რას უწევს მონიტორინგს ივანიშვილის ჭორვილელი მეზობელი იმედა?

333

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა შეისწავლოს და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზომები გატარდეს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებს ნებართვები აქვთ, თუმცა ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებთ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოგვაწოდოს წინადადებები და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზომები“, _ აცხადებს ნარმანია.

ამასთან, პასუხისმგებლობების გამკაცრებასთან დაკავშირებით თავისი ხედვა წარმოადგინა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

„ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ცვლილებები აუცილებლად უნდა გავატაროთ და უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ქალაქში არსებული მდგომარეობა. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აუცილებლად არის ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატურად იქნება ნაპასუხები, ანუ მიეცემა ნებართვა, თუმცა სამუშაო, რაც კომუნიკაციის გაყვანას ან საინჟინრო ქმედებების განხორციელებას თვალისწინებს, აუცილებლად დროულად უნდა ჩატარდეს“, _ ამბობს თბილისის მერი.

ამ და სხვა პრობლემაზე „ქრონიკა+“ ა/მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:

_ სამუშაოების დაგვიანებას რაც შეეხება, ეს ახალი ამბავი არ არის და თვითონ ნარმანიას განცხადებაა დაგვიანებული. დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით კვლევებს აქვეყნებს, რომ კომპანიები ნაკისრ ვალდებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. კომპანიები ამა თუ იმ მისამართზე მთელ წელიწადს ანდომებენ კონკრეტული გზისა და ასფალტის დაგებას, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დოესის ქუჩაზე იყო, სადაც გზის დაგების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

რაც შეეხება დედაქალაქის დღევანდელ რეალობას, რომელსაც უკვე დავით ნარმანიაც ვერ გაურბის, ეს არის სატრანსპორტო კოლაფსი. ამას აბსოლუტურად ყველა ადამიანი გრძნობს, ვინც ავტომობილით, სამარშრუტო ტაქსით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

გუშინ პირადად მოვხვდი გაუსაძლის საცობში, წერეთლის გამზირიდან ხიდზე, სააკაძის მოედნისკენ მგზავრობისას. ორ კვირაზე მეტია, ფაქტობრივად, მთელი წერეთელი გადათხრილია. დღეს იქ სამუშაოები არ მიმდინარეობს. ეს უდიდეს საცობს იწვევს, გუშინ საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში ვიდექი მასში და ჩემი თვალით ვხედავდი, ადამიანები როგორ გადადიოდნენ სამარშრუტო ტაქსებიდან და ფეხით აგრძელებდნენ გზას. ასევე ტაქსებიდან ჩამოდიოდნენ და ფეხით გადაადგილდებოდნენ; სხვანაირად მოძრაობა შუძლებელი იყო. მეც საკუთარი მანქანით რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავტოვებდი და ფეხით წავიდოდი. შუა გზაში გავიჭედე და მინდოდა-არ მინდოდა, ორ საათამდე საცობში ვიყავი.

_ კიდევ სად არის ამ მხრივ გართულებული მდგომარეობა?

_ არა მარტო წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზეა მსგავსი რეალობა, ასეთივე სიტუაციაა 13 ივნისს დაზიანებულ ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, რომელიც, მერის პირველადი განცხადებით, 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო. უკვე ნოემბერია და ამ გზის 30%-ზე მეტის მოხმარება ჯერ კიდევ შეუძლებელია. ასევე ვაკის რაიონში, პარკის მიმდებარედ გადათხარეს და მტვრის ბუღი, ნისლი დგას ამ ტერიტორიაზე. ორი კვირა უკვე გადათხრილია და სამუშაოები არც იქ მიმდინარეობს.

ნარმანიამ ეს ვითარება კომპანიებს არ უნდა დააბრალოს. ვისაც მერია ამ სამუშაოებს უკვეთს, მათ უმრავლესობას არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და ამასთან დაკავშირებით მინი სტატისტიკას მოგიყვანთ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათ მილიონამდე ლარის ხელშეკრულება დედაქალაქის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაუფორმა კომპანიებს, რომლებიც ხელშეკრულებამდე ორი კვირით, ერთი თვით ადრე იყვნენ დაფუძნებული, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებდა, რომ ამ კომპანიებს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ იმ სამუშაოების შესასრულებლად.

ანუ ასეთი დამოკიდებულება იწვევს იმას, რაც დედაქალაქში ახლა ხდება, _ სატრანსპორტო კოლაფსს, რაც სახეზე გვაქვს და ამას ვერავინ გაექცევა.

ასეთი დამოკიდებულების გამო, ალბათ, გახსოვთ, დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია 7-8 თვის განმავლობაში მიდიოდა და აქილევსის ქუსლად იყო დედაქალაქის მერისთვის. ერთი წლის განმავლობაში ვუკიჟინებდით მერიას ამ და სხვა პრობლემებზე, მათზე დროული რეაგირების აუცილებლობაზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კორუფციულ გარიგებებზე დავიწყეთ საუბარი არა მარტო ჩვენ, არამედ საკრებულოს ოპოზიციამაც, სპეცსამსახურების დავალებით ავთანდილ სუდაძემ (კეთილმოწყობის უფროსი) თანამდებობა დატოვა. ე. ი. რასაც ჩვენ მის ცუდ მენეჯერობაზე ვსაუბრობდით, ფაქტობრივად, დადასტურდა. ნაკლებად მინახავს ადამიანი, რომელიც კარგად მუშაობს და მაინც ათავისუფლებდნენ თანამდებობიდან.

ამიტომ მერს ურჩევნია, სანამ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, მანამდე თავისი არაკომპეტენტური მთავრობის საკითხი დააყენოს. ვგულისხმობ რაიონების გამგებლებს, რომელთა უმრავლესობაც კორუფციულ გარიგებებში არის შემჩნეული. ასევე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების საკითხი, დაწყებული ზედამხედველობიდან.

წავიკითხე, რომ, თურმე, ნარმანია დავალებას აძლევს ზედამხედველობის სამსახურს, რომ ეს სამუშაოები აკონტროლოს. როდესაც სხვადასხვა კომპანიას სატელეკომუნიკაციო ხაზებისთვის კაბელები გაჰყავს, იქ გზები ითხრება, ხაზი გაჰყავთ და მერე ამ ადგილას გზა აღარ იგება. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, თუ როგორ ვარდებოდნენ ამ ორმოში. რამდენიმე კვირის წინ ვიდეოც გავრცელდა, როდესაც პეკინზე მსგავს ორმოში ადამიანი ჩავარდა; იგი იმდენად დაზიანდა, რომ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. მხოლოდ ახლა დაავალა ნარმანიამ ზედამხედველობის სამსახურს, რომ ეს სამუშაოები გააკონტროლოს _ როცა გადაითხრება, სწრაფად დასრულდეს მისი აღდგენა.

რას აკეთებდა აქამდე კრიმინალი გეგი ნიჟარაძე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო? მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ მისსავე თანამშრომლებს დევნიდა, ემუქრებოდა და ზეწოლით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით გამოირჩეოდა. ასევე, მისი საქმიანობა იმით დაგვამახსოვრდა, რომ სპეცსამსახურების კადრია და ჩვენ ამაზეც გავავრცელეთ ინფორმაცია. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერია დატოვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილითა და მძღოლით გადაადგილდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნიჟარაძე სპეცსამსახურების კადრი იყო და რეალურად, დედაქალაქის მთავრობაში არაფერი ესაქმებოდა.

აი, ეს კომპლექსური პრობლემებია. ვგულისხმობ კომპეტენციას, კორუფციაში გარეულ ჩინოსნებს, ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქის პრობლემების გარდა, სხვა ყველაფერი აინტერესებთ. ამიტომ თავიდან არიდება, მხოლოდ კომპანიებისთვის ყველაფრის გადაბრალება არ გამოვა. ვიმეორებ, ამ კომპანიების უმრავლესობას თავად არჩევენ, სატენდერო დოკუმენტაციას თავად ქმნიან, პირობებს თავად წერენ _ შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა.

ერთსაც დავამატებ: ნარმანია კომპანიების დაჯარიმებაზე, მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. აქამდე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, სამუშაოების უსასრულოდ გაწელვის გამო, შემდეგი ტენდერებისას არც ერთი ამ კომპანიის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სწორედ ეს იყო წამახალისებელი სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. თავის დროზე რომ სწორად მოქცეულიყვნენ, პასუხი მოეთხოვათ კონკრეტული კომპანიებისთვის და მათივე სამსახურისთვის (რომელმაც კომპანიებს სამუშაოების შესრულებამდე ავანსები ურიცხა), პრევენცია განეხორციელებინათ და ჩვენთვისაც ყური დაეგდოთ, დღეს დედაქალაქში ასეთი სატრანსპორტო კოლაფსი არ გვექნებოდა; მერი უხერხულ მდგომარეობაში თავს არ ჩაიგდებდა.

კომპეტენციასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი დავაზუსტო, რომ დღემდე განათლების საქალაქო სამსახურის უფროსმა თავისივე განათლების წარმომავლობა ვერ დაადასტურა, რაც ასევე პრობლემებს ქმნის. ამ მიმართულებით ჩვენი ორგანიზაცია კვლევებს აწარმოებს სპორტული მოედნების გაკეთებასთან, ხარჯთაღრიცხვებთან და გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით. ამ სამსახურში შეინიშნება კორუფციის ფაქტები და ამასაც თქვენი გაზეთის მეშვეობით გავავრცელებთ.

სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა _ უვიცობა, არაკომპეტენტურობა, არასწორი მენეჯმენტი, კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც იქ დასაქმებული არიან. ასევე ის სიჯიუტე, რითაც ნარმანიამ თავი დაგვამახსოვრა. გეგონებოდა, ჩვენ ქალაქის მტრები ვიყავით, როცა კონკრეტულ შეცდომებზე მივუთითებდით და ეს ადამიანი არ აღიარებდა. ხოლო დღეს მისი ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. უბრალოდ, აქაც სხვისკენ იშვერს ხელს.

არა, ბატონო დავით, ერთი წლის მერე თქვენ კიდევ მოგიწევთ აღიარება, რომ ეს ყველაფერი თქვენი ბრალიც იყო. სჯობს, დღესვე გააცნობიეროთ, რომ ეს არა კონკრეტული კომპანიების, არამედ დედაქალაქის მთავრობის პრობლემაა.

_ რა შედეგებამდე მივა ეს პროცესი? უპირველესად, სატრანსპორტო კოლაფსის ნიშნებს ვგულისხმობ…

_ სამწუხაროდ, იმედის მომცემს ბევრს ვერ გეტყვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანქანების რაოდენობა დედაქალაქში კატასტროფულად იზრდება. გლობალიზაციის პირობებში მეტი შესაძლებლობა ჩნდება, მათ შორის, უცხოეთიდან მანქანების შემოყვანისა (მაგალითად, იაპონიიდან უფრო იაფად ჩამოყვანის). ფაქტია, რომ ტექნიკის რაოდენობა იმატებს. ლამის, ოჯახი არ არის, რომ იქ ორი ავტომობილი არ იდგეს. შესაბამისად, ამას რაღაც სულელური რეგულაციებით კი არ უნდა ებრძოლონ. მაგალითად, მერის განცხადება იყო, რომ შეიძლება მარჯვენარულიანი ავტომობილები აიკრძალოს. მერმა მსგავს რეგულაციებზე კი არ უნდა იფიქროს, დედაქალაქის მთავრობამ უნდა იზრუნოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ესტაკადების გაკეთებაზე, შემოვლით რკინიგზაზე, რომელიც დააკონსერვეს. არსებული სატრანსპორტო კოლაფსის მინიმუმ 20%-ით დღესვე განმუხტვა შუძლია ამ პროექტს, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ და დედაქალაქის მთავრობამ მყარად „ჩააბეტონა“.

სამწუხაროდ, ნარმანიას პირობებში ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ზამთარში კიდევ უფრო დიდ სატრანსპორტო კოლაფსს ველოდები. დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება, უბრალოდ, შეუძლებელი გახდება.

აქვე მსურს დავამატო, რომ მერიის ბაღების სააგენტოში, მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვინმე იმედა ბერაძე, ბაღის თანამშრომლებს, დირექტორებს, გაურკვეველი დადგენილებებით ათავისუფლებს. თავად ეს ადამიანი, ჩვენი ინფორმაციით, ორჯერ ნასამართლებია. მათ შორის ერთხელ სუბუტექსის მოხმარება-რეალიზაციაზე იყო დაკავებული. ეს ბატონი ახლა მონიტორინგის სამსახურის უფროსია.

სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელ დოკუმენტს მარტივი მიზეზის გამო ვერ წარმოგიდგეთ. ამაზე საქალაქო სასამართლოში განცხადება შევიტანე, მაგრამ სასამართლომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან და უზენაესი სასამართლოდან დავალება მიიღო, რომ ეს ინფორმაცია აღარ გასცენ, ვგულისხმობ ნასამართლობას, რაც კიდევ ერთი კანონდარღვევაა. სხვადასხვა არასამთავრობო მათ გადაწყვეტილებს, რასაკვირველია, გავასაჩივრებთ. ამ ნასამართლობის დადასტურებაზე კი დღეს საჯაროობა აღარ გვაქვს.

ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ჩვენი ორგანიზაცია (სხვებიც) უკანასკნელ პერიოდში ამა თუ იმ თანამდებობის პირზე სასამართლო განაჩენებს ვაქვეყნებთ, რაც ადასტურებს, რომ წარსულში ეს ადამიანები კანონთან ვერ მეგობრობდნენ. მსგავი რაღაცების, კრიმინალური წარსულის დამალვა მოხდა და ამიტომ დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა არ შეგვიძლია.

_ ბაღების დირექტორებზე ზეწოლა კიდევ ხორციელდება?

_ მას დავალება აქვს მიღებული, რომ ეს ზეწოლა განახორციელოს. იმედა ბერაძე ჭორვილიდანაა, ბიძინა ივანიშვილის მეზობელია. რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ გუნდში დიდი ნდობით სარგებლობს. დანიშნულია მონიტორინგის სამსახურში და რეალურად სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს: ათავისუფლებს ბაღის დირექტორებს და სხვა თანამშრომლებს დაკავებული თანამდებობიდან. ის, რომ დირექტივებს `სუსისგან~ იღებს, პირად საუბარში არც მალავს მათთან, ვისაც თანამდებობიდან უშვებს.

ერთ-ერთი შემთხვევა ფიქრია ჩახნაშვილს უკავშირდებოდა, 169-ე ბაღს ვგულისხობ, სადაც ფიქრიას პირდაპირ უთხრა, _ მე შენ მომწონხარ, კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ პირდაპირი დავალება მაქვს და რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვსო. ადასტურებს, რომ დავალებას სპეცსამსახურები აძლევენ. სწორედ მისი ხელით კეთდება ეს საქმე. ათწლეულების განმავლობაში ვინც ამ სისტემას პატიოსნად ემსახურებოდა, ამ ადამიანის ხელით სახლში უშვებენ.

 

                                                                                            გელა მამულაშვილი