ძმები ცოტნიაშვილების ფენომენი „ქართულ ოცნებაში“

2222

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, „ქრონიკა+“-ში დევნილთა მინისტრის მოადგილეზე, მამუკა ცოტნიაშვილზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე კვლავ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფაქტით სამართალდამცველები არ დაინტერესდნენ. მისი თქმით, ასე ამიტომ ხდება, რომ ცოტნიაშვილის ძმა „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებელიაო.

ბესო შენგელია:

_ მკითხველს უკვე დეტალურად მოვუყევით, თუ როგორ იღებდა დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი ქრთამს დევნილი მოსახლეობისგან იმის გამო, რომ მათთვის ბინები გაენაწილებინა. საზოგადოებას მამტკიცებელი ვიდეოც ვაჩვენეთ. თავად ცოტნიაშვილმა კომენტარი გააკეთა, წარმოუდგენელია ასეთ საკითხებში ჩემი მონაწილეობაო, თუმცა იმავე საუბარში დაადასტურა, რომ ნიაზ ღადუას კარგად იცნობდა.

საქმე ის არის, რომ ცოტნიაშვილი ღადუას ნაცნობობას იქიდან გამომდინარე ვერ გაექცეოდა, რომ მისი და ღადუას სატელეფონო ამონაწერები დავდეთ. კომენტარში ცოტნიაშვილმა ძალიან დიდი სისულელე თქვა, _ ჩემს ტელეფონზე დღეში 1000-დან 1500 ზარამდე შემოდის და ყველას ვპასუხობო. მისი ეს ნათქვამი სოციალურ ქსელში ავტვირთე. სატელეფონო ოპერატორებიც კი დღეში 500 ზარზე მეტს ვერ პასუხობენ და ცოტნიაშვილმა 1500 ზარს უპასუხა. ამით მან სასაცილოდ გაიხადა თავი.

_ ცოტნიაშვილს ჩვენთან საუბარშიც არ დაუმალავს, ღადუას რომ იცნობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან მსგავსი ურთიერთობა არასდროს ჰქონია და ეს არის მოგონილიაო. ამაზე რას იტყვით?

_ სხვა რა უნდა ეთქვა? ცოტნიაშვილი დაიმუქრა კიდევაც, რომ ჩვენ წინააღმდეგ პროკურატურაში აუცილებლად შეიტანდა საჩივარს. ამის მერე პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, სოზარ სუბარი სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგი წელი ჰქონდათ დევნილებთან მიმართებით და რამდენი კარგი რამ გააკეთეს. მაშინ მე სუბარს ცოტნიაშვილის ამბავი შევახსენე, რაზედაც განმიცხადა, _ მოდი, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ, რადგან ამ საკითხით პროკურატურაა დაინტერესებულიო. თუ ეს არის სიმართლე, საგამოძიებო სამსახურები რატომ არ დაინტერესდნენ იმ ადამიანების მოძიებით, რომლებიც ამ ვიდეოში ჩანან? როგორც მე ვიცი და ეს არის ზუსტი ინფორმაცია, მათთან დასაკითხად არავინ მისულა, ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამთ ამასთან დაკავშირებით. ცხადია, დავინტერედით, რატომ ცდილობდა ხელისუფლება ცოტნიაშვილის დაცვას და ძალიან საგულისხმო დეტალები გავარკვიეთ.

_ მაინც, რა გაარკვიეთ?

_ მამუკა ცოტნიაშვილს ჰყავს ძმა, ზურაბ ცოტნიაშვილი, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებელი და მასში შემავალი ფირმა „ქართუ მშენებელის“ დირექტორი გახლავთ. ეს ფირმა აკეთებს და აშენებს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ჩვენ ასევე საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ შემოწირულობები ამოვიღეთ. აღმოჩნდა, რომ 2014 წლის აპრილშ, მან ძალიან ბევრი შემოწირულობა მიიღო. მათ შორის, 30 ათასი ლარი გადარიცხა ზურაბ ცოტნიაშვილმა. `ქართული ოცნების~ ანგარიშზე 2 ათასი ლარი ასევე გადარიცხა ირაკლი ცოტნიაშვილმაც. როგორც ვიცით, ირაკლი მათი ოჯახის წევრია.

ძმები ცოტნიაშვილები წარმოშობით ცხინვალიდან არიან. როცა ბატონი მამუკას მიერ ქრთამის აღების ამბავი საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერდა, გორელები და ხეობის მცხოვრებლები დამიკავშირდნენ. ისინი იმაზე მესაუბრნენ, ეს ოჯახი იქ რასაც აკეთებდა.

_ იქნებ, ჩვენც გვითხრათ რას ამბობენ გორელები, რას აკეთებდნენ ცოტნიაშვილებიო?

_ ისინი ამბობდნენ, რომ მამუკა ცოტნიაშვილი მათთანაც იგივეს აკეთებდა და დევნილებისთვის ბინები რომ გადაეცა, ამაში უკანონო თანხებს იღებდა. მათ ასევე გვითხრეს, რომ იმ მშენებლობებს, რომელსაც დევნილთა სამინისტრო ახორციელებს, რეალურად ზურაბ ცოტნიაშვილი კურირებსო. ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ მთელი „ქართუ ჯგუფი“ მაღალ თანამდებობებზეა გადანაწილებული და საქართველოს მთავრობაშია დასაქმებული. მძღოლი და დაცვის თანამშრომელიც კი შეიძლება, რომ დღეს მინისტრად მოგვევლინოს.  ეს ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ზურაბ ცოტნიაშვილი არის მაფიოზი. გორში არსებული დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებლის მშენებლობას, რომელიც ჩამოინგრა, სწორედ ზურაბ ცოტნიაშვილი კურირებდაო. ანუ ის წყვეტს დევნილთა სამინისტროში, რომელ კომპანიას უნდა მისცენ დაფინანსება მშენებლობასთან დაკავშირებითო. ცხადია, ეს ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. როგორც შევიტყვეთ, ძმები მიჩვეულები არიან „ატკატების“ კეთებას. შპს „ქართუ მშენებელი“„ქართუ ჯგუფის“ მისამართზეა რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიაა. უბრალოდ, დირექტორი ცოტნიაშვილი გახლავთ.

_ მშენებლობებს მამუკა ცოტნიაშვილის ძმა რა ფორმით კურირებს? 

_ ძალიან მარტივად: ზურაბ ცოტნიაშვილი იმ სატენდერო განაცხადებით ინტერესდება, რომელიც დევნილთა სამინისტროს სატენდერო კომისიაში შევიდა. მერე თავად ახდენს მოლაპარაკებას ამ კომპანიებთან და მინისტრის მოადგილე ძმას ეუბნება, რომ ამ კომპანიებზე ტენდერი გასცენ. გორელები ადასტურებენ და ერთ-ერთი შემპირდა კიდევაც, რომ ანონიმური წყარო  ფოტოებსაც მომაწვდის, თუ როგორ დადიოდა ზურაბ ცოტნიაშვილი მშენებლობებზე გორში და როგორ კურირებდა ამ ყველაფერს. ადგილობრივები  ცოტნიაშვილის წარსულსაც იხსენებდნენ და ამბობდნენ, ძველად ერგნეთში ბაზრობა რომ იყო, იქ „ბარიგობდა“ კიდევაცო. თუ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის, მაშინ, იქნებ, ის აგვიხსნას ხელისუფლებამ, რატომ არ ინტერესდება მისი ძმის საქმეებით პროკურატურა? ჩვენ ხომ მასზე მართლაც სკანდალური ფირი და დოკუმენტური მასალები დავდეთ? რატომ არ ახდენს იმ ადამიანების დაკითხვას, რომელთაც ყველაფერი კარგად უნდა იცოდნენ? ეს არ არის უბრალო ჩანაწერი, იქ მითითებულია სახელი და გვარები. თქვენს გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანია „იმედმაც“ გააკეთა ამ თემაზე სიუჟეტი და მისმა ჟურნალისტებმაც თქვეს, რომ დევნილებს ესაუბრნენ და ისინი კონფიდენციალურ საუბარში ცოტნიაშვილების ქმედებებზე მოყვნენ. ნიაზ ღადუაც ცოტნიაშვილის სახელით მოქმედებდა და ეს ჩანაწერებშიც ჩანს, მაგრამ ცოტნიაშვილი ისევ თანამდებობაზეა, ამ კონკრეტულ ფაქტზე კი ხმას არავინ იღებს.

რადგან მოვლენები ასე განვითარდა, ვფიქრობდით, რომ მამუკა ცოტნიაშვილის ლობისტი ის ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვისაც ივანიშვილთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი დაახლოებული პირი მისი ძმა იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილი როცა რამეს აშენებს, იქ ხან ერთი სამშენებლო კომპანია გამოჩნდება ხოლმე და ხან _ მეორე. შეიძლება გამოჩნდეს „უტა“, ან „ელიტა ბურჯი“, რომელიც „პანორამა თბილისს“ აშენებს. არ აქვს მნიშვნელობა, დოკუმენტებზე რომელი კომპანია გამოჩნდება, ყველასთან ერთად აუცილებლად  ასოცირდება ზურაბ ცოტნიაშვილი. ის არის ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ცხადია, მამუკა ცოტნიაშვილიც ამიტომ გახდა მინისტრის მოადგილე.

სხვათა შორის, მამუკა ცოტნიაშვილს დეკლარაციაში ქონება საერთოდ არ აქვს დაფიქსირებული. მას მხოლოდ ხელფასი უწერია და მეუღლის ავტომანქანა _ საკმაოდ იაფფასიანი „ოპელი“. ამ ყველაფრის ფონზე ეს სასაცილოა. უკვე ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლებაში მოსული ადამიანები როგორ იხვეჭენ ქონებებს და წლების მერე პირად ანგარიშებზეც  იფორმებენ, ასე რომ, ახლა თუ ის ოფიციალურად არაფერს აფიქსირებს, ეს არ ნიშნავს რომ, არაფერი არ გააჩნია.

მამუკა ცოტნიაშვილის პერსონის ქექვა იმიტომ უფრო დავიწყეთ, ასეთი კადრების გახმაურების შემდგომ, მისი საქმეებით  არავინ რომ არ დაინტერესდა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი მიჩქმალეს. მინისტრ სუბარსაც ისეთი სახე ჰქონდა, ვითომ არაფერი მომხდარა. ამას წინათაც დაფიქსირდა ქრთამის აღების ფაქტი და ის სასწრაფოდ დამოააშკარავეს, გაასაჯაროეს. მაშინ ერთ ამბავში იყო სუბარი, დამნაშავენი ვიპოვეთო. აქაც რეალური ფაქტებია სახეზე და ამ შემთხვევაში სრული სიჩუმე და სიწყრე აქვთ. ამას გავყევით და ასე აღმოვაჩინეთ ივანიშვილის მარჯვენა ხელისა და პირადი მოურავის, ზურაბ ცოტნიაშვილის კვალი.

_ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე?

_ დიახ, საქმე გვაქვს შერჩევით და „აღდგენილ“ სამართალთან, რომლითაც „ოცნება“ ხალხს ატყუებდა. სამართლიანობის აღდგენაც  ასეთი უნდა.

 

ქრონიკა+“ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს ესაუბრა:

_ ჩემი ძმა დევნილთა სამინისტროს საქმეებში არანაირად არ არის ჩარეული, მას თავისი საქმე აქვს და ისიც ჰყოფნის. ბესო შენგელიამ რაც თქვა, სიცრუეა. ზურაბ ცოტნიაშვილი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ერევა.

_ მას არც სამშენებლო ფირმა აქვს? „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებელი არ არის?

_ ფირმა აქვს, მაგრამ დევნილთა სამინისტროს საქმეებში არ ერევა.

_ თქვენ ამბობდით, რომ ბესო შენგელიას მის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის გამო უჩივლებდით და საჩივარი რატომ არ შეიტანეთ?

_ როგორ არ შევიტანე. საჩივარი შევიტანე.

_ ბატონო მამუკა, თქვენს ძმასთანაც გვინდა გასაუბრება, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს იმაზე, რასაც ბესო შენგელია მასზე ამბობს. მისი თქმით, ზურაბ  ცოტნიაშვილი შეთანხმებებს ახდენს სხვა სამშენებლო ფირმებთან, რომლებსაც დევნილთა სამინისტროს ტენედერებში მონაწილეობაზე განაცხადი შემოაქვთ. მან ჩვენთან საუბარში თქვენს ძმაზე სხვა ბრალდებებიც გააჟღერა და უნდა ვკითხოთ, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? მისი ტელეფონის ნომერს ვერ მოგვცემთ?

_ ჩემი ძმა ახლა გერმანიაშია.

_ აბა, რა ვქნათ, თქვენთან საუბრით შემოვიფარგლოთ?

_ თუ ამით დაკმაყოფილდებით, კარგია. დიდი მადლობა, რომ ჟურნალისტები ასე აქტიურობთ და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევთ. ეს ნამდვილად კარგია.

 

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი