გიორგი ვაშაძე: „რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა!“

444

„რუსთავი 2“; სასამართლო; ხელისუფლება; „ნაციონალური მოძრაობა“; რეაქციები; ჩვენი საზოგადოებისა და დასავლეთის დამოკიდებულება _ ვითარება გამწვავებულია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს ამბები ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, რადგან კომპრომისების შანსი, ალბათ, ძალიან მცირეა.

8 ნოემბერს „რუსთავის 2“-ის შენობასთან ჯერ მიტინგი გაიმართა, შემდეგ კი _ კონცერტი. სანდრო ეულის ქუჩაზე ბევრი ხალხი არ მისულა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს _ მთავარი ხომ ის არის, რა დინამიკა აქვს პროცესებს და რა შედეგისკენ მიდის ყველაფერი?

ქრონიკა+“-ის რესპონდენტია პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი ვაშაძე:

_ 8 ნოემბრის აქციას როგორ შეაფასებდით?

_ დაახლოებით 2-3 ათასი კაცი მოვიდა, ხალხის სიმრავლეზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს იმაზე, რაც ხდება.

_ როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოება რამდენად იქნება სოლიდარული `რუსთავის 2~-ის მიმართ? გაქვთ დიდი მხარდაჭერის იმედი?

_ ის, რაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ ტელემაუწყებლის პრობლემა, ეს არ არის დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ან, თუ გნებავთ, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. არის ორი სტრატეგია: თუ დროებითი მმართველები შევლენ „რუსთავი 2“-ში, ისინი ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიან ამ ტელევიზიას; მეორე სტრატეგია ის იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს სპეცრაზმით შესვლას „რუსთავი 2“-ში, თუმცა არც ეს ვარიანტია გამორიცხული. რა თქმა უნდა, არსებობს იურიდიული ბრძოლის საშუალებაც იმ ყველაფერთან, რასაც ივანიშვილის მმართველობა ახორციელებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ოღონდაც ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ „რუსთავი 2“-ისთვის, რეალურად, „რუსთავი 2“ არის წითელი ხაზი.

_ წითელ ხაზში რას გულისხმობთ?

_ თუ მოახერხებენ ყველაზე მძლავრი, რეიტინგული და კრიტიკული ტელევიზიის, „რუსთვი 2“-ის ჩახშობას, ამის მერე ყველასთან მივლენ, ყველას თავისუფლებასა და ღირსებას შეეხებიან და ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანენ. ამდენ ელჩს და უცხოელ დიპლომატს მანამდე ამდენი განცხადება არ გაუკეთებია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ამ პერიოდში გაკეთდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მათ თითქმის პირდაპირ თქვეს: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ხომ არ შეიშალა ჭკუიდანო? დროის მცირე ინტერვალში აშშ-ს წარმომადგენლებმა სამი განცხადება გააკეთეს `რუსთავი 2~-ის თემაზე. ყველა ვხედავთ, რომ დასავლეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ან გვინდა თავისუფალი განვითარება და დემოკრატია, ან გვინდა ოლიგარქიული სისტემა _ რეალურად ამის წინაშე ვდგავართ.

_ როგორია თქვენი პროგნოზი, რა მოხდება მომდევნო ეტაპზე ამ მოვლენებთან დაკავშირებით?

_ მოჯადოებული წრე უკვე გაირღვა, 8 ნოემბრის აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოვიდა. უკვე ყველა ხვდება, რომ დასაცავია თავისუფალი მედია. თუ ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც ჩაფიქრებული აქვს, თითოეულ მოქალაქეზე მოახერხებს იერიშის მიტანას. უკვე სიტუაცია მომწიფდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავისუფლება დაიცვას.

_ ამ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რამდენად საინტერესოა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია?

_ პრეზიდენტის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული და საინტერესოა. კონსტიტუციურ ჩარჩოში ის არის პრობლემის დამბალანსებელი და შემფასებელიც. პრეზიდენტის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადამწყვეტი იქნება. ვისურვებდი, რომ მან უფრო აქტიურად და გაბედულად ისაუბროს იმაზე, რაც ხდება. რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩემი, პირადი პოზიცია.

_ პარლამენტის წინა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რომ ძალიან დიდი იყო, მგონი, სადავო არ უნდა იყოს, ანუ ქართველმა ხალხმა მას დიდი ნდობა გამოუცხადა…

_ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მეც მქონდა იმის იმედი, რომ ქვეყანა წინსვლას გააგრძელებდა, მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა… დღეს კი ჩვენს ქვეყანას დეოლიგარქიზაცია სჭირდება. საქართველოში ივანიშვილი მართავს ყველაფერს, რადგან მას ბევრი ფული აქვს. არაფორმალური მართვა ნიშნავს კონსტიტუციიდან გასვლას. ის ხელს უშლის მსხვილი ბიზნესმენების შემოსვლას საქართველოში, რადგან ამის შედეგად სხვა მდიდარი ხალხიც გაჩნდება ქვეყანაში, შიდა ბაზარზე გამოჩნდებიან სხვა მილიარდერებიც და დაკარგავს გავლენას. ამიტომაც ვერ მიდის წინ ეკონომიკა. არანაირი წონა არ აქვს ქვეყნის პრემიერს, პარლამენტის სპიკერი კი ყოვლად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს…

_ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ ჩანდნენ მსხვილი ინვესტორები?

_ როცა ჩვენ ვმართავდით ქვეყანას, გაცილებით მეტი ინვესტიცია შემოდიოდა. ახლა კი ყველაფერი გაჩერებულია, მათ შორის, ჰესების მშენებლობაც. ამ ყველაფერს ემატება აგრესია ხელისუფლების მხრიდან, ვერ ახერხებენ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და ცდილობენ, სიძულვილი გააღვივონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ცდილობენ, ხალხს დაავიწყდეს ის დაპირებები, რაც გასცეს და სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება. მათ უნდათ, ეს ყველაფერი მედიაში ისე გაშუქდეს, როგორც მათ სურთ. ამიტომაც, უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ კომპონენტებისგან შემდგარი გეგმის განხორციელებას.

                                                                                          დავით თავართქილაძე