ  წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ განხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება) აღიარებული სავალო ვალდებულების შესრულება.

 

თამარ ბატიაშვილი